პიერლუიჯი კოლინას საფინალო სასტვენამდე დარჩა რამოდენიმე წუთი, საფეხბურთო მოედანს იშვიათად აჩვენებდნ. სანამ ბრაზილია და გერმანია ფინალის ჩამთავრებას ცდილობენ, ოპერატორების ყურადღების ცენტრშია ტაბლო, სადაც კიაფობს ანგარიში 2:0, მწუხარე სახით მომზირალი რუდი ფიოლერი და ტრიბუნებზე ასევე დამწუხრებული გერმანელი ქომაგები, რომელთა მზერა მიმართულია მეტოქის სათადარიგოთა სკამისკენ, სადაც სამბას ჰანგებით შთაგონებული მოზეიმე ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან საფინალო სასტვენს...
2002 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბრადირი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ–ერთი უარესი ვარცხნილობა აქვს, ეროვნული დროშით დანავარდობს მწვანე მინდორზე, მეკარე მარკოსმა თავზე კლოუნის ლურჯი ნიღაბი ჩამოიცვა. ლუსიო, ედმილსონი და კაკა დაჩოქილები ლოცულობენ. ტრიბუნაზე ადგილობრივ ქომაგებს ბანერი გამოეფინათ წარწერით: ,,ბრაზილიელებო, დიდი მადლობა სიყვარულისთვის“.
გერმანელთა სათადარიგოები ზანტად გაეშურნენ მოედანზე მყოფი თანამემამულეებისკენ. 74–ე წუთზე შეცვლილმა მიროსლავ კლოზემ უხალისოდ ჩამოართვა ხელი იტალიელ რეფერის და მადლობა გადაუხადა ჩატარებული მატჩისთვის, შემდეგ კლოზე კანისკენ გაემართა - იგივე მოიმოქმედა მსოფლიოში იმჟამად ყველაზე დამწუხრებული ადამიანის მიმართ. სწორედ ოლივერის შეცდომას მოჰყვა გერმანელთა კარში პირველი გოლი, რომელიც დასაბამი გახდა ბრაზილიელთა გამარჯვების, არადა მთელი ერთი თვე კანი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ხოლო ბოლოს კლოზე მოზეიმე ფენომენს ეწვია: ,,ჩვენ ცოტა გავისაუბრეთ. მე მაშინ ვერც ვიოცნებებდი, რომ ოდესღაც საფეხბურთო მოედნის გარეთაც ვიდგებოდი მის გვერდით“. ეს სიტყვები კლოზემ რვა წლის მერე, სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დამთავრების შემდეგ თქვა, როცა მე–12, მე–13 და მე–14 გოლები გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე – რონალდოზე ერთით ნაკლები. ფენომენის შედეგის გასაუმჯობესებლად საჭირო იყო კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება...
ამბობენ, რომ მიროსლავ კლოზეს დღე–ღამეში 11 საათი სძინავს. ამბობენ, რომ ყოველი მატჩის წინ თავის თავს თეორიულ მეცადინეობას უტარებს, სადაც არჩევს მეტოქე მცველების თამაშს, რომელთა წინააღმდეგაც მოუწევს თამაში. ამბობენ, რომ მან თავისი კუნთების გაკაჟება–აღდგენა ცივი საშუალებებით, ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ეს მეთოდი საფეხბურთოდ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მოიკიდებდა ფეხს. ამბობენ, რომ რომში ახალგადაბარგებულმა, პირველივე ვარჯიშზე ყველა განაცვიფრა, როცა წვრთნის შემდეგ მარტო დარჩა და კარში დარტყმაზე ვარჯიში დაიწყო. თუმცა მათი გაკვირვება ამით არ დასრულებულა: გული რომ იჯერა კარში დარტყმებით, მოაგროვა მოედანზე მიმოფანტული ბურთები და თვითონვე წაიღო გასახდელში(!) 33 წლის ასაკში იტალიაში გადასვლაც, სიბერისთვის განწირული ორგანიზმის გაკაჟებას ჰგავდა, ქვეყანაში, სადაც მედიცინა ბრწყინვალედ არის განვითარებული, საკვები და კლიმატი ეხმარება ფეხბურთელს საფეხბურთო კარიერა გაიხანგრძლივოს, მშვენიერი ნაბიჯია სიბერეში მუნდიალზე გასამგზავრებლად. ჩემპიონატის დაწყებამდე კლოზემ რომაულ კლუბთან 2015 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.
კლოზემ სამუნდიალო 16 გოლიდან თექვსმეტივე მეკარის საჯარიმოდან შეაგდო. დიახ, რონალდო კლოზეზე ეფექტურია და რაღა თქმა უნდა ტექნიკური არსენალიც უხვად ააქვს განვითარებული, თუმცა... არსებობს მინიმუმ ერთი მიზეზი მაინც, რისთვისაც კლოზეს ქორფა მიღწევა კაცობრიობისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბრაზილიელი გენიისა. რონალდოს წარმატება ეს არის, როცა ადამიანს ბუნება უხვად დაახვავებს ტალანტს, რომელსაც ადამიანი ეტაპობრივად ავითარებს და სრულყოფილებას უახლოებს. კლოზეს წარმატება კი არის, როცა ადამიანს ბუნება უზომო შრომისმოყვარეობით დააჯილდოვებს და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგად არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა.
მიროსლავ კლოზე იმპოვიზაციით ნაკლებად გამოირჩევა, ის ყოველთვის ბოლმდე იხარჯება ვარჯიშზეც და ბევრისთვის ,,დამთავრებულ“ მატჩშიც. ის არის მაგალითი, რომ ადამიანი კეთილი საქმის ჩადენისთვის ყოველთვის ჯილდოვდება: ალბათ ყველას ახსოვს, როგორ აღიარა კლოზემ 2012 წელს ხელით გატანილი გოლი ,,ნაპოლის“ კარში, ცოტას თუ ახსოვს ბრემენის ,,ვერდერში“ თამაშისას ,,არმინიას“ საჯარიმოში წაქცეული კლოზე, რომელმაც მსაჯი დაარწმუნა მისი წაქცევისთვის პენალტი არ დაენიშნა. მის თავმდაბლობას ბევრი აღტაცებაში მოჰყავს.
დაბოლოს, მიროსლავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ადამიანებმა დიდი საქმეები ჩაიდინონ.
ხვალ კლოზე კარიერაში მეორედ და ალბათ უკანსკნელად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, მას შეუძლია კიდევ ერთი დიდი საქმე ჩაიდინოს...
"Energetically will I meet the enemies of my country.
I shall defeat them on the field of battle
for I am better trained and will fight with all my might."
© 75th Ranger regiment creed - 5th stanza.