Jesé
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 181454
რეგისტრ.: 10-February 14
|
#42716021 · 31 Oct 2014, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"კლასიკოში" გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტი, სიდ ლოუ აანალიზებს, თუ რა გახდა მადრიდული კლუბის წარმატების მიზეზი...
ირგვლივ ყველა პანიკაში იყო ჩავარდნილი, ანჩელოტი კი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა. "სამეფო კლუბს" ცუდი სტარტი ჰქონდა. ამას ემატებოდა ანხელ დი მარიას ინგლისში გადაბარგება. "კრიზისი!" - ასეთი სათაური მისცა El Mundo Deportivo-მ მადრიდის "რეალის" ასპარეზობას. "ყველაზე ცუდი "რეალი"!" - ასეთ შედარებებს ბევრჯერ მოისმენდით. საქმე იქამდე მივიდა, რომ გულშემატკივრები საკუტარ ფეხბურთელებს უსტვენდნენ. ერთადერთი, ვინც მშვიდად იყო - ეს კარლო ანჩელოტი გახლდათ.
ანხელ დი მარიამ და ჩაბი ალონსომ კლუბი დატოვეს, "ატლეტიკომ" თანაქალაქურ კლუბს ესპანეთის სუპერთასის ტიტული წაართვა, ლა ლიგაში "თეთრებმა" "ატლეტიკოსთან" და "სოსიედადთან" წააგეს. იტალიელი სპეციალისტის შეგირდები სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებდნენ და ყველაზე მეტი ბურთი ჰქონდათ გაშვებული. გარდა ამისა, "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულა იყო. ამ ყველაფრის შემდეგ კი ანჩელოტიმ განაცხადა: "ვიცი, რაც უნდა გამოვასწოროთ".
ასეც მოხდა.
იგი მშვიდად შეუდგა შეცდომების გამოსწორებას და სასურველი შედეგიც მიიღო.
"ვიცი, რაც უნდა გამოავასწოროთ... ისევე, როგორც გასული სეზონის დასაწყისში ვიცოდი".
"სოსიედადთან" 2:4 წაგების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ საბოლოოდ გააანალიზა, თუ რა პრობლემები ჰქონდა მის გუნდს. შემდეგ იგი მათ აღმოფხვრას შეუდგა. იგი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი ისეთივე ძლიერი გახდებოდა, როგორც ეს წინა სეზონში მოხდა. საბოლოოდ, "რეალმა" გამარჯვება დაიწყო. "თეთრებმა" 32 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 5 გაუშვეს. "სამეფო კლუბმა" ლა ლიგაში თავისი პოზიცია დაიბრუნდა და გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე საკმაოდ შედეგიანად დაასრულა.
თუმცა, კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ "ბაზელისა" და "ლუდოგორეცის" დამარცხებით არაფერი შეიცვლებოდა. გარდა ამისა, ანჩელოტის გუნდს ლა ლიგაში შემდეგი მეტოქეები ჰყავდა დამარცხებული: "დეპორტივო", "ელჩე", "ვილიარეალი", "ატლეტიკი", "ლევანტე" და "კორდობა". ისინი სატურნირო ცხრილის მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 ადგილს იკავებდნენ. თუმცა, "ენფილდზე" მოპოვებულმა ისტორიულმა გამარჯვებამ (0:3) ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. რამდენიმე დღეში კი "ელ კლასიკო" იმართებოდა.
შაბათს გამართულ საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებში მადრიდულმა კლუბმა გაიმარჯვა. "მეტი, ვიდრე გამარჯვება!" - სწორედ ასე შეაფასა აღნიშნული შეხვედრა As-მა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც კატალონიურმა კლუბმა მადრიდის "რეალს" საჩემპიონო კორიდორი მოუწყო, "სამეფო კლუბმა" "ელ კლასიკოში" რამდენიმე ბურთიანი სხვაობით პირველად გაიმარჯვა (იგულისხმება ლა ლიგაში გამართული "კლასიკოები").
რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, ვინაიდან "ბარსელონამ" ანგარიშის გახსნა პირველსავე წუთებზე შეძლო. იკერ კასილასმა ლიონელ მესის ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგ საკუთარი გუნდი იხსნა. ამის შემდეგ კატალონიური კლუბის კარში თერთმეტმეტრიანი ინიშნება, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ზუსტად იყენებს. მეორე ტაიმში კი თავი პეპემ გამოიჩინა, რომელმაც ტონი კროოსის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კლაუდიო ბრავოს კარში გაგზავნა. რაც შეეხება მესამე ბურთს, ის ძალიან უცნაური გამოდგა: ანდრეს ინიესტამ აშკარად ვერ გაუგო თავის თანაგუნდელს, ხავიერ მასკერანოს და შედეგად, ქარიმ ბენზემამ აღნიშნული კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ "რეალმა" დამსახურებულად გაიმარჯვა.
აღნიშნულ დაპირისპირებას მოკლე რეზიუმე მთავარი მწვრთნელის დამხმარემ, პოლ კლემენტმა გაუკეთა:
"ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ, რომელიც კონტრშეტევებზე იყო აწყობილი".
მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო დანიელ კარვახალი გახლდათ, რომელმაც თავისი სამუშაო უმაღლეს დონეზე შეასრულა. მარსელო კი აქტიური იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რაც შეეხება კროოსსა და მოდრიჩს, მათ ბურთის შენარჩუნება ბრწყინვალედ მოახერხეს. ბრწყინვალედ იასპარეზეს ისკომ, ხამესმა და ბენზემამ. კრიშტიანუ რონალდუ კი აღნიშნულ საღამოს მთავარ როლში ნამდვილად არ ყოფილა.
როდესაც ანჩელოტი გუნდში მოვიდა, მან განაცხადა:
""რეალმა" სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს".
ასეც არის. იტალიელი სპეციალისტის გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია!
სწორედ ასე უნდა იყოს, ვინაიდან ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია! რონალდუს, ხამესის, კროოსის, ისკოს და მოდრიჩის ერთ გუნდში ყოლა საკმაოდ ძლიერი გუნდის შეკვრას ნიშნავს. გარდა ამისა, კლუბს ფანტასტიური მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც მადრიდში 100%-ით ენდობიან. იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი რამ განაცხადა:
"ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგას უჩემოდაც მოიგებდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც ისე ჭკვიანი ვარ, რომ ამგვარი გუნდი გავწვრთნა. ამაზე ხშირად ვიცინი".
მაგრამ ვინ იცის, რა მოხდებოდა რომ არა სერხიო რამოსის ზუსტი დარტყმა 93-ე წუთზე?...
ყველაზე მთავარი მაინც ფეხბურთელებთან ურთიერთობაა. ალვარო არბელოამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად იმუშავებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ალვაროს ბევრ სხვადასხვა ძალიან გამოცდილ მწვრთნელთან მოუწია მუშაობა. ან ალბათ იმიტომ, რომ მას გუნდის "გამოცოცხლება" შესანიშნავად გამოსდის. ეს ფაქტორი კი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქმე იმაშია, რომ ბევრ მწვრთნელთან მუშაობა მომიწია და თითოეულ მათგანს ფეხბურთელებისადმი განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. ხანდახან ვფიქრობ, რომელ მწვრთნელს შეიძლება გავუთანაბრდე? მე ვმუშაობდი დელ ბოსკესთან, პელეგრინისთან, მოურინიოსთან, ბენიტესთან, არაგონესთან, ანჩელოტისთან... რისი იმედი მაქვს? ისინი ხომ საუკეთესოები არიან?"
"კარიერაში ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, როდესაც მწვრთნელის დავალება არ შემისრულებია და მართალიც აღმოვჩნდი. თუმცა, ზოგჯერ არასწორად მოვიქეცი და ამით გუნდმა იზარალა. ხანდახან, როდესაც მწვრთნელი დავალებას მაძლევდა, ვფიქრობდი: "სულელო, გგონია ჩემზე მეტი იცი?!". თუმცა, მწვრთნელის აზრს და გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემდი".
არბელოამ აღნიშნა, რომ "ბერნაბეუზე" ჩამოსული თითოეული გუნდი თამაშს კარგად იწყებს, მაგრამ შემდეგ სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება.
"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მიზეზი კი ჩვენი სუპერთავდასხმაა".
ალვარომ ასევე იმ მოვალეობაზე ისაუბრა, რაც ფეხბურთელს აკისრია.
"თუ ერთ ფეხბურთელს თამაში არ გამოუვა - ამაში საგანგაშო არაფერია. მაგრამ თუ საქმე რამდენიმე ფეხბურთელს ეხება, მაშინ სიტუაცია ძალიან რთულდება".
მოგეხსენებათ, კლუბი ანხელ დი მარიამ და ჩაბი ალონსომ დატოვეს. ცალსახაა, რომ ისინი კლუბის ძირითად ძალას წარმოადგენდნენ. ჟურნალისტების თქმით, "სამეფო კლუბი" მათი წასვლის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდებოდა. ისინი კლუბს და კარლო ანჩელოტის ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ მადრიდის "რეალს" სერიოზული გადაწყობა ესაჭიროებოდა.
თუმცა, კარლო ანჩელოტიმ ამას ყურადღება არ მიაქცია და მშვიდად მუშობა განაგრძო. არანაირი ზეწოლა, არანაირი სკანდალი და არეულობა. საბოლოოდ, იტალიელმა სპეციალისტმა იმ ფორმულას მიაგნო, რომელსაც გასულ სეზონში საგულდაგულოდ ეძებდა.
"ხალხი ამბობს, რომ მე კლუბის კაცი ვარ. ასეც უნდა იყოს. მე კლუბისთვის ვმუშაობ და არა ცალკეული ფეხბურთელებისთვის".
მართლაც, მას გუნდის გადაწყობა მოუწია, მაგრამ განახლებული შემადგენლობით კლუბს ის სტილი და სულისკვეთება შეუნარჩუნა, რომლის მეშვეობითაც მან "დესიმა" მოიპოვა. მან კარგად იცოდა, როგორ შეეთამაშებინა ვარსკვლავი ფეხბურთელები ისე, რომ ერთიანობა შეენარჩუნებინა.
გასულ სეზონში მან დი მარიას პოზიცია შეუცვალა და ამან ბრწყინვალე შედეგი გამოიღო. მიმდინარე სეზონშიც მან იგივე რამ გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე ხამეს როდრიგესის შემთხვევაში. "ხამესი - დი მარია არაა" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მას შემდეგ, რაც კოლუმბიელის არგენტინელთან შედარება დაიწყეს. თუ "ბლანკოსი" 4-3-3 სქემით ასპარეზობდა, ახლა იგი 4-4-2 გახდა და ყველამ კარგად დაინახა, რომ "პაპა კარლომ" ახალი ტაქტიკით "ლივერპული" და "ბარსელონა" საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. Marca-მ კარლო ანჩელოტის "საიმედო არქიტექტორი" უწოდა.
ალონსოსა და დი მარიას წასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ უკმაყოფილება გამოთქვა. იგი პესიმისტურად იყო განწყობილი, ისევე როგორც გულშემატკივართა დიდი ნაწილი. თუმცა, პორტუგალიელმა იცოდა, რომ გუნდი საიმედო ადამიანის ხელში იყო. ამასთან ერთად, ახალმა ფეხბურთელებმა სწრაფადვე მოახერხეს ადაპტირება და გუნდი კვლავ ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდა.
"მან იცის, თუ როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. უბრალოდ, საჭიროა, რომ მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ". - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
|