მე-10 ადგილი - ავსტრია (1930-34)
მიღწევები: ცენტრალური ევროპის თასის გამარჯვებული (1931/32); 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი.
მწვრთნელი: უგო მაილსი
ლიდერი: მატიას სინდელარი
კვალი ისტორიაში
გუნდი, რომელიც თამაშობდა ლაღ, შემტევ და რომანტიკულ ფეხბურთს. ავსტრიის ნაკრების აღმასვლა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო და პიკს 10 წელიწადში მიაღწია, როდესაც დასავლეთ ევროპაში ფეხბურთის პოპულარობა არნახულად გაიზარდა. მაშინ ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა 2-3-5 იყო და სწორედ ამ სქემას მისდევდა ავსტრიის ნაკრები, რომლის გამოკვეთილი ცენტრფორვარდი და ლიდერი მატიას სინდელარი გახლდათ.
სინდელარის თანამედროვენი ერთხმად ჰყვებოდნენ, რომ მატიასი მთელ მოედანზე დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრფორვარდი იყო, ხშირად სიღრმეში იწევდა და ცენტრიდან იწყებდა იერიშებს. იყო ძალიან გამხდარი და თამაშობდა მსუბუქად, რის გამოც მეტსახელად "ქაღალდი" შეარქვეს - მასზე ამბობდნენ, რომ ტვინი ფეხებში ჰქონდა, რადგან ინტელექტუალური თამაშით გამოირჩეოდა.
ავსტრიის ნაკრებმა 1931-32 წლებში მოიგო ტურნირი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის წინამორბედად ითვლება. იმ პერიოდში, მაილსის შეგირდებმა მიჯრით 11 შეხვედრა მოიგეს, 44 გოლი გაიტანეს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიქუხეს. 1934 წელს ავსტრია მუნდიალის ფავორიტად ითვლებოდა, გზად საფრანგეთის და უნგრეთის ბრწყინვალე გუნდები ჩამოიცილა, მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ იტალიასთან დამარცხდა.
დასასრული
1934 წლის მუნდიალის შემდეგ ავსტრიის ნაკრებს დაღმასვლა დაეწყო, 1937 წელს კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და გერმანიას შეუერთდა. სულ ბოლო მატჩი ავსტრიის ბრწყინვალე გუნდმა სწორედ ნაცისტურ გერმანიასთან გამართა და ულამაზესი გამარჯვება მოიპოვა.
მატიას სინდელარმა უარი განაცხადა გერმანიის ნაკრებში თამაშზე და 1939 წელს, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მწვრთნელი უგო მაილსი.
-------------------------------------------------------
მე-9 ადგილი - ბრაზილია (2002)
მიღწევა: 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი
ლიდერები: რონალდო, რივალდო, რონალდინიო
კვალი ისტორიაში
მეცხრე ადგილი უკავია გუნდს, რომელმაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 7-დან 7 მატჩი მოიგო, მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და ბრაზილია მეხუთეჯერ გახადა მუნდიალის გამარჯვებული. თავდასხმაში რივალდო, რონალდინიო და რონალდო; დაცვაში კაფუ, ლუსიო და რობერტო კარლოსი - ამ გუნდის შეჩერება კორეა-იაპონიის მინდვრებზე ვერავინ შეძლო.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რონალდოს მუნდიალი იყო, რომელმაც დროულად დაივიწყა ტრავმები, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ფიასკო და მიაღწია სანუკვარ მიზანს.
ფენომენმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ფინალურ შეხვედრაში, როდესაც ოლივერ კანს ორი გოლი გაუტანა და არა მარტო ერთი კონკრეტული მატჩის, მუნდიალის ბედი გადაწყვიტა. რონალდომ მხოლოდ ინგლისთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში ვერ გაიტანა, თუმცა იქ თავისი სიტყვა რივალდომ და რონალდინიომ თქვეს.
დასასრული
მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფიდან ორ წელიწადში ბრაზილიამ კოპა ამერიკა მოიგო, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი კონფედერაციათა თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა - თუმცა, ის უკვე სულ სხვა ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელშიც რობინიო, კაკა და ადრიანო ბრწყინავდნენ.
-----------------------------------------
მე-8 ადგილი - საფრანგეთი (1998-2000)
მიღწევები: 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 2000 წლის ევროპის ჩემპიონი.
მწვრთნელი: ემე ჟაკე, როჟე ლემერი
ლიდერი: ზინედინ ზიდანი
კვალი ისტორიაში
ფრანგულ ფეხბურთს ახსოვს მიშელ პლატინის თაობა და ის დიდი გუნდი, რომელმაც 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა ზინედინ ზიდანის თაობა, რომელმაც 1998 წელს საფრანგეთის ნაკრები პირველად გახადა მსოფლიოს ჩემპიონი.
ის გუნდი ემე ჟაკემ შექმნა და მისი დაწყებული საქმე როჟე ლემერმა მშვენივრად გააგრძელა.
1998 წლის მუნდიალზე ფრანგთა დაცვას ბიქსენტ ლიზარაზუ, ლორან ბლანი, მარსელ დესაი და ლილიან ტიურამი ამაგრებდნენ, შუა ხაზში ზიზუ ბრწყინავდა, შეტევაში კი ახალგაზრდა ტიერი ანრი და დავიდ ტრეზეგე გამოჩნდნენ. ჩემპიონატის მთავარი გმირი ზიდანი გახლდათ, რომელმაც ფინალში ორი გოლი გაიტანა და ბრაზილიის განადგურებაში ლომის წილი დაიდო.
ორი წლის თავზე საფრანგეთის ნაკრებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, პატრიკ ვიეირამ ემანუელ პეტის ადგილი დაიკავა. გამოჩნდა ნიკოლას ანელკა, ანრი კი სულ სხვა დონეზე ათამაშდა. ფრანგთა დიდებული გუნდი ფინალში იტალიასთან 93-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა სილვენ ვილტორმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა და იქ ოქროს გოლი დავიდ ტრეზეგემ შეაგდო.
დასასრული
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სრული კრახი განიცადა: ერთი ფრე და ორი მარცხი. ამით ევროპასა და მსოფლიოში ფრანგული ფეხბურთის 4-წლიან დომინირებას დაესვა წერტილი.
-------------------------------------
მე-7 ადგილი - გერმანიის ნაკრები (გფრ) (1970-76)
მიღწევები: 1972 წლის ევროპის ჩემპიონი; 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი; 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი;
მწვრთნელი: ჰელმუტ შონი
ლიდერები: ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი
კვალი ისტორიაში
გერმანული ფეხბურთის წარმატებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან ბუნდესგუნდი ბრწყინავდა 60-იან წლებშიც, 80-იან წლებშიც და ბრწყინავს დღესაც, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაზე მაგარი ნაკრები მათ მაინც 70-იან წლებში ჰყავდათ, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი და გერდ მიულერი სასწაულებს სჩადიოდნენ.
ბეკენბაუერმა ლიბეროს პოზიციაზე თამაში ხელოვნების დონეზე აიყვანა, როდესაც არა მარტო შლიდა მეტოქე გუნდის იერიშებს, თვითონვე იწყებდა შეტევებს და აგვირგვინებდა კიდეც. მიულერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, რომელიც გოლს იტანდა სხეულის ნებისმიერი ნაწილით და თანაც ეს გოლები ურიცხვი რაოდენობით გაჰქონდა. იმ გუნდში კიდევ არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა, მარტო მეკარე ზეპ მაიერის და პაულ ბრაიტნერის ხსენება რად ღირს.
შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ორი დიდი ტიტული მოიგო და ორჯერ იყო საუკეთესო სამეულში. გასაოცარი ამბავია, რომ 1970-დან 1976 წლამდე გერმანელებმა მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი წააგეს, ერთ-ერთი 1970 წლის მუნდიალზე იტალიასთან დრამატულ და ისტორიულ პაექობაში - 3:4.
დასასრული
1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და ბეკენბაუერმა, მაიერმა, მიულერმა და სხვებმა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო გამოდგა, 1980 წელს გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა და წარმატებები არც შემდეგ დაკლებია.
----------------------------------------
მე-6 ადგილი - უნგრეთი (1950-54)
მიღწევები: 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი; 1952 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული.
მწვრთნელი: გუსტავ შებეში
ლიდერი: ფერენც პუშკაში
კვალი ისტორიაში
უნგრეთის დიდი გუნდი - ასეთი სახელი შემორჩა ამ მართლაც საოცარ ნაკრებს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ბრწყინავდა. ეპითეტი "დიდი" სწორედ ამ გუნდს შემორჩა და ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.
ამბობენ, რომ პირველი გუნდი, რომელმაც რეალურად ითამაშა ტოტალური ფეხბურთი, სწორედ უნგრეთის ნაკრები იყო. ფერენც პუშკაში მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა და მას დიდად არც სხვა ფეხბურთელები: კოშიჩი, ჰიდეჰკუტი და ბოჟიკი ჩამორჩებოდნენ. უნგრეთის დიდ გუნდს ეკუთვნის ნაკრებებში წაუგებელ მატჩთა რეკორდი, რომელიც 31-ს შეადგენს.
ამასთან, სწორედ უნგრელებმა დაამარცხეს ინგლისის ეროვნული გუნდი პირველად მისსავე მოედანზე და სწორედ მაშინ დაფიქრდნენ ამაყი ალბიონელები, რომ საერთაშორისო ტურნირებში უნდა მიეღოთ მონაწილება. იქამდე დაუმარცხებელი ინგლისელები პუშკაშმა და კომპანიამ 6:3 გაანადგურეს და შემდეგ, მათ ბუდაპეშტშიც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგეს.
უნგრელთა დომინირების ლოგიკური დასასრული 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება უნდა ყოფილიყო, მაგრამ შვეიცარიის დედაქალაქში მოხდა ის, რასაც შემდეგ ბერნის სასწაული უწოდეს:
უნგრელთა უძლეველი გუნდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან დამარცხდა, 2:3. არადა, გერმანია გუსტავ შებეშის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე 8:3 გაანადგურეს. ბერნში მართლაც სასწაული მოხდა, უნგრეთის ნაკრები კი ყველაზე დიდი გუნდია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა.
დასასრული
1956 წელს უნგრეთში რევოლუციური პროცესები დაიწყო და ფეხბურთელთა ერთი ნაწილი, პუშკაშის და კოშიჩის ჩათვლით, ქვეყნიდან წავიდა. ახალი თაობა ერთხანს იბრძოდა მაღალი მიზნებისთვის, თუმცა შემდეგ უნგრულმა ფეხბურთმა დათმო პოზიციები და დღემდე კრიზისშია.
------------------------------------------
მე-5 ადგილი - ჰოლანდია (1974-78)
მიღწევები: 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი; 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი; 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი.
მწვრთნელები: რინუს მიხელსი, გეორგ კნობელი, იან ზვარტკრუისი, ერნსტ ჰაპელი
ლიდერი: იოჰან კრუიფი
კვალი ისტორიაში
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში. ის, რასაც ჩვენ დღემდე ვადევნებთ თვალს, სწორედ ტოტალური ფეხბურთის დამსახურებაა, რომელსაც ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა ჩაუყარა საფუძველი.
თუ იქამდე ფეხბურთელები მიჯაჭვულნი იყვნენ საკუთარ პოზიციებს, მას შემდეგ მთელი გუნდი იცავს თავს და მთელი გუნდი უტევს. პრესინგი, ფლანგის მცველები, რომლებიც გარემარბებივით ირჯებიან, უკანახაზელთა ერთ ხაზზე თამაში - ყველაფერ ამას სწორედ ჰოლანდიელებმა ჩაუყარეს საფუძველი.
გუნდის ლიდერი იოჰან კრუიფი იყო, რომელიც ნეესკენსთან, ჰაანთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდა.
ამ ბრწყინვალე გუნდს ორჯერ ჰქონდა მუნდიალის მოგების შანსი, მაგრამ ორივეჯერ ფინალში წააგო. განსაკუთრებული მოლოდინი "ნარინჯისფერთა" ქომაგებს მაინც 1974 წელს ჰქონდათ, როდესაც ჰოლანდიელებმა გზად ბრაზილიის ძლიერი გუნდი დაიფრინეს და ფინალში გერმანელებთან ფავორიტებად ითვლებოდნენ.
მიხელსის შეგირდებმა ისე გახსნეს ანგარიში, რომ გფრ-ის ნაკრების ფეხბურთელებს ბურთისთვის ფეხი არ ჰქონდათ შეხებული, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - გერმანელებმა გარდატეხა შეიტანეს თამაშში და გაიმარჯვეს, დაახლოებით ისე, როგორც უნგრეთთან 1954 წლის მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში.
დასასრული
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იოჰან კრუიფის თაობამ ადგილი ახალგაზრდებს დაუთმო და დაახლოებით 10 წელიწადში ჰოლანდიელებს ჰყავდათ უკვე მარკო ვან ბასტენის, რუდ გულიტის და ფრანკ რაიკაარდის ბრწყინვალე გუნდი.
--------------------------------------
მე-4 ადგილი - იტალია (1934-38)
მიღწევები: ცენტრალური ევროპის თასის გამარჯვებული (1930); ცენტრალური ევროპის თასის გამარჯვებული (1935); 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
ლიდერები: ჯუზეპე მეაცა, სილვიო პიოლა
კვალი ისტორიაში
გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და თანაც, სულ ორ-ორჯერ. მაგალითად, ორჯერ გახდა ცენტრალური ევროპის თასის გამარჯვებული, რომელიც ევროპის ჩემპიონატის წინამორბედად ითვლება და ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ამასთან, მოიგო ოლიმპიადა, რომელიც იმ პერიოდში მუნდიალზე ნაკლებად პრესტიჟული ნამდვილად არ იყო. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიტორიო პოცოს "სკუადრა აძურა" ყველაზე ტიტულოვანი გუნდია მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. თვითონ პოცო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ მოიგო მუნდიალი.
სწორედ ეს ტიტულებია დასტური იმისა, რომ იტალიელებს უდავოდ უძლიერესი გუნდი ჰყავდათ და ალბათ, არც სჭირდებოდათ ბენიტო მუსოლინის მხარდაჭერა. მით უმეტეს, 4 წლის თავზე, "სკუადრა აძურამ" უკვე საფრანგეთში იპირველა, როდესაც გზად, 60 000 ფრანგი გულშემატკივრის თანდასწრებით, მასპინძელთა ნაკრები დაიფრინა და შემდეგ ბრაზილიის ძლიერი გუნდიც მიაყოლა.
ფინალში იტალიელები უნგრელებს შეხვდნენ და შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.
რაც შეეხება ოლიმპიადას, აპენინელებმა ბერლინში გაიბრწყინეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
ვიტორიო პოცოს "აძურაში" ბრწყინავდნენ ჯუზეპე მეაცა და სილვიო პიოლა, რომლებსაც ურიცხვი რაოდენობით გაჰქონდათ გოლები - შედეგად, იტალიამ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და კიდევ ერთი მატჩიც რომ გაეძლო, უნგრეთის დიდ გუნდთან ერთად, რეკორდსმენი იქნებოდა.
დასასრული
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფეხბურთისთვის არავის ეცალა და იტალიის უძლეველმა გუნდმაც დაასრულა ასპარეზობა. ვიტორიო პოცო ომის დასრულების შემდეგაც იყო "აძურას" თავკაცი და პოსტი 1948 წელს, დანიასთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ დატოვა.
---------------------------------------------
მე-3 ადგილი - ესპანეთი (2008-12)
მიღწევები: 2008 წლის ევროპის ჩემპიონი; 2012 წლის ევროპის ჩემპიონი; 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
მწვრთნელები: ლუის არაგონესი, ვისენტე დელ ბოსკე
ლიდერები: ხავი, ინიესტა
კვალი ისტორიაში
ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთის ნაკრები ყველა დიდი საფეხბურთო ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ვერაფერს იგებდა, 2008 წელს კი ლუის არაგონესმა შექმნა ის გუნდი, რომელიც 6 წელი ტახტიდან ვერავინ ჩამოაგდო.
პირენეელთა მხცოვანმა თავკაცმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რაული კონტინენტის პირველობის მიღმა დატოვა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ფეხბურთს, რომელიც ბურთზე ტოტალური კონტროლის დაწესებას გულისხმობს და რომელსაც შემდეგ ტიკი-ტაკა უწოდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა "ბარსელონამ" და მისმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.
ვისენტე დელ ბოსკემ ახალი ველოსიპედი არ გამოიგონა და იდეალურად გამოიყენა თამაშის ეს საოცარი სტილი, რომლის წყალობითაც ესპანელებმა ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა. 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012 პირენეელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს; გადიოდნენ მოედანზე და ისე იგებდნენ თამაშებს, თითქოს მეტოქედ არავინ ჰყავდათ.
ესპანეთის ოქროს გუნდი თამაშობდა სრულიად განსხვავებულ, გასაოცარ, წარმოუდგენელ ფეხბურთს, რომლის მსგავსი იქამდე არაფერი გვენახა.
დასასრული
დროთა განმავლობაში, ტიკი-ტაკამ თითქოს მოჭამა თავისი დრო და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ესპანელებს სულ უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ. ამის ლოგიკური დასასრული 2014 წლის მუნდიალი იყო, როდესაც ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჰოლანდიელებმა და ჩილელებმა შანსი არ დაუტოვეს.
----------------------------------------------------
მე-2 ადგილი - ბრაზილია (1970)
მიღწევა: 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო
ლიდერი: პელე
კვალი ისტორიაში
ბევრი თვლის, რომ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები არის მსოფლიოს ჩემპიონებს შორის უძლიერესი გუნდი, რომელიც თამაშობდა ზღაპრულ ფეხბურთს და რომელმაც მუნდიალი ერთი ამოსუნთქვით მოიგო.
ბრაზილიელებმა 6-დან 6 თამაში მოიგეს და თითოეულ მათგანში გადაურბინეს მეტოქეს. მარიო ზაგალოს შეგირდები იტანდნენ იმდენ გოლს, რამდენიც დასჭირდებოდათ და რამდენსაც მოისურვებდნენ.
ამ გუნდში ბრწყინავდა ფეხბურთის მეფედ წოდებული პელე და მასთან ერთად, საოცარი ფეხბურთელების მთელი პლეადა: ჟერსონი, რიველინო, კარლოს ალბერტო, ტოსტაო, ჟაირზინიო და კიდევ რომელი ერთი...
ჟაირზინიომ ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი, ჟერსონი წარმოუდგენელი ტრაექტორიის პასებს აკეთებდა, ტოსტაო გაუგონარ ფინტებს იგონებდა, რიველინო ცხრილავდა მეკარეებს, კარლოს ალბერტო ყველაზე საჭირო დროს ერთვებოდა შეტევებში და რა თქმა უნდა, პელე, რომელიც იყო თვითონ ფეხბურთი თავისი საუკეთესო თვისებებით.
ბრაზილიამ ფინალში იტალია გააქრო და თანაც რა იტალია? - გუნდი, სადაც სანდრო მაცოლას და ჯანი რივერას ჰქონდათ კონკურენცია და რომელმაც გზად ფრანც ბეკენბაუერის გერმანიის ნაკრები დაამარცხა.
1970 წლის მუნდიალზე ბრაზილიამ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, რომლის მსგავსსაც ალბათ ვეღარასდროს ითამაშებენ.
დასასრული
1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ პელეს, ჟერსონს, კარლოს ალბერტოს და კიდევ არაერთი ვარსკვლავს - შესუსტებულმა ბრაზილიამ იოჰან კრუიფის ჰოლანდიის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა.
--------------------------------------------
პირველი ადგილი - ბრაზილია (1958-62)
მიღწევები: 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა, აიმორე მორეირა
ლიდერები: პელე, გარინჩა, დიდი, ვავა
კვალი ისტორიაში
ბრაზილიური ფეხბურთი დღეს ისე მძიმედაა დაჭრილი, როგორც არასდროს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში სპორტის უპირველეს სახეობას მართლაც გასაოცრად თამაშობდნენ და მომავალშიც ითამაშებენ. მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ნაკრებში ბრაზილიელთა 3 ფორმაციის გუნდი მოხვდა და ეს, ალბათ, ყველაფერზე მეტყველებს.
სამხრეთამერიკული ფეხბურთის ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსი ტიმ ბიკერი მიიჩნევს, რომ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრებიდან ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა 1958-62 წლების ბრაზილიის უმთავრესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მათ შორის, ვერც პელე, რომელიც 29 წლის ასაკში ისეთი ძლიერი ვეღარ იყო, როგორც წლების წინ.
უფრო ნაკლებად რადიკალურია ზიკო, მაგრამ ისიც მიიჩნევს, რომ ვისენტე ფეოლას მიერ შექმნილი გუნდი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა.
პელე და გარინჩა მოედანზე სასწაულებს სჩადიოდნენ და მათ არც სხვები: დიდი, ვავა და ზაგალო ჩამორჩებოდნენ. ბრაზილიელებს ჰყავდათ შეუჩერებელი გუნდი, რომლის თითოეულ ფეხბურთელს შეეძლო მეტოქე გუნდის მარტოს დამარცხება. თითოეული მოთამაშე იყო ვირტუოზი, რომლისთვისაც 4-5 მეტოქის მოტყუება პრობლემას არ წარმოადგენდა.
ბრაზილიის ამ საოცარმა ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესო გუნდად. როდესაც პელე და გარინჩა ერთად ხატავენ, სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიცაა.
დასასრული
1966 წლის მუნდიალზე ბრაზილიელებს ისეთი ძლიერი გუნდი აღარ ჰყავდათ, რასაც მათ წინააღმდეგ მეტოქეთა განსაკუთრებული მონდომება, ხისტი თამაში და ხშირად უხეშობა დაემატა. ყველაზე მეტი პელეს მოხვდა, რომელიც დაშავდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და 1970 წელს კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
http://sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhb...ii-natsili.html This post has been edited by papaani on 21 Jul 2014, 13:58
მიმაგრებული სურათი