ოთხი გენიალური ნაბიჯი, რომლითაც დიეგო სიმეონემ ატლეტიკოს სეზონი შემოაბრუნალა ლიგაში ბარსელონასგან 8 ქულის დაშორების აღმოფხვრასა და პსვ-სთან უგოლო ფრეების შემდეგ ბარსელონასთან დრამატულ ორმატჩიან დუელში გამარჯვებებს შორის ატლეტიკოს სეზონის დასკვნითი მონაკვეთი სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა სრული შემობრუნება. შემობრუნების მთავარი მიზეზი კი დიეგო სიმეონეა, რომელმაც ოთხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რამაც ატლეტიკოს დაბრუნება გამოიწვია.
1. შეტევის გაუმჯობესება სტილის ცვლილებითატლეტიკოს დაცვა ადრეც ისეთივე მყარი იყო, როგორიც ახლაა, თუმცა მათ დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლოთ მეტოქეთა ასევე სოლიდური დაცვის დალევა და გოლის გატანა. ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6-ში მათ სამი ან მეტი გოლი გაიტანეს, როცა წინა 26 სალიგო დაპირისპირებაში ამგვარი შედეგი მხოლოდ სამ მატჩში მოეხერხებინათ.
დიეგო კოშტას ჩელსიში გადაბარგების შემდეგ ატლეტიკოს დაკარგული ჰქონდა ელვისებური კონტრშეტევები, რომელზეც 2013-14 წლის საჩემპიონო გუნდის თამაში იყო აწყობილი. მარიო მანჯუკიჩი და ჯექსონ მარტინესი არ აღმოჩნდნენ კოშტას ზუსტი შემცვლელები. კოშტას სწრაფი გაქცევებიდან თარგეთ მენზე თამაშის გადაწყობა ზოგჯერ მუშაობდა, ზოგჯერ კი - არა. შეტევის არამდგრადობა საბოლოო ჯამში ატლეტიკოს ჯამურ არასტაბილურობას იწვევდა.

თუმცა ფერნანდო ტორესის მიერ დროის ბორბალის უკუღმა დატრიალებამ ყველაფერი შეცვალა. მსგავსად კოშტას საუკეთესო ფორმისა, ელ ნინიო ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც საკუთარი ამოუცნობი მოძრაობითა და საწყისი აჩქარებით მეტოქის დაცვის დაბნევა და ბურთის საკუთარ თავზე მიღება შეუძლია. წლების განმავლობაში მას საკუთარი ფორმა დაკარგული ჰქონდა, თუმცა სიმეონეს ხელში მან შეძლო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და დიდი, მნიშვნელოვანი გოლების გატანა, როდესაც ეს გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ელ ნინიომ თებერვლის შემდეგ ჩატარებულ 9 სალიგო თამაშში 6 გოლი გაიტანა. ატლეტიკომ საბოლოოდ შეძლო თავისი ძველი სიძლიერის დაბრუნება. ამისთვის უფრო მეტად შესაფერის დროზე ვერც ერთი კოლჩონერო ვერ იოცნებებდა.
2. მეტი თავისუფლება კოკეს რა თქმა უნდა, ვიღაცამ უნდა მიაწოდოს საბოლოო პასი ტორესს. 2013-14 წლების სეზონის მსგავსად, ამ როლის შესრულება კვლავაც კოკეს მოუწია. 13 ასისტი ატლეტიკოს აკადემიის პროდუქტს ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტად აქცევს. ორი წლის წინ მას ასევე 13 ასისტი ჰქონდა, თუმცა კოკეს ახლა ხუთი მატჩი აქვს დარჩენილი შედეგის გასაუმჯობესებლად.
ამ ასისტების უმრავლესობა (7) ატლეტიკოს ბოლო 7 სალიგო თამაშში გაიცა და გუნდის ფორმის ასეთი ამაღლების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს ასისტებია. 24 წლის ნახევარმცველი სეზონის უმეტესობას ნახევარდაცვის სიღრმეში ან ფლანგზე გარიყული ატარებდა, თუმცა სიმეონემ მას როლი შეუცვალა და ერთგვარ 10 ნომრად გადააქცია, რომელიც ფორვარდების უკან მოქმედებს.

ატლეტიკოს მთავარ ასისტენტს ახლა მოქმედების თავისუფლება აქვს - იმ შემთხვევაში, თუ ის მეტოქის მოედანზე მიიღებს ბურთს, იგი სწრაფად ახერხებს ტორესისა და ანტუან გრიზმანის მოძებნას. იმ შემთხვევაში, თუ ატლეტიკოს შეტევა უფრო სტატიკური ხასიათისაა, კოკეს შეუძლია ფლანგზე გადაინაცვლოს და სივრცეები გამოათავისუფლოს. დაცვითი ფუნქციებისგან კოკეს გათავისუფლებით და მისი მოქმედების არეალის ზემოთ აწევით სიმეონემ, როგორც ჩანს, მისი ყველაზე კრეატიული ნახევარმცველის სწრაფი აზროვნების გამოყენების საუკეთესო ფორმულა აღმოაჩინა.
3. აუგუსტო ფერნანდესის ტრანსფერისატრანსფერო ბაზარზე ატლეტიკოს აქტიურობამ საბოლოო ჯამში გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგები გამოიწვია. ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენს კი ზამთარში გადმობირებული აუგუსტო ფერნანდესი წარმოადგენს, რომელიც სიმეონესთან 2008 წელს, რივერში მუშაობდა. ის თანამშრომლობა კლაუსურას ტიტულით დამთავრდა.
30 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალეა ართმევებში, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ატლეტიკოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პრესინგსა და მოედნის ხაზის მეტოქის ნახევარზე გადატანაში. რასაკვირველია, ატლეტიკო ამას აუგუსტოს გარეშეც აბამდა თავს, მაგრამ შეუდარებელია აუგუსტოს მოქმედება მას შემდეგ, რაც იგი ბურთს მოიპოვებს.
ბურთის მოპოვებისთანავე აუგუსტოს პირველ საფიქრალს წარმოადგენს ის, თუ როგორ გადაიტანოს იგი კიდევ უფრო წინ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება სახიფათოდ. მარსელო ბიელსას აზროვნების მქონე ედუარდო ბერიცოს სტილი არგენტინელს აშკარად ახასიათებს. აუგუსტომ მოახერხა ატლეტიკოს რიტმის შეცვლა, რამაც ტემპის აჩქარება და სახიფათო კონტრშეტევების სიმრავლე გამოიწვია. არც ისაა შემთხვევითი, რომ გაბის ბოლოდროინდელი ბრწყინვალე ფორმა აუგუსტოსთან ერთად თამაშს დაემთხვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, აუგუსტო თავად სიმეონემ დაახასიათა ბრწყინვალედ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში: "აუგუსტო თამაშს უფრო შეტევითი აზროვნებით კითხულობს, ვიდრე დაცვითით". ისეთი ჩამშლელის ყოლა, რომელიც შეტევაზეა ორიენტირებული, ატლეტიკოს იღბლიან გუნდად აქცევს. აუგუსტომ მოიტანა რაღაც, ატლეტიკოს სხვა ჩამშლელი ნახევარმცველებისთვის აბსოლუტურად არადამახასიათებელი.
4. მეტი ნდობა ახალგაზრდებსპარადოქსია, მაგრამ ატლეტიკოს აღმასვლა იმ დროს დაემთხვა, როდესაც მათ ცხრილში ვარდნას უფრო იოლად უწინასწარმეტყველებდნენ, ვიდრე მეორე სუნთქვის გახსნას.
მარტის ბოლო კვირაში წითელ-თეთრებს ტრავმების კრიზისმა უწიათ. სტეფან სავიჩის, დიეგო გოდინისა და ხოსე მარია ხიმენესის თანადროული დაკარგვა ატლეტიკოსთვის ალბათ იმავე სიმძიმის დარტყმა იყო, რასაც ბარსელონა განიცდიდა, თავისი ცნობილი ტრიდენტე რომ დაეკარგა. ატლეტიკოსთვის ხომ მყარი უკანა ხაზის ქონა ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც - ბარსელონასთვის გამანადგურებელი შეტევა.
მაგრამ სიმეონემ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება შეძლო და ეს ბრწყინვალე სვლით მოახერხა. მანამდე არსებულ მსგავს სიტუაციაში მწვრთნელმა საულ ნიგესს სთხოვა ცენტრალური მცველის როლის შესრულება, თუმცა ამჯერად იგი საკუთარ ახალგაზრდა მცველებს დაეყრდნო. აგვისტოსა და თებერვალს შორის 20 წლის ლუკას ერნანდესს ატლეტიკოს მაისურით მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა ჩატარებული.
ეს ნამდვილი ლატარეა იყო, მაგრამ ბუნებით ცენტრალურ მცველზე დაყრდნობამ საბოლოოდ გაამართლა. ახალგაზრდა ფრანგი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ვალენსიასთან, ბეტისსა და ესპანიოლთან (რომ არ გავიხსენოთ ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩები), გრანადასთან კი შეტევაშიც ჩაერთო და კოკეს პირველ გოლზე ასისტენტობა გასწია. ნდობა გაამართლა ასევე აკადემიიდან მოწვეულმა ნაჩო მონსალვემაც. როგორც ჩანს, ხოსე მარია ხიმენესი ატლეტიკოს ერთადერთი ახალგაზრდა არაა, რომელსაც სამომავლოდ დიდი მცველობის პერსპექტივა გააჩნია.

მოედნის მეორე მხარეს ანალოგიური სიტუაცია გვაქვს 21 წლის ანხელ კორეასთან დაკავშირებითაც. იგი თანდათანობით დიეგო სიმეონეს მთავარი დასაყრდენი გახდა შეტევითი ცვლილებების განხორციელებისას. ახალგაზრდა ფორვარდმა ატლეტიკოს ბოლო ხუთ სალიგო თამაშში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელს დრო უქმად არ დაუკარგავს, რაკი ამ პერიოდში ოთხ გოლში საკუთარი წვლილის შეტანა მოახერხა. მარტივად რომ ვთქვათ, ანხელ კორეა თამაშში ერთვება მაშინ, როცა დიეგო სიმეონეს მეტოქის კუბოში ლურსმნის საბოლოოდ დაჭედება სურს.
სეზონის გადამწვეტ ფაზაში შესვლის წინ სწორედ ახალგაზრდებს შორის არსებული კონკურენცია და მებრძოლი სული შეძლებს, შეuნარჩუნოს ატლეტიკოს საკმარისი ძალა და ენერგია ოცი წლის წინანდელი ფენომენალური სეზონის გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში.
This post has been edited by Darker Side on 20 Apr 2016, 17:15