FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზე
მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელმა თუ მოახერხა კარიერის ასე წარმატებით დასრულება, როგორც იუპ ჰაინკესმა. 68 წლის იუპმა მიუნხენის ბაიერნთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საუკეთესო მწვრთნელიც გახდა და ასე დატოვა დიდი საფეხბურთო ასპარეზი.
მდიდარი გამოცდილების ხარჯზე მან საოცარი სიმშვიდითა და იდეალურად შეზავებული სიმპათიური ბალანსით ჩამოაყალიბა წარმატებას მოწყურებული კოლექტივი, რომელშიც გააერთიანა ბურთის ფლობა, მოწინააღმდეგის პრესინგი და მიზანსწრაფული დინამიკა. ახლა კი ისვენებს, სიამოვნებით ადევნებს თვალს საფეხბურთო მატჩებს უკვე გულშემატკივრის როლში და სიხარულით ელის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას.
- ბატონო იუპ, უკან სამი ტიტულით დაგვირგვინებული დიდებული წელი ჩამოიტოვეთ. საკმაო დრო გავიდა: როგორ განიცადეთ გასული მაისის საოცარი დღეები?
``სატელევიზიო კადრებში ჩანდა, რომ ეს იყო არა მხოლოდ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე, არამედ უდიდესი ემოცია - განსაკუთრებით როდესაც უკვე გაირკვა, რომ ჩემპიონები ვიყავით, ლონდონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და შემდეგ გერმანიის თასიც მოვიპოვეთ. ენერგიული კვირები იყო, ყველა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის შუაგულში იმყოფები, მარჯვნივ, ან მარცხნივ ყურების დრო არ გაქვს. გვირაბის მიმართულებით იხედები და მომავალ ამოცანაზე გადაგაქვს ყურადღება.``
- ასეთი წარმატების გააზრება მაშინვე ხდება, თუ მოგვიანებით აცნობიერებ?
``რასაკვირველია, მაშინვე ხვდები - პირველ რიგში ფეხბურთელების, შტაბის წევრების და ირგვლივ მყოფი ადამიანების რეაქციიდან გამომდინარე. მაშინვე აცნობიერებ, რომ რაღაცას მიაღწიე. მოგებული ჩემპიონატის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯერი იყო. როდესაც ესეც მოვიგეთ, გერმანიის თასის რიგი დადგა. ამიტომ, ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის დატევა და კონცენტრაციისა და მოტივაციის მაღალ დონეზე შენარჩუნება. თუმცა ყველა ყველაფერს კარგად ვაცნობიერებდით. რობენის, რიბერის, ლამის, შვაინშტაიგერის, ბოიტენისა და პისაროს თაობისთვის - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ამ იტორიული გამარჯვების მიღწევა.``
- 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდით. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?
``ეს დიდ პატივისცემასა და სიხარულს ნიშნავს. მაგრამ ბევრჯერ მითხვამს, ყველაფერი ისეა, როგორც სიმფონიურ ორკესტრში: დირიჟორი ორკესტრის გარეშე არაფერია, იგივეა პირიქით. ასევეა ფეხბურთში. გუნდს მაღალი დონის მწვრთნელი ჭირდება და თუ საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევა გსურს, მწვრთნელს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები უნდა ყავდეს. სწორედ ასეთი ფეხბურთელები მყავდა წინა წელს. ეს იყო სიმბიოზი, რომელიც წარმოუდგენლად კარგად ერგებოდა ბაიერნს. გუნდი, სამწვრთნელო შტაბი, ხელმძღვანელობა - შესანიშნავ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან. ყველას ვგულისხმობ, ყველა შესანიშნავი ადამიანია სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული უბრალო თანამშრომლით დამთავრებული. ეს იყო დიდი მოტივაცია, საქმის კეთების უდიდესი სიხარული და პირველ რიგში თვითმოწესრიგებულობა და გუნდური დისციპლინა. სწორედ ეს გახლავთ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.``
- მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის არჩევნებზე ორი გერმანელი იყავით წარდგენილი: თქვენ და იურგენ კლოპი. ეს ბუნდესლიგის აღიარებაცაა?
``საინტერესოა იმაზე დაკვირვება, როგორ მაღალ ტონში საუბრობენ უცხოეთში გერმანიის ჩემპიონატზე, მის დონეზე, სტადიონებზე, ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროზე, რასაკვირველია, თავად გერმანულ ფეხბურთზეც. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია და ლიგა ბოლო წლებია სწორად მუშაობენ. ვფიქრობ, გერმანულ ფეხბურთს ამდენი მაღალკარატიანი ნიჭიერი ახალგაზრდა ასე ერთდროულად აქამდე არ ყოლია.``
- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევნებზე წარდგენილნი იყვნენ რონალდუ, მესი და რიბერი - სამი შემტევი ფეხბურთელი. თქვენ თავის დროზე წარმატებული ფორვარდი ბრძანდებოდით. როგორ შეაფასებთ ამ სამ ფეხბურთელს?
``სამივე შესანიშნავი ფეხბურთელია. თითოეულში უმაღლესი ხარისხია. ბოლო წლებში მესი ოთხჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ის გენიაა და მარადონასა და პელესთან ერთ საფეხურზე დგას. რონალდუ ფანტასტიურია, ფიზიკურად ძლიერი, საოცრად თამაშობს და ძალიან საშიშია მეტოქის კარისთვის. ასეთი ფეხბურთელი მეორე ვერ შეგხვდება. ფრანკ რიბერი ბოლო ორი წლის მანძილზე ბაიერნში გუნდურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მას უდიდესი ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს, შეიძლება მთლად ისეთი არა, როგორც ამ ორ გიგანტს, მაგრამ რიბერიმ ისწავლა დაცვაში მუშაობა, გუნდისთვის თამაში. ჩემი აზრით, ჩვენი წარმატება სწორედ გუნდურმა თამაშმა განაპირობა. რომელშიც ძალიან დიდი იყო ფრანკ რიბერის როლი.``
- არჩევანი რომ იყოს 70-იანებისა და დღევანდელ ფეხბურთელებს შორის, რომელ თაობას მიანიჭებდით უპირატესობას?
``მაშინდელ დროს დღევანდელს ვერ შევადარებთ. ვფიქრობ, დღეს რომ რუმენიგე, ბეკენბაუერი, გერდ მიულერი ან გიუნტერ ნეტცერი თამაშობდნენ, ისევე შესანიშნავად ითამაშებენ თანამედროვე სავარჯიშო პირობებში, როგორც მაშინ. დროებას ერთმანეთთან ვერ შეადარებ, რთულია იმის თქმა, ვინ იყო უკეთესი. მარადონა თუ პელე, მესი თუ ზიდანი, ან არ უნდა დაგვავიწყდეს კრუიფი - ყველა დიდებული ფეხბურთელია.``
- ბაიერნთან ერთად უდიდესი წარმატებები აღნიშნეთ, ახლა კი თქვენს სამშობლოში გლადბახში ცხოვრობთ, სადაც წარმატებული ფეხბურთელი იყავით. ვის ეკუთვნის თქვენი გული?
``მწვრთნელობის პერიოდში ბევრი გაჩერება მქონდა. ფეხბურთელი კი გლადბახში გავხდი, სადაც დიდ წარმატებებს მივაღწიე და ვიყავი ნაკრებში. როგორც მწვრთნელმა, პირველი ჯილდო და გერმანიის ჩემპიონობა ბაიერნში ავღნიშნე, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. რასაკვირველია, ბოლო ტრიპლის წელიც. ეს ისტორიული მოვლენაა და ბუნდესლიგის არსებობის 50 წლიან პერიოდში პირველად მოხდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის გამოსვლები, თუ როგორ წარმოაჩენდნენ ფეხბურთელები საკუთარ თავს. ეს ეხება არა მხოლოდ საფეხბურთო ასპარეზობას, არამედ მოედნის მიღმა ქცევასაც. სწორედ ეს ასახავს გუნდის ხასიათს. ამიტომაც მათ მომავალ წლებშიც აუცილებლად ბევრი წარმატება ექნებათ, რადგან საშუალო ასაკი შესანიშნავია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების გზას ადგანან. ალაბა, კროოსი, გიოტცე და მიულერი არ უნდა დაგვავიწყდეს, ისინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები გახდებიან. ვფიქრობ, ჩვენ ბოლო ორ წელიწადში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ.``
- ახლა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ვისაუბროთ. როგორ აფასებთ გერმანიის ეროვნული ნაკრების შანსებს?
``ჩემი აზრით კარგი შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკაში რთული კლიმატური პირობები იქნება. ასეთ განსხვავებულ კლიმატში და ასეთი სიშორით თამაში მთლად ადვილი არ არის. მაგრამ ძალიან კარგი კადრია, თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელია. ჩემპიონატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მოასწრებს ხედირა ფორმაში ჩადგომას? იქნება შვაინშტაიგერი ტოპ-ფორმაში? დაბრუნდება გიუნდოგანი? ჩემთვის მხოლოდ ეს კითხვებია, სხვა შემთხვევაში გერმანია არგენტინასთან, ბრაზილიასა და რასაკვირველია, ესპანეთთან ერთად ფავორიტია. . . მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკაში ჩემპიონობა რთულია, ამაყები უნდა გავემგზავროთ და უნდა ვთქვათ: ``ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით!`` სწორედ ეს უნდა ჩავუნერგოთ ფეხბურთელებს. ჩემს ფეხბურთელებს წინა წლის დასაწყისში სწორედ ასე ვეუბნებოდი, ვუხსნიდი რა იყო გასაუმჯობესებელი და რა შესაცვლელი. ვეუბნებოდი, რომ თუ ჩვენ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, ყველაფრის მოგება შეგვიძლია. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ბევრი დეტალი თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ძალიან მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ერთი საბურავი მეორისთვის უნდა მუშაობდეს. წინა წელს ჩვენთან ასე იყო. გერმანიის ნაკრებს უდიდესი შანსი აქვს გახდეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი.``
- თქვენ 1974 წელს გახდით მსოფლიო ჩემპიონი. რას ნიშნავს ეს ტურნირი ფეხბურთელისთვის?
``ეს საერთაშორისო პლათფორმაა. როდესაც ჩემპიონთა ლიგას მოიგებ, საერთაშორისოდ უკვე ცნობილი ხდები. მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ცაზე მუდამ ახალი ვარსკვლავები, ახალი აღმოჩენები ჩნდებიან. ბრაზილიაშიც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, იქნებიან ისეთებიც, ვისგანაც ბევრს მოელიან, მაგრამ შეიძლება მოლოდინი ვერ გაამართლონ. ჩემი აზრით, კლიმატის და სიშორის მიუხედავად, საოცრად კარგი ტურნირი იქნება.``
- ყოველთვის კლუბების მწვრთნელი ბრძანდებოდით. ნაკრები არ გაინტერესებდათ? თუ ამის საშუალება არ მოგეცათ?
``სამჯერ მქონდა წინადადება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციიდან. პირველი წინადადების დროს ბენფიკაში ვიყავი, შემდეგი ორის დროს სურვილი არ მქონდა, რადგან ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი გუნდთან ყოველდღიურ მუშაობას. ვფიქრობ, არაფერი გამომიტოვებია. ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა, ყოველდღიური ვარჯიში საინტერესო იყო, ასე შევძელი განვითარება როგორც ადამიანმა და როგორც მწვრთნელმა. ნაკრებში კი განსხვავებული სიტუაციაა. თუმცა უკვე გვიანია და ამაზე ფიქრი აღარ მჭირდება.``
----------
FIFA
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater