იმის გამო, რომ ქინქლაძე არ თამაშობდა რეგულარულად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში „დერბი ქაუნთისთან“ კონტრაქტის გაფორმების დროს, მას ავტომატურად არ ჰქონდა ინგლისში მუშაობის ნებართვა, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შესაბამის ორგანოებს თხოვნით მიმართა და მას მისცეს სპეციალური ნებართვა, ინგლისურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის.[46] მისი დებიუტი ახალ კლუბში შედგა 1999 წლის 29 ნოემბერს, როდესაც შეცვლაზე შემოვიდა ავი ნიმნის ნაცვლად „ლონდონის არსენალთან“ 1-2 წაგებულ მატჩში,[52] მან იჯარის ვადის განმავლობაში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „დერბის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა 2000 წლის 4 მარტს „უიმბლდონთან“ 4-0 მოგებულ მატჩში.„უიმბლდონთან“ მატჩის შემდეგ ქინქლაძემ უკმაყოფილება გამოხატა გუნდის ტაქტიკაზე. მეორე ტაიმში მწვრთნელს, ჯიმ სმიტს უთხრა, რომ შეეცვალა ტაქტიკა და მისცემოდა ბურთის ფლობის და შეტევის მეტი შესაძლებლობა. მთავარმა მწვრთნელმა ეს შენიშვნა გაითვალისწინა და მომდევნო მატჩიდან მოყოლებული სრული თავისუფლება მიანიჭა ფეხბურთელს მოედანზე. სეზონის ბოლოს, იჯარა შეიცვალა კონტრაქტით. ტრანსფერის ფასმა შეადგინა £3 მილიონი, რაც რეკორდული თანხა იყო კლუბისთვის 2007 წლამდე.
ქინქლაძემ გამოტოვა 2000-2001 წლების სეზონის სტარტი თიაქრის ოპერაციის გამო.სმიტი იმედგაცრუებული იყო, მას იმედი ჰქონდა, რომ ქინქლაძე გახდებოდა კლუბის წამყვანი ფეხბურთელი.ის მოედანზე დაბრუნდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, სადაც შემოვიდა შეცვლაზე, 2000 წლის 6 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ „მიდლსბრო“ იგებდა მატჩს, ანგარიშით 3-0, მოედანზე ქინქლაძისა და მალკომ კრისტის შემოსვლის შემდეგ „დერბიმ“ შეძლო მატჩის ბედის შემობრუნება და სამი გოლი გაუტანა მეტოქეს.ამ წყვილმა დიდი როლი შეასრულა მატჩის ბედის შემობრუნებაში. შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში, ქინქლაძე ზოგჯერ სასტარტოში იყო, ზოგჯერ კი შეცვლაზე შედიოდა მოედანზე, ის ცვლიდა სტეფანი ერანიოს, სანამ ქინქლაძემ „მიდლსბროსთან“ დაბრუნების მატჩში არ მიიღო ტრავმა, რის გამოც მოუწია ორი თვით დასვენება.სეზონის დასაწყისში ქინქლაძემ მცირედით გაიბრწყინა, მაგრამ ის დასახელდა „დერბის“ წლის იმედგაცრუებად The Guardian-ს მიერ.2000 წლის 23 სექტემბერს „ლიდს იუნაიტედთან“ მატჩში მან იასპარეზა წარმატებულად, რაც იშვიათობა იყო მისთვის იმ პერიოდებში. ის შემოვიდა შეცვლაზე, როდესაც 17 წუთი იყო დარჩენილი და გაიტანა გოლი ბოლო წუთზე, რომლის წყალობითაც მისმა გუნდმა შეძლო ქულის გადარჩენა, ის გაძვრა მეტოქე გუნდის ორ მცველს შორის და მარცხენა ფეხით გაუტანა მეკარეს, ანგარიში გახადა 1-1. „დერბი“ იბრძოდა მთელი სეზონი, მაგრამ ვერ აიცილა პრემიერ ლიგიდან ჩამოქვეითება. ქინქლაძე დარჩა კლუბში, სანამ მას არ ჰქონდა მოშუშებული ტრავმები, რის გამოც არ ჰქონია სერიოზული შემოთავაზებები. იმ პერიოდებში ქინქლაძემ იქორწინა ლუის ტაიზე. ლუისი შემდეგ მოინათლა მართლმადიდებლურად თბილისში და მიიღო ახალი სახელი — მარიამი. მათ პირველი შვილი, საბა, შეეძინათ 2001 წლის ოქტომბერში.
2001-2002 წლების სეზონის დასაწყისი ქინქლაძისთვის აღმოჩნდა წინა სეზონის მსგავსი, ხან სასტარტოში თამაშობდა, ხან კი შეცვლაზე შემოდიოდა. გუნდის მწვრთნელი ჯიმ სმიტი 2001 წლის 7 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან,რომლის რჩეული ფეხბურთელიც იყო ქინქლაძე. ფეხბურთელი მწარედ იმედგაცრუებული დარჩა ამის გამო. ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა, კოლინ ტოდმა განაცხადა, რომ შესაცვლელი იყო გუნდის თამაშის სტილი. ტოდს არ მოსწონდა ქინქლაძის სტილის მოთამაშეები და ის მხოლოდ ერთხელ ათამაშა შეცვლაზე ორი თვის განმავლობაში. უთამაშებლობის გამო იმედგაცრუებულმა ქინქლაძემ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო, მისი აგენტის დახმარებით შეხვდა ტოდს და დაელაპარაკა მისი პირველი გუნდიდან გადაყვანის თაობაზე. ტოდმა განაცხადა, რომ ქინქლაძეს შეეძლო დაეტოვებინა კლუბი, თუ ის უკმაყოფილო იყო იქ ყოფნით. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით „მანჩესტერ სიტი“, ასევე ესპანური კლუბები, „ვალენსია“, „მალიორკა“ და „მალაგა“ იყვნენ დაინტერესებულნი ქინქლაძის ტრანსფერით. თუმცა, 2002 წლის 14 იანვარს „დერბი“ იმყოფებოდა ბოლოდან მეორე ადგილზე პრემიერ ლიგაში და ჯონ გრეგორი დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2002 წლის 30 იანვარს. ქინქლაძე დარჩა კლუბში და რეგულარულად თამაშობდა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დარჩენილი სეზონის განმავლობაში, მაგრამ „დერბი“ განაგრძობდა წარუმატებელ გამოსვლას და ქინქლაძე მესამედ ჩამოქვეითდა ჩემპიონატში კარიერის განმავლობაში. ამ დროისთვის კლუბის დავალიანება შეადგენდა £35 მილიონს და სეზონის დასასრულისკენ დაიწყეს მათი სახელფასო ფონდის შემცირება £17 მილიონამდე. თუმცა, კლუბის დირექტორმა, ბრაიან რიჩარდსონმა განაცხადა, რომ ფაბრიციო რავანელის, რომელიც იყო იმ დროისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კლუბში, შეუნარჩუნდებოდა ხელფასი, რომელიც შეადგენდა £40,000-სს კვირაში. „დერბის“ აქციები იყიდებოდა და მენეჯერმა განუცხადა ქინქლაძეს, რომ მას მომავალი აღარ ჰქონდა კლუბში.თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძეს კონტრაქტის ვადა ეწურებოდა 2003 წლის ზაფხულში, მოუწია კლუბის დატოვება და წავიდა თურქეთის ჩემპიონ გუნდში, „გალათასარაიში“.
როდესაც კლუბმა გააგრძელა ქინქლაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის მცდელობები, ის ვარჯიშობდა სარეზერვო გუნდში 2002 წლის 29 სექტემბრამდე და გამოტოვა „დერბის“ პირველი გუნდის 2002-2003 წლების სეზონის პირველი ხუთი მატჩი. პირველი გუნდის ორი მარცხის შემდეგ ის დააბრუნეს მოედანზე „სტოკ სიტისთან“ მატჩში 31 აგვისტოს, როდესაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 2-0 მოგებულ მატჩში, ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.შემდეგ მან გამოტოვა მთელი რიგი მატჩების ტრავმის გამო, მონაწილეობა მიიღო „დერბის“ დარჩენილი მატჩების მხოლოდ ნახევარში 2002 წელს. 2002 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ქინქლაძე და ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე არ გამოიძახა ნაკრებში რუსეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის, რამაც მითქმა-მოთქმები გამოიწვია საქართველოში.იმედგაცრუებულმა და გაკვირვებულმა ქინქლაძემ განაცხადა: „როდესაც მე ფორმაში არ ვიყავი, ის მუდმივად მირეკვადა და მიძახებდა ნაკრებში. ახლა კარგ ფორმაში ვარ, გამაქვს გოლები, მაგრამ მან არც გამომიძახა და არც დაურეკავს.“ ქინქლაძე და ნემსაძე ნაკრებში დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. იანვრსთვის, „დერბიში“ არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ქინქლაძეს სამი თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული. ის აპირებდა გუნდიდან წასვლას, თუმცა მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ გერმანული ჰამბურგი და თურქული „გალათასარაი“, მაგრამ მან არ დატოვა კლუბი საბოლოოდ. ის შემდეგ სეზონში გაცილებით ხშირად თამაშობდა და კლუბის გულშემატკივრებმა ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.„დერბიმ“ სეზონი დაასრულა ცხრილის ფსკერზე და შემდეგი სეზონისთვის საჭირო იყო ხარჯების შემცირება. შედეგად, „დერბიმ“ შესთავაზა ქინქლაძეს ერთწლიანი კონტრაქტი, მაგრამ მესამედი ანაზღაურებით წინა კონტრაქტისგან განსხვავებით. ქინქლაძემ უარი თქვა შემოთავაზებაზე და გადაწყვიტა უფრო წარმატებული კლუბის მოძიება, რომელიც შეძლებდა ტიტულების მოგებას. ამ მიზნით, მას მოლაპარაკებები ჰქონდა „ლივერპულთან“ 2003 წლის მაისში.როდესაც „დერბისთან“ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ მოჰყვა სასურველი შედეგი, მან დატოვა კლუბი.
სეზონისწინა პერიოდში უკლუბოდ დარჩენილი ქინქლაძე ვარჯიშობდა „პორტსმუთთან“, სადაც მუშაობდა მისი ყოფილი მწვრთნელი ჯიმ სმიტი. მან კლუბში ითამაშა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ერთი ამხანაგური მატჩი,მაგრამ „პორტსმუთმა“ მის მაგივრად „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი გამთამაშებლის, ეიალ ბერკოვიჩის შეძენა გადაწყვიტა. შემდეგ თვეებში მას მოლაპარაკებები ჰქონდა შოტლანდიურ „დანდისთან“, მოგვიანებით „სელტიკთან“ და შემდეგ „ლიდს იუნაიტედთან“, მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტი ვერ შეთანხმდა ვერც ერთ გუნდთან.შედეგად, ის ემზადებოდა ინდივიდუალურად და დაკარგა ადგილი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, სანამ კვლავ არ გამოიძახეს რუსეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის. 2003 წლის დეკემბერში, ქინქლაძე ერთი კვირით სინჯებზე იმყოფებოდა „პანათინაიკოსში“, ბერძნული კლუბის მფლობელის, გიანის ვარდინოგიანისის მოწვევით.თუმცა, გადამწყვეტ მომენტში კლუბმა უარი თქვა მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე. ექვსი თვის შემდეგ, მას ჰქონდა მოლაპარაკებები რუსულ კლუბ „იაროსლავლის შინიკთან“, მაგრამ ვერც იქ მოხერხდა შეთანხმება საბოლოოდ.

მეტი რაღაც ვახსენი ყველაფერი მოიძებნება