კვირას საღამოს გაიმართა ინგლისის პრემიერ ლიგის ტურის ცენტალური შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის. მატჩი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ამ სტატიაში შევეცდები თამაშის ანალიზი გავაკეთო.
როჯერსის ტაქტიკა – პრესინგი და ზონების გადაკეტვაპირველივე წუთებიდან “ლივერპული” აქტიურ პრესინგს მიმართავდა. მასპინძლები მუდმივად ზეწოლის ქვეშ იყვნენ და ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონიათ. დევიდ მოიესის გუნდს ძალიან უჭირდა არა თუ ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, არამედ საკუთარ ნახევარზე თავისუფლად კონტროლიც კი. “მერსისაიდელების” სწრაფი, მოქნილი, მობილური ნახევარმცველები და თავდამსხმელები გამუდმებით აწუხებდნენ მოწინააღმდეგეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჯოი ალენის თამაში, რომელიც უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებდა. პირველ რიგში, ის ზღუდავდა მარჯვენა მცველ რაფაელს, რომელიც ხშირად ერთვება ხოლმე შეტევებში. უელსელი ნახევარმცველი ბრენდან როჯერსის დავალებით ბრაზილიელს ხშირ შემთხვევაში პირად კონტროლზე იყვანდა და აგრესიული თამაშით შეტევაში წასვლის საშუალებას ფაქტობრივად არ აძლევდა. ალენს შიგადაშიგ ფლენაგანიც ეხმარებოდა.

მწვანე ჯვარი – ართმევა, სტაფილოსფერი ჯვარი – წარუმატებელი ართმევა
დააკვირდით ნახაზზე წითლად შემოსაზღვრულ მონაკვეთს, ანუ ალენისა და ფლენაგანის ფრთას. როგორც ხედავთ, სწორედ ამ ფლანგზე გააკეთა “ლივერპულმა” ყველაზე მეტი ართმევა როგორც საკუთარ ნახევარზე, ისევე “მანჩესტერის” 50 მეტრზე. ამ ორმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგი ფაქტობრივად მთლიანად აიღო.
ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, რაც “ლივერპულის” გამარჯვების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, ეს არის – გუნდური პრესინგი. “მანჩესტერის” ფეხბურთელი მიიღებდა თუ არა ბურთს, რამდენიმე წამში მასთან “ლივერპულის” რამდენიმე მოთამაშე ჩნდებოდა. შედეგად მასპინძლები წნეხის ქვეშ ექცეოდნენ, უჭირდათ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და ბურთსაც კარგავდნენ. ბრენდან როჯერსის ამ ტაქტიკამ ნამდვილად გაამართლა, რაზეც ბურთის ართმევების რაოდენობაც მეტყველებს – 38 ართმევა.

განვიხილოთ შემდეგი სურათი. ყურადღების ცენტრში კვლავ “მანჩესტერის” მარჯვენა ფლანგია. ბურთი ფელაინის უჭირავს, მას ჯერარდი ეთამაშება. ბელგიელს პასის გაკეთების საშუალება არ აქვს – 2 ნომერ რაფაელს ალენი მეურვეობს, უკან ხუან მატა იმყოფება, თუმცა პასი მის მიმართაც ვერ გაკეთდება, რადგან ესპანელს უკნიდან სტერლინგი უახლოვდება. აღსანიშნავია ლუის სუარესის მდებარეობაც, რომელსაც ორივე მხარეს წასვლის საშუალება აქვს და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელებს პრესინგის შესრულებაში დაეხმარება. ამ სიტუაციაში როგორც მოსალოდნელი იყო, ფელაინიმ ბურთი დაკარგა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, “ლივერპულმა” ზონების გადაკეტვა მოახერხა, რის გამოც მასპინძლებს ბურთის შეტევაში ატანა უჭირდათ. განვიხილოთ კიდევ ერთი ეპიზოდი.

ბურთი რაფაელს უჭირავს, თუმცა საკითხავია რამდენად მოახერხებს შეტევის წამოწყებას. მისკენ მოძრაობას კვლავინდებურად ჯოი ალენი იწყებს, რა უნდა ქნას ამ დროს ბრაზილიელმა? მიიღოს რისკიანი გადაწყვეტილება და მეტოქის მოტყუება სცადოს თუ პასი გააკეთოს? სურათზე ნათლად ჩანს, რომ ცენტრში მყოფ ფელაინის ფეხდაფეხ სტერლინგი მისდევს. გარდა ამისა, იქვეა სუარესიც, რაც იმას ნიშნავს, რომ პასის გაკეთება გამოირიცხა. ზევით მოყვანილი მაგალითის მსგავსად, “მანჩესტერმა” ბურთი აქაც დაკარგა.
ალენის მსგავსად, იმავე სამუშაოს ასრულებდა მოედნის საპირისპირო მხარეს ჯორდან ჰენდერსონი. ორივე ფეხბურთელს უდიდესი წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში, მათ როჯერსის დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს.
მატჩის მსვლელობისას Sky Sports-მა ბრწყინვალე კადრი გაუშვა, რომელიც “ლივერპულის” პრესინგის მეთოდს ასახავს.

ალენი, სტერლინგი, ჰენდერსონის ტრიო იდეალურად არის განლაგებული. პრაქტიკულად ყველა ზონა გადაკეტილია, პასის გაკეთება ნებისმიერი მიმართულებით ძალიან სარისკოა.
ბრენდან როჯერსმა მთელი შეხვედრა თავისი სცენარით წარმართა. ეს მატჩი ტაქტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ მის კარიერაში.
http://goal.ge/ge/archives/42319ჩანაწერს ვუყურე და დავწერე
აღფრთოვანებული ვარ როჯერსით