FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ დავიდ ალაბასთან.
- დავიდ, 21 წლის ხარ და უკვე გუნდი შენს გარეშე წარმოუდგენელია. ზოგჯერ საკუთარი თავისთვის ჩქმეტა ხომ არ გჭირდება, რომ გამოფხიზლდე? თავი სიზმარში ხომ არ გგონია?
„ბოლო წლებში ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ზოგჯერ ამის დაჯერება მიჭირს, თუმცა ეს ხომ შესანიშნავია. ჩემი ოცნებით ვცხოვრობ. ყოველ დილით ვიღვიძებ და ვფიქრობ: „ფანტასტიურია, უკეთესად არც კი შეიძლება!“ ამისთვის კი, ვინც გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა, ყველას უზომოდ მადლიერი ვარ.“
- ცოტა ხნის წინ პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე ძალიან გაქო („დავიდი ყოველთვის ადგილზეა, ყოველთვის. წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია. ფეხბურთის თამაშის არ ეშინია. მოწესრიგებულია, ყოველთვის გუნდზე ფიქრობს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. დავიდ ალაბასთან ერთად ბაიერნი წლები იხარებს. იგი დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია“).
„დაუჯერებელია. ძალიან მიხარია. რამდენიმე თვის განმავლობაში გუარდიოლასგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს ვისრუტავ, რასაც კი მასწავლის. ჩემი თანაგუნდელებიც ასე არიან.“
- შენი ათლეტურობა და სპრინტში სიძლიერე ნათელია. სირბილში დუელი წაგიგია?
„დიახ, რამდენჯერმე. მაგრამ მართალი ხართ. ჩემი თამაში დინამიკით ცოცხლობს. ფორმაში ყოფნა ყოველთვის გადამწყვეტია. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ მწვრთნელებთან ერთად.“
- ვარჯიშის დასრულების შემდეგ ხშირად რჩები მოედანზე და ჯარიმის შესრულებაში ვარჯიშობ. რამდენიმე შეხვედრაში მეტოქის კარის ბადეში ბურთის მოთავსებაც გამოგივიდა. კუმირი გყავს?
„ჯარიმის შემსრულებელი ბევრი გენიალური ფეხბურთელია. მაგრამ ქრისტიანო რონალდუსა და დევიდ ბეკჰემის ტექნიკა ყველაზე მეტად მხიბლავს. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ადრე, როდესაც ბაზაზე ახალგაზრდა ფეხბურთელთა პანსონში ვცხოვრობდი, კომპიუტერთან მივდიოდი, youtube-ზე ვიდეოებს ჩავრთავდი და ვუყურებდი.“
- სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად არსენალს უპირისპირდებოდით. რაღაც მომენტში არ გქონდათ იმის შიში, რომ შესაძლოა ტურნირი დაგეტოვებინათ?
„არა. ყველაფერი დამაჯერებლად გამოგვივიდა და დამსახურებულად გავედით მეოთხედფინალში. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი. მეორეში ცოტა მოვეშვით. ბურთს ვკარგავდით და ისე არ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია.“
- როგორ ატარებ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდგომ უახლოეს პერიოდს, დიდი ხანი გჭირდება მიწაზე დასაბრუნებლად?
„ჯერ გასახდელში ცოტას ჩავთვლემ, შემდეგ ფეხბურთელთა მისაღებში გავდივარ, სადაც ხშირ შემთხვევაში მშობლები მელოდებიან. თითქმის ყველა საშინაო შეხვედრას ესწრებიან, ერთად წავიხემსებთ, მატჩის ნაწყვეტებსაც ვუყურებ და შემდეგ უკვე ძალიან მიხარია, რომ სახლში წასვლა და ლოგინში დაწოლა შემიძლია.“
- მეოთხედფინალის მეტოქეზე უკვე ფიქრობ?
„არა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია ვინ იქნება. ჩვენ საკუთარ თავსა და ძალას ვუყურებთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის შემხვდებით: ბარსელონას, რეალს, თუ სხვას.“
- გერმანიის ჩემპიონატში 49 მატჩიანი წაუგებელი სერია გაქვთ. ამაზე გუნდში საუბრობთ?
„მართლა გასაოცარი რაოდენობაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ: არც ვიცოდი ზუსტად, რამდენი მატჩი გვქონდა წაუგებელი. გუნდში ამაზე არავინ საუბრობს. ვცდილობთ არსებითზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ასეთი სერიები მეორეხარისხოვანია.“
- ივარაუდებდი იმას, რომ ტრიპლის სეზონის შემდეგ მაღალი დონის ასე შენარჩუნებას შეძლებდით?
„ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში უკვე შეიმჩნეოდა, რომ მოგების წყურვილი არ გამქრალა. გარდა ამისა, ახალი მწვრთელის მოსვლამ ახალი მომხიბვლელობა მოიყოლა. ჰაინკესმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა - პეპ გუარდიოლა კი ამ ყველაფერს ასევე შესანიშნავად აგრძელებს. თითოეული მატჩისთვის სრულყოფილად გვამზადებს.“
- დორტმუნდთან 20 ქულიანი უპირატესობა გაქვთ. მიუხედავად ამისა, დანებებას არ აპირებთ და გამარჯვებისთვის თამაშს აგრძელებთ . . .
„უბრალოდ ამ გუნდში თამაში უდიდესი სიამოვნებაა. უდიდესი სიამოვნებაა ვარჯიშებზე ყოფნაც. გვსურს, გულშემატკივარი გავაბედნიეროთ, ამიტომ მე-80-ე წუთზე 4:0-ით კმაყოფილი მაინც არ ვართ. შეიძლება, სწორედ თამაშის სიხარული არის ჩვენი დიდი ტრიუმფი.“
- სეზონის მიზნები?
„რასაკვირველია, კვლავ ყველაფრის მოგება გვსურს. ვინც წინა წელს ლონდონსა და ბერლინში იყო, ოცნებობს, რომ კიდევ ერთხელ განიცადოს იგივე.“
- შაბათს ლევერკუზენის ბაიერს ხვდებით, რომელიც ამჟამად საუკეთესო ფაზაში ნამდვილად არ იმყოფება. რა გელით?
„ლევერკუზენმა საკმაოდ ხშირად დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია. ნამდვილად არ უნდა დავიჯეროთ, თითქოს სეირნობით მოვუგებთ. თუ ჩვენს ძალებს მოვუხმობთ, საბოლოოდ გამარჯვებას შევძლებთ.“
- ზაფხულში ემრე კანი ლევერკუზენში გადავიდა. გაქვს მასთან კონტაქტი?
„ზოგჯერ. მიხარია, რომ სისტემატურად და კარგად თამაშობს. ემრე ჩვენთანაც მუდამ დაუღალავად მუშაობდა. ახლა კი ამის შედეგს იმკის.“
- ბუნდესლიგაზე ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში სახლში, სწორედ ლევერკუზენთან დამარცხდით. იმედია, ეს ცუდის ნიშანი არ იქნება . . .
„ეგ არც კი მახსოვდა.“
----------
FCB
https://www.facebook.com/503146609707533/ph...=1¬if_t=like