2011 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მილანში გამგზავრების წინა ვარჯიშზე, პეპმა ფეხბურთელებს ცენტრში უხმო. უკვე მეოთხე წელი იყო, რაც გვარდიოლა "ბარსელონას" ედგა სათავეში. მას უნდოდა, ფეხბურთელებისთვის გაენდო საიდუმლო, რომელსაც ის, ტიტო ვილანოვა და გუნდის ექიმი ბიჭებს უმალავდნენ, მაგრამ სიტყვები ვერ შეარჩია. ღელავდა, გრძნობდა, რომ უჭირდა. საბოლოოდ, მიხვდა, რომ მიედ-მოედებოდა, ვერაფერს ამბობდა და განზე გადგა. მისი ადგილი ექიმმა დაიკავა, პეპი კი მიწას ჩააშტერდა და ხელით წყლის ბოთლს დაუწყო წვალება - ეს ბოთლის ხმის ჩასაწმენდად და მნიშვნელოვან საკითხებზე სალაპარაკოდ აქამდე ყოველთვის ადგებოდა.
ექიმმა ბიჭებს აცნობა, რომ ტიტო ვილანოვა, პეპის ასისტენტი, მარჯვენა ხელი და უბრალოდ ახლო მეგობარი საავადმყოფოში უნდა დაწოლილიყო, რათა გლანდიდან სიმსივნე მოეკვეთათ. შესაბამისად, ვილანოვა გუნდთან ერთად იტალიაში ვერ გაემგზავრებოდა. ორი საათის შემდეგ "ბარსას" გაოგნებულმა ფეხბურთელებმა ქალაქი დატოვეს. ფიქრებში ღრმად ჩაყვინთული პეპი ცალკე იყო, ჯგუფს არ ეკარებოდა. "სან სიროზე" "ბლაუგრანამ" 3:2 გაიმარჯვა და ცხრილში პირველ ადგილზე გამყარდა. ეს გახლდათ შეხვედრა დაცვის გარეშე. რატომღაც, ორივე გუნდმა აქცენტი მხოლოდ შეტევაზე გადაიტანა და როგორც ერთ, ასევე მეორე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა. გამარჯვების მიუხედავად, პეპი უკმაყოფილო, უფრო სწორად კი დარდიანი იყო.
მილანში გამარჯვების შემდეგ "ბარსელონა" მადრიდში გაემგზავრა, სუსტ "ხეტაფესთან" სათამაშოდ. მოდუნება არ შეიძლებოდა. "ბლაუგრანას" ის თამაში აუცილებლად უნდა მოეგო და გამარჯვება ნაოპერაციები ვილანოვასთვის მიეძღვნა, მაგრამ...
გვარიან სიცივეში, სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების წინაშე პეპის გუნდმა 1:0 წააგო. "ბარსამ" არეულად და უშნოდ ითამაშა, რაც დიდებული ფეხბურთის მქადაგებელი გუნდისა და მისი მწვრთნელისთვის, რასაკვირველია, სერიოზული გამოწვევა გახლდათ. გვარდიოლას სამი ქულის დაკარგვაც აღელვებდა. "ხეტაფესთან" დამარცხებამ ცხრილში გაართულა მდგომარეობა, - იმავე ტურში "რეალმა" მადრიდულ დერბიში, "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" 4-1 მოუგო

და ხუთი ქულით დაწინაურდა.
წარმატებასა და ტიტულებს დანატრებული "სამეფო გუნდი" ცხადია, ამიერიდან ყველა ღონეს იხმარდა, რათა ასეთი უპირატესობდა ხელიდან არ გაეშვა და ვინ იცის, ამით "კამპ ნოუზე" გვარდიოლას ეპოქა დასრულებულიყო კიდეც, მაგრამ..
რა დიდი მიხვედრა უნდოდა, რომ ცხრილი და ქულები მწვრთნელის დადარდიანების მთავარი მიზეზი არ იყო. 2011 წლის 27 ნოემბერს, მადრიდიდან ბარსელონასკენ გამოფრენილ თვითმფრინავში "ბლაუგრანას" წევრები შეშფოთებულები უყურებდნენ გვარდიოლას. არასდროს ენახათ ის ასეთი დადუმებული, ჩამომხმარი, თავჩაქინდრული... მის გვერდით ცარიელ სავარძელში ვერავინ ბედავდა ჩაჯდომას, რადგან ის ტიტო ვილანოვას ადგილი იყო.
"პეპი "ბარსელონადან" არსად უნდა წასულიყო. ნუთუ თავს სადმე უკეთესად იგრძნობს, ვიდრე შინ?" - თქვა სერ ალექს ფერგიუსონმა გვარდიოლას შესახებ, მაგრამ ვინ იცის, დიდ შოტლანდიელ მწვრთნელს "ბარსას" თავკაცის იმდღევანდელი მარტოობა რომ ენახა, იქნებ სულ სხვანაირად შეეფასებინა უმცროსი კოლეგის გადაწყვეტილება.
ტიტო ვილანოვა სხენებული ოპერაციის შემდეგ, ერთ ხანს მომჯობინდა. მან 2014 წლამდე იცოცხლა, ასე რომ გვარდიოლას 2011-ის ნოემბერში გლოვის მიზეზი თითქოს არ ჰქონდა, მაგრამ ვილანოვას დაავადებამ მის გარშემო სამყარო შეცვალა - მის მხრებზე პასუხისმგებლობამ იმატა, უწინდელთან შედარებით გაცილებით მეტი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო, ახლა მხოლოდ მას უნდა გაეკვალა ყველა ჯურისა და სიმძაფრის კრიზისიდან თავის დაღწევის გზები, სამსახური მეტ და მეტ საათებს ითხოვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოჯახს უფრო ცოტა ხნით ხედავდა...
ეჭვი, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული გვარდიოლას გულს უღრღნიდა, ძლიერდებოდა და ბორისოვის "ბატესთან" შეხვედრის შემდეგ, მან სუბისარეტას და კლუბის პრეზიდენტ - სანდრო როსელს გამოუცხადა, რომ კიდევ ერთ სეზონს ვეღარ გაძლებდა, საამისოდ ძალ-ღონე აღარ ჰყოფნიდა.
"თუ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დამიწყებთ ლაპარაკს, ჩემი პასუხი იქნება "არა"!" - თქვა პეპმა ისეთი განცდით, რომ ყველასთვის ყველაფერი აშკარა გახდა.