............................................................
* * *
“თუ შენი ქალაქი გიყვარს, სისულელეა ამის გულზე დაწერა, რადგან სიყვარული გულშია და არა გულის გარეთ“ - ეს სიტყვები რომის მერმა - ჯოვანი ალემანომ მაშინ თქვა, როდესაც ნიუ-იორკში ჩავიდა და მეგაპოლისის მცხოვრებლების მაისურებზე, ქართველთათვისაც კარგად ნაცნობი სიტყვები: “მე მიყვარს ნიუ-იორკი“ - ამოიკითხა. დარწმუნებული ვარ, რომ რომაელებიც თავიანთი ქალაქის მერივით ფიქრობენ, რადგან, როდესაც ამ ქალაქში ცხოვრობ და ფეხბურთისაკენ თვალი გაგირბის, ორიდან მხოლოდ ერთი მაისური შეიძლება აღიარო: ცისფერი, რომელზეც კლანჭებმახვილა არწივია გამოსახული და მუქი წითელი, რომელსაც ქალაქივით მარადიული ძუ მგელი ამშვენებს.
რომი კი, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავისი ახალი პრობლემებითა და გმირებით, რომელთაც წინ უხეშსახიანი, ქერა ხულიგანი - ფრანჩესკო ტოტი მიუძღვით. ტოტი თავისი სიდიადითა და სიგიჟეებით, გრანდიოზულობითა და მეწვრილმანეობით.
ნამდვილი რომის ჯიგარი “ოლიმპიკოზე“ დევს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის კლუბები მრავალსკუდეტოიანობით ვერ დაიკვეხნიან, სწორედ ისინი არიან, ხალხი, რომლებიც ქალაქის დღევანდელ ცხოვრებასა და მაჯისცემას განსაზღვრავენ.
იტალიაში არც ერთი კლუბის ქომაგები არ არიან ერთმანეთზე ისე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულები, როგორც “ლაციოსა“ და “რომას“ ტიფოზები. ამ ორი კლუბის ფანები არამხოლოდ რომაული დერბის დროს აწიოკებენ ერთურთს, არამედ მაშინაც, როდესაც მათი “მტერი“ სხვა კლუბს ხვდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც “რომას“ ქომაგებს ერთ-ერთ ბარში მშვიდად მსხდომი “ლაციოს“ ტიფოზები სრულიად უმიზეზოდ უცემიათ. შარშან კი, “ლაციალეს“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, თავისი მეზობელი, 45 წლის კაცი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ამ უკანასკნელმა სარეცხის თოკზე “რომას“ ახლადგარეცხილი მაისური გადაჰკიდა.
კოლიზეუმში წამოყუდებული კეისრისა და ავგუსტუსის ქანდაკებენი არაფრად უღირს, ფუნთუშების გამყიდველ 12 წლის მასიმოს, რომელიც კვირიდან კვირამდე აგროვებს თანხას, იმისთვის, რომ ისიც სხვებთან ერთად დაჯდეს “ოლიმპიკოს“ ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, იმღეროს “რომას“ უძველესი საქომაგო სიმღერა: “ო, რომა, რომა, გლორია“ და მეორე დღეს ნიშნი მოუგოს თავის მდიდარ თანატოლებს, რომლებიც რა თქმა უნდა “ლაციოს“ გულშემატკივრობენ და ეს გულშემატკივრობა ისეთივე მყარია, როგორც კედლები პეტრეს ტაძრისა.