
როგორც კი ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდა, პირველი, რაც მან გააკეთა ის იყო, რომ დანილო სათადარიგოთა სკამზე დასვა, დანი კარვახალი კი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. როგორც ჩანს, ფრანგი მწვრთნელი არ შემცდარა, რადგან მადრიდული გრანდის კანტერანო ბრაზილიელს ყველა ასპექტში სჯობს...
"დეპორტივოსა" და "სპორტინგთან" მატჩებში დანილოს ერთი წუთიც არ უთამაშია. ამ შეხვედრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანი კარვახალი ასპარეზობდა, რომელსაც რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას სათამაშო დრო არცთუ ისე ხშირად ეძლეოდა. კარვახალის სტატისტიკა შთამბეჭდავია: მიუხედავად იმისა, რომ მან წლევანდელ სეზონში დანილოზე 517 წუთით ნაკლები ითამაშა, მისი სტატისტიკა ბრაზილიელისას ბევრად სჯობს. კარვახალს ფლანგიდან ცენტრში ბურთი ხშირად გადააქვს (სათამაშო დროის ყოველ 20 წუთში), ხშირად მიდის მეტოქის მოტყუებაზე (ყოველ 74 წუთში) და ზუსტი პასების უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი აქვს (89%). ასევე, მადრიდული ფაბრიკის აღზრდილი დაცვაშიც ეფექტურია: ის დანილოს მეტოქისთვის ბურთის ართმევებშიც აღემატება და თავის კონკურენტს მხოლოდ გატანილ გოლებში ჩამორჩება, მაგრამ ესპანელმა ბრაზილიელზე ბევრად ნაკლებ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
დანილომ მადრიდისტებისთვის ავადსახსენებელ "ელ კლასიკოში" მიიღო მონაწილეობა და მთელი შეხვედრა ჩააგდო. თუმცა, მან მატჩამდე "რეალთან" ერთად მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა, რადგან ნაკრებიდან კლუბს ტრავმირებული დაუბრუნდა, მაგრამ კარვახალს იმ მომენტისათვის ბარძაყის ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და მოედანზე გასასვლელად მზად იყო.
ზიდანი კარვახალს ენდო და ახლა ესპანელი მცველი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოძებული შანსი გამოიყენოს. დანის მარჯვენა ფლანგზე დაბრუნებით, "რეალი" მხოლოდ დაცვის მარცხენა ფლანგზე დამოკიდებული აღარ არის, სადაც მარსელო თამაშობს. "დეპორტივოსთან" მატჩში მადრიდული გრანდი სათამაშო დროის 32,5% მარჯვენა ფლანგიდან უტევდა (მარცხენა ფლანგიდან 36,9%), "სპორტინგთან" მატჩში კი ეს მაჩვენებელი უფრო გაიზარდა და 39,2%-ს გაუტოლდა (მარცხენა ფლანგიდან 25,1%).
წლევანდელ სეზონში კარვახალმა 13 მატჩში მხოლოდ 974 წუთი ითამაშა. მსგავსი სიტუაცია ლატერალისთვის ახალია, რადგან 2013 წელს "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ ის სეზონში არანაკლებ 40 მატჩს ატარებდა. 2013/14 წლების სეზონში კარვახალმა 45 მატჩი (3370 წუთი) ჩაატარა, 2014/15 წლების სეზონში კი 43 მატჩი (3329 წუთი).