ს

თქვენი გულშემატკივრების ერთ-ერთ
საიტზე დაიდო საკმაოდ კარგი ინტერვიუ ატლეტიკოსთან დაკავშირებით, წაიკითხეთ, ვინმეს თუ დაგაინტერესებთ
ატლეტიკო თამაშობს 4-4-2 სისტემით, უტევენ ცენტრიდან, შემდეგ ბურთი გადააქვთ დიაგონალურად, აფართოებენ შეტევას და აბრუნებენ ისევ ცენტრში ქროსით კოშტასა ან ვილაზე. იშვიათად თუ ნახავთ მათ გოლს არაცენტრალური პოზიციიდან, მაგრამ მათი ყველა შეტევა ჯერ ფართოდ იშლება, სანამ უკან, ცენტრში დაბრუნდებიან. ეს სივრცე ხაზებს შორის მომაკვდინებელია ნებისმიერი გუნდისთვის, რომელიც ათლეტებს ეთამაშება.
ბარსელონასთან მილანის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები პრესინგი იყო, მაგრამ ატლეტიკომ პრესინგი ახალ დონეზე აიყვანა, ახლანდელი მილანის შემადგენლობას კი ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ესმის კარგად. ატლეტიკო თამაშობს მაღალი პრესინგით, რომელშიც თურანი, კოკე, ვილია და კოშტა მონაწილეობენ. მათი ცენტრალური ნახევარმცველები - გაბი და ტიაგო/მარიო სუარესი არასოდეს კარგავენ საკუთარ ადგილს. როცა ბურთი არ აქვთ, მათი ფორმაცია 4-6-0 ხდება, მაგრამ ეს ექვსეული მუდმივად მზადაა კონტრშეტევის წამოსაწყებად. ამისთვის ისინი მცირე რაოდენობის პასებს იყენებენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის მათი ბურთის ფლობის მაჩვენებელი, როგორც წესი, მცირე. სამაგიეროდ, ექვსეულის ყველა ფეხბურთელი ბრწყინვალეა ჩაჭრაში. დაწოლა მონტოლივოზე უდიდესი იქნება.
თურანი და კოკე კრეატიული ფლანგელები არიან. მათი ბუნებრივი თამაში ნაკლებად ჰგავს ვინგერებისას, რადგან მათი მთავარი ძალა ჭკვიანურ თამაშშია. მილანისთვის ამ როლს ჰონდა შეასრულებდა, ასევე ლიაიჩი, მაგრამ ატლეტიკოს წინააღმდეგ ვერცერთი ვერ ითამაშებს. ორივე მათგანი ბრწყინვალეა გამჭოლ გადაცემებში. ისეთ გუნდებთან, რომლებიც მასირებულად იცავენ თავს, თურანის/კოკეს გრძელი პასი კოშტაზე ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია.
ამჟამინდელი ატლეტიკო ძალიან წააგავს 90-იანების სერია ა'ს გუნდს. ძირითადი მსგავსება იმაშია, რომ მათი ნახევარდაცვა თამაშს იეალურად კითხულობს, შლის მრავალ შეტევას და შედის ბევრ ორთაბრძოლაში. მათი ცენტრალური ნახევარმცველები არ კარგავენ პოზიციას, თუნდაც ბარსას ან რეალის წინააღდმეგ. მილანს ატლეტიკოსთან ბურთის ფლობაში უპირატესობა აუცილებლად ექნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ამას ძალიან არ მოინდომებენ. ძველი იტალიური სკოლის მსგავსად, ატლეტიკო ამბობს - თუ ჩვენი დამარცხება გინდა, ეს ცენტრიდან არ გამოგივა, ასე რომ, წარმატებები ფლანგიდან შეტევებში, რაც ასევე არ გამოგივა, მაგრამ მაინც შეგიძლია სცადო. უცნაურია, რადგან იმის მიუხედავად, რომ იმავე სტილით არ თამაშობენ, ყველაზე მეტად ატლეტიკო ბატისტუტას ფიორენტინას წააგავს, სადაც ვილია ბატისტუტას როლს ასრულებს, კოშტა - ედმუნდოს, კოკე - რუი კოშტას და ა.შ.
ატლეტიკოსთვის უპირველესი დაცვაა. ისინი თავს კოლექტიურად იცავენ. ცენტრალური მცველები კარგად თამაშობენ მეორე სართულზე, მაღალი კონცენტრაციით. ფილიპე ლუისი, რომელიც ამ დაპირისპირებას გამოტოვებს, ჩემი აზრით, საუკეთესო განაპირა მცველია მთელ ლა ლიგაში. კოლჩონეროს მცველებს ასევე კარგად შეუძლიათ შეტევა, აბატეს საქმე არ მოაკლდება. ხუანფრანი კი უფრო კონსერვატიულია.
საერთო ჯამში ატლეტიკო თამაშობს ისე, როგორც თავის დროზე თამაშობდა სიმეონე. ისინი ბევრჯერ ჯარიმდებიან, კარგად იცავენ თავს სტანდარტული სიტუაციებიდან (თუმცა, მაინც შესაძლებელია მათთვის ამ გზით გოლის გატანა). მეორე მხრივ, კოშტაზე ბევრი იკიდებს ბარათს და არც მილანია ბრწყინვალე სტანდარტებში. საერთოდ, კოშტა მსოფლიოს მეორე საუკეთესო სტრაიკერად მიმაჩნია ამჟამად (ზლატანის შემდეგ), თუმცა ეს არცისე პოპულარული შეხედულებაა.
ატლეტიკოს დასამარცხებლად მილანს მოუწევს იმ სულ რამდენიმე ხვრელის გამოყენება, რაც მათ დაცვაში არსებობს. აუცილებელია მათი ხაზის გაწელვა და შემდეგ ცენტრში დაბრუნება, რაც ზეადამიანურ შრომას გულისხმობს. დაცვამ შეუცდომლად უნდა ითამაშოს ვილიას წინააღმდეგ და როცა ის დრიბლინგს დაიწყებს, მცველებს არ უნდა გამოეპაროთ კოშტა, რომელიც მუდამ მზად იქნება მისგან პასის მისაღებად.
ატლეტიკოსგან არ უნდა ველოდეთ სიურპრიზებს. ისინი როტაციას ხშირად არც მიმართავენ, ასევე არასოდეს ღალატობენ საკუთარ ფილოსოფიას. ითამაშებენ ისე, როგორც თამაშობენ - რატომ დაიწყებენ ისინი ექსპერიმენტებს, როდესაც მათი დამარცხება ისედაც საშინლად რთულია?