misha20123
The Truth Has Set Me Free

        
ჯგუფი: Members
წერილები: 88184
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10
|
#44739166 · 29 May 2015, 22:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სრული სურათის შესაქმნელად, ციურიხში განვითარებულ მოვლენებს, სჯობს ქრონიკის სახით მივყვეთ.
* გახსნით სიტყვაში, ბლატერმა სთხოვა ფიფას წევრ-ორგანიზაციებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცედურებს და არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდეს. მას სიტყვა რამდენიმე პალესტინელმა ქალმა შეაწყვეტინა, რომლებიც ფიფას მიერ ისრაელის დასჯას ითხოვენ, მათი აზრით, პალესტინური ფეხბურთის დისკრიმინაციისათვის. ისინი დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.
* ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტმა მარკო პოლო დელ ნერომ წინა დღეს ციურიხი დატოვა, რის მიზეზს არ ასახელებენ. არადა, ის ფიფას აღმასკომის წევრია და მას მონაწილეობა უნდა მიეღო ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში.
* პრეზიდენტად არჩევისათვის თითოეულ ფედერაციას ერთი ხმა აქვს. კენჭისყრა ფარულია. პირველ ტურში გამარჯვებისათვის კანდიდატმა ხმათა 2/3 უნდა მოაგროვოს, მეორე ტურში კი ხმათა უბრალო უმრავლესობა. რაც შეეხება კონფედერაციებს, ხმათა რაოდენობა ასეთია: ევროპა 53, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკა და კარიბის ზღვა 35, აფრიკა 54, აზია 46, სამხრეთ ამერიკა 10 და ოკეანია 11. პროგნოზების მიხედვით ბლატერი მხოლოდ მეორე ტურში მოახერხებს გამარჯვებას.
* ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კორუფციაში ბრალდებული და დაპატიმრებული ჯეკ უორნერი ციურიხის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
* ფიფას პრეზიდენტის ქალიშვილმა კორინამ დარწმუნებით თქვა ჟურნალისტებთან საუბარში, რომ მამამისი კორუფციონერი არ არის და ხალხმა ფიფას ჩინოსნები და პრეზიდენტი ერთმანეთისგან უნდა გაარჩიონ, მაგრამ არ უნდათო. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არავინ არასოდეს იტყვის "დედაჩემი ბოზიაო".
* ბრიტანელმა ჟურნალისტმა ენდრიუ ჯენინგსმა, ავტორმა წიგნებისა, რომელიც ეხება ფიფასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კორუფციას, ამაყად განაცხადა, FBI-ს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტები მე მივაწოდე, რაც ფიფას ჩინოსანთა დაჭერის მიზეზი გახდა და სულ მალე ზეპ ბლატერის რიგი დადგებაო.
* ბელორუსიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა მხარი ალი ბინ ალ-ჰუსეინს დაუჭიროს და არ იზიარებს რუსეთის პოზიციას, რომელიც ზეპ ბლატერის მომხრეა.
* ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შეფმა გრეგ დაიკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უეფას, თუ ზეპ ბლატერს ისევ აირჩევენ ფიფას პრეზიდენტად, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთის 2018 წლის მუნდიალს და მასში მონაწილეობა არ მიიღონ.
* ზეპ ბლატერმა ფიფას კონგრეზე გამოსვლისას თქვა, რომ კორუფციაში ამ ორგანიზაციის წევრთა მცირე ჯგუფია გარეული და ეს არ ნიშნავს მის მთლიანად კორუმპირებულობას და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობას არ აქვს საშუალება მის ყველა ჩინოსანს კუდში სდიოს და ამოწმოს, რას ჩადიან.
* ბლატერმა თავის გამოსვლაში "გარკვეული პოლიტიკური ძალები" დაადანაშაულა ამ ორგანიზაციაში კორუფციის ფაქტების გაბერვასა და ამის გამო ატეხილ აჟიოტაჟში, 2010 წლის კონგრესის დროს რუსეთისა და კატარისათვის მუნდიალების მასპინძლობის უფლება რომ არ მიგვეცა, ახლა ყველაფერი ძველებურად და მშვიდად იქნებოდაო.
* სპეციალური პრეს-კონფერენცია, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დღესვე უნდა გამართულიყო, ხვალისათვის, თბილისის დროით 12:30 საათზე გადაიტანეს.
* ცნობილი ხდება, რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა, რომელთაც ჯამში 25 ხმა აქვთ, შეიძლება ზეპ ბლატერს ხმა აღარ მისცენ. ამის შესახებ ბარბადოსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რენდოლფ ჰარისმა განაცხადა. კარიბელები ბლატერს იმის გამო გაუნაწყენდნენ, რომ მან მხარდაჭერა არ გამოუცხადა მათი რეგიონის ლიდერს ჯეფ უებს, რომელიც ოთხშაბათს დააპატიმრეს.
* ნაშუადღევს ციურიხის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ იმ დარბაზში, სადაც ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, ბომბია ჩადებული. პოლიცია არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას, ამიტომ სხდომა შეწყდა და მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. ჯერ უცნობია, გაგრძელდება დღეს კონგრესი თუ არა.
* შვეიცარიის პოლიცია ფიფას კონგრესების დარბაზში ბომბს ეძებს სპეციალური ტექნიკისა და გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით. კონგრესის მონაწილენი ევკუირებულნი არიან, ხოლო ჟურნალისტები პრეს-ცენტრში იმყოფებიან, რომელიც დარბაზიდან 200 მეტრითაა დაშორებული. მოელიან, რომ მალე ნებას დართავენ და კონგრესის დელეგატები მუშაობას გააგრძელებენ.
* ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ჟურნალისტებს აუწყა, რომ კონგრესის დარბაზში, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი ბომბი არ აღმოჩნდა, ეს ცრუ შეტყობინება გამოდგა და მუშაობა გაგრძელდა.
* როგორც ცნობილი გახდა, მიშელ პლატინიმ კონგრესის წინა დღეს შეხვედრა გამართა კუვეიტის შეიხ აჰმად ალ-საბაჰთან, რომელიც აზიურ სპორტში ყველაზე გავლენიანი პირია, მაგრამ ისე მოჩანდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ის ვერ დაიყოლია აზიას ხმები ბლატერის კონკურენტისათვის მიეცა.
* სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის, კონმებოლის ათივე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ხმას მისცემს ალი ბინ ალ-ჰუსეინს.
* კონგოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტ ომარიმ გერმანია დაადანაშაულა, რომ მათ 2006 წლის მუნდიალის მისაღებად ოკეანიის ქვეყნების ხმები პირდაპირ იყიდეს და ამაზე რატომღაც ხმას არავინ იღებსო.
* გავრცელდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიისათვის უმნიშვნელოვანესია, ფიფაში შეწყდეს კორუფცია, იგი გაიწმინდოს და გამჭვირვალე ორგანიზაციად იქცეს, ხოლო ყველა უკანონო ქმედება გამოძიებულ იქნას და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
* ფიფას კონგრესზე კურიოზული რამ მოხდა. როდესაც ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოწმება მიმდინარეობდა, გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ უმარტივესი კითხვა დასვა - ვინა მსოფლიოს ჩემპიონი? აღმოჩნდა, რომ 209 ხმოსნიდან 10-მა სწორი პასუხი ვერ გასცა.
* ცხარედ მიმდინარეობს პალესტინა-ისრაელის საკითხის განხილვა და როგორც მოსალოდნელი იყო, ფიფამ უარი თქვა ისრაელის გარიცხვაზე და მიიღეს შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც პალიატიურია და საკითხს ფაქტობრივად ღიად სტოვებს.
* გავრცელდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ზეპ ბლატერმა პოსტი უნდა დატოვოს. არ შეიძლება ორგანიზაციაში ამ დონის კორუფცია იყოს და მისი შეფი სრულიად უდანაშაულოც რომ იყოს, კიდევ პრეტენზიას აცხადებდეს ხელმძღვანელობაზე.
* ინგლისელი დევიდ გილი ფიფას აღმასკომის წევრად აირჩიეს, მან ხელი კი ჩამოართვა ბლატერს, მაგრამ როგორც თქვა, ის იმ წუთსვე უარს იტყვის აღმასკომის წევრობაზე, თუ ბლატერს ისევ პრეზიდენტად აირჩევენ.
* თბილისის დროით 18 საათზე ფიფას კონგრესის დღის წესრიგის ყველა საკითხი ამოიწურა და დარჩა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები.
* ფიფას კონგრესების დარბაზში ხმის მიცემის ორი კაბინა დაიდგა, სადაც ხმოსნებს ანბანის მიხედვით გამოიძახებენ. ბრიტანული მედია ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებს, რომ პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას, 140-ს, ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს.
* The Wall Street Journal-ი წერს, რომ ხმის მიცემის პირველ ტურში ბლატერს 119 გარანტირებული ხმა აქვს, ალი ბინ ალ-ჰუსეინს 48, ხოლო 42 ხმა ვისკენ წავა, გაურკვეველია.
* ფიფას კონგრესზე კენჭისყრის დაწყების წინ მოკლე სიტყვები წარმოთქვეს ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატებმა. ალი ბინ ალ-ჰუსეინმა თქვა, რომ ფიფა სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს და საამისოდ პირველი ნაბიჯი ახლა უნდა გადაიდგას, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი სიყვარულითა და ურთიერთნდობით კეთდებაო, ხოლო ზეპ ბლატერმა ბრძანა, რომ "ფიფას რევოლუცია არ სჭირდება, განვითარება ევოლუციის გზით უნდა გაგრძელდეს".
* არგენტინის ტელევიზიამ ზეპ ბლატერის სიტყვით გამოსვლას ტიტრი BLA, BLA, BLATTER დაადო. მომხსენებელმა კი თავისი სიტყვა ასე დაასრულა – არ გემშვიდობებით, ერთი ან ორი საათის შემდეგ ისევ შევხვდებით.
* ფიფას კონგრესზე ხმის მიცემა საათნახევარი გაგრძელდა, თბილისის დროით 20:14 საათზე დასრულდა და დაიწყო ხმების დათვლა.
* ხმის მიცემის პირველი ტურის შედეგები ასეთია: ფიფას მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მიიღო 133 ხმა, ხოლო მისმა კონკურენტმა, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იორდანიის პრინცმა, ალი ბინ ალ-ჰუსეინმა 73 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდა არჩევნებისა მეორე ტურის გამართვა, რადგან პირველ ტურში საჭირო იყო ხმის მიმცემთა 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 140 ხმის აღება. მეორე ტურში გამარჯვებული კი ხმათა უბრალო უმრავლესობით გამოვლინდება, მაგრამ ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ პრინცი ალი მიხვდა, რომ მეორე ტურში შანსი არ ჰქონდა, კანდიდატურა მოხსნა და ამრიგად, ფიფას პრეზიდენტი ისევ ზეპ ბლატერია.
* სამადლობელი სიტყვის თქმისას ბლატერი გახარებული კი იყო, მაგრამ საშინლად ანერვიულებული ჩანდა და რამდენიმე იაღლიში მოუვიდა, თუმცა ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანა. თქვა, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უკაპიტნებს იმ გემს, რომელსაც ფიფა ჰქვია და წინ დიდი და საინტერესო მოგზაურობა ელით. "მორწმუნე ადამიანი ვარ, ქრისტე, ალაჰი, დიადი სული, თუ ვინც იქ, მაღლაა, დაგვეხმარება, რათა ფიფა იმ უმაღლეს პოზიციებზე დავაბრუნოთ, რომელზეც იყო. შემდეგ კი ამ ორგანიზაციას, ძლიერს და გამართულს იმას გადავაბარებ, ვისაც საფეხბურთო საზოგადოება აირჩევს. ასაკში კი ვარ, მაგრამ ყოჩაღად გახლავართ, შრომის წყურვილით ვარ აღსავსე, არ მაქვს იდეალურობაზე პრეტენზია, იდეალური არც არავინ არ არის, ამიტომ ერთად მუშაობის იმედი მაქვს და დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ვულოცავ პრინც ალის მომხრეებსაც, მათ ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავდათ, მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი, განურჩევლად ყველას პრეზიდენტი. წინ, ფიფა!", - დასჭექა ბებერმა ზეპმა და მილოცვების მიღებას შეუდგა.
|