achiko12

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13
|
#48073592 · 12 Jun 2016, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის ამონარიდები მამა გიორგი ბასილაძის საუბრებიდან. მამა გიორგი ბასილაძე იყო სასულიერო პირი რომელიც მსხარურობდა წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მოწამეთას მონასტერში რომელიც ქუთაისის მახლობლად არის. პირადად ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის იგი, როგორც მამა გაბრიელი იყო ხალხისთვის წმინდანი მის წმინდანად შერაცხვამდე, ჩემი წრფელი სინდისით მწამს რომ ასევეა მამა გიორგი ბასილაძე დიდი წმინდანი, რომელსაც უდიდესი მადლი და ძალა ჰქონდა ღვთისგან მიმადლებული...
მამა გიორგი ბასილაძეს უყვარდა ფეხბურთი და საერთოდ სპორტი. ვფიქრობ საინტერესოა მისი საუბრები ფეხბურთთან დაკავშირებით და ის თუ რას ფიქრობდა იგი სპორტის ამ სახეობაზე და ზოგადად სპორტზე. საუბარი შედგა 2008 წლის ივნისში, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს...
*** „მიშა მესხთან და სლავა მეტრეველთან ვმეგობრობდი. თბილისის „დინამოს“ ბევრ თამაშსაც დავსწრებივარ, როგორც მღვდლობამდე, ისე მღვდლობაშიც. იმხანად მე ვიყავი ის მღვდელი, ანაფორით სტადიონზე მატჩებს რომ ვესწრებოდი. ჩვენს სახელოვან კაპიტანს, მანუჩარ მაჩაიძეს ემახსოვრება დინამოს გამარჯვება ბაქოს „ნეფტჩთან“. ამ თამაშსაც ვესწრებოდი და ვლოცულობდი. მაშინ ბევრი უსიამოვნება შემხვდა, როგორც სასულიერო იერარქიისგან, ასევე საერო ხელისუფლებისგანაც. არადა, მე სტადიონზე მისვლით არაფერი ცოდვა არ ჩამიდენია...
ასევე ვიყავი საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალზე, მოსკოვში. სადაც ჩვენი „დინამო“ მოსკოვის „დინამოს“ ხვდებოდა. მაშინ ჩვენმა დამსახურებულმა მეკარემ და ამავე დროს, კეთილი სულის პიროვნებამ, ოთარ გაბელიამ, პენალტების სერიაში მოგვაპოვებინა გამარჯვება. წესით ოთარსაც უნდა ახსოვდეს, მან პირჯვარი რომ გადაისახა, „ვიღაცას“ მოჰკრა თვალი. იმ დღეს ღმერთმა ოთარის რწმენის გამოც დაუშვა ჩვენზე გამარჯვება.
ფეხბურთი დიდი სპორტია და, მე თუ მკითხავთ, არა მარტო სპორტი, არამედ ხელოვნებაც. ჰოდა, ხელოვნება კი ღვთის ნიჭიაო - ასე ამბობენ.
შვიდი წლის წინ ერთ-ერთი ტაძრის მრევლი ჩემთან იყო მოსული და მითხრა, რომ მოძღვარმა ფეხბურთის ყურება ტელევიზორშიც კი ამიკრძალაო - ეშმაკისგან არის მოგონილიო! - არ ვარგა ასე!.. ვერ გეტყვით, ის მოძღვარი დღეს რა ჭკუაზეა, მაგრამ ერისკაცს რომ სპორტი აუკრძალა, რა კარნახით ხელმძღვანელობდა?!..
სპორტსმენები განა ადამიანები არ არიან?! ღმერთი მათ გადარჩენაზე არ ზრუნავს? განა სპორტი არ არის საჭირო? როცა ბანდიტებს, ნარკომანებსა და ზნედაცემულობას მიაქვს ქვეყანა?! განა მარტო მოწოდებით გამოასწორებ ხალხს?! რაა კარგი და რაა ცუდი, განა ცუდის ჩამდენმა არ იცის? მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. წამხდარია და მოწოდება კი არა, კეთილისკენ ხელი უნდა შეაშველო. გავგიჟდი კაცი, როცა ერთმა მითხრა: ჩემმა მოძღვარმა ბავშვების ქართულ ცეკვებზე შეყვანა ამიკრძალაო. „ცეკვა და როკვა ეშმაკისგანააო“. გაგიგიათ ასეთი სიბნელე?! ვეჭვობ, ეს მარტო უცოდინარობის გამო არ იყო. „ვიღაცეები“, დიდი ხანია, ყოველივე ქართულის განადგურებით არიან დაკავებული და მეტი დამაჯერებლობისათვის რელიგიური „არგუმენტები“ და სასულიერო პირებიც ჰყავთ ჩართული.
ჩვენ დიდი სულის ფეხბურთელები გვყავდა და გვეყოლება. მე სამი ბიჭი უკვე აღმოვაჩინე, რომელიც საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. სულით მე გავზრდი, ხოლო ფიზიკურად მწვრთნელები და ვნახოთ, თუ მოგვერევიან. (იცინის)!
ქართველისათვის მთავარი უნდა იყოს ღმერთი. ყველა საქმე ქართველმა ღვთით დაკისრებული სულიერი მისიის აღსრულებას უნდა მოახმაროს. ღმერთთან უნდა მოვაგვაროთ!.. სანამ ამას ვერ ვიზამთ, დიდი წარმატება არც სპორტში და არც სხვა რამეში არ გვექნება!.. დაიხსომეთ, დღეს განა შემთხვევითია, რომ ფეხბურთი აგერ 20 წელია, „ჩავარდნილია?“ ეძებენ მწვრთნელს და რა ვიცი, რას კიდევ?! არ გამოვა არაფერი ღმერთის გარეშე. მოედანზე გამოსვლის წინ ნახევრადდარცხვენილი პირჯვრის გამოსახვა არ შველის საქმეს.
კარგად გამიგეთ, საქართველოში ჯერ ყველაზე „პოპულარულები“ და „ავტორიტეტები“ სასულიერო პირები უნდა გახდნენ. წმიდა მღვდელმსახურზე დიდები ერის სხვა პროფესიის წარმომადგენლები რომ არ იქნებიან, მაშინ ერს მოგვარებული ექნება ღმერთთან ცოდვა-მადლის საკითხები. ღმერთი არ დაუშვებს, რომ საქართველოში ან ფეხბურთი, ან რაგბი, ან მომღერალი, ან მსახიობი „გააკერპოს“. გეუბნები აგერ!.. დაიხსომეთ ეს!.. როცა ჩვენი ხალხის ყველა ფენა ღმერთის უზენაესობას ჭეშმარიტად აღიარებს და დაემორჩილება, როცა მღვდელმსახურები ნამდვილები იქნებიან, ჩვენ მსოფლიო ვარსკვლავები გვეყოლება ფეხბურთსა და სპორტის ყველა სახეობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში. *** ერთი წუთით ჩაგახედათ ნამდვილების სამყაროში, როგორ ადვილად მისაღწევია ყველაფერი, როცა ღმერთთან ხარ. ღმერთს როგორ სურს, ქართველები, ეს ყველაზე ნატანჯი და ქრისტეს ყველაზე ერთგული ერი, გამოაჩინოს და ყველაფერში პირველი ამყოფოს... უღმერთოდ კარს იქეთ ვაღებთ, ვჯახირობთ, ვაკვდებით და ვერ ვაღებთ „იქეთ“, რადგან „აქეთ“ იღება ოდნავი შეხებითაც. მამაო ამ სიტყვების შემდეგ ჩაფიქრდა. სიჩუმე ჩამოვარდა. მაშინ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა: - მამა გიორგი, ვის გულშემატკივრობთ ამ ჩემპიონატზე? - მე საქართველოს ვგულშემატკივრობ. - ევროპის ჩემპიონატზე გკითხეთ. - გაუმეორა კითხვა ახალგაზრდამ. - გავიგე. - უპასუხა მამაომ მკაცრად. ამ ჩემპიონატს მე ვყურობ და ჩემი ლოცვა იმას შეეწევა, ვისაც კეთილი სული მეტი ჰყავს გუნდში, გეყურებათ? ბიჭებს, ეტყობოდათ, მატჩების პროგნოზები უფრო აინტერესებდათ. ამას მამაო კი არა, ჩვენც ადვილად მივხვდით. არადა, პირდაპირ ამის კითხვას ვერ უბედავდნენ და „ტექნიკურად“ ცდილობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მეორე ახალგაზრდამ გაბედულად ჰკითხა: - მამაო, ვინ გახდება წელს ევროპის ჩემპიონი? მამა გიორგიმ მას თვალებში შეხედა და მკაცრად უთხრა: - რა გინდა?!.. ახალგაზრდა დაიბნა. ყველამ უხერხულობა ვიგრძენით. - მე შენ მარჩიელი ხომ არ გგონივარ?! - მერე ტონი შეარბილა და სიცილნარევად უთხრა: - მე შენს ადგილზე მანქანას გავყიდდი და ესპანეთზე დავდებდი... შენ იზამ ამას?! ახალგაზრდამ მხრები აიჩეჩა და გაბზარული ხმით უთხრა, გერმანია, ჰოლანდია და იტალია რომ არ იყვნენ, კიო. მამაოს გაეცინა. - ესენი რომ არ იყვნენ, ცალ კარში ხომ არ ითამაშებდნენ... ესე იგი, ჰოლანდია, არა?!.. ხვალ რუსებთან თამაშობენ და ზეგ ამოდი ჩემთან. უნდა გნახო, რა ხასიათზე იქნებით. *** ახალგაზრდები დაბნეულები იდგნენ, მამაო კი იცინოდა. მესამე ახალგაზრდამ, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოუღია, მამაოს სერიოზული და ცოტა განმკითხავი სახით ჰკითხა: - მამაო, თქვენ ტოტალიზატორში ფულს სდებთ?! - რავა, არ მაქვს უფლება?! თუ ჩემს ფულს ნომერი არ აწერია?! ახალგაზრდამ უკმაყოფილოდ თავი გადააქნია და თქვა: - მე ასე ვიცი, რომ სასულიერო პირებს არა აქვთ უფლება. - შენ მასწავლი, ბიჭო მღვდელს რისი უფლება აქვს და რისი არა?! უფლება აქ რა შუაშია, უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ უშრომელი ფული არ შეგერგებათ!!! გეყურებათ?! - მერე სიცილით განაგრძო - ასე რომ არ იყოს, ტოტალიზატორებში ფულის მოგებით აბრამოვიჩსაც მოვუჯოკრავდი. თქვენი საქმის თქვენ იცით, მე კი, ესპანეთს დავეხმარები!!! მე ამით იმ ესპანელ მხატვარს ვუხდი ვალს, რომელმაც ოთხმოციან წლებში ფეხით მიმავალს სურათები გადამიღო.
ერთ-ერთმა, თითქოს თემა მიეწოდაო, მამაოს დიდის მონდომებით ჰკითხა: - მამაო, ამბობენ, თურქებს მოლები, ასტროლოგები და კიდევ ჯადოქრები ეხმარებიანო. თქვენ თუ დაიჯერებდით ამას? მამაომ სერიოზული სახით უთხრა: - რაა მაგაში დაუჯერებელი. ეხმარებიან, აბა რა!.. „სულიერი დამხმარეები“ ჰყავს ბრაზილიას, არგენტინას, ლათინური ამერიკის ქვეყნებს; ევროპელებსაც, აფრიკელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იმათ ჯადოქრებისა და „კუდიანების“ მეტი რა ჰყავთ. ჩვენ ათეისტი ქვეყანა რომ ვიყავით, ჩვენ არ გვწამდა, ისე კი, გულშემატკივრები ფეხბურთს რომ უყურებდნენ, ქე აბრუნებდნენ ქუდებს წაღმა-უკუღმა, სკამებსაც, შავი კატა და ერთი ამბავი... თურქები ლოცულობენ, ბაბუა, ნახეთ, მთელი თურქეთი ლოცულობს თამაშის წინ, ეს ენერგიაა!.. სხვა საკითხია, თუ ვინ ისმენს მათ ლოცვას და ვის მიუდის ის!.. მაგრამ როცა ითხოვენ, ვიღაც აუცილებლად ეხმარებათ და უსრულებს ამ თხოვნას!..
ჯადოქრებს თავადაც აქვთ ეშმაკის ძალა, თუ მათი ძალა მოწინააღმდეგე გუნდიდან არავინ დაბლოკა, მათ საოცარი გოლების გატანაც შეუძლიათ. ეს ცრურწმენა კი არაა! გააჩნია, რა დონის „ჯადოქარია“, ძალის რა დონეს ფლობს, მატერიაზე ზემოქმედების რა უნარი გააჩნია. ფსიქიკურ ზემოქმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... დღეს ყველა გუნდს ჰყავს სულიერი „დამცველები“ და როცა გუნდები თანაბარი დონის არიან, მაშინ სწორედ ამ სულიერი „დამხმარეების“ ურთიერთბრძოლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგ ფსიქოლოგებს შეუძლიათ, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა უზრუნველყონ მატჩის წინ, მაგრამ როგორც კი დიდი ძალის ზეწოლა წამოვა, აქ ფსიქოლოგიური „მომზადება“ ვერას გახდება. ასტროლოგს კი შეუძლია, ურჩიოს, რომელი ფეხბურთელი გაიყვანოს მწვრთნელმა კონკრეტულ თამაშზე, ან იცოდეს, - მოიგებს თუ წააგებს ესა თუ ის გუნდი კონკრეტულ თამაშს, მაგრამ არა მგონია, ასტროლოგებმა მატჩის წინ გუნდის ხელმძღვანელობას წაგების ამბავი აუწყონ.
მე გეუბნებით, ჩვენ გუნდი ვერ დაგვამარცხებს!.. კიდევ გიმეორებთ, მთავარია ერის სულიერი მისიის გაცნობიერება და აღსრულება!.. ღმერთისგან უფლება, თორემ ჩვენ საკმაო წმინდანები გვყავს საიმისოდ, რომ დაბლოკონ ჯადოქრების, „ექსტრასენსების“, მოლების და ასტროლოგების ძალები და ასევე ათასობით გულშემატკივრის სულიერი ზეწოლა, როცა, რა თქმა უნდა, გუნდიც კეთილსინდისიერად და სათანადოდ იქნება მომზადებული, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.
დაუმსახურებლად შეიძლება, ერთ თამაშში დაგეხმარონ, ისიც ვიღაცეების სულიერი ტანჯვის ხარჯზე. უსამართლობას ღმერთისაგან ვერ გამოითხოვ, ბაბუა!
როცა „შამანები“ და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები დაეხმარნენ გუნდებს, თავიანთი ბოროტი ძალების გამოყენებით, სწორედ მაგიტომ დაფიქსირდა ამდენი გულშემატკივრის დაუძლურებისა და გარდაცვალების ფაქტები წლევანდელ ჩემპიონატზე. ეს მათ „მოგების“ სიხარულით არ მოსვლიათ. ბოროტი სული სანაცვლოს ითხოვს. ბოროტები არავის არაფერს არ ჩუქნიან. მათ ადამიანთა სულები მოითხოვეს ამ დახმარების სანაცვლოდ და წაიყვანეს კიდევაც! ჩვენი წმინდანები ერის დახმარებაზე მუშაობენ, ცოდვა-მადლის გასწორებაზე, სულიერი ჭაობიდან ჩვენს გამოყვანაზე. ერი უკვე იწყებს სულიერად წელში გამართვას. კიდევ ცოტა და წმინდანები „ფეხბურთისთვისაც“ მოიცლიან... მერე ვნახოთ.
დიდია მწვრთნელის როლი. იგი აუცილებლად სულით ნამდვილი უნდა იყოს! მან პირადად უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგის სულიერ ზეწოლას. დღეს ყველაფერს ვერ მოგიყვებით. ისე მარტო თქვენ კი არ ფიქრობთ ფეხბურთზე, წმიდანებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში (იცინის). მოედანზეც ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის. *** მწვრთნელებს სულიერი ხედვა რომ ჰქონოდათ, პენალტების სერიას არ წააგებდნენ. საფრანგეთი იტალიასთან არ წააგებდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს!... დღეს გვეყოფა, თორემ, რომ გამიგონ, „ჩელსის“ მწვრთნელად გამაქანებენ, მერე რა გეშველებოდათ თქვენ (იცინის).
წიგნიდან "ძალა და თავისუფლება"
P.S. წიგნის სტილი დაცულია. საუბრის ამონარიდები გადმოტანილია ყოველგვარი დამატებების გარეშე. "გაბოლდებული" გამსხვილებული შრიფტის ადგილებიც წიგნიდანაა
|