ბუფონი - ნათლია ხელთათმანებში

ლურჯ მაისურებში გამოწყობილი, პოგოს მოცეკვავე და თეთრ ზოლებზე მხიარულად მომღერალი თანაგუნდელებით გარშემორტყმულ ჯანლუიჯი ბუფონს ორიოდე წამით თვალი რომ დაეხუჭა ბერნაბეუს გასახდელში, იოლად შეძლებდა დროში მოგზაურობას. ფერები, ატმოსფერო და სიმღერაც კი 2006 წლის ბერლინის ანალოგიური იყო. იუვენტუსი იმ ქალაქში ბრუნდება, სადაც იტალიამ უკანასკნელი მსოფლიო თასი მოიგო, ბუფონისთვის კი პარალელები ამაღელვებელი და ენიგმატურია.
ცოტა თუ გამოხატავს საკუთარ გრძნობებს საფეხბურთო სამყაროში ზუსტად ისე, როგორც ბუფონი. როცა ის იტალიის ეროვნულ ჰიმნს მღერის, რაც მას უკვე 147-ჯერ მოუწია, საკუთარ ემოციებს მთლიანად აძლევს თავს. როცა ის ზეიმობს, როგორც ეს გუშინდელი მატჩის დასასრულს გააკეთა, ის ისეთი მძვინვარე გრაციით ყვირის და იქნევს მუშტებს, რომ აუცილებლად მოსწყვეტდა ტაშს ლა-სკალაში შეკრებილ პუბლიკას.
''ჩვენ მთელი გულით გვინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა" - განაცხადა მან მოგვიანებით. თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ სენტიმენტალურ მოგონებას, რომელსაც ბერლინი მასში აღძრავს, იოლი გასაგებია, თუ რატომ. 'ბედისწერა'' იყო ის სიტყვა, რომელმაც მის თავში პირველად გაიელვა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში შესაბამისი ტვიტი დატოვა - “Da Berlino alla B.....dalla B a Berlino!!!!! questa è la vita!!” (ბერლინიდან სერია B-მდე, სერია B-დან ბერლინამდე - ასეთია ცხოვრება).
ბუფონის ისტორიიდან ამ თავის ამოშლა შეუძლებელია. ეს არ არის ისტორია უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე, ეს არის ამბავი მსხვერპლშეწირვაზე, რომელიც ჯიჯიმ იმ დროს გაიღო, როცა მისი გუნდი ყველაზე მძიმე პერიოდს განიცდიდა. 2006 წლის ზაფხული იტალიის ნაკრებისთვის კოშმარულად დაიწყო - კალჩოპოლის სკანდალის ეპიცენტრში, გამოაშკარავებული მაქინაციებით აღშფოთებული ფანები აძურის წევრებს უსტვენდნენ, იუვენტუსს კი სერია B-ში დაქვეითება ემუქრებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, პარადოქსულ არეულობაში მოხვედრილმა ბუფონმა საკუთარ გუნდთან ერთად დაუმარცხებლად განვლო ჩემპიონატი და ოქროს მედლის მოპოვებით ფანების გულიც ხელახლა მოიგო. იტალიის ნაკრების გასახდელში შექმნილმა ერთობის მენტალიტეტმა ყველა შეტევას ღირსეულად გაუძლო.
მაგრამ საერთაშორისო ფეხბურთის უპრესტიჟულესი ჯილდოს მოპოვებიდან სულ მალე ბუფონს სერია B-ში მოუხდა იუვენტუსის კარის დაცვა. ზებრებმა სეზონი რიმინიში გახსნეს - მცირე პროვინციულ გუნდთან, რომელიც იმ პერიოდისთვის სულ 3396 ფანს მოითვლიდა, კარებს უკან აღმართული სტენდები კი ჩამოშლის პირას იყვნენ. მისი ყოფილი თანაგუნდელებიდან ბევრმა ჩაძირული გემიდან წასვლა არჩია - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა და ფაბიო კანავარო ევროპულ გოლიათებში გადაბარგნდნენ. ალესანდრო დელ პიერო და პაველ ნედვედი დარჩნენ, მაგრამ მობერებული ვარსკვლავების კარიერის პიკი უკვე ჩავლილი იყო.
სამაგიეროდ 28 წლის ბუფონი იყო კარიერის პიკში. მან განაცხადა, რომ დარჩებოდა კლუბშI იქამდე, სანამ კლუბი ხელახლა არ დაიბრუნებდა საკუთარ ადგილს. სერია B-ში დაქვეითების, წარსული ჩემპიონობის ჩამორთმევისა და კალჩოპოლის სირცხვილის გამანადგურებელი ეფექტის მიუხედავად, იგი არასოდეს დაეჭვებულა იმაზე, თუ სად სურდა ყოფნა. ''ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს", - თქვა ბუფონმა - ''კლუბში დარჩენა და მადლიერების ასე გამოხატვა ჩემთვის ერთადერთ სწორ საქციელად მოსჩანდა".
არადა, ამ დროისთვის კარგა ხნის ჩავლილი სულაც არ იყო დეპრესიის ის ხანა, რომელიც კაპიტანს 2003-2004 წლებში ტანჯავდა. ამ პერიოდს მოგვიანებით მან ''შავი დრო" უწოდა და აღიარა, რომ დახმარების გარეშე მას თავს ვერ დააღწევდა. როდესაც უყურებ ბუფონის სხეულის ენას, სავსეს დომინანტური ხასიათითა და დამაჯერებელი მოქმედებებით, კიდევ უფრო რწმუნდები, რომ ამგვარი პრობლემების მიმართ არავინაა მოუწყვლადი.
''გულშემატკივარს ოდნავადაც არ აინტერესებს, როგორ ხარ. ისინი აღგიქვამენ, როგორც ფეხბურთელს, კერპს, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ გაგაჩეროს და გკითხოს, როგორ ხარ. მე ვერ ავიღებდი თუნდაც ორთვიან შესვენებას ფეხბურთიდან სამკურნალოდ, რადგან ეს დასასრული იქნებოდა. დაბრუნების შემდეგ ყოველი ვერაღებული ბურთის, ნებისმიერი დაშვებული შეცდომის გამო იმ დროს აუცილებლად შემახსენებდნენ. უბრალოდ ვერ მივცემდი თავის იმის უფლებას, რომ ორი ან სამი თვით წავსულიყავი უკეთესად გასახდომად, მაგრამ ფსიქოთერაპევტთან სეანსები ძალიან დამეხმარა".
ახლანდელი ბუფონის თამაშის ყურებისას, მოედანზე მისი ავტორიტეტით გაჯერებული ქცევის დაკვირვების დროს, რთულია იმის ვარაუდი, თუ რა მოხდებოდა, დეპრესია რომ არ დაეძლია. მაგრამ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე უეცრად გააანალიზა, რომ უკეთ გრძნობდა თავს. შერისხული იკერ კასილასის გარდა ახლა ის ერთადერთია, ვინც არაფრად აგდებს 37 წლის ვეტერანულ ასაკს და ერთპიროვნულად ლიდერობს საკუთარ გუნდს. გუშინ ღამე რონალდოს პენალტის გარდა ჯიჯი ყველა ბურთს ადგილზე დახვდა. პარმაში დებიუტიდან 20 წლის შემდეგ იგი ჯორჯ ვეასა და რობერტო ბაჯოს ნაცვლად გარეთ ბეილისა და ქარიმ ბენზემას დარტყმულ ბურთებს იგერიებს, თამაშის ბოლოს კი ჩვეულად ძაბავს სხეულს და დამსახურებულ გამარჯვებას მრისხანე ყვირილით აღნიშნავს.
ბუფონის ბრწყინვალების პიკის ეპოქაში არაერთხელ დასმულა კითხვა, თუ ვინ იყო საუკეთესო მეკარე - იტალიელი თუ კასილასი, პეტრ ჩეხი, ედვინ ვან დერ სარი. ბოლო წლებში წამოზრდილმა საუცხოო მეკარეებმა - ტიბო კურტუამ, მანუელ ნოიერმა, დავიდ დე ხეამ - ეს კითხვა კიდევ უფრო რთულად საპასუხო გახადეს, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი ყველაფრის მიუხედავად რჩება ''ნათლიად ხელთათმანებში". ბევრია მსურველი, მცირე - ღირსეული. მაგრამ არავის შეუძლია იდავოს ბუფონის წინააღმდეგ.
ერთადერთი, რაც ბუფონის ტიტულთა შთამბეჭდავ სიას აკლია, ჩემპიონთა ლიგის მედალია. ბუფონს მოუწევს შეაჩეროს საოცარი ბარსელონური ტრიო ლეო მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის შემადგენლობით. მაგრამ კაპიტანს შეგიძლიათ ყოველთვის ენდოთ - იგი 6 ივნისის ღამეს მთელ თავის სიძლიერეს გამოავლენს. ''ბერლინში ტურისტებად როდი მივდივართ" - თქვა მან. ''თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხარ, თასის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთო".
მადრიდის რეალის ასპარეზობიდან გამოთიშვის შემდეგ ტურინში მთელ ღამეს არ შეწყვეტილა მანქანათა სირენების ხმა. იუვენტუსისთვის ევროპის ელიტარული გათამაშების ფინალში გასვლა უბრალო გამარჯვებაზე მეტია - ეს პრობლემების, სკანდალებისა და კალჩოპოლისგან გამოჯანმრთელების სიმბოლოა. შინ 4 სკუდეტოს ერთი ამოსუნთქვით მოგების შემდეგ იტალიელები ამტკიცებენ, რომ ევროპაშიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. მათი მოდერნიზებული სტადიონი სამაგალითოა მთელ იტალიაში. ევროპული ტიტული ახლა ყველაფერს ნიშნავს.
ბუფონს ეს ყველაზე კარგად ესმის. 2001 წელს მასში სარეკორდო 100 მილიონი ლირის გადახდა ყველაზე ჭკვიანური ტრანსფერი აღმოჩნდა ბიანკონერისთვის. კაპიტანი უეჭველად ღირს მასში გადახდილი თითოეული ლირა.
და ცოტა მეტიც.