ჩავი ერნანდესი - ტიკი ტაკას დირიჟორი, რომლის მსგავსს ალბათ ვეღარ ვნახავთ
ძნელი სათქმელია, როდის დასრულდა ესპანური ფეხბურთის ოქროს ხანა, ბრაზილიის მუნდიალიდან სამარცხვინო გამოვარდნით თუ ჩავი ერნანდესის ნაკრებიდან წასვლით, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს - 5 აგვისტოს საზოგადოებამ 34 წლის ჩავიერ ერნანდესი კრეუსის გადაწყვეტილება გაიგო - ის ესპანეთის ნაკრების მაისურას აღარასოდეს მოირგებს.
14 წლის განმავლობაში ტიკი ტაკას მაესტრომ ესპანეთის ნაკრების მაისურით 133 შეხედრაში 13 გოლი გაიტანა და, რაც მთავარია, უამრავი ზუსტი პასი მიაწოდა თანაგუნდელებს.
მსოფლიო ფეხბურთის მსგავსი სრული სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით - დედამიწის ზურგზე არც ერთ ნაკრებში, არც ერთ ფეხბურთელს ამდენი პასი არ გაუკეთებია, რამდენიც ჩავის...
2008 წლის ზაფხულმა ყველაფერი შეცვალა - მაშინ მას ჯერ კიდევ ბევრი უყურებდა ამრეზით "ბარსელონაში", ხოლო ესპანეთის ნაკრები სულაც უტიტულო იყო. მიიჩნევდნენ, რომ მისი გაბარიტების კაცისთვის კიდევ უფრო გართულდებოდა წარმატების მიღწევა მომავალში. პირირიქით კი მოხდა.
რა თქმა უნდა, მანამდეც ჩავი ფრანკ რაიკაარდის "ბარსას" მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელმაც მიჯრით მოიგო ლა ლიგის ტიტულები და ჩემპიონთა ლიგაც მიაყოლა 2006 წელს. მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტის ბოლო ორი სეზონი კატალონიაში წარუმატებელი იყო, ხოლო ჩავის იმ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას.
რაც შეეხება "ფურია როხას", ერთ წარუმატებლობას და იმედგაცრუებას მეორე მოყვებოდა, ამიტომაც ევრო 2008-ზე გუნდი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრესში იმყოფებოდა.
იმ ზაფხულმა ჩავის კარიერა მთლიანად შეცვალა, თუმცა კიდევ უფრო დიდი რამ მოხდა - დაიწყო ესპანური ფეხბურთის ოქროს ხანა.
2006 წლის მუნდიალი ესპანეთის ნაკრებმა ჩააგდო, ამიტომაც გუნდის თავკაცმა ლუის არაგონესმა გუნდში ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა, მთავარ პერსონად კი ის ჩავის მოიაზრებდა, ფეხბურთელს, რომელსაც პასების მანქანას უწოდებდნენ. ასე დაიწყო "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული წლები.
"ბარსელონაშიც" დაახლოებით იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა ჩავი - მისმა ახალმა თავკაცმა და ყოფილმა გუნდელმა პეპ გვარდიოლამაც გადაწყვიტა, რომ ის უნდა ყოფილიყო ახალი "ბარსელონას" მთავარი ინგრედიენტი. კაცი, რომელსაც "ბარსას" პასების ფეხბურთს - ტიკი ტაკას - დირიჟორად უნდა მოვლენილიყო.
ჩავიმ ორივე გამოწვევა მიიღო და წარმატებითაც გაართვა თავი - ასე შეიცვალა თანამედროვე ფეხბურთის ისტორია.
"როცა პირველად ვნახე მისი თამაში, მაშინვე მივხვდი - წლების განმავლობაში "ბარსას" ტვინი ჩავი უნდა გამხდარიყო. ის გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე მე საუკეთესო წლებში", - იხსენებს პეპ გვარდიოლა.
ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კარიერის დასაწყისში ჩავიმ კინაღამ დატოვა "ბარსა", რადგან ვერაფრით შეძლო პეპის წარმატებით შეცვლა გუნდში.
როგორ აფასებს ვეტერანი თავის სათამაშო სტილს? ერთხელ მან ინტერვიუში თქვა:
"ვაკეთებ პასს და ვმოძრაობ, გეხმარები, გიყურებ, ვჩერდები, თავს მაღლა ვწევ და ყველას ზემოდან "ვხსნი" სივრცეს. ის ვისაც ბურთი აქვს, ამ თამაშის ბოსია".
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჩავი არ იყო თავმდაბალი, მაგრამ მისი ნათქვამი ყველაზე ახლოს იყო სიმართლესთან.
არავის არ შეეპაროს ეჭვი, სწორედ მან გამოჭედა ეს თამაში, რომელიც მსოფლიომ "ბარსას" და ესპანეთის ნაკრების სტილად მიიღო. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და ჩავის თამაში ნელნელა კლუბშიც გაუფერულდა და ნაკრებშიც.
2014 წლის მუნდიალზე ვისენტე დელ ბოსკემ ჩავი მხოლოდ ერთხელ ათამაშა - ჰოლანდიასთან 1:5 წაგებულ შეხვედრაში, რომელშიც კატალონიელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო და ამის მერე მარკიზს მისკენ არც გაუხედავს. ასე რომ, ჩავის სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩი სწორედ ესპანელ ფანთათვის ეს ავადსახსენებელი დაპირისპირება იყო.
ბოლო წლებში სხვადასხვა ტრავმებით შეწუხებული ჩავი ძველებურად ვეღარ თამაშობს, ასაკიც თავისას შვება. ის ახლა აღარ არის მსოფლიოს ყველაზე მობილური ნახევარმცველი, თუმცა ბოლომდე მისი ჩამოწერა დიდი სისულელე იქნება - მართალია, ძველებურად ვეღარ დაქრის, მაგრამ არანაკლებ პასებს აკეთებს, ვიდრე ძველად, ცვლის თამაშის რიტმს, მიმდინარეობას, კარნახობს ტემპს.
მოკლედ, მატჩის პულსზე ხელი ისევ მას უჭირავს.
"მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ფანტასტიკური ფეხბურთელის მიმართ", - განაცხადა დელ ბოსკემ მას მერე, რაც შეიტყო, რომ ჩავიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა: "ჩავი იყო ნაკრების სტილის მთავარი ფეხბურთელი და ყველა წარმატების ფუძემდებელი".
მიუხედავად იმისა, რომ ჩავი არასოდეს ყოფილა კარგი მეგოლე ან საგოლე პასებით თანაგუნდელების მომმარაგებელი, ის აკეთებდა უფრო მნიშვნელოვან რამეს გუნდში - ის იყო გუნდის თამაშის წარმართველი და ესპანეთის ნაკრებს აუცილებლად დააკლდება ასეთი ფეხბურთელი.
"ჩვენ დავკარგეთ უნიკალური ფეხბურთელი. ძალიან ძნელი იქნება ეროვნულ ნაკრებში მისი შემცველის პოვნა", - ისევ დელ ბოსკე.
ზედიზედ მოგებული ევროპის ორი ჩემპიონატი (2008, 2012) და მუნდიალი (2010), ასეთია ჩავის დანატოვარი.
ტანჩია, არც ყველაზე სწრაფი, არც ყველაზე ძლიერი, არც ყველაზე ტექნიკური - ასეთი უჩვეულო ტალანტია ჩავი თანამედროვე ფეხბურთში, როცა ფიზიკური კონდიციები ასე ბევრს ნიშნავს.
ჩვენ შეიძლება ვეღარასოდეს ვნახოთ მისი მსგავსი ფეხბურთელი...
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...-vnakhavth.html