ერთი მიულერის ისტორია
პატარა სოფელში პელში, ზემო ბავარიაში, ოფიციალური მონაცემებით ცხოვრობს 2,500 ადამიანი. მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები და ბანკები მუშაობენ დილის 8 საათიდან შუადღემდე და რატომღაც მხოლოდ ოთხშაბათს 16:00–19:00 სათამდე. იქ სუფევს გერმანული წესრიგი და სიმყუდროვე. პელი – საუკეთესო ადგილია ზაფხულში დასვენებლად. აქ არის მდინარე ამმერზეე, სადაც ისეთი სუფთა წყალია, ადვილად დაინახავ ფსკერს. ყველაზე პოპულარულ ლუდის ბარს კი “Muller Lust” ჰქვია.
13 სექტემბერს, 1989 წელს პელში თომას მიულერი დაიბადა
1999 წელს, ბაიერნის სკაუტები ჩავიდნენ პელში, სადაც ადგილობრივი კლუბის თამაში ნახეს. მათ ძლიერ გააკვირვათ 10 წლის ბიჭუნას თამაშმა. საფეხბურთო კლუბმა "პელმა" ერთ სეზონში 175 გოლი გაიტანა, აქედან 120 ერთმა ფეხბურთელმა! ბაიერნის სკაუტები შოკში იყვნენ და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რაში იყო საქმე, როდესაც ბიჭუნას გვარი გაიგეს.... ეს ბიჭუნა თომას მიულერი იყო. სკაუტებმა უბრალოდ ვერ დატოვეს ეს ბიჭუნა პელში და გადაწყვიტეს კლუბში წაეყვანათ. პირველი წელი პატარა თომასს ძალიან უჭირდა, რადგან ყოველ ვარჯიშზე 60 კილომეტრის გავლა უწევდა მატარებლით – მშობლებმა მაშინვე ვერ გადაწყვიტეს მისი ოჯახიდან მოწყვეტა.
უკვე 20 წლის ასაკში მან ჩაატარა თავისი პირველი, სრულყოფილი სეზონი. თომასი ბაიერნის საუკეთესო ბომბარდირი იყო „გოლი + პასის“ სისტემით და სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზეც წაიყვანეს! ის ბუნდესტიმის მე–16 ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გვარი მიულერი ჰქონდა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დროს პელში ყველგან ფეხბურთს უყურებენ. დიდ ეკრანს სოფლის მთავარ მოედანზე დგამენ. მას შემდეგ, რაც 2010 წელს თომასი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სოფლის ბიურგერმასტერმა კლაუს პფაიფერმა გადაწყვიტა მისთვის ძეგლი დაედგათ – უზარმაზარი ქვის ბურთი!
თუ როდესმე პელში მოხვედით, არც კი შეეცადოთ გაიგოთ სად ცხოვრობენ მიულერები – მამა გერჰარდი, დედა კლაუდია, ძმა სიმონი, აგრეთვე ბებია და ბაბუა, რომელთაც თომასმა თავისი პირველი ბურთი მსოფლიო ჩემპიონატზე მიუძღვნა. მიულერი – მათი სიამაყეა! ისინი უფრთხილდებიან მას, როგორც საკუთარ შვილს და არც კი მიგაკარებენ მიულერების პირად ცხოვრებასთან.
თომასი თავისი გაუჩერებლივ საუბრით ბებიას გავს, მაგრამ კლაუდიამ დედას აუკრძალა რაიმე ინტერვიუს მიცემა თომასზე. თომასის ბებიას და ბაბუას საფუნთუშე აქვთ, რომელსაც „დეიდა ემმასთან“ ჰქვია, პატარა თომასს ძალიან უყვარდა იქ სიარული და ტკბილეულის ჭამა. საფუნთუშე მორთულია საფეხბურთო ატრიბუტიკით შიგნიდანაც და გარედანაც. ყველაზე მთავარი ატრიბუტი – ბურთი, რომელზეც გერმანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფია, თომასის ბაბუამ კარგად შეინახა და ეშინია, ვინმემ არ მოჰპაროს.
ჰერრ შოლცი, თომასის ბაბუა აღნიშნავს, რომ თომასი ყოველთვის კეთილი, ყურადღებიანი და მეგობრული ბავშვი იყო და ასეთაც დარჩა – ფულმა ის არ შეცვალა. „თომასი არაა ვარსკვლავი, ის ჩვეულებრივი ბიჭია! რა თქმა უნდა, პელის ყველა მცხოვრებმა იცის, სად ცხოვრობენ თომასის მშობლები, მაგრამ ამ საიდუმლოს არასდროს გაგიმხელენ. პატარა ბავშვებსაც კი გაეცინებათ, რომ ჰკითხოთ, სად ცხოვრობენ მიულერები.. და სიცილით გაიქცევიან.“
პეტერ ჰაკლი, პელის მწვრთნელი იხსენებს, რომ თომას ძალიან ნათელი გონება ჰქონდა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა იყო, იცოდა, საიდან და როგორ გაეტანა გოლი. მას ჰქონდა ხასიათი, ზუსტად ისეთი ხასიათი, როგორიც ფეხბურთელს სჭირდება. „ მე მასში ნამდვილი გენიოსი დავინახე“, დაამატა ჰაკლმა.
პელში თომასი და ლიზა მიულერები იშვიათად ჩადიან. ისინი მიუნხენში ცხოვრობენ. თუმცა, მათი მშობლიურ მხარეში ჩასვლა დიდ ზეიმს იწვევს! თომასი ყოველთვის ეხმარება თავის სოფელს და არამხოლოდ მას. მიულერი – საქველმოქმედო ფონდ YoungWings–ის ელჩია, რომელიც ორგანიზებას უწევს 24–საათიან ცხელ ხაზსს, სადაც ნებისმიერ პატარა ბავშვს შეუძლია დარეკოს, თუ მას ახლობლები დაეკარგა ან თვითონ დაიკარგა და სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.
შვებულებას თომასი და ლიზა ერთად ატარებენ. მათ ურჩევნიათ საკუთარ სახლში გაატარონ შვებულება, ვიდრე მაიამიში, ემირატებში და ა.შ. ბასეინი ეზოში და საღამოს, დივანზე ტელევიზორის ყურება. ლიზა ცხენოსანია და თავისუფალ დროს თომასი ეხმარება ცხენების დავარცხნასა და დაბანაში.
2011 წელს მიულერის დახმარებით პელში ნამდვილი დღესასწაული ჩამოვიდა – მეგობრულ მატჩზე იქ თავად „ბაიერნი“ ჩავიდა! ამ თამაშიდან შემოსული ფულით პელში სპორტდარბაზი ააშენეს და დარჩენილი ფულის ინვესტირება საბავშვო ბაღში მოახდინეს.
მატჩის შემდეგ, ყველა სუპერფეხბურთელმა შეასრულა რიტუალი, რომელიც პელში ყველამ უნდა გააკეთოს. სტადიონზე შემოსვლისას თქვენ დაინახავთ აბრას: „ გასახდელში შესვლის წინ გაიხადეთ ან გარეცხეთ ჭუჭყიანი ბუცები“. გვერდით ტაშტებია, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ამ რიტუალს წლების მანძილზე პატარა თომასიც ასრულებდა.
იმ მატჩში „ბაიერნისთვის“ გოლის გასატანად მოედანზე მიულერი გამოვიდა. თომასის ძმა სიმონი. იმ დროისთვის ის 19 წლის იყო.
სიმონი: „ თამაშის სტილით ერთმანეთს ვგავართ. ბავშვობაში სულ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ჩვენ ვერ გვაჩერებდნენ. წელიწადის ნებისმიერ დროს ფეხბურთს ვთამაშობდით. ზამთარშიც კი. როდესაც ძალიან დიდი თოვლი იყო და სიცივე, მაშინ სარდაფში მივდიოდით და იქ ვაგრძელებდით თამაშს. უვარგისი ნივთები გადავაგდეთ და რამდენიმე კარი დავდგით იქ. მე თითქმის ყოველთვის ვაგებდი – ეს გასაგებია, მე ხომ უმცროსი ვარ. ხანდახან მეგობარს ვეძახდი და თომასის წინააღმდეგ ჩვენ ორნი ვთამაშობდით. რამდენიმეჯერ მოვუგეთ კიდევაც.
თომასი მშობლებს კვირაში ერთხელ მაინც ურეკავს. ყოველი თამაშის წინ კი მესიჯს უგზავნის. ასეთი ტრადიცია გვაქვს. „ბაიერნის“ თამაშებს ჩვენ სახლში ვუყურებთ, დიდ ეკრანზე. მთელი ოჯახი ჩვენი გვარის მაისურებს იცვამს. უნდა წავიდეს თომასი „რეალში“ ან „ბარსელონაში“? მე ვფიქრობ, რომ „ბაიერნზე“ უკეთესი კლუბი მსოფლიოში არ არსებობს! „
თომასს არანაირი კავშირი არ აქვს გერდ მიულერთან. მათ უბრალოდ ერთი გვარი აქვთ. მაგრამ გერდს არ შეუძლია არ უგულშემატკივროს თომასს: „ როდესაც ბიჭუნა დავინახე, მაშინვე მივხდი – ის ძალიან შორს წავა!“ შორს არაა ის დღე, როდესაც გერმანიას ახალი ეროვნული ბომბარდირი ეყოლება!
----------------------------------------------------------------
ეს არაჩვეულებრივი სტატია თარგმნა და პრინციპში მოგვაწოდა ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანმა ნატალია ტარაშვილმა...
ცხოვრებაში არ მინახავს გოგო ასე მაგრად ერკვეოდეს ფეხბურთში და ბაიერნისა და გერმანიის თავგადაკლული ფანია =)))))
მმუხტავს ასეთი ხალხი..
სტატიით ეჭვი მაქვს დატკბებით ყველა
1. e4 - e5
2. Qh5 - Nc6
3. Bc4 - Nf6
4. Qf7#