დღეს რომას ვხვდებით და ცოტა სიმეონეს ლაციალე წარსულზე გავიხსენოთ, კარგი იქნება. მით უმეტეს, რომ გუშინდელ ინტერვიუში ამ საკითხს თვითონაც შეეხო.
ლაციომ ბოლო სკუდეტო ახალი ათასწლეულის დასაწყისში მოიგო და ჩოლო არწივების ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო. რომში გატარებული ოთხი წელი, რომლის განმავლობშიც ასევე მოიგო იტალიის თასი და იტალიისა და უეფას სუპერთასები, მისი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. ლაციოსადმი მისი სიყვარული საკმარისად დიდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინ პირობაც დაედო, ოდესმე დავბრუნდები და გაგწვრთნით, მოგხედავთო.
სიმეონეს ყველაზე სიმბოლური გოლი რომას კარში 2000 წლის პირველ აპრილს სტადიო დელე ალპიზე გატანილი თავური დარტყმაა. ხუან სებასტიან ვერონის ბრწყინვალე ასისტის შემდეგ ბიანკოჩელესტემ ლიდერ იუვენტუსთან არსებული 9-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. სეზონის დასკვნით 6 მატჩში სიმეონემ 4 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ლაციომ იუვენტუსს გადაასწრო და ბოლო ტურში ჩემპიონობაც იზეიმა.
VIDEO შემდეგი წლის რომაულ დერბიში სიტუაცია შეცვლილი იყო - ლაციო ლიდერებს შორის არ ტრიალებდა, რომა კი საკუთარი სკუდეტოს მოსაპოვებლად იბრძოდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა სიმეონე ლაციოს ფანების საყვარელი მოთამაშე. ფრანჩესკო ტოტის, ბატისტუტასა და სხვების შესანიშნავმა რომამ იმ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ რომანისტებს სიმეონეს ულტრა-მასკულინური დემონსტრაცია ჯერ ისევ კარგად ახსოვთ.
შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე რომა ბატისტუტასა და დელვეკიოს გოლებით დამაჯერებლად იგებდა, ლაციოს მეკარე ანჯელო პერუცი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ დიდი ანგარიშით მოგებამდე რომას ცოტაღა აკლდა. თუმცა მატჩი სხვა სცენარით განვითარდა - ჯერ პაველ ნედვედმა გაქვითა ერთი ბურთი, 95-ე წუთზე კი კასტრომანმა ანგარიში გაათანაბრა და კურვა ნორდის ტრიბუნები აღტაცებისგან დაანგრია.
ფინალური სასტვენის შემდეგ ოვაციები არ წყდებოდა. სწორედ ამ დროს შეტრიალდა სიმეონე დელე ალპის იმ ტრიბუნებისკენ, სადაც რომას გულშემატკივრები ისხდნენ და აბსოლუტურად დარწმუნდა, რომ ისინი მიმხვდარიყვნენ, თუ რას ფიქრობდა ჩოლო მათზე.
სხვათა შორის, რომას ახლანდელი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ამ უკანასკნელ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა. ახლა მას ურთულესი ამოცანა აკისრია - უნდა დაამარცხოს არა მხოლოდ მადრიდის ატლეტიკო, არა მხოლოდ წმინდა სისხლის ლაციალე კოლეგა, არამედ ევროსარბიელზე საკუთარი კლუბის ამაზრზენი გამოსვლების სერიაც.
ევროპულ ასპარეზზე გამართული ბოლო 16 შეხვედრიდან რომას მხოლოდ ორი აქვს მოგებული, 2014-ში ცსკასთან და ერთი წლის შემდეგ - ჯგუფში, ლევერკუზენთან. გასულ წელს პორტოსთან პლეი-ოფში შერცხვენა ლოგიკური გაგრძელება იყო შარშანწინდელი სეზონისა, როცა რომა 6 ქულით, სასწაულებრივად გაძვრა ჯგუფიდან ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე. ჯგუფის ბოლო მატჩში ბატესთან უგოლო ფრის შემდეგ სტადიო ოლიმპიკო გამაყრუებელი სტვენითა და ყიჟინით იყო სავსე. ჯგუფში ბარსელონასგან 6-1 განადგურების შემდეგ, რომას საქმე მერვედფინალში რეალმა მოამთავრა და წვალების გარეშე, 4-0 გასცდა იტალიელებს.
VIDEO რომას სახარბიელოდ საქმე არც საშინაო ტურნირებზე აქვს - 2008 წელს სუპერთასის მოგების შემდეგ რომას აღარაფერი მოუგია. კლუბის ახალი მფლობელების ბიდი ახალი სტადიონის აშენებაზე ბიუროკრატიულ ლაბირინთშია ჩაკარგული, კლუბმა კი მეექვსე სეზონში უკვე მეხუთე მწვრთნელი გამოიცვალა.
ლაპარაკს არ დავიწყებ იმაზე, თუ რამდენად მაღლა ვდგავართ იტალიელებთან შედარებით, რადგან, სიმეონესი არ იყოს, კონკრეტულ მატჩს მოედანზე გამოსული 11 ფეხბურთელი თამაშობს და იგებს. დი ფრანჩესკომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას ყველაზე მეტად კევინ სტროოტმანისა ეიმედება, რომელიც რომას მშვენიერი ნახევარდაცვის (დე როსი-სტროოტმანი-ნაინგოლანი) ფოკუსი და ზოგადად, გუნდის ლიდერია.
მიუხედავად რომას კარგი შემადგენლობისა, ჩვენი სიძლიერეები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, მოწინააღმდეგის შანსები კი (ანუ ედინ ჯეკო) მაქსიმალურად შევზღუდოთ. პირველ მატჩში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება და ჩელსისთან საშინაო მატჩის მიყოლების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის პრობლემა, პრინციპში, გადაწყვეტილი იქნება.
იტალიურ გუნდებთან კარგი შედეგები გვაქვს, მათ შორის, გასვლის მატჩებშიც - ბოლო სამი თამაშია არ წაგვიგია, ჯამში კი ათი გასვლიდან 4 მოგება და ორი ფრე გვაქვს. დაპირისპირებების ერთიანი სურათი ასეთია - 13 მოგება, 3 ფრე და 7 მარცხი. პირიქით, რომას ესპანურ გუნდთან სახლში 3 თამაშია არ მოუგია. მგლებს აქამდე ერთადერთხელ, შორეულ 1998-99 სეზონში შევხვედრილვართ და ორივე მატჩი 2:1 მოვუგეთ, რის შემდეგაც უეფას თასის ნახევარფინალში გავედით.
მიმდინარე სეზონში რომამ გასვლაზე მოიგო და სახლში წააგო, შაბათის თამაში სამპდორიასთან წვიმის გამო გადაიდო. წვიმა სავარაუდოდ დღესაც წამოვა და თამაშზე მნიშვნელოვან გავლენასასც მოახდენს, ამიტომ დაცვა მაგრად უნდა დადგეს. ვალენსიასთან მოსაწყენი ფრე ერთი იმით იყო კარგი, რომ კარი მშრალად შევინახეთ და იმედია დღესაც ანალოგიური განმეორდება.
მემგონი ვრსალკო დაგვაკლდება, ვარჯიშზე კოჭი იტკინა. თვითონ თამაშზე მერე დავწერ, ჯერ არაფერია საინტერესო