
რობი უილიამსი გააცურეს ამ ორი კვირის წინ ცნობილ ინგლისელ მომღერალს, რობი უილიამსს კონცერტი ჰქონდა დანიშნული ავსტრიის ალპების ქალაქ ტიროლში. იქ ჩასულ პოპ-ვარსკვლავს, რა თქმა უნდა, ბევრი დრო არ ჰქონია, მაგრამ როგორც კი, კურორტზე მყოფ დიეგო მარადონას მოჰკრა თვალი, მაშინვე მასთან მიიჭრა, ცოლს სამახსოვრო ფოტო გადააღებინა და ტვიტერზე გამოჭიმა წარწერით: "რა აღარ ხდება. ახლახან ტიროლში მარადონას გადავაწყდი". მხოლოდ 12 დღის შემდეგ უთხრა მომღერალს მისმა მეუღლემ, რომ კაცი, რომელთანაც ფოტო გადაიღო, არა დიეგო მარადონა, არამედ წარმოშობით თურქი გერმანელი აბი ატიჩი გახლდათ. რა თქმა უნდა, ბრიტანულმა მედიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ეს მცირე სკანდალი მაქსიმალურად გააშუქა. თავად უილიამსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მარადონას ორეულმა სიამოვნებით განაცხადა თანხმობა კომენტარზე და შემდეგი ბრძანა: "ტიროლში საბაგიროს რიგში ვიდექი, როცა ჩემს მახლობლად უეცრად მიკროავტობუსი გაჩერდა, იქიდან კი რობი გადმოხტა, ჩამეხუტა და ნაზად ჩამჩურჩულა "მე შენ მიყვარხარ". მე ვუთხარი, მეც მიყვარხარ-მეთქი. მერე, მომღერალმა ლოყაზე მაკოცა, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო, ისევ მანქანაში ჩახტა და თავის საქმეებზე წავიდა. სამაგიეროდ, მისი მეუღლე აიდა გავიცანი კარგად, რომელიც თურქულად შესანიშნავად ლაპარაკობდა. ერთდროულად ვწუხვარ და მეამაყება კიდეც, რომ ჩემმა გარეგნობამ ისეთი კარგი ადამიანი მოატყუა, როგორიც რობი უილიამსია. დიდ ბოდიშს ვუხდი, თუ იმედები გავუცრუე, მაგრამ მგონი, მეც და მასაც კარგი მოსაყოლი ამბავი გაგვიჩნდა".
49 წლის აბის ისიც ჰკითხეს, მარადონას ასე ძალიან რატომ ბაძავო: "ყველაფერი შორეულ 1989 წელს დაიწყო. "ბაიერნი"-"ნაპოლის" თამაშს ტრიბუნიდან ვადევნებდი თვალს, მეორე დღეს კი გაზეთებში ჩემი ფოტო დაიბეჭდა, თამაშს დიეგო მარადონა ესწრებოდაო. რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ არგენტინელს ერთი-ერთში ვგავდი და მას მერე გადავწყვიტე ყოველთვის მარადონას ვმგვანებოდი. სიმართლე გითხრათ, ეს იოლი არაა. დიეგომ ხომ ამ 25 წლის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა იმიჯი, მაგრამ ვცდილობ არ ჩამოვრჩე. მარადონას ორეულობამ პოპულარობა მომიტანა და სადაც ჩავდივარ, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცევი".
ამ ისტორიაში ყველაზე საოცარი ისაა, რომ რობი უილიამსი პირადად იცნობს დიეგოს და 2006 წელს, იუნისეფის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ საქველმოქმედო მატჩში, მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში მის გვერდითაც უთამაშია, მაგრამ აბი მართლაც ისე მაგრად ჰგავს ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს, რობი უილიამსი კი არა, მარადონას ალბათ მარადონას საყვარლებიც ვერ გაარჩევენ ერთმანეთისგან.
http://11x11.com.ge/?id=23018 This post has been edited by zumbito on 16 May 2014, 14:55