FC Bayern Geo Fans
რუბრიკა ყოფილი ბავარიელები.
მარჯვენა მხარი, ზურგი, მარჯვენა ფეხი: მიმდინარე სეზონზე მიროსლავ კლოზეს ექიმების გარემოცვაში უფრო მეტი დროს გატარება მოუხდა, ვიდრე თავად ისურვებდა. ამიტომაც, 2013 წლის ბოლო ორი სანაკრებო შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. თუმცა მისი გამოცდა იოახიმ ლიოვს უკვე დიდი ხანია აღარ ჭირდება და როდესაც ჯანმრთელადაა, ნაკრებში თავისი კუთვნილი ადგილი მუდამ აქვს.
ნაკრების ბომბარდირმა (68 გოლი) სამჯერ უკვე იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. ზაფხულში მეოთხეს ჯერი დგება. ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის თასის მოგებით კი ისტორიაში ადგილის დაკავებაც შეუძლია.
Sport1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი იოახიმ ლიოვთან დამოკიდებულებაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიაში ცხოვრებასა და თავის სპორტულ მომავალზე საუბრობს.
- შობამდე დიდხანს იყავით ტრავმირებული. კვირას უდინეზესთან 3:2 გამარჯვებაში პირველად ითამაშეთ 90 წუთი. როგორ ხართ?
„კვლავ ჯანმრთელად ვარ. რასაკვირველია, სათამაშო დრო მაკლია, სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობ. თამაშში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. ვფიქრობ, ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ჩამორჩენა გვქონდა, ახლა ისევ სწორი მიმართულებით მივდივართ.“
- უკვე მესამე წელია ლაციოში თამაშობთ. რომში გადასვლა კარგი არჩევანი იყო?
„ოჯახთან ერთად იტალიაში გადასვლით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თუ შევხედავთ საფეხბურთო და ასევე პირადი კუთხით, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი, ზუსტად ისე, როგორც ვიმედოვნებდით, მაშინ შემიძლია სრულიად კმაყოფილი ვიყო. ჩემი შვილები უკვე თავისუფლად საუბრობენ იტალიურად, ამაზე უკეთესად შეუძლებელიც კი იყო. ბაიერნში გატარებული პერიოდის შემდეგ ეს უდიდესი ნაბიჯია. ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც მოხდა.“
- ზაფხულში ბრაზილია და მსოფლიო ჩემპიონატი გელოდებათ. როდის დაგეწყებათ ნერვიულობა?
„გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და ისე ძალიან და ადრეულ ეტაპზე, როგორც ადრე, აღარ ვნერვიულობ (იცინის). რასაკვირველია, ძალიან მიხარია, რომ ჩემს ასაკში კიდევ სპორტით ვარ დაკავებული და მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრები. ჩემი აზრით, ახლა ვიმკი იმის შედეგებს, როდესაც ადრე ალკოჰოლზე და ბევრ ადგილზე წასვლაზე უარს ვამბობდი. კარიერის მანძილზე ყოველთვის გააზრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ვარჯიშს და ახლა ამისგან საუკეთესოს ვიღებ.“
- შეგიძლიათ თქვათ, რომ სამაგალითო პროფესიონალი იყავით?
„სამაგალითო პროფესიონალი? არ ვიცი. იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი. როდესაც მწვრთნელისგან დავალებას ვიღებდი, ძალიან თანმიმდევრულად ვასრულებდი. რასაკვირველია, არის კვების გეგმა და პროფესიონალს ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. მაგრამ ძლიერი გონება მქონდა, ყველაფრისგან თავს ვიკავებდი და შედეგი ახლა ჩანს. კვლავ შემიძლია ფეხბურთის თამაში და თითქმის არაფერი მტკივა. ერთადერთი, რასაც ვგრძნობ ის არის, რომ თამაშების შემდეგ დასვენებისთვის ისე ცოტა დრო არ მყოფნის, როგორც მაგალითად 23 წლის ასაკში (იცინის).“
- გერმანიის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი იმედის მატარებელი ხართ. როგორ გრძნობთ თავს ამ როლში?
„არ მინდა დიდი იმედის მატარებელი ვიყო. წარმატება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. არავისგან არ მოვექცევი წნეხის ქვეშ. ერთი კია, ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჯანმრთელად დავრჩე და კარგად ვითამაშო. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მწვრთნელს ყავს კადრი, რომლისგანაც სრული შედეგის მიღებაა შესაძლებელი. მთავარია იმ მომენტისთვის თითოეული ფორმაში იყოს.“
- მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდის მოხსნა შეგიძლიათ. რონალდოს 15 გოლი აქვს ანგარიშზე, თქვენ - 14.
„რასაკვირველია, ეს ჩემი მიზანი და ლამაზი სტიმულია. ბევრიც არ აკლია რეკორდის მოხსნას. მაგრამ მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს გუნდი. ვიცი, რომ თუ კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ, ჩემი საგოლე მომენტები მექნება, მნიშვნელობა არ აქვს თავიდანვე ვითამაშებ, თუ მერე შემოვალ მოედანზე. ყოველთვის შემიძლია საშიში ვიყო. მაგრამ ყველაფერი მაინც გუნდია.“
- იოახიმ ლიოვი წლებია თქვენ გეყრდნობათ. ამასობაში მწვრთნელი-ფეხბურთელის ურთიერთობა უფრო მჭიდრო არ გახდა?
„ეს აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელთან მუშაობისას კარგი შეგრძნება გქონდეს. ლიოვთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმაზე მშვენიერი არაფერია, როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელს ენდობა. ეს მე, როგორც მოთამაშეს, მეტ სიმშვიდეს მძენს და საკუთარი შედეგის უფრო მარტივად ჩვენება შემიძლია. საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. მე თვითონვე ვუყენებ ჩემს თავს დიდ მოთხოვნებს, რადგან ჯერ კიდევ ვიცი, რომ ეს შემიძლია.“
- ამდენი წლის განმავლობაში როგორ შეგცვალათ მკაცრმა საფეხბურთო ბიზნესმა?
„მნიშვნელოვანია, რომ ხასიათი არ შემცვლია. ამაში დარწმუნებული ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ისეთად, როგორიც ვარ. სხვადასვა კლუბებში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშმა კი როგორც ფეხბურთელს, ბევრი რამ შემძინა. ბრემენში თომას შააფის ხელმძღვანელობით გავხდი კომბინაციური მოთამაშე, ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ფორვარდი ვერასოდეს იქნები კმაყოფილი. სწორედ ამის გამო ვვითარდებოდი სისტემატურად. ყოველთვის სწავლის სურვილი მქონდა. ვისაც სურვილი აქვს, ის შორს წავა. მე კი შორს წავედი.“
- გჯერათ, რომ თანამედროვე თაობაც თქვენსავით შორს წავა?
„ეს თაობა ადრეულ ასაკშივე უკვე შორს არის წასული, ვიდრე მე - მათ ასაკში. არ ვყოფილვარ არცერთ აკადემიაში, სადაც ტექნიკურ და ტაქტიკურ განათლებას მივიღებდი. დღეს 16 წლის ბიჭები უკვე პროფესიონალებთან ერთად თამაშობენ. . . დღევანდელ საფეხბურთო ბიზნესში 30 წლის ასაკში ლიმიტის შენარჩუნება რთულია, მითუმეტეს თუ ადრეულ ასაკში დაიწყე კარიერა. ჩვენ 19, 20 წლის ასაკში ვიწყებდით. არასოდეს ვყოფილვარ ახალგაზრდულ გუნდში, ლაუტერნში პროფესიონალობიდან დავიწყე და ამაყი ვარ, რომ დღესაც ვთამაშობ. მაგრამ თითოეულმა ფეხბურთელმა 12-დან 15 წლამდე უნდა დაიყოს პროფესიონალური კარიერა.“
- რომში ხელშეკრულება ზაფხულამდე გაქვთ. რა იქნება შემდეგ? ამერიკა ხომ არ გაქვთ მიზნად დასახული?
„ჯერ ყველაფერი ღიაა. პირველ რიგში ოჯახს და ჩემს აგენტს უნდა დაველაპარაკო, ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ. ამერიკა ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ დაიწერა, რომ ინგლისში, ან ესპანეთში მივდივარ. ვნახოთ. ჩემს ოჯახს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“
- იყო ხმები იმის შესახებაც, რომ კარიერას კაიზერსლაუტერნში დაასრულებდით. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
„ფაქტია, რომ კაიზერსლაუტერნი ძალიან მიყვარს. როდესაც იქედან მოვდიოდი, ვთქვი, რომ ადვილად წარმომიდგენია, ოდესმე კვლავ დავბრუნდე აქ, თუნდაც სხვა ფუნქციით. მაგრამ ახლა ეს თემა არ განიხილება. ვნახოთ, ფეხბურთში ვერასოდეს ვერაფერს გამორიცხავ.“
-------------------
Sport1
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=700...&type=1&theater