მოტა ჩაიშალა
სიკეირას პორტოში ვუშვებთ
რაულ გარსიას ბოლომდე არ უარყვია ბილბაოს შემოთავაზება, დააკვირდება გუნდში როლს და იანვარში გადაწყვეტს
კრანევიტერზე შეთანხმება შემდგარია, მაგრამ მაინც ჩალიჩობენ, რომ ახლავე წამოიყვანონ გუნდში
---
სეზონის პრევიუები:Sky Sports:
მადრიდის თეთრ-წითელ ნაწილში დიეგო სიმეონეს წინა სეზონთან შედარებით უფრო გაუმჯობესებული და დაბალანსებული გუნდი ჰყავს. გუნდი, რომელიც ძალიან წააგავს ორი წლის წინანდელ, ჩემპიონობის მომპოვებელ გუნდს. ყველაზე საინტერესო იდეა წელს კოკეს - ჩემი აზრით, ხავის ბუნებრივი შემცვლელის - ნახევარდაცვაში გადაწევაა. თუმცა საქმის უმთავრეს ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება ლუსიანო ვიეტოს, ანტუან გრიზმანისა და ჯექსონ მარტინესის ცვალებად შეტევას დაეკისრება. თუ ისინი შეძლებენ, საქმეს თავი კოშტასავით გაართვან, არაერთი გუნდი გატეხავს ღამეს ატლეტიკოს სახასიათო, სწრაფ კონტრშეტევაზე დამყარებული ფეხბურთის მოლოდინში. მირანდას კლუბთან განშორება ხოსე ხიმენესს შესაძლებლობას მისცემს, თანამემამულე დიეგო გოდინის გვერდით კიდევ უფრო საიმედო მცველად ჩამოყალიბდეს. წინა სეზონის ყველაზე არასაიმედო, მარცხენა ფლანგზე ფილიპე ლუისის დაბრუნება კი სიმეონეს გუნდს ტიტულის აშკარა პრეტენდენტად აქცევს.
Football Espana:
მოსალოდნელი იყო, რომ საჩემპიონო, 2014 წლის სეზონის გამეორება დიეგო სიმეონესა და მადრიდის ატლეტიკოსთვის წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. ლა ლიგის უკანასკნელ ტურში მოპოვებული ტიტულის შემდეგ ისინი სწრაფად დაუბრუნდნენ მიწას მუდმივი გარდაქმნებისა და ცვალებადობის გამო. მელეიბეები ძალიან ჩამორჩნენ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჯადოსნურ ტრიოებს სისწრაფისა და სიძლიერის მხრივ, ამიტომაც იოლი ასახსნელია პორტოდან მრავალი ევროპული კლუბის სამიზნის, ჯექსონ მარტინესისა და ვილარეალიდან ახალგაზრდა ვიეტოს გადმოყვანა. თუმცა ატლეტიკოს შეტევის ლიდერი ანტუან გრიზმანი იქნება, რომელმაც პოზიციის შეცვლის შემდეგ გუნდის ბომბარდირობა იტვირთა. წინა სეზონში ამ სამეულმა 77 გოლი გაიტანა და თუკი წელს მსგავს ნიშნულს მიუახლოვდებიან, MSN-სა და BBC-ს კონკურენცია აუცილებლად შეაწუხებს.
თუმცა სატრანსფერო პერიოდში მადრიდიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც წავიდა. უმთავრესი, გულშემატკივართათვის ყვეალზე გულის დამწყვეტი, არდა თურანის ბარსელონაში €41 მილიონად გადასვლა იყო. თურქი მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენდა, ჯამში ატლეტიკოს გაყიდვებმა €100 მილიონს გადააჭარბა - რაულ ხიმენესი და მარიო მანჯუკიჩი ისევე სწრაფად გაქრნენ, როგორც გამოჩნდნენ. მირანდა, ალდერვეირელდი, მარიო სუარესი და ემილიანო ინსუა საკუთარ ბედს სხვაგან მოსინჯავენ. სამაგიეროდ, ატლეტიკოს გააჩნია ფეხბურთელები, ვისაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია - განსაკუთრებით, ახალგაზრდები: ანხელ კორეა, ოლი ტორესი და საულ ნიგესი.
სეზონს გადაწყვეტს ის, თუ როგორ გაუმკლავდებიან თეთრ-წითლები მათ გარშემო მყოფ გუნდებს. კარლო ანჩელოტის ნაცვლად სიმეონეს რაფა ბენიტესის რეალთან გამკლავება მოუწევს, ვალენსია და სევილია კი შეეცდებიან, ორიოდე ქულით თავად გაუსწრონ ატლეტიკოს. თუკი ატლეტიკოს ახალწვეულებს ინტეგრაცია დაუგვიანდათ, ეს შეიძლება არა მხოლოდ დიდი ორეულის, არამედ ამ უკანასკნელებთან ჩამორჩენის მიზეზიც გახდეს. მეორე მხრივ, თუ ათლეტები თავიდანვე აკრეფენ სიჩქარეს, არავინ უწყის, თუ სად გადის შესაძლებლობათა ზღვარი.
ESPN:
ორი ზაფხულის წინ ამ სვეტში ვწერდი, თუ რა აშკარად გააჩნდა მადრიდის ატლეტიკოს საჩემპიონო გუნდი და მათაც იმედები გაამართლეს. წინა ზაფხულს ასევე ნათლად ჩანდა, რომ ისინი მიზანთან ახლოსაც არ იყვნენ და ისინი ჩემპიონ ბარსელონას 16 ქულით ჩამორჩნენ. ამჟამად კი, კიდევ ერთხელ, გარემოებები საჩემპიონო ამბიციებზე მიუთითებს. მთავარი ფავორიტები? არა. მაგრამ იმ პერიოდში, როცა მადრიდის რეალში წინა სამეულისთვის ეკვილიბრიუმის მოძებნა თავის ტკივილად რჩება, ბარსელონაში კი წინა სეზონის მომენტუმის ძებნა თავიდან უნდა დაიწყონ, ატლეტიკომ შეძლო და ჩამოაყალიბა არა მხოლოდ სასტარტო თერთმეტეული, არამედ შემადგენლობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, თანდათანობით შექმნას უპირატესობა, სანამ მთელი ყურადღება ბარსელონასა და რეალისკენ იქნება მიმართული.
ყველაზე გასახარი ამბავი კოლჩონეროთა ფანებისა და ნეიტალთათვის ატლეტიკოს შეტევაში სისწრაფის, ძალისა და კონკურენციის გამოჩენაა. სიმეონეს შეუძლია გამოიყენოს ლუსიანო ვიეტო (ბრწყინვალე ტალანტი), ჯექსონ მარტინესი (ვისი დროც უკვე მოვიდა), ანტუან გრიზმანი (წინა წლის ყველაზე განვითარებული თავდამსხმელი ევროპაში) და ფერნანდო ტორესი (ახლა უკვე ელ ჩოლოს პრესეზონგამოვლილი ათლეტი). ამ ოთხეულმა წინა წელს 82 გოლი შეაგდო. მათ უკან, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სრული სეზონისთვის მზად არ იყოს, ითამაშებს ოლივერ ტორესი - ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელიც ყრუ დაცვების სკალპელივით ჭრა როგორც სისწრაფით, ისე - უნაკლო პასებით თანაბრად ეხერხება. პორტუგალიიდან მას არა მხოლოდ 7 გატანილი გოლი, არამედ ჯექსონ მარტინესთან ჩამოყალიბებული ურთიერთგაგება მოჰყვება. ეს ბიჭი არაერთი მატჩის მომგები კამეოთი აუცილებლად წარიტაცებს თქვენს ყურადღებას.
დაცვის მხრივ, ჟოაო მირანდასთვის უკვე წასვლის დრო იყო ხოსე ხიმენესისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად. მისი ადგილი ფიორენტინადან მოსულმა სავიჩმა შეავსო. ფილიპე ლუისის დაბრუნება ხიფათს, სიმაღლეს, ძალასა და გამძლეობას დაუბრუნებს ატლეტიკოსთვის უმნიშვნელოვანეს განაპირა მცველის პოზიციას. მცველთა უკან იან ობლაკმა უკვე დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა.
მაგრამ აატლეტიკოს საჩემპიონო შანსებისთვის გადამწყვეტი კოკე იქნება. შეძლებს თუ არა ის ნახევარდაცვის გაკონტროლებას, წარმართვას და დალაგებას ისე, როგორც სერხიო ბუსკეტსი აკეთებს ბარსელონაში, იქნება ავტომატური პასუხი იმაზე, შეძლებს თუ არა ატლეტიკო ჩემპიონობის მოპოვებას.
თუ კოკე ამას შეძლებს, ატლეტიკოც შეძლებს.
Bleacher Report:
მადრიდის ატლეტიკო მოიგებს 2015-16 წლების ესპანეთის პრიმერა დივიზიონსმადრიდის ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდგომი წარმატება თითქმის ყველა საშინაო და საერთაშორისო თასის მოგებაში აისახა, რომელთა გვირგვინადაც 2013-14 წლების სეზონში დასაკუთრებული ესპანეთის ჩემპიონობა რჩება. მართალია, წინა სეზონში მათ ვერ შეძლეს ტიტულის დაცვა და მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერების შედეგად როხიბლანკოებმა შეინარჩუნეს საკვანძო ფეხბურთელები, დაიმატეს საჭირო ტალანტი და ფანტასტიკურად კარგად გამოიყურებიან მნიშვნელოვან ტიტულთა დასაკუთრებისთვის ბრძოლაში კიდევ ერთხელ ჩასაბმელად. უფრო მეტიც, საჩემპიონო მარათონის დაწყების წინ სწორედ მათ გააჩნიათ სტაბილურობისა და სიახლის საუკეთესო კოქტეილი, ყველაზე დაბალანსებული გუნდი, რომელთანაც სიმეონეს უმუშავია. ამიტომაც იოლია წინასწარმეტყველება, რომ სწორედ მადრიდის ატლეტიკო მოიგებს ამ სეზონის ლა ლიგას.
წინა სეზონის ატლეტიკოს უსუსტესი წერტილები საკმაოდ ნათლად ჩანდა: მარცხენა მცველი, ანტუან გრიზმანის მარტოობა შეტევაში მარიო მანჯუკიჩის დაცემის შემდეგ და სიმეონეს მიერ როტაციის უგულებელყოფა, რის გამოც სეზონს 14-15 ფეხბურთელის კისერზე უწევდა გადავლა. ამ ზაფხულს ყველა პრობლემა მოგვარდა: ფილიპე ლუისი დაბრუნდა. ატლეტიკოს ოთხი ''სასტარტო'' ფორვარდი ჰყავს. დაბრუნდნენ განათხოვრებული ფეხბურთელები, ვისაც თავისუფლად შეუძლიათ გუნდის თამაშში წვლილის შეტანა და ატლეტიკოს გააჩნია ორი ფეხბურთელი ნებისმიერი პოზიციისთვის, რომელთაგან უმეტესობაც ''ძალიან კარგის'' კატეგორიაში გადის, რამდენიმე კი მსოფლიო დონის კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს. სიმეონეს საკუთარ განკარგულებაში საოცრად სრულყოფილი გუნდი ჰყავს.
კარგი შემადგენლობის შერჩევა ბევრ გუნდს შეუძლია, თუმცა ატლეტიკოს მათგან ის განასხვავებს, რომ ამჯერად გუნდი ისედაც ძლიერი შემადგენლობიდან გაძლიერდა. ზედიზედ რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში ისინი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ, თუმცა მხოლოდ დანაკლისის შესავსებად - კურტუა, კოშტა, ვილია, დე ხეა, ფალკაო და სხვა უმაღლესი დონის ვასკვლავები მიდოდნენ და სიცარიელეს ტოვებდნენ. ამჯერად კი ერთადერთი ტოპ დანაკარგი არდა თურანი იყო, რომელიც, რაც არ უნდა კარგი იყოს, ატლეტიკოს სათამაშო სტილისთვის შეუცვლელსა და აბსოლუტურად საკვანძოს არ წარმოადგენდა. ამჯერად ფეხბურთელებს სურთ ატლეტიკოში დარჩენა. დიეგო გოდინს შეეძლო წასვლა, მაგრამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. კოკემ და გრიზმანმა კარგი შემოთავაზებები უარყვეს. სიმეონემ დარჩენა გადაწყვიტა, რამაც ყოველი მხრიდან ტალანტების დაინტერესება განაპირობა.
ატლეტიკო ცნობილია საკუთარი სიხისტით, ორგანიზებული დაცვითა და გაუტეხაობით, თუმცა ტიტულის დასასაკუთრებლად გოლებია საჭირო. ზაფხულის ბრწყინვალე ტრანსფერების შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა აღარ უნდა იყოს. გრიზმანმა წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა პრიმერაში. მარტინესმა ზედიზედ მესამე სეზონში გადააბიჯა 20-გოლიან ზღვარს პორტუგალიაში, სადაც ნაკლებს თამაშობენ. ვიეტომ თავი გამოიჩინა ვილარეალში და თავისუფლად შეუძლია ორნიშნა რიცხვის მიღწევა. ფერნანდო ტორესი კი გაუმჯობესებული და მზადმყოფი ჩანს მომავალი კამპანიისათვის. დაუმატეთ ამას ანხელ კორეა და ის ახალგაზრდები, ვინც უშუალოდ შეტევაში არ ითამაშებს - იანიკ კარასკო, ოლი ტორესი, კოკე და მიიღებთ საკმარის კრეატივსა და გოლებს შემართებასა და თავგანწირვასთან ერთად. და არ გამოგრჩეთ მენეჯერი, რომელმაც ხუთი თითივით იცის ლიგა და მისი მოწინააღმდეგეები, ვისაც შეუძლია თითოეული საკუთარი ფეხბურთელისგან მაქსიმუმის გამოწურვა.
ლა ლიგა კვლავაც რჩება ყველაზე კონკურენტულ ჩემპიონატად, მის მოსაგებად კი ატლეტიკოს თითქმის სრულყოფილი სეზონი სჭირდება მოგებათა მინიმუმ 80%-იანი ნიშნულით. მაგრამ ბოლო რამდენიმე სეზონის წარმატება და ზაფხულში ჩატარებული განგრძობადი სამუშაო მათ სრულ უფლებას აძლევს დაიწყონ ახალი გათამაშება აწეული თავებითა და მაისში ტროფეის აწევის მშვენიერი შანსით.
პ.ს. ზეგ ახალი ლა ლიგა იწყება და ახალი თემაც გავხსნათ რა, თან ას გვერდზე ავედით
შუკერ, აქეთ თუ ხარ და გცალია, ცხადია, შენ უნდა გახსნა

თუარადა გავხსნი მერე და ამ პოსტსაც გადავაკოპირებ, იყოს ბარემ ახალ თემაშიც