ლელოში დაბეჭდილი მასალა - ვისაც არ დაგეზარებათ
-------------------------------------------------------------------
იტალიური ცხოვრების წესი
მილანი, ალბათ, ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც ორი სრულფასოვანი გრანდი ბინადრობს: "მილანი" და "ინტერი".
კი ბატონო, საინტერესოა მადრიდული დერბი, ბოლო პერიოდში მანჩესტერულმა დაპირისპირებამაც დიდი დატვირთვა შეიძინა და არც ლონდონური გუნდების გარჩევას დაეწუნება რამე, მაგრამ მილანური ჯახი მაინც სხვა განზომილებაა - თუმცა, ამ შემთხვევაში არა დერბიზე, უბრალოდ, ქალაქზე უნდა ვისაუბროთ, რომელშიც როგორც თავში აღვნიშნეთ, ორი დიდი გუნდი, ორი გრანდი ბუდობს, მოსახლეობა კი, შესაბამისად, ორ ნაწილადაა გაყოფილი: შავ-წითლები და შავ-ლურჯები...
ქალაქი, რომელიც ფეხბურთით სუნთქავს
მილანში 4 სექტემბრის დილას ჩავედი, იმ დღეს კი "როსონერის" სერია A-ს მორიგი ტურის მატჩი ელოდა "კიევოსთან".
იქამდე, "მილანმა" სამი თამაში ვერ მოიგო და ის ეიფორია, რომელიც პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ შეინიშნებოდა, აშკარად განელდა. გულშემატკივრები დაკვირვების ფაზაში არიან: რას აკეთებს, როგორ მუშაობს ფილიპო ინძაგი და საით მიჰყავს გუნდი - ამასთან, პიპოს ყველა ქომაგობს, ის მილანელთა შავ-წითელი ნაწილის ნამდვილი კუმირია.
მილანი რომ საფეხბურთო ქალაქია, ყველგან იგრძნობა - ქალაქის კედლები მოხატულია საფეხბურთო თემატიკით - ბუნებრივია, ჭარბობს "მილანის" და "ინტერის" ფეხბურთელთა პორტრეტები, თუმცა იხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა ვარსკვლავსაც.
რაც მთავარია, ქუჩებში მუდმივად საუბრობენ სპორტის უპირველეს სახეობაზე - შესაძლოა, თინეიჯერმა გოგონებმა ჩაგიარონ და მოგესმათ, როგორ საუბრობენ კონკრეტულ თამაშზე, სერია A-ზე ან ჩემპიონთა ლიგაზე; მოხუცები, ქალები, ბავშვები - კალჩოში ყველა ჩართულია...
იმ დღეს ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი "სუზუკაზე" იყო და ეს თემაც აქტიური განხილვის საგანი გახლდათ. ბევრს საუბრობდნენ "ფერარიზე", როგორც თავად ეძახიან, "სკუდერიაზე" და ამ გუნდში არსებულ კრიზისზე. აშკარაა, "ფერარი" იტალიელთა ეროვნული სიამაყეა და მას დაახლოებით ისე გულშემატკივრობენ, როგორც ნაციონალეს - ანუ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში.
დიახ, "აძურას" იტალიელები ერთი სიტყვით მოიხსენიებენ: ნაციონალე და ამით ყველაფერია ნათქვამი.
მილანი სპორტული ქალაქია, სადაც დღე "გაძეტა დელო სპორტის", "კორიერე დელო სპორტის" ან "ტუტო სპორტის" კითხვით იწყება. მაგრამ "გაძეტა" მაინც ყველაზე პოპულარულია - მალპენსას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ ავტობუსში 5-6 კაცი მაინც შევნიშნე, რომელიც "დელო სპორტს" ფურცლავდა და მივხვდი, თუ რა ძალა აქვს იტალიაში სპორტულ პრესას.
სხვათა შორის, ერთ-ერთ კედელზე "გაძეტა დელო სპორტის" ლოგოც იყო მიხატული ცნობილი სლოგანით: Tutto il rosa della vita.
მილანი VS ინტერი
"მილანის" და "ინტერის" გულშემატკივრებს ერთმანეთი ისე ნამდვილად არ სძულთ, როგორც მაგალითად, "რომას" და "ლაციოს" ტიფოზებს, ან თუნდაც "იუვენტუსის" და "ნაპოლის" გულშემატკივრებს, მაგრამ დაპირისპირება მაინც მძაფრია.
ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა სწორედ ესაა: მილანისტა თუ ინტერისტა? - ტაქსის მძღოლებიც ხშირად სვამენ ამ კითხვას და თუ მისი საყვარელი გუნდის ქომაგი აღმოჩნდით, შესაძლოა, დანიშნულების ადგილზე ნახევარ ფასშიც კი მიგიყვანოთ - არადა, ტაქსი მილანში ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
დიახ, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ნახევარ ფასში აღმოვჩნდი ქალაქის ცენტრში, დუომოს ბრწყინვალე მოედანზე და თან გზად, ტაქსის მძღოლი მუდმივად ლანძღავდა ქალაქის მეორე გუნდს, რომელიც ასე ძალიან არ უყვარს.
შესაძლოა, გადაეყაროთ მამა-შვილს ან ძმებს, რომლებიც სხვადასხვა გუნდს ქომაგობენ და ამის ნიადაგზე სახალხოდ იჩხუბონ - ასეთ ამბავსაც შევესწარი, როდესაც მეტროთი "სტადიო სან სიროსკენ" მივემართებოდი.
ერთი სიტყვით, მილანი ცხოვრობს ფეხბურთით, კალჩო ამ ქალაქის კულტურის ნაწილია.
მილანი-კიევო
"მილანის" მორიგ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ შეხვედრას დაახლოებით 45 000 გულშემატკივარი დაესწრო, ეს კი "სან სიროს" ტრიბუნების ნახევარია.
სტადიონი მართლაც ფენომენალურია, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბურობით, როგორც გარედან, ისე შიგნით, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა ისტორია და წარსული. ტრიბუნები თითქოს ჰაერშია გამოკიდებული, მინდორს კი ზემოდან დაჰყურებ და ყველაფერი ხელისგულზეა - "სან სირო" სუფთა საფეხბურთო არენაა, ტრიბუნები კი მინდორზეა მიდგმული.
თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, სტადიონზე საჩვენებელი პროგრამა დაიწყო, რასაც ნამდვილად არ ველოდი, რადგან "მილანი"-"კიევო" სერია A-ს ერთი რიგითი მატჩია და თავისი მნიშვნელობით არ გამოირჩევა.
მოედანზე "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელი პიერინო პრატი გამოჩნდა, რომელსაც იუბილე ჰქონდა - შოუს წამყვანმა მის წარმატებებზე ისაუბრა, შემდეგ კი სიმბოლური გოლის გატანის საშუალება მისცა. ბუნებრივია, ტიფოზებმა პიერინო მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს და მისი გვარიც ერთხმად შესძახეს. შემდეგ მინდორზე "მილანის" ბავშვთა აკადემიის გუნდები შევიდნენ და საჩვენებელი მატჩი გამართეს.
ერთი მხრივ, "მილანის" მესვეურები პატივს მიაგებენ წარსულს და მეორე მხრივ, სტიმულს აძლევენ მომავალს, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ივარჯიშონ და დიდი ფეხბურთელები დადგნენ. ასე ყოფილა "მილანის" ყველა საშინაო შეხვედრისას: ან დამსახურებულ ვეტერანებს რა დალევს, რომლებსაც პატივისცემა სჭირდებათ, ან მომავალ ფეხბურთელებს, რომელთათვისაც "სან სიროზე" ბურთის გორება ნამდვილი დღესასწაულია.
ამის შემდეგ მოედანზე "მილანის" და "კიევოს" ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდები შემოვიდნენ და მინდორზე ორივე გუნდის ტაქტიკური მონახაზი გამოსახეს. "მილანი" 4-2-3-1 და "კიევო" 4-3-1-2...
ორივე გუნდის ტაქტიკა ხელისგულზე იყო და სჯობდა ყველანაირ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელსაც ტელერეპორტაჟების დროს ვნახულობთ ხოლმე და სადაც ხშირია შეცდომები, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგის პაექრობებზე...
მინდორზე კიდევ ერთი ექსმილანელი და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, კრიასტიან ბროკი გამოჩნდა, რომელსაც მოედანზე ცოცხლად გამოსახული სქემები უნდა გაერჩია... ბროკი მიკროფონით ხელში დარბოდა მთელ მინდორზე და ორივე გუნდის ტაქტიკას შიფრავდა - ჭკვიანურ ფრაზებს კი ტიფოზები ტაშით და შეძახილებით ხვდებოდნენ.
ბოლოს ბროკიმ იმ მსახიობთან მიირბინა, რომელსაც ჟერემი მენეზის ამპლუა ჰქონდა მორგებული და უწინასწარმეტყველა, დღეს გოლს გაიტანო, რასაც ულტრასების ოვაცია და მენეზის გვარის სკანდირება მოჰყვა. ეს იყო შოუ, რომელიც წინ უძღვოდა სერია A-ს ერთ რიგით პაექრობას, რომელშიც "მილანი" "კიევოს" მასპინძლობდა.
ის, რაც კურვა სუდ-ში, ანუ ულტრასების ტრიბუნაზე ხდება, ცალკე სალაპარაკო თემაა და სიტყვებით რთული გადმოსაცემია. საკუთარი თვალით უნდა ნახო და საკუთარი ყურით ისმინო, როგორ ქომაგობენ ტიფოზები საყვარელ გუნდს - როგორ მღერიან და ყვირიან 90 წუთის განმავლობაში.
მართალია, ულტრასების ლიდერს მოედნისკენ საერთოდ არ გაუხედავს, მუდამ ტრიბუნისკენ იყურებოდა, რაც ჩემთვისაც რთული ასახსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხალხს უზომოდ უყვარს თავისი გუნდი: "მილანი".
"როსონერის" ტიფოზებმა დიდი დრო დაუთმეს "ინტერის" ლანძღვა-გინებასაც, რამდენჯერმე წამოიწყეს სიმღერა, რომლის კულმინაცია ასეთი იყო: INTER MERDA, INTER MERDA, INTER MERDA!
სტადიონიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე "მილანის" ტიფოზებს დიდად არ უზეიმიათ - მათ მხარი დაუჭირეს საყვარელ გუნდს, მაგრამ კარგად ესმით, რომ საზეიმო და ჭკუიდან შესაშლელი ჯერ არაფერია - ფილიპო ინძაგის უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რომ "როსონერიმ" ძველი დიდება დაიბრუნოს.
იტალიელები თითქოს უფრო ნაღდები და მართლები არიან - ინგლისელებისგან და გერმანელებისგან განსხვავებით, მათ ნამდვილი საბაბი სჭირდებათ იმისთვის, რომ ჯერ სტადიონი გაავსონ, შემდეგ კი მართლა იზეიმონ - იქამდე კი გარჩევა, ანალიზი და უბრალოდ, ლაპარაკი, დაუსრულებელი ლაპარაკი ფეხბურთზე.
იმ ავტობუსშიც "მილანზე" ლაპარაკობდნენ, აქა-იქ კი ნაციონალეზე, რომელსაც რამდენიმე დღეში აზერბაიჯანთან უწევს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, შემდეგ კი მალტას დაუპირისპირდება.
"იუვე"-"რომა" და ფორმულა 1
მეორე დღეს ტურინში დიდი მატჩი იყო, რომელშიც "იუვენტუსი" "რომას" მასპინძლობდა. ამ თამაშზე დასწრება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ბილეთები კარგა ხნით ადრე, სარეკორდო დროში გაიყიდა.
ამ მატჩმა თითქოს გააერთიანა ორად გაყოფილი მილანი და ვინც კი ვნახე, ყველა "რომას" უჭერდა მხარს... ასეა, "იუვე" მაინც "იუვეა" და მისი წაფორხილება ყველას ახარებს, ამ გუნდის გულშემატკივართა გარდა...
ამ მნიშვნელოვან პაექრობას მილანთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში, სანტიაში მივადევნე თვალი, სადაც ყველა კაფეში, ბარსა თუ მაღაზიაში ტელევიზორი იყო ჩართული. ამ პატარა სოფლის მკვიდრნი უკიდურესად აღშფოთებულნი იყვნენ, როდესაც "ვეკია სენიორამ" გაიმარჯვა და თანაც, ერთი მეტად საეჭვო, ხოლო მეორე გამოგონილი პენალტის დახმარებით...
mafia, Mafioso, juve merda - ამ ფრაზებს ყველაზე ხშირად გაიგონებდით, შემდეგ კი იყო გარჩევა, ტურის მატჩების მიმოხილვა და ანალიზი ტელევიზიით და თანაც, დილამდე... საათობით არჩევდნენ თითოეულ მატჩს, ეპიზოდს, ტაქტიკურ მონახაზს, მსაჯობას... გვამცნობდნენ კომენტარებს, ვეტერანი ფეხბურთელების და ექსპერტების მოსაზრებებს - "რაი სპორტს" სანდრო მაცოლა ჰყავდა სტუმრად, "მედია სეტის" სპორტულ არხს კი - ჯანი რივერა.
საგულისხმოა, რომ გვიჩვენეს მეორე დღეს გამომავალი სპორტული გაზეთების ყდები და თითოეული მათგანი დეტალურად გაარჩიეს.
"კორიერე დელო სპორტის" პირველ გვერდზე ეწერა, რომ "იუვე"-"რომას" არბიტრმა ჩემპიონატი ფარსად აქცია, რაც სტუდიაში შეკრებილებმა გააპროტესტეს - შესაძლოა, ერთი კონკრეტული მატჩი ფარსი იყო, ან ტური, მაგრამ ჩემპიონატის ასეთი შეფასება ნამეტანიაო...
იყო პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა ქალაქიდან და პერიოდულად, მოკლე ნიუსები ფორმულა 1-ის შესახებ, სადაც "ფერარიმ" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი. ამასთან, მძიმე ავარია მოხდა და ერთ-ერთი პილოტი სიკვდილს ებრძვის; კიდევ - სებასტიან ფეტელი, რომელიც "ფერარიში" გადავიდა და ახალი მიხაელ შუმახერი უნდა გახდეს.
მეორე დილაც თითქოს ღამის გამეორებაა: საშინელი ავარია იაპონიაში, მსაჯები კი "იუვეს" სკუდეტოსკენ მიათრევენ - ამაზე ლაპარაკობს რადიო, ტელევიზია, სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ტაქსის მძღოლიც - ესაა იტალია, იტალიური ცხოვრების წესი...
თბილისი - მილანი - თბილისი
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...-milanidan.html