papaani
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5903
წევრი No.: 18769
რეგისტრ.: 29-March 06
|
#50675278 · 1 Jun 2017, 02:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფრანჩესკო ტოტის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
"სამწუხაროდ, დადგა ის დღე, რომელიც მეგონა, რომ არასდროს მოვიდოდა. ბოლო დღეებში იმდენი კარგი ითქვა ჩემზე და იმდენი სითბო ვიგრძენი, რომ ემოციებში ვარ. თქვენ ჩემს მხარეს იყავით და მამხნევებდით რთულ პერიოდში - ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ.
თქვენ მსგავსად, მეც ვტიროდი და ემოციების კონტროლი მიჭირდა - შეუძლებელია სიმშვიდე შეინარჩუნო, როდესაც განვლილ 28 წელს გადახედავ. მადლობა დედას, მამას, ძმას, მთელ ჩემს ოჯახს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს, რომელსაც ბოლო დღეებში ბევრი ვესაუბრე განვლილ წლებზე. მადლობა შვილებს, რომლებიც მუდამ გვერდით მიდგანან. მინდოდა სწორედ მადლობებით დამეწყო, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვის დასრულებას შევძლებ...
შეუძლებელია გადმოსცე რამდენიმე წინადადებით ის, რაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ხდებოდა. შესაძლოა, ამ ყველაფრის გადმოცემას ერთი დიდი პოემაც კი არ ეყოს. პოეზიასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ვერაფერს შეგპირდებით. ჩემი სათქმელი ფეხებით გადმოვეცი - ასე ყოველთვის გაცილებით ადვილი იყო. იცით, რისი თამაში მიყვარდა ყველაზე მეტად ბავშვობაში? - ფეხბურთის და ეს დღემდე ასეა. დღემდე მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა...
თუმცა დგება მომენტი, როდესაც უნდა მიხვდე, რომ გაიზარდე და აღარ ხარ ის პატარა ბიჭი, რომელსაც ერთადერთი რამ უნდა: ითამაშოს ფეხბურთი. სწორედ ამას მეუბნებოდნენ ბოლო თვეებში, ბოლო წლებში და აი, მეც დავნებდი.
დიახ, მომიახლოვდა დრო, მომარტყა მხარზე ხელი და მითხრა, რომ დროა გავიზარდო - მითხრა, რომ როდესაც ხვალ დილას თვალებს გავახელ, უნდა გავიაზრო, რომ უკვე გავიზარდე. მითხრა, რომ უკვე კაცი ვარ და დროა, გავიხადო შორტები, ბუცები და გამოვეწყო ისე, როგორც კაცს შეეფერება. მითხრა, რომ აღარ შემეფერება ამ ასაკში ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ბავშვივით სირბილი, ყვირილი და სიხარული, რომლის დროსაც გონება მებინდება.
ბოლო თვეებში ხშირად მიფიქრია, რატომ ვაპირებ გაღვიძებას, როდესაც საოცარ სიზმარში ვარ... იცით, ეს რას ჰგავს? - ბავშვობაში, კარგ სიზმარს რომ ხედავ და ამ დროს დედა გაღვიძებს და გახსენებს, რომ სკოლაში წასვლის დროა. გინდა შეიბრუნო ძილი და დაბრუნდე ისევ იმ სიზმარში, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია - რომც დაიძინო, იმ სიზმარში ვეღარ დაბრუნდები. ამჯერად, ლაპარაკია ცხადზე და არა სიზმარზე...
ჩემი მიმართვა ეკუთვნით ბავშვებს, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ - იმ ბავშვებსაც, რომლებიც ჩემი თამაშის დროს კაცებად იქცნენ და დღეს თვითონ ჰყავთ შვილები. მინდა ჩემი კარიერა იყოს ზღაპრული ისტორია, რომელსაც ბავშვებს მოვუყვები და ისინიც ინტერესით მომისმენენ. ეს მართლაც იყო ზღაპარი, რომელიც უკვე დასრულდა. ბოლოჯერ ვიხდი ჩემი გუნდის მაისურს და მას აუცილებლად ლამაზად დავკეცავ. მიჭირს იმის თქმა, რომ ყველაფერი დასრულდა - თითქოს, არ ვარ ამისთვის მზად და შესაძლოა, არც არასდროს ვიყო.
მინდა, ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ მთელი ეს პერიოდი ვდუმდი და არ ვადასტურებდი, რომ ბოლო სეზონს ვატარებდი მშობლიურ გუნდში. რთული იყო იმ აზრთან შეგუება, რომ ეს დღე ახლოვდებოდა და ამიტომ თითქოს სიბნელეში გამოვიკეტე - არაფრის დანახვა და არაფრის გაგონება არ მსურდა. შუქი ამინთეს და მითხრეს, რომ ეს დღე დადგა - ვაღიარებ, რომ შეშინებული ვარ და ვგრძნობ, რომ თქვენი მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს.
ეს გრძნობა არაფერს შეედრება - ამასთან მოსატანადაც არ ღირს ის სტრესი, როდესაც კარის წინ დგახარ და გადამწყვეტ თერთმეტმეტრიანს ურტყამ. ამიტომ მომეცით უფლება, მეშინოდეს ამ რეალობის და ნუ ჩამითვლით ამას სისუსტეში. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მჯერა, რომ თქვენთან ერთად უფრო ადვილად დავიწყებ ახალ თავგადასავალს.
ის დროა, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადო მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, კლუბის მესვეურებს და ისევ და ისევ გულშემატკივრებს. არავის ეწყინება, თუ ულტრასებს გამოვარჩევ, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მთელი კარიერა "რომას" შევწირე - მიყვარხართ"...
|