FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზეAZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში იუპ ჰაინკესი თავის ყოველდღიურობაზე საუბრობს.
- ბატონო ჰაინკეს, 2013 თქვენი წელი იყო. ტრიუმფის მოსავალი კი 2014-შიც მოდის: მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის წოდება. თქვენთვის AZ-საც აქვს ჯილდო: ჩვენმა მკითხველმა მიუნხენის წლის მწვრთნელად აგირჩიათ.
``ეს ძალიან მახარებს. რადგან მომეცა ამის საშუალება, თქვენს მკითხველს, ჩემს გულშემატკივარს მიუნხენსა და მის გარშემო მადლობას გადავუხადო. არა იმისთვის, რომ ხმა მე მომცეს, არამედ ერთგულებისთვის. დიდი სიამოვნებით ვიხსენებ, ყოველთვის როგორ გვერდით მედგა და მამხნევებდა გულშემატკივარი.``
- ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის მოგების ზეიმი, შემდეგ ტრიპლის ტრიუმფი ბერლინში შტუტგარტის წინააღმდეგ. მატჩის დასრულების შემდეგ ბავარიელი გულშემატკივრის ტრიბუნის წინ Ein Man La Ola-ს მღეროდით.
``სტადიონზე ორივე თამაშის დროს უნიკალური ატმოსფერო სუფევდა - საოცნებო ფინალები იყო. მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელ მსოფლიოში როგორი კომერციული გახდა ფეხბურთი, ის გულშემატკივართან ერთად ფუნქციონირებს. ყველგან, სადაც ვიყავით, ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა: ჩვენ მარტო არ ვართ.``
- 2013 წელს თქვენს გუნდთან ერთად ყველა თასი მოიგეთ. გაქვთ მოგებული თასების ასლები სახლში საწერ მაგიდაზე?
`` ასლები დამზადების პროცესშია, ბაიერნისგან კი ეს დიდი და საოცარი წიგნი მივიღე საჩუქრად: კლუბის ქრონიკები. ჩემს ბიუროში 1998 წელს მადრიდის რეალთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი მაქვს.``
- ორიგინალ ზომებში?
``არა, რას ამბობთ. ბევრად პატარაა.``
- და კიდევ? რა პრიზები გახსენდებათ 50 წლიანი მოღვაწეობის პერიოდიდან?
``ძალიან ბევრი, ბომბარდირის ბრინჯაოს ბუცი, Kicker-ის მიერ გადმოცემული ჯილდოები, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი გამარჯვებული გუნდის წევრთა ავტოგრაფებით. საწერ მაგიდაზე მიდევს ჩარჩოში ჩასმული ორი სურათი 1997/98 წლების მადრიდული პერიოდიდან. ერთ ფოტოზე მეფესთან ერთად ვარ.``
- მართლა? ეს რასთან დაკავშირებით იყო?
``ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ რეალის ლეგენდათა შეხვედრა იყო, იქ მოვიდა ხუან კარლოს I. ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად ვსაუბრობდით. ფოტო ამ დროს არის გადაღებული. მეორე ფოტოზე კი გადაღებული ვარ რეალის მაშინდელ პრეზიდენტთან და მანოლო სანჩესთან ერთად. დანარჩენი ჰაინც მაკის, ოტო პიენისა და სხვათა ფერწერული ტილოები მაქვს. ჩემს მეუღლესთან ერთად ხშირად დავდივარ გამოფენებზე დიუსელდორფში. ყველაზე დიდი ფოტო კი რასაკვირველია ქანდოსია.``
- თქვენი მეცხვარე ძაღლის. ალბათ თქვენი ამდენი თავისუფალი დრო ყველაზე მეტად მას გაუხარდა.
``თან როგორ! კიდევ ორი კატა მყავს. ჩემი ცხოველებით საკმაოდ დაკავებული ვარ. დილაობით 8 საათზე ქანდოსთან ერთად სასეირნოდ მივდივარ, შემდეგ შუადღეზე და საღამოობით ისევ - მას ბევრი მოძრაობა ჭირდება. მარტო კი გარეთ არაფრით გადის.``
- რამდენი წლის არის ახლა?
``მაისში ცხრა წლის გახდება. როდესაც სახლში ვარ, გვერდიდან არ მშორდება - ბიუროში ვმუშაობ, თუ ფიტნეს სტუდიაში ვვარჯიშობ, სულ იქვეა. როდესაც სადმე მივდივარ, ისეთი გაბრაზებული თვალებით მიყურებს, თითქოს მეუბნება: რა? ისევ უნდა წახვიდე? და ცდილობს გამომყვეს. ძალიან უყვარს მანქანით მგზავრობა.``
- და კატებთან როგორ ურთიერთობს?
``სამწუხაროდ არც ისე კარგად. ვცდილობთ, ცალ-ცალკე იყვნენ.``
- და კოი, თქვენი გუნდის საჩუქარი, ცოცხალია?
``შესანიშნავადაა! თევზების ექსპერტმა მითხრა, რომ აკვარიუმისთვის ზამთარში სამი გამათბობელი ნათურა მეყიდა, თითო 500 ვატიანი. ახლა აკვარიუმი ისეთი ლამაზი გახდა, კოის სხვა თევზებიც მიემატა. როდესაც თევზევს ვკვებავ, ქანდოც იქ დგას. მაგრამ სანერვიულო არაფერია, აკვარიუმიდან ცოტა წყალს თუ ამოხვრეპს ხოლმე.``
- თქვენმა მეგობარმა პეტერ ჰერმანმა, რომელიც ახლა შალკეს მწვრთნელის ასისტენტია, მოყვა, თუ როგორ დაეხმარეთ მას.
``მახსოვს. პეტერის სახლის სარდაფში წყალი ჩადგა, მე კი შესაბამის სპეციალისტს ვიცნობდი, დავურეკე მას, ერთად წავიდეთ ჰერმანთან და ეს პრობლემა მოვაგვარეთ. ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მითუმეტეს, როდესაც რომელიმეს რაიმე უჭირს. ეს ვალდებულებაა! პეტერი ისეთი ძვირფასი ადამიანია, რომელმაც ტრიპლის წარმატებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.``
- ექვსი, შვიდი თვის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგის დანაკლისს არ გრძნობთ?
``არა, წამოსვლა გაცნობიერებული მქონდა. იმდენ ხანს ვიყავი დასაქმებული, ახლა ჩემი ინტერესები შეიცვალა. საკმარისი იყო. კარიერის დასრულებისთვის უკეთეს დროს ვერც შევარჩევდი!``
- ყოფილ ფეხბურთელებს ეკონტაქტებით?
``ზოგჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, როდესაც ჰოლგერ ბადშტუბერს ოპერაციას უკეთებდნენ, დავურეკე და განკურნებისთვის ბრძოლისუნარიონობა და დიდი ძალა ვუსურვე. ოპერაციამდე და მის შემდეგ ტელეფონით ვესაუბრე ბასტიან შვაინშტაიგერსაც. რასაკვირველია, ულის, კალეს ან სხვებს, როდესაც დაბადების დღე აქვთ, ვეკონტაქტები მათ.``
- და თქვენი პირადი ფიტნეს-პროგრამა - ქანდოსთან ტყეში სეირნობას თუ არ ჩავთვლით?
``კვირაში ორ-სამჯერ სახლში ვვარჯიშობ, ვცურავ, მაგრამ საუნაში არ ვყოფილვარ. ამისთვის დიდი სიმშვიდეა საჭირო. ნელ-ნელა განტვირთვას და სიმშვიდეს ვგრძნობ. წამოსვლის შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ინტერვიუებზე, მიწვევები სხვადასხვა ღონისძიებებზე - საოცარი ამბავი იყო! ჩემს მეუღლეს ვუთხარი: ერთი შეცდომა დავუშვით, ყველა ამ განაცხადისა და მოწვევისთვის პატარა წიგნში უნდა მოგვეყარა თავი.``
- რომელი იყო ყველაზე განსაკუთრებული დაპატიჟება?
``ერთ ყოფილ ოფიცერს სურდა განხილვის საღამოში მიმეღო მონაწილეობა. როდესაც მოწვევას იღებ ამდენი თბილი და საყვარელი ადამიანისგან, პრობლემა ის არის, რომ მიჩვეული ვარ, ყველას გავცე პასუხი, ასე ვარ აღზრდილი. მნიშვნელობა აქ აქვს მეილია, წერილი, თუ სატელეფონო ზარი. ჩემი მეუღლე მეხმარებოდა, წესით კი მდივანი უნდა ამეყვანა.``
- გასული წლის მიმოხილვას უყურეთ? ხომ არ ჩაიძირეთ მოგონებებში?
``არა. იცით, მე აწმყოში ვცხოვრობ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით წარსულს გასცქერის. ასეთი გადაცემები საჩემო არ არის. თუ შემთხვევით გადავრთე იმ დროს, რომ მიმოხილვა გადის, შეიძლება შეხვედო. ტრიპლის სეზონი მიუნხენში DVD-ზე მომცეს, მაგრამ არც ერთხელ არ მინახავს. მირჩევნია მოქმედ მატჩებს ვუყურო: ბუნდესლიგას, ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებს. ახლა ფეხბურთს ვუყურებ როგორც გულშემატკივარი და არა როგორც მწვრთნელი.``
- ადრე, როდესაც სახლში თქვენს ფიტნეს-დარბაზში ვარჯიშობდით, თან თამაშებს უყურებდით და აანალიზებდით. ეს დრო წარსულს ჩაბარდა?
``ახლა მუსიკას ვუსმენ, ამ დროს შემიძლია გამოვეთიშო ყველაფერს.``
- რას უსმენთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
``ყველაფერს. პოპს, როკს, სოულს, ჯაზს 1995 წლიდან დღემდე. Bruce Springsteen, Phil Collins, Michael Jackson, Meat Loaf, Metallica, Gun's'N'Roses - დიდი კოლექცია მაქვს. ზაფხულში გლადბახში Bruce Springsteen-ის კონცერტზე ვიყავი. ამ მუსიკაში ჩემპიონთა ლიგის დონეა, მსოფლიო კლასია!``
- მისამღერზე ყვებით ხოლმე?
``არა, ღმერთმა დაიფაროს! ერთხელ ვცადე და მეუღლემ მითხრა: გთხოვ, არ გინდა, შენ ხომ ფეხბურთში ხარ ნიჭიერი!``
-------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=702...&type=1&theater