გუშინ ღამით მადრიდის ატლეტიკომ პრიმერაში ახლად აღზევებულ ლას-პალმასთან გრიზმანის გოლის წყალობით სამი ქულა მოიპოვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მადრიდელთა მიერ გატანილი პირველი ჯარიმაა.
კოლჩონეროთა პერიოდული კომბინაციები მომავალ ტურში, სანჩეს პისხუანზე, უკეთესი სანახაობის საწინდრად შეიძლება ჩავთვალოთ, მათ მთავარ შემოქმედს - ოლი ტორესს კი მივულოცოთ ბრწყინვალე თამაში. ნანატრ დებიუტზე იმედები გაამართლა შეცვლაზე შემოსულმა ანხელ კორეამაც, რომლის შეტევაში პირველივე ჩართვა კინაღამ გოლით დასრულდა. ასევე შეცვლაზე შემოსულმა რაულ გარსიამ ათიოდე წუთში მოახერხა, ყველასთვის ეჩვენებინა, თუ რატომ არის კალდერონის ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა თამაშში მისი ჩართვა ლუსიანო ვიეტოს გაცნობის სამომავლოდ გადადების მანიშნებელი გახდა.
წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ გაკვეთილს, რომელიც გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა.
1. Jackson three.ესპანური ''მარკას'' მიერ ატლეტიკოს შემტევი ხაზისთვის შერქმეული მეტსახელი ჯერჯერობით ავანსებს სანახევროდ თუ ამართლებს. მართალია, ანტუან გრიზმანმა გუნდს მოაგებინა, ოლი ტორესი და ანხელ კორეა კი გუნდის მთავარ კრეატიულ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ ჯექსონ მარტინესისა და ფერნანდო ტორესის უფერულობა უკეთესის სურვილს ტოვებს. პირველმა საათის განმავლობაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა და კანარიელთათვის ხიფათს არ წარმოადგენდა, მეორემ კი რამდენიმე დაგვიანებული გადაწყვეტილების შემდეგ ისღა მოახერხა, სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიეღო. როგორც ჩანს, ჯექსონის ხუთეულს სრული დატვირთვით ასამუშავებლად კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ან იქნებ მისი ორი წევრის ვიეტოსა და კარასკოთი ჩანაცვლებაა საჭირო?
2. კანარიელების მშვენიერი სტარტი.სეგუნდა დივიზიონში მეოთხე ადგილის დამკავებელი გუნდისგან, რომლის ბიუჯეტი სულ რაღაც 3 მილიონი ევროა, ცოტა თუ ელოდა მედგარ წინააღმდეგობას ერთ-ერთი უდიდესი ესპანური გრანდის წინააღმდეგ მისსავე მოედანზე. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ითქვას, რომ პაკო ერერას გუნდმა კალდერონზე მორალურ გამარჯვებას მიაღწია და გუშინდელი მატჩისგან მიღებული მომენტუმი მათ მხოლოდ დაეხმარებათ. კანარიელები მშვენივრად იჭერდნენ ბურთს მოედნის ცენტრში, მეორე ტაიმში უშიშრად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და არაერთხელ დაემუქრნენ მასპინძელთა კარს.
2001-02 წლების სეზონის შემდეგ პრიმერაში პირველი ქულ(ებ)ის ჩაწერა კანარიელებს შემდეგ ტურში, ლევანტესთან შეეძლებათ.
3. უძღები შვილის დაბრუნება.გასულ წელს ლონდონური ჩელსის სკამის თითქმის განუყოფელმა სტუმარმა, ფილიპე ლუისმა, გუშინ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ბრაზილიელი მხოლოდ ერთხელ შეცდა დაცვაში (როდესაც დავიდ სიმონმა ჩაწოდების შემდეგ კარს გადააცილა) და უშიშრად ერთვებოდა შეტევაში. მას თავისუფლად შეეძლო საკუთარ ანგარიშზე ასისტის ჩაწერა, ჯექსონი ბრწყინვალე გადაცემას პირველი რომ დახვედროდა, ანდაც მეტოქის საჯარიმოში ორი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ გაკეთებულ გამჭოლ პასს ადრესატი დახვედროდა. ფილიპემ მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ და გაამართლა პრეზენტაციის დროს დანაპირები - გულშემატკივრის გულს სიტყვებით კი არა, თამაშით მოვიგებო.
ალბათ უკვე შეგვიძლია, სიკეირას პორტუგალიისკენ დავულოცოთ გზა.
4. რა ხდება ჰაერში?საკმაოდ მოულოდნელად, ატლეტიკოს მთავარი პრობლემა მეტოქის ჩაწოდებებისა და სტანდარტული მდგომარეობის მოგერიება გახდა. გასული წლის მეორე სართულის მბრძანებლებს გამოეპარათ არა მხოლოდ სიმონის, არამედ ჟონატან ვიეირასა და არტილესის დარტყმებიც (ბრიტანელ მეცნიერებს კვლავაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა იან ობლაკმა ამ უკანასკნელი ბურთის აღება). არტილესი 83-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაემუქრა ატლეტიკოს გამარჯვებას, მაგრამ კვლავ არაზუსტად.
თუ სიმეონეს სევილიასთანაც გამარჯვება სურს, აუცილებლად მოუწევს საკუთარი გუნდის დაცვითი სისტემის გადასინჯვა.
5. იმაზე ჯიუტი, ვიდრე გვგონია.ატლეტიკოს ლიდერთაგან ერთადერთი, ვისზეც შეიძლება თქმა, რომ თამაში გუშინ არ წაუვიდა, კოკეა. ატლეტიკოს მთავარი ტალანტი და გუნდის მამოძრავებელი ძალა გუშინ წინა სეზონისთვის დამახასიათებელ, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, არადა სიმეონემ ზაფხულში განაცხადა, მისი ცენტრში გადაწევა გადაწყვეტილი ამბავიაო. იმის მიუხედავად, რომ გაბიმ ორი წლის წინანდელი თამაში გაიხსენა, ტიაგუს კი 34 წელი სრულებით არ ეტყობა, მათგან რომელიმეს დროებით სკამზე გადაჯდომა აუცილებლად უნდა მოუწიოს, თუ ელ ჩოლოს კოკეს შესაძლებლობათა სრული პაკეტის ხილვა სწადია.
http://mundo.ge/ef/298-jackson-three.htmlაქაც დავაგდებ ხოლმე, თუ წინააღმდეგი არ ხართ ვინმე
მიმაგრებული სურათი