ხუთი წელიწადი იყო, რაც “ლივერპული” წვალობდა და ცხრილის სათავე არ ენახა. ხუთი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ხუთი წელიწადი რა ხუთი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვისაც ამ გუნდის დიდება თავისი თვალით უნახავს და მხოლოდ წაკითხულით კი არ გაუგია, და მეორე, ეგ ხუთი წელიწადი ბეწვის ხიდია, ინგლისურ გრანდებსა და უბრალოდ ყოჩაღებს შუა ბედისაგან გადებული J
ჰო, ლიდერი შეიცვალა! “არსენალმა” აურია, პრემიერლიგის საშობაო ნაძვის ხის კენწეროში “ლივერპული” წამოსკუპდა და სტატისტიკის კაცებს და ცრუმორწმუნეებს თუ ვენდობით, საკმაო შანსი გაიჩინა, ჩემპიონიც გახდეს. აბა, ბოლო 4 წელია, შობას ვინც ლიდერი ხვდება, სეზონის ბოლოს თასსაც ის მიაცუნცულებს სახლშიო და...
ეგ ახლა, აბა, რა ჭკუაში დასაჯენი ამბავია, მითუმეტეს ცხრილს თუ ჩავხედავთ? წელს ინგლისში რომ ამბავია, მგონი, კაი ხანია არ ყოფილა. აჰა, ბატონო- მერსისაიდელებმა შემდეგი თამაში რომ წააგონ, შეიძლება ეგრევე მეხუთე ადგილზე დაეშვან.
“ლივერპულის” ფანობა კი გახარებულია. როგორი ამბავია, 2008 წლის მერე პირველად ნახეს თავისი გუნდი ცხრილის სათავეში. ბრენდან როჯერსმა თქვა, ეს ძალიან რთული პერიოდი იყო კლუბისთვის და ახლა, იმედი მაქვს, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც “წითლებს” ეკუთვნითო.
მერსისაიდელებმა ბოლოსწინა ტურში სტუმრად მოსრეს “ტოტენჰემი” 5:0 და “მამლების” მწვრთნელი ვილაშ-ბოაშიც შეიწირეს. ბოლო ტურში კი “კარდიფი” პირველივე ტაიმში დაამარცხეს და შობასაც ღრიანცელით ხვდებიან.
მთავარი კაცი ისევ სუარესია! სუარესი და ჰენდერსონი. აბა, როგორი საქმეა, ურუგვაელმა ამ 2 თამაშში 4 გაიტანა და 3 სხვას გაატანინა. ჰენდომ მხოლოდ ერთი კი შეაგდო, მაგრამ 3 საგოლე პასი დაარიგა და როჯერსს ათქმევინა, მადლობა კენი დალგლიშს, ეს ოქრო კაცი რომ დამახვედრა გუნდშიო. 2 გოლი სტირლინგმაც გაიტანა, მაგრამ ეს უფრო სუარესის დამსახურება იყო. ისეთი პოზიციიდან მისცა პასი ურუგვაელმა ახალგაზრდა ინგლისელს, რომ ყველას პირი დააღებინა, ნეტავ თვითონ რატომ არ დაარტყაო.
სუარესს ახალ 4,5 წლიან კონტრაქტზე ჰკითხეს თამაშის მერე. ძალიან მიხარია, მაგრამ რა დროს ეგ არის, მთავარია, მოვიგეთო. ის ამ თამაშებში კაპიტნობდა კიდეც გუნდს, მაგრამ “კარდიფთან” ბოლო წუთებზე მინდორზე აგერი რომ შემოვიდა, სამკლავური მოიხსნა და დანიელს გადააბარა- შენ გეკუთვნისო. შეცვლილია, ძალიან შეცვლილია ეს ბიჭი! მგონი, მაგარი ფებურთელის გარდა, “ლივერპულელიც” ხდება...
კარდიფელებმა კი, კლუბის მფლობელების წინააღმდეგ გაილაშქრეს. უელსელებს გულზე არ ეხატებათ მალაიზიელი მილიარდერი ტანი და ბანერებიც გამოუფინეს, წადიო. მეტოქის ფანებს სქაუზერებმაც უჯიგრეს. მომენტი იყო- “კარდიფის” ფანები იდგნენ და საპროტესტო სიმღერას მღეროდნენ, “ენფილდის” დანარჩენი 3 ტრიბუნა კი ტაშს უკრავდა.
ახლა “არსენალზეც” ვთქვათ, რომელმაც ბოლო 2 ტურში სრულიად განსხვავებულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ლონდონელებმა და “სიტიმ” ერთმანეთს თუ 9 გოლი გაუტანეს და წლევანდელი პრემიერლიგის ყველაზე მაგარი თამაში გამოიყვანეს, “არსენალი”-“ჩელსი” უგოლოდ დასრულდა და საყურებლადაც ვერაფერი სახეირო გამოდგა.
“სიტისთან” გასვლაზე 3:6 წააგო “არსენალმა”. სტუმრად რომ 3 გოლი გაგაქვს და აგებ, შეიძლება უცნაურად მოგეჩენოს კაცს, მაგრამ თუ მეტოქე “სიტია”, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება. “ქალაქელებმა” 8 საშინაო თამაშიდან ყველა მოიგეს და სულ 35 გოლი გაიტანეს. აქედან, “მანჩესტერ იუნაიტედს” 4 ერგო, “ტოტენჰემს” და “არსენალს” კი 6-6.
პელეგრინი ხუმრობდა, გაცილებით უკეთესი თამაში იყო, ვიდრე “ბაიერნთან” გამოვიდა. ახლა ვალდებული ვიყავით 4 გოლი გაგვეტანა, მაგრამ ზოგი მაინც არ იყო ბედნიერიო. მერე კი, ცოტა სერიოზულად დაამატა, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში ამ სეზონში, 3 გოლის გაშვება ძალიან ბევრიაო. 6 გოლი რომ გაგვაქვს გუნდთან, რომელსაც პრემიერლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს, კარგია, მაგრამ ამდენი არ უნდა გაგვეშვაო. ვენგერმა კი დაიწუწუნა, მსაჯმა 3 ოფსაიდი გაატარა და პენალტიც არ დაგვიდოვო.
ფრანგმა პროფესორმა მსაჯებზე იგივე სახის პრეტენზია “ჩელსისთან” მატჩის შემდგომაც გამოთქვა- შეიძლება ვცდები და თუ ასეა, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ, მგონი, პენალტი გვეკუთვნოდა და არ მოგვცესო. საერთოდ კი, მეორე ტაიმში ეტყობოდა, ვინ რისთვის იყო მინდორზე გამოსული, ჩვენ ვუტევდით და “ჩელსი” ფრეზეც აშკარად ყაბულს იყოვო.
მწვრთნელის აზრს იზიარებს მიკელ არტეტაც, რომელიც თვლის, რომ მის წინააღმდეგ ჯონ-ობი მიკელის თამაში ერთ ეპიზოდში პენალტს იმსახურებდა. მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, ფეხი ლამის მომენგრაო.
ჟოზე მოურინიოს კი 10 თამაშია არ წაუგია არსენ ვენგერთან და როგორც ყოველთვის, დიდ გულზე იყო- “მეთოფეების” ლეგიონერებს მან მტირალა ბავშვები უწოდა. ხომ იცით, მაგათ ტრადიციულად, ტირილი უყვართო. მე პირდაპირ ვამბობ სათქმელს და მეოთხე მსაჯსაც ვუთხარი, რომ, მაგალითად, ლამპარდი, ამას არასოდეს იზამდაო. სხვა ქვეყნის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ეს რამდენიმე ქვეყანას ეხება, პროვოკაციები და ტირილი სისხლში აქვთ. უცხოელებს ფეხბურთში ბევრი კარგი შემოაქვთ და ნიჭიერებიც არიან, მაგრამ მე ფეხბურთში ინგლისური სისხლი მირჩევნიაო.
დიდი გაქნილი ვინმეა ეს “განსაკუთრებული”, რომელსაც “არსენალის” ფანებმა სულ “მოსაწყენი ჟოზე” უძახეს. მოუმ ამაზეც თქვა ორიოდ სიტყვა- ვეთანხმები, მოსაწყენი ვარ. აბა, 10 თამაშია მეთამაშებიან და ვერ მომიგეს, რაზე უნდა იხალისონო.
სამაგიეროდ, ჟოზემ ამის წინა თამაშში “კრისტალის” ფანები დააჯილდოვა ტაშით, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ თავის კლუბს. “არისტოკრატებმა” კი ის მატჩი 2:1 მოიგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ბუქმეიკერებს თუ ვენდობით, ამ ეტაპისთვის ჩემპიონობის ფავორიტის, “სიტის” ერთ თამაშზე უკვე გითხარით და მეორეც ვახსენოთ. მანჩესტერელებმა “ფულემს” სტუმრად მოუგეს 4:2, მაგრამ გვარიანად კი ინერვიულეს. მასპინძლებმა 0:2-დან გაათანაბრეს და კინაღამ ქულა დაიტოვეს სახლში. თუმცა, “სიტიმ” მაინც მოიგო და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გუნდს სერხიო აგუეროს გარეშეც შეუძლია მოგება. ბოლო 9 თამაშში “ქალაქელებმა” 8 მოიგეს და ამ მატჩში 2 თვიანი პაუზის მერე კარს დაუბრუნდა ჯო ჰარტი. ჰარტს მეორე გოლმა თავისივე გუნდელმა ვინსენ კომპანიმ გაუტანა, მაგრამ მისი ავტოგოლი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა და ამიტომ შეხვედრის შემდეგ თამამად ლაპარაკობდა და დეკემბრის თვესთან დაკავშირებით ფილოსოფიურ აზრებს აფრქვევდა. ინგლისი ისეთი რამაა, ამ თვეში ვერაფერს იგებ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება წააგოვო. მეექვსე სეზონია პრემიერლიგაში ვარ და ვიცი, რომ ესაა პერიოდი, როცა ხვდები, რომელი გუნდია მზად გამარჯვებებისთვის და რომელი ვერ გაქაჩავსო. შენ ამ დროს ვერაფერს იგებ, მაგრამ შეიძლება გამოვარდე ორივე თასის გათამაშებიდან, წააგო ჩემპიონატის 2-3 თამაში და ტიტულისთვის ბრძოლას ჩამოშორდეო. მოკლედ, პრაქტიკის გარდა, თეორიაშიც მაგარია კომპანი.
პირველი ოთხეულის ამბები გავიარეთ და მათ მომდევნო “ევერტონსაც” შევეხოთ, რომელმაც ბოლო 2 თამაშიც მოიგო და ისევ ერთადერთი წაგება აქვს. ამ მხრივ, ევროპის ტოპ-ლიგებში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ “ბაიერნს” და “რომას” აქვთ.
“სუონსისთან” სტუმრად მოგებულ ბოლო თამაშში გაიბრწყინა ევერტონელთა 20 წლის ინგლისელმა ვარკსვლავმა როს ბარკლიმ, რომელმაც გადასარევი ჯარიმა ჩასვა მეტოქის კარში და მისი და დევიდ ბექემის მსგავსებაზეც კიდევ ერთხელ აალაპარაკა ალბიონი. “ევერტონის” მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ბარკლის ინგლისური ფეხბურთის ბრილიანტი უწოდა და აქო და ადიდა. ის თამაშიდან თამაშამდე იზრდება და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ ბიჭს არაფრის დიდებით არ შეველევიო.
ამის გარდა, მარტინესმა გუნდზეც ილაპარაკა და თქვა, 3 რთული გასვლითი თამაში გვქონდა “ოლდ ტრაფორდზე”, “ემირეითსზე” და “ლიბერთიზე” და შესანიშნავად ჩავაბარეთ ეს ტესტებიო. ახლა რამე მიზნებზე საუბარი ადრეა, ჯერ დეკემბერია და მთავარია აპრილამდე რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. აი, მერე კი უკვე გამოჩნდება რისთვის შეგვეძლება ბრძოლაო.
“ტოტენჰემში” კი მთავარი მწვრთნელის სკამი ტიმ შერვუდს 2015 წლამდე გაუფორმეს, რომელმაც პირველივე შეხვედრაში იმარჯვა და რაც მთავარია, ის თამაში აჩვენა, რასაც ფანები ითხოვდნენ- შეტევა, შეტევა და შეტევა. თორემ, მოგებით ვილაშ ბოაშიც კი იგებდა ხოლმე, მაგრამ მაინც კრიტიკის ალში ეხვეოდა.
როგორც იქნა, მიჯრით 2 მატჩი მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა” და თან 3-3 გოლიც გაიტანა. ბოლო ტურში კი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ მინდორზე დარენ ფლეტჩერიც გამოჩნდა. “წითელ ეშმაკუნებს” ზედა ოთხეულთან ახლა 6 ქულა აშორებთ, რაც ასეთ გიჟურ ტემპში შეიძლება სულ 2 დღეში ამოიქაჩოს.
აქამდეც რამდენჯერ ვახსენეთ პრემიერლიგის დეკემბრის კალენდარი, მაგრამ, აგერ კომპანისა არ იყოს, მართლაც ბევრი რამ ჰკიდია ამ დღეებზე. ვინც გაუძლებს, შერჩება ბრძოლას. არადა, როგორი გასაძლებია? აი, “სიტი” ავიღოთ- მომდევნო ორივე თამაშს კი შინ თამაშობს, მაგრამ “ლივერპულს” რომ გაისტუმრებს, სადღაც 43 საათში “კრისტალ პალასთან” სათამაშოდ უნდა იდგეს მინდორზე.
ჰოდა, დაველოდოთ! ჩავრთოთ SilkSportHD და ვისიამოვნოთ ამ დღეებით! მაგრად ვისიამოვნოთ! თორემ, 31-დან საცივების და გოზინაყების ეროვნული პრემიერლიგა იწყება და 1-2 კვირა აღარ გეცლებათ თქვენ ამისთვის

ავტორი: დედა მოტYნული silk Sport HD