https://leadersport.ge/news/%E1%83%91%E1%83...%83%A0%E1%83%98ხვიჩა კვარაცხელია ბურთისკენ ჯიქურ წავიდა.
- გაიტანს? - მეკითხება აღელვებული მეგობარი. გეგონება, ვიცოდე.
- გაიტანს. აუცილებლად გაიტანს, - ვიწყნარებ თავს.
ბურთი ოსიმენმა აიღო და კვარას მისცა. რაღაც ჯანდაბად გამახსენდა, რომ თამაშის წინ, მოთელვაზე, კარში ყველა რიხიანად არტყამდა, პოლიტანომ კინაღამ ძელი ჩამოაგდო, ხვიჩა კი უღონოდ მომეჩვენა. კინოებში მომისმენია, როცა გეჩვენება პირჯვარი გადაიწერეო. ჰოდა, გადავიწერე.
ბოლოს და ბოლოს რომელი მწვრთნელი მე ვარ მოთელვაზე დანახული ერთი-ორი დარტყმით შევაფასო თამაშის დროს ვინ გაიტანს და ვინ ვერა. სამწუხაროდ, ვერ გაიტანა.
- უუუ! - ამოიგმინა სტადიონმა და… ათი წამის წინ გამამხნევებელ სიმღერას რომ გუგუნებდა,
ის განაგრძო. სადაც შეწყვიტა, იქიდან. ყურებს არ ვუჯერებდი. ლურჯ დროშებსა და პლაკატებს აფრიალებდნენ და ერთხმად, მთელი ხმით მღეროდნენ. მე კი მეგონა ხვიჩას გინებას დაუწყებდნენ, დაიბოღმებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ოღონდ,
აქ ერთი უნდა დავძინო. ასე ხვიჩას გამო კი არ მოიქცნენ, არამედ იმიტომ, რომ ქომაგები
არიან და თავიანთ გუნდს ამხნევებენ.
ბასტა! სხვა მიზეზი არ არსებობს. ხვიჩას ადგილას მისი თანაგუნდელი რომ ყოფილიყო, ასევე მოიქცეოდნენ. ნეაპოლელი გულშემატკივარი სტადიონზე ბრძნული დასკვნების გასაკეთებლად არ დადის — ასე უნდა დაერტყა და ისე უნდა დაერტყა.
სტადიონზე მას თავისი ძალიან კონკრეტული საქმე აქვს და ეს საქმე ლურჯმა ლაშქარმა საუცხოოდ შეასრულა.
ხვიჩას კი ნეტავ არ დაერტყა. მესმის, რომ უკან დამხევი ბიჭი არ არის, ეს ძალიან კარგი თვისებაა;
ისიც ვიცი, რომ პენალტი უდიდეს ფეხბურთელებს ვერ გაუტანიათ;
ისიც, რომ ამ ერთი ვერ-გატანით ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ… რა ვქნა, აგერ, თქვენს წინაშე ვდგავარ და ალალად ვამბობ: მერჩივნა სულ არ მისულიყო ბურთთან. მითუფრო, რომ ვისაც უნდა ნუ დამეთანხმება და კვარა თავის გუნდში საუკეთესო იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
image
მილანთან შეხვედრის მეორე ნახევარში ვერავინ იტყოდა ხვიჩას პასს არ აძლევენო. მგონი პირიქით, სულ ხვიჩას აძლევდნენ ბურთს და ისიც მაქსიმუმს აკეთებდა — არ კარგავდა, მომენტებიც შექმნა, ფლანგიდან(!) პასებს არიგებდა. არადა, გარემარბი ამპლუით ეპიზოდის კაცია, ის ძრავის ნაწილი არ არის. გარემარბს გუნდმა მომენტი უნდა შეუქმნას და მან აი, აქ უნდა ააფეთქოს ნაღმი. შეიძლება თამაშში ეს სულ ერთხელ ან ორჯერ მოახერხოს, მაგრამ ამით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. მილანთან კი „გაჭედილი“ ნაპოლი თამაშის შექმნასა და გადარჩენას თითქოს გარემარბს სთხოვდა.
და საერთოდ, რამდენჯერ შეიძლება გუნდი ერთსა და იმავე მეტოქესთან „იჭედებოდეს“? ეს ცოტა უფრო ფართე პრობლემაზე ხომ არ მეტყველებს, ვიდრე ამა თუ იმ ფეხბურთელის კარგი ან ცუდი თამაშია? მოდი, მარჩიელობას ნუ დავიწყებთ. ეს შეიძლება იყოს მოკლე სკამით განპირობებული გადაღლა (ეჭვი მაქვს, რომ ნაპოლის დიდი შეფობა ასეთი წარმატებული სეზონისთვის არც ემზადებოდა, თორემ შემადგენლობას სხვანაირად დააკომპლექტებდა), მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომა, გუნდის მოქმედებათა ერთფეროვნება და სხვა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ უიღბლობაც. რასპადორის, ოსიმენის და სიმეონეს ტრავმებს რომ თავი დავანებოთ, მილანთან შეხვედრაში ერთდროულად დაშავდნენ პოლიტანო და მარიო რუი. მერე ამირ რაჰმანიმაც საეჭვო კოჭლობით დატოვა მოედანი.
თუ… ეს ტრავმიანობა უიღბლობის კი არა, სწორედაც გადაღლის ბრალია? კი მაგრამ წითელ-ყვითლები? ეს ნერვების? ისე ნერვების პრობლემაც გადაღლის ბრალი ხომ არ არის?
image
არ გამოვრიცხავ, რომ ნაპოლის სერია A-ს ბოლო ტურებში ლაღ თამაშზე მეტად წვალება და ჯაჯგური მოუხდეს. მადლობაა ღმერთს, მარაგი აქვს დიდი. თუმცა, ნეტავ ვცდებოდე. ნეტავ იფრინონ.
კვარაცხელიას კი იტალიაში თუ საქართველოში ცხვირის ასაბზუებელი არაფერი სჭირს.
მარადონასავით თამაშისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალიან ხშირად თავის გუნდში ყველას სჯობს. და ეს მაშინ, როდესაც ორი-სამი კაცით მეურვეობენ. ასე, რომ ალავერდი სხვებთან.
პენალტ(ებ)ს კი რაც მართალია მართალია — გატანა უნდა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)