პროგრესი რეგრესული მაჩვენებლებით, ანუ წიწილებს მაისში დაითვლიანგანვლილი სეზონის უკანასკნელ მატჩში მადრიდის ატლეტიკომ პრიმერა დივიზიონის მესამე ადგილი გრანადასთან უგოლო ფრის წყალობით გაინაღდა. მატჩის შემდეგ კი დიეგო სიმეონეს ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა იგი კლუბის განვლილ სეზონს. ''უმაღლესი შეფასება ჩემგან'' - უპასუხა არგენტინელმა რეპორტიორებს და არ შეყოყმანებულა, როცა საკუთარი ფეხბურთელების გარჯას''ბრწყინვალე'' უწოდა.
მრავალი ამ კომენტარს გაოცებით გამოეხმაურა. სულ რამდენიმე საათის წინ ატლეტიკომ ლოს კარმენესის სტადიონზე საკუთარი სეზონის ალბათ ყველაზე საშინლად მშრალი 90 წუთი გაატარა, რომელიც ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი აღმოჩნდა. ამ შეხვედრამ დაასრულა 12-თვიანი ციკლი, რომელიც, ყველა მაჩვენებლის თანახმად, რეგრესიული გამოვიდა - პირველიდან მესამე ადგილზე, ჩემპიონობიდან დამკვირვებლობამდე, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობიდან მეოთხედფინალში გამოვარდნამდე. რომელი უმაღლესი შეფასება?

თუმცა პროგრესი ყოველთვის ამგვარი მაჩვენებლებით არ განისაზღვრება, იგი არაა ყოველთვის ცალსახა ან აბსოლუტურად ლოგიკური. ქალაქის გადაღმა, ბერნაბეუზე, მადრიდის რეალმა ერთი ადგილით მაღლა დაასრულა ლა ლიგის ასპარეზობა, ვიდრე წინა სეზონში, მაგრამ მათ კამპანიას პროგრესს ვერავინ უწოდებს. და პირიქით, ინგლისში არსენალმა იმაზე ცოტა ქულა დააგროვა 2014-15 წლების სეზონში, ვიდრე 2013-14 წლებისაში, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯების გამო ფართო გამოხმაურება დაიმსახურეს. პროგრესის შეფასება, როგორც ხედავთ, შეიძლება პრობლემატური იყოს და მადრიდის ატლეტიკო ამ მხრივ ყველაზე საინტერესო შემთხვევაა. იმის მიუხედავად, რომ ყველა ძირითადი მაჩვენებელი გუნდის ჩავარდნისა ან სტაგნაციისკენ მიუთითებს, სიმეონე მთელი სეზონი ზრდაზე, პროგრესსა და ვისენტე კალდერონზე აღმოცენებულ ახალ პროექტზე საუბრობდა.
ამ საუბრის დროს, სიმეონემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ გუნდი და კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთი მათგანის პროგრესი აუცილებლად არ ემთხვევა მეორის პროგრესს. ატლეტიკომ, მოგებათა გრაფაში რიცხვის შემცირების მიუხედავად, მაინც მოახერხა წინსვლის შენარჩუნება: მესამე ადგილის დაკავებით მათ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება შემდეგი სეზონისთვისაც მოიპოვეს, რაც ფართო გადმოსახედიდან კლუბის აღმავალი ტრაექტორიის გამაგრძელებელია და მელეიბეებს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე გასულ ზაფხულს.
''წინა წელი აღარ განმეორდება", - უთხრა სიმეონემ ასს ინტერვიუში მცირე ხნის წინ. ''ათი ფეხბურთელი წავიდა, მათგან ხუთი - ძირითადი შემადგენლობის წევრი. წელს ხუთ ძირითადს აღარ დავკარგავთ. წელს უკეთ შევძლებთ გასული სეზონიდან მიღებული სიკეთეების ათვისებას." ცხადია, ფინანსური რეალიების გამო კალდერონიდან ფეხბურთელების წასვლა კვლავაც გარდაუვალია, მაგრამ ამ ზაფხულს ფეხბურთელები წინა ზაფხულისგან განსხვავებული ფორმით წავლენ. გასულ წელს დიეგო კოშტას, ტიბო კურტუას, ფილიპე ლუისსა და დავიდ ვილიასთან განშორება კლუბისთვის არასასურველი, მტკივნეული დარტყმა იყო. ამ ზაფხულის მოსავალი სხვაგვარია. ატლეტიკო და სიმეონე კმაყოფილნი გამოემშვიდობნენ მარიო მანჯუკიჩსა და მირანდას, ტობი ალდერვეირელდის აბარგება შესამჩნევი არ იქნება, რაკი მადრიდში ისედაც ცოტა დრო გაატარა. მხოლოდ არდა თურანის ბარსელონაში გადასვლამ ავნო ინდიელებს, მაგრამ ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად კლუბმა უკვე გადადგა ნაბიჯები.
პორტოდან ჯექსონ მარტინესის €35 მილიონად გადმოყვანა ატლეტიკოს მხრიდან ნების გამოვლენის საუკეთესი ნიმუშია. ძლიერი, ბრგე, ფეთქებადი, ნაყოფიერი და ნამდვილი სამხრეთ-ამერიკელი - კოლუმბიელი თავდამსხმელი გააგრძელებს კლუბის ბრწყინვალე ფორვარდების ხაზს, რომელთა შOრისაც დიეგო ფორლანი, სერხიო აგუერო, რადამელ ფალკაო, დავიდ ვილია და დიეგო კოშტა შედიან. მეტიც, მარტინესი შეძლებს კლუბს ამოავსოს კოშტას დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე. მანჯუკიჩის მოყვანა ამ სიცარიელისთვის გვერდის ავლის მცდელობა უფრო იყო, ვიდრე პრობლემის გადაჭრის ცდა. ლუსიანო ვიეტოს, ანტუან გრიზმანის, ფერნანდო ტორესისა და სავარაუდოდ, ანხელ კორეას დახმარებით, მარტინესი იმ ჯგუფის ლიდერად უნდა იქცეს, რომელსაც მარკამ უკვე შეარქვა ''ჯექსონ FIVE'' და ''სიმეონეს მეთოფეები". დავუმატოთ ამ ხუთეულს კლუბის უახლესი შენაძენი - იანიკ კარასკო და მივიღებთ ლეტალურ, ნებისმიერი დაცვის გამარღვეველ შემტევ მანქანას, რომელსაც შემდეგ სეზონში არაერთი გოლის გატანა შეუძლია. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ამ ძალის შესაძენად კლუბმა €113 მილიონი დახარჯა, არადა აქამდე ერთადერთ ძვირადღირებულ ტრანსფერად მესამე მხარის დახმარებით შეძენილი ფალკაო ითვლებოდა.

მეტიც, ატლეტიკოს საზაფხულო გარჯა ამ ეტაპისთვის სატრანსფერო საქმიანობაში წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს კი იმ მცირე ჩრდილთაგან ერთ-ერთია, რომელიც სიმეონეს მოღვაწეობას აქამდე გასდევდა. საკუთარ პირველ სატარნსფერო ფანჯარაზე ჩოლომ კრისტიან როდრიგესი, კატა დიასი და ემრე ბელოზოღლუ გაიფორმა, მეორე ზაფხულს - ვილია, დანი არანსუბია, ტობი ალდერვეირელდი, ჯოშუა გილავოგი, ლეო ბაპტიშტაო და ხოსე ხიმენესი, რომელთაც ზამთარში დიეგო რიბასი და ხოსე სოსა შეუერთდნენ. ამათგან რამდენია ახლა კლუბის წევრი, ან მისი შესამჩნევი ნაწილი? წინა სეზონში ბორდმა რამდენიმე მშვენიერი შენაძენი განახორციელა, მაგრამ შეცდომებიც საკმაოდ იყო. ერთი მხრივ ატლეტიკომ ანტუან გრიზმანი, იან ობლაკი და მარიო მანჯუკიჩი გადაიბირა, მეორე მხრივ კი ალესიო ჩერჩი და რაულ ხიმენესი აიკიდა ტვირთად. სადღაც შუაში არიან გილერმე სიკეირა და ხესუს გამესი.
ამჩნევთ პროგრესს?
ატლეტიკოს ზრდის ასევე კარგი მაჩვენებელია კლუბის გაძლიერებული ყურადღება მის ''ხერხემალზე'', როგორც კოკემ აღნიშნა ასთან ინტერვიუში. ამ შემთხვევაში ტერმინი მიემართება კლუბის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები განა უბრალოდ საკუთარ ფუნქციებს ასრულებენ, არამედ წარმოადგენენ ერთ მთლიან ორგანიზმს მეკარიდან წინწაწეული ფორვარდის ჩათვლით. უტევენ, როგორც ერთნი, იცავენ თავს, როგორც ერთნი, იბრძვიან, შრომობენ, იგებენ და მარცხდებიან, როგორც ერთნი. ამ ორგანიზმის ხერხემალს კოკე წარმოადგენს. დიეგო გოდინი, გრიზმანი, ხუანფრანი, ტიაგო და გაბი ხერხემლის წევრები არიან, იან ობლაკი და ხოსე ხიმენესი მათ მალე შეუერთდებიან. ყურადსაღებია, რომ ატლეტიკომ შეძლო მისი ხერხემლის შენარჩუნება - კოკესა და გრიზმანის მიმართ კონტინენტის არაერთმა ფინანსურმა მონსტრმა გამოხატა ყურადღება, მაგრამ ისინი ისევ აქ, ვისენტე კალდერონზე რჩებიან.
კიდევ ერთხელ: პროგრესი.
ევროპის ელიტურ გათამაშებაში ადგილის შეარჩუნებით ატლეტიკომ მოახერხა საკუთარ ნიჭიერ ფეხბურთელთა შენარჩუნება და ახალ ტალანტთა დამატება. ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟი და სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ბარსელონასა და რეალისადმი კოლჩონეროთა მზარდი კონკურენციისთვის. კომერციული მხრივ მათსა და დუოპოლიას შორის ჯერ კიდევ დიდი უფსკრული ძევს - დელუატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ატლეტიკოს წლიური შემოსავალი €169.9 მილიონია, რაც ზემოხსენებული წყვილის ბიუჯეტის მეოთხედიც ძლივსაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატლეტიკო, მრავალი შეფერხების მიუხედავად, 2017 წლისთვის ახალ, 69 000-კაციან სტადიონზე, ლა პეინეტაზე გადავა, რაც კლუბის შემოსავალს გაზრდის. იანვარში ატლეტიკომ გამოაცხადა, რომ ჩინური ''ვანდა ჯგუფის'' კონგლომერატი კლუბის აქციების 20 პროცენტს შეისყიდდა £34.5 მილიონად, რაც კლუბს გოლბალურ ბრენდად გადაქცევაში, ეკიპირების გაყიდვასა და სხვა მრავალი მხრივ წაადგება.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს აღმავალი ტრაექტორია კოლჩონეროთა მიერ მოგებულ კიდევ ერთ ესპანურ ტიტულში აისახოს? შესაძლებელია თუ არა, რომ ატლეტიკომ ჯერ დაუძლეველი ბარიერი გადალახოს და მოიგოს ჩემპიონთა ლიგა?
შესაძლებელია.
მანძილი ბარსელონასა და რეალის შესაძლებლობებამდე კვლავაც გრძელია, მაგრამ მანძილი თანდათან კლებულობს. მთავარია, რომ ამის ყველა წინაპირობა იქმნება. ნელა, თანდათან, მეთოდურად, მაგრამ იქმნება.
რასაკვირველია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ამ მომენტისთვის ატლეტიკოს კვლავაც ჭირდება გაძლიერება სამ - მარცხენა მცველის, ცენტრალური ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი. ყველაფრის მიუხედავად, ატლეტიკომ ამ ზაფხულსა და განვლილ 12 თვეში ეჭვმიუტანელი პროგრესი განიცადა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის სიმეონეს მიერ გაცემული ''უმაღლესი შეფასება'' შესაძლოა გაცილებით, გაცილებით სხვა დატვირთვას ატარებდეს.
This post has been edited by Darker Side on 19 Jul 2015, 17:04