ძვირფასო მადრიდისტებო,
ჩემი მადრიდული ციკლი დასასრულს მიუახლოვდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ კლუბის მაისურს სიამაყით ვატარებდი. ამ პატარა წერილში ჩემი ყველა გრძნობს აღწერა შეუძლებელია, მაგრამ მინდა ჩემს ემოციებზე გესაუბროთ. ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ამ კლუბის მაისურის ტარების საშუალება მქონდა და ამით ყოველთვის ვამაყობდი.
სამწუხაროდ, დღეს მივდივარ, მაგრამ მსურს გაცნობოთ, რომ ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. როგორც ყველა მომუშავეს, მეც ყოველთვის პროგრესირება მსურდა. მეათე თასის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე და ველოდებოდი, რას მოიმოქმედებდა კლუბის ხელმძღვანელობა. ბევრი რამ ითქვა და ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მათ ყოველთვის სურდათ ისე გამოსულიყო, რომ კლუბს ჩემი სურვილით ვტოვებდი, მაგრამ ასე არ არის. ისეთი არ ვარ, როგორიც ყველაა. მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვდი. ბევრ რაღაცას ვაფასებ და ბევრ მათგანს ხელფასთან საერთო არ აქვს. იმედი მაქვს, ამას "მანჩესტერ იუნაიტედში", მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვიპოვნი. იმედია, მათთან ერთად ისტორიას შევქმნი.
მქონდა იმის ბედნიერება, რომ ფანტასტიურ ფეხბურთელებთან ერთად "რეალის" მაისური მეტარებინა. ვფიქრობ, ეს "ლა დესიმას" მოპოვების მთავარი გასაღები იყო. მსურს ბოდიში მოგიხადოთ მოედანზე და მის გარეთ დაშვებული შეცდომებისთვის. ვინმეს წყენინება ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. ყოველ მატჩში ჩემი მაისური ისეთი ოფლიანი იყო, თითქოს ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. იყო პერიოდი, როცა თამაში მე გამომდიოდა და სხვებს არა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.
მსურს ესპანეთს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც მომცა და განსაკუთრებით იმისათვის, რომ ჩემი ქალიშვილი აქ დაიბადა. განსაკუთრებული მადლობა ჰოსპიტალ "Montepríncipe"-ს პერსონალს, რომელთა ადგილიც ჩემს გულში ყოველთვის იქნება. მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი მათი ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით. ასევე, მადლობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კარგ და ცუდ პერიოდებში გვერდში მედგნენ. მადლობა კლუბის ყველა პერსონალს, რომელთანაც კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ.
მსურს "რეალს" შესანიშნავი სეზონი ჰქონდეს და ტიტულები მოიპოვოს, რაც ამ კლუბში ყოველთვის სურთ. ესპანეთის სუპერთასი ყოველთვის მემახსოვრება. სწორედ ამ დღეს ჩავატარე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო მატჩი და ფანებისგან საოცარი სიყვარული მივიღე. დიდი მადლობა. ისევ ჟრუანტელი მივლის. იმაზე უკეთეს გაცილებას ვერ მოვიფიქრებ, როგორიც სამწუხაროდ ჩემს გამოსათხოვარ მატჩში იყო.
Hala Madrid! და მშვიდობით!