სამხრეთი VS ჩრდილოეთი
"იუვენტუსის" მიმართ ზიზღი ზოგადად ჩრდილოელებისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს "ნაპოლის" ამჟამინდელი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი:
"ჩრდილოეთიტალიელები სამხრეთელებს ყოველთვის ზემოდან უყურებენ, დასცინიან და ხშირად, ცხოველებს ადარებენ. იქით უკეთესი ცხოვრებაა, მეტი სამუშაო ადგილი და დიდი ხელფასები, აქეთ კი რაღაც ვერ დალაგდა, რაღაც ვერ აეწყო. ქვეყანა ერთიანად უნდა ვითარდებოდეს, დაბალანსეული პოლიტიკა უნდა იყოს, რაც იტალიუაში არ ხერხდება.
ხშირად, სამხრეთელები სამუშაოდ ჩრდილოეთში მიდიან და იქ რთულ პირობებში უწევთ ყოფნა - ეს საპირისპირო აგრესიას იწვევს, რაც ფეხბურთზეც აისახება. კი, ჩვენ გვიჭირს, მაგრამ აი აქ, საფეხბურთო მოედანზე მაინც დაგამარცხებთ - ეს "ნაპოლის" ულტრასების განწყობაა. ხანდახან, ეს მაშინებს, რადგან ტიფოზებს შეუძლიათ 90 წუთი ჩრდილოელთა ლანძღვა-გინებაში გაატარონ.
ჯანსაღ კონკურენციას ვისურვებდი, მაგრამ ახლო მომავალში ეს შეუძლებელია - იტალიაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ისევ დიდი უფსკრულია".
დიდი გამოცდა
ჰოლივუდის სცენარს ჰგავდა ის, რაც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. ტურნირი იტალიაში ტარდება, ეს კი ის პერიოდია, როდესაც "ნაპოლიში" დიეგო მარადონა ბრწყინავს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლს და სამხრეთ იტალიას ღირსება დაუბრუნდა - "ნაპოლი" ბოლო სამ წელიწადში ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს მიაღწია.
მარადონა ნეაპოლის ღმერთია - იქ ის ფანატიკურად, არაამქვეყნიურად უყვართ. მარადონამ დაამარცხა "ინტერი", "მილანი" და ასე საძულველი "იუვენტუსი" - დიეგომ დაამხო ჩრდილოელთა ჰეგემონია; მან მარტომ უპასუხა იმ დაცინვას და დამცირებას, რომელსაც სამხრეთელები ჩრდილოელთა მხრიდან ყოველთვის გრძნობდნენ.
დიეგო ნეაპოლში ყველაფერია, მას ხელისგულზე ატარებენ და წმინდანებს ადარებენ - მარადონა დგას წმინდა იანუარის და წმინდა პაოლოს (ნეაპოლის მფარველი წმინდანები. "ნაპოლის" სტადიონს სულაც "სან პაოლო" ჰქვია) გვერდით და ამ სიტყვებში არაფერია გადაჭარბებული.
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი, ერთმანეთს პირისპირ იტალია და არგენტინა, მატჩი კი არც მეტი, არც ნაკლები, ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" უნდა გაიმართოს!!!
ეს არის დიდი გამოცდა ნეაპოლისთვის და იტალიისთვის - ერთ მხარეს "სკუადრა აძურა", რომელიც ძირითადად ჩრდილოურ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მეორე მხარეს დიეგო არმანდო მარადონა, რომელიც იმ ქალაქში, სადაც თამაში ტარდება, არანორმალურად უყვართ.
მატჩის წინ ნეაპოლი თითქოს გაირინდა - რაღაცის მოლოდინში დადუმდა.
მარადონა ცეცხლზე ნავთს ასხამს და ასეთ განცხადებას აკეთებს:
"მივმართავ ნეაპოლელებს, რომ ნახევარფინალურ მატჩში მხარი არგენტინას დაუჭირონ. თქვენ, წელიწადის 365 დღის განმავლობაში მაიმუნებს გადარებენ, ცხოველებს გეძახიან და მუდმივად დაგცინიან. ისინი ზემოდან გიყურებენ და არაფრად გაგდებენ. დამიჭირეთ მხარი მე და დაუჭირეთ მხარი არგენტინას, სადაც ისევე გულშემატკივრობენ "ნაპოლის", როგორც თქვენ".
ეს იყო სიტყვები, რომელმაც ნეაპოლი ააფეთქა და არა დიეგო მარადონას და არგენტინის სასარგებლოდ. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე, "სტადიო სან პაოლოს" ტრიბუნები იტალიის დროშებით იყო აჭრელებული, გულშემატკივრებს კი ამგვარი შინაარსის ბანერები ჰქონდათ გამოფენილი:
"დიეგო, გვიყვარხარ, მაგრამ იტალია უფრო გვიყვარს" - "მარადონა, შენ ჩვენი გმირი ხარ, მაგრამ სამშობლო ერთია"...
ნეაპოლელების ერთი ნაწილი კიდევ უფრო რადიკალური იყო და თამაშის მსვლელობისას, მარადონას ბურთთან თითოეულ შეხებას სტვენით და ხმაურით ხვდებოდა. ეს იყო ობსტრუქცია, რომელსაც დიეგო საკუთარ ქალაქში უბრალოდ არ ელოდა - ლეგენდარულ არგენტინელს ნეაპოლში ბევრი მტერი გამოუჩნდა და სულ მალე, ქალაქიდან აბარგება მოუწია; 1991 წლის ზაფხულს, მარადონა "სევილიაში" გადავიდა.
ნეაპოლი დღესაც ფეხბურთით ცხოვრობს, ამ ქალაქში დღესაც ვერ იტანენ ჩრდილოელებს, დღესაც სძულთ "მილანი", "ინტერი" და განსაკუთრებით "იუვენტუსი", მაგრამ არის რაღაც, რაც ყველაფერზე მაღლა დგას...
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...i-religiaa.html
მიმაგრებული სურათი