Piquecanthropus
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4645
წევრი No.: 182936
რეგისტრ.: 10-March 14
|
#49070499 · 18 Oct 2016, 22:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოგინში ვიწექი და ვაი ამ წოლას. საბანი ნიკაპამდე წავიფარე. გავიტრუნე... არ მიშველა. ხელები საბნიდან ამოვყავი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ჭერს ვუცქერდი, აბლაბუდებს. ვითომ კარგად ვიყავი, წავუღიღინე. ხელი ავწიე და კედელს მივადე, უდარდელად ჩავიცინე. არ მიშველა. მოდი ტელევიზორს ჩავრთავ და გადავერთვები-მეთქი. ჩავრთე: ვიღაც კაცს ქვა ეჭირა... სხვა არხზე გადავრთე. კორეული ფილმი გადიოდა: დაჭრილი მებრძოლი დროშას იხუტებდა. 300 ისარი ჰქონდა მოხვედრილი და კიდევ ამატებდნენ. ეს კი ფინალური სიტყვით გამოდიოდა. ისარს რომ მოარტყამდნენ, ვახ, შენიო, მოიკუნტებოდა... მერე ისევ წელში იმართებოდა და მონოლოგოს აგრძელებდა. ვერ მოკლეს. გადააგდე ეგ დროშა, იქნებ არ გესროლონ-მეთქი, დავუყვირე. გარშემო სულ მტრები იყვნენ და თავს აცოდებდა, თუ რა იყო ვერ მივხვდი. ბოლოში ღრიალი დაიწყო, თან ზეცაში იყურებოდა და დავიწვი მისი საცოდაობით... ისევ გადავრთე: ვიღაც აფრო-ამერიკელმა მეორე აფრო-ამერიკელს ორჯერ უთხრა: Fაკიუ, Fაკიუ, ანუ ეხლა ნახე, დედა თუ არ მოგიტკნაო. ცხოველების არხზე ობობების სექსი მიდიოდა და ტელევიზორი გამოვრთე. საწოლიდან გადავძვერი და იატაკზე დავწექი. ფეხები ავიშვირე და საწოლს ჩამოვადე. მაინც მტკიოდა. ოჰ, შენი-მეთქი, წამოვჯექი. მერე იოგას პოზა გამახსენდა: მეთქი მოგრეხვას გავაკეთებ, მაგრამ გადავიფიქრე. ერთხელ ეგრე ფეხის შემოდება მინდოდა კისერზე და რაღაც ნერვი გამიწყდა ყბაში, ვეღარ ვლაპარაკობდი. მაინც ოდნავ გავიჭიმე, ტანით მაქსიმალურად წინ გადავიხარე და ღიპი მიშლიდა ხელს. უჩვეულო ბგერები გამოვეცი პირით, ჩვილი სელაპის პონტში... უ-ყუ-ყუ. არაფერი გამოდის! - დავიყვირე - ძალიან მტკივა! მიხვდით არა, რაც მტკიოდა? თუმცა ასე როგორ მიხვდებით. წამოვხტი, კედელთან მივედი, შპალერს ავახევ, ამის დედაც-მეთქი, გავიფიქრე. მერე ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე... კატამ ჩაირბინა, მიაუო. ღამე იყო უკვე ძალიან. წინა კატას უკანა კატა მისდევდა და იმანაც მიაუო. რა თვეა, ნეტავ? - გავიფიქრე. თავი შემოვყავი... აჰა, მივხვდი, გარეთ უნდა გავიდე და ცოტა გავისეირნო-მეთქი. ცუდი გემო მქონდა პირში. ბყ, ბყ, - დამაბოყინია. ვაჰ, რა ცუდად ვარ, ჩავილაპარაკე. რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი და როგორც ბეზდომნი, „ოსტატი და მარგარიტადან“ - მოსკოვში რომ დარბის და საოცრად დარწმუნებულია, თუ სად იმალება ვოლანდი, - აი ეგრე დარწმუნებული გავვარდი გარეთ და სწრაფი ნაბიჯით დავაწექი იქით, საითაც ფეხებმა წამიყვანა. 15 წუთი დავქროდი გარეთ, სრულიად უმისამართოდ და ვიღაც უცხო თვალისთვის, ძალიან საქმიანად, მაგრამ ჩემი ფეხები - არ მიშველა. სახლში უნდა დავბრუნდე, იქ გავხდები კარგად, დავიყვირე და სახლისკენ გავიქეცი. სწრაფად შევვარდი სახლში, გზადაგზა ვიხდიდი, როგორც აღტკინებული შეყვარებული და ისევ ლოგინში შევხტი... რომლიდანაც კვლავ გამოვხტი ზუსტად ხუთ წუთში და ახლა საწოლის ქვეშ შევძვერი, იქნებ ბავშვობამ გადამარჩინოს-თქო. ცოტა ხანი ზამბარებს ვათვალიერებდი და მტვერს სულს ვუბერავდი. ეეჰ, დავიყვირე და გამოვძვერი გაბურძგნული. რა გაბურძგნული. 10 წელია თმა აღარ მაქვს, ამიტომ საწოლის ქვეშიდან გაბურძგნული გამოძრომა ჩემი ერთგვარი ოცნებაც კია. ვაიმე, ეს რა დღეში ვარ-მეთქი და მარჯვენა ნეკნის ქვეშ რამდენჯერმე მუშტი ჩავირტყი. ვისაც კბილი ტკივა, ის ნეკნებში მუშტს არ ირტყამს. არც ის, ვისაც ბუასილი აქვს. მარჯვენა ფერდის ძირში ნაღვლის ბუშტია. ოი, ბუშტო, სად ხარ ჩამალული?! ახლა შემოვძვრები მანდ და წაგიჭერ ყელში. ბყ, ბყ, ბყ, სამჯერ დამაბოყინა. ისევ წამოვხტი, მოვიკუნტე და ხტუნვა-ხტუნვით ტელეფონისკენ წავუკურდღელე - სასწრაფოში უნდა დამერეკა. აქსიომა პირველი: სასწრაფოში იმიტომ არ ვრეკავთ, რომ მოგვარჩენენ. დასკვნა: პოლიციაში ან სახანძროში დარეკვა უფრო დიდი სისულელე იქნებოდა. ალო, რომელი ხარო, მორიგე გოგონამ. ალეკო ვარ-მეთქი. რომელი ალეკოო. არ მიცნობ-მეთქი. ეს ტელეფონი ვინ მოქცაო. მე სწრაფად მევსება მოთმინების ფიალა, მეზობლები დამემოწმებიან და ქალო-მეთქი, შევყვირე. ცხადია, გამოფხიზლდა და ოპერატორი გისმენთო. სასწრაფო-მეთქი. როდისო. სხვა კითხვა დამისვი-მეთქი. რას გულისხმობთო. სადო, სად მოვიდესო, გესმის, ეგ უნდა მკითხო-მეთქი. ვერაფერი გავიგეო. ესეც შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და მაშინ პარასკევს-მეთქი. პარასკევს თუ გინდათ, პარასკევს დარეკეთო. გესმით? ქალო, დღეს იყოს და მალე-მეთქი. აქ მოვიდეს და მძღოლს 5-ვ 53-ში არ აერიოს-თქო. რა გქვია, ვკითხე, ოპერატორს. იმიტომ კი არა, გაცნობა და ბარში დაპატიჟება მინდოდა. ვიცოდი, რომ უეჭველი აურევდა და როცა აურევდა უნდა მცოდნოდა, ვისთვის მეგინებინა. კარი გავაღე, ლოგინში ჩავწექი და როგორც შეყვარებული მამაკაცი ელოდება შხაპის მისაღებად შესულ ქალს, ისე ველოდებოდი სასწრაფოს. ეჰ, ამოვიოხრე. აგვიანებდნენ. გამოდის მისამართი მაინც აერიათ. ტელეფონმა დარეკა და ალო-მეთქი. სასწრაფო გაჩერებულია 5-ბ სთან და ვერ გპოულობსო. იმიტომ, ვერ მპოულობს, რომ თამილა ოპერატორს რომ მოვუტკან ის თავდაჯერებულობა-მეთქი. ჩაცმის დრო არ იყო და რაც მეცვა, იმით მოვკურცხლე 5-ბ-სკენ. არადა მეცვა არაფერი: ერთი ტრუსიკი მეცვა - გრძელი ფოხანა. ფოხანა ქვემოთკენ არ იყო ფოხანა, ზემოთკენ იყო და როცა შემცივდებოდა მკერდამდე ვიწევდი და მათბობდა. კედელზე აკრული ღამის აგენტივით ჩავუყევი კორპუსს და ცალი თვალით გავიჭვრიტე. სასწრაფო იქ იდგა. გავხტი კუთხიდან და ხელების ქნევა ისე დავუწყე, როგორც დაკარგულმა მთასვლელმა ვერტმფრენს. მძღოლის გაკვირვებული სახე დავლანდე. დაქოქეს და წამოვიდნენ... ეგრევე უკან გავქუსლე, ღია კარში შევვარდი და ლოგინში მეოთხეჯერ შევხტი. საბანი წავიფარე და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ვკვნესოდი, უფრო დავიწყე კვნესა და ხელოვნური კვნესით ბუნებრივი გადავფარე: საქართველოში ჯერ კიდევ ეგებიან იაფფასიან ხრიკებზე. ნაბიჯებზე მივხვდი, ბევრნი იყვნენ. გავოცდი, იმდენნი შემოლაგდნენ. ორი შემადგენლობით მოვიდნენ. ორი ექიმი, ორი ექთანი, ორი ვიღაც და ორი მძღოლი. ალბათ თვალებში მიორდება და ანდა სულაც ნაღველამ და სევდამ ჰალუცინაციები იცის, გავიფიქრე და ვკითხე: მეორე სასტავი პოლტერგეისტები ხართ? პრაქტიკანტებიო. ვაიმე, შევიცხადე. პრაქტიკანტი ხომ პოლტერგეისტზე საშიშია. პოლტერგეისტი დარწმუნებულია საკუთარ თავში, იცის, რასაც აკეთებს. პრაქტიკანტი - არასოდეს. პრაქტიკანტმა არ იცის ნემსის ჭერა, ვენის მოძებნა, წნევის გაზომვა, არ იცის ლაპარაკი, ღიმილი. პოლტერგეისტმა შეიძლება დაგინდოს. პრაქტიკანტი - არასოდეს. მაქსიმალურად საშიში პიროვნება დედამიწის ზურგზე - ეს თავდაჯერებული პრაქტიკანტია. ექიმს ხელში ფონეიდოსკოპის მაგივრად, ანკეტა ეჭირა. დანარჩენებიც ანკეტებს იხუტებდნენ - წამალი და ტკბილი სიტყვა არა, ის არ გინდა. რა გჭირთო და პასუხს არ დაელოდნენ, გრაფებში რაღაცეების ჩაწერას შეუდგნენ. ერთი მაგრად აქტიურობდა და ცხრილებს ხაზავდა. მერე ჩემი ავადმყოფობის განვითარების გრაფიკიც კი დახატა და კოხტად გაამუქა წითელი მარკერით. ერთ-ერთი პრაქტიკანტი გოგონა კი ჩემს საწოლზე ისეთი კუთხით იჯდა, თავს ძლივს ვიკავებდი, ფეხი რომ არ ამომეკრა ანკეტისთვის და არ ამეფრიალებინა. როგორც ერთხელ ბავშვობაში ტორტიან ქალს რომ ამოვუკარი ფეხი და ავუტყორცნე ოცდაათკვერცხიანი ტორტი. საბნიდან ფეხიც კი გამოვაცურე შეუმჩნევლად, მაგრამ დროულად გადავიფიქრე, ბევრნი იყვნენ, მომერეოდნენ, უკან შევაცურე. აქ მტკივა, ვუთხარი მე. როგორ ფიქრობთ, მანდ რა არისო. გაფრენის დრო დგებოდა. მაგრამ თავისი ნაზი ხელი დამადო ხელზე და მოვდუნდი. წესიერად ბიჭო, ვუთხარი ჩემს სიამაყეს - დაბლა რომ არის, იმას. ვის ელაპარაკებიო. იმ თქვენს მძღოლს ველაპარაკები, რას იქექება ჩემს მაგიდაზე? მძღოლმა ხელები აწია: აი, ჰაერში მაქვს, არაფრისთვის მომიკიდა, ცილს მწამებსო. ნაღვლის ბუშტი მტკივა-მეთქი. გამოდიოდა ვატყუებდი, რადგან ნაღვლის ბუშტი ორი წლის წინ ამომაჭრეს და ჩემს პანიკას სწორედ ეგ აძლიერებდა: რა მტკიოდა იქ, როცა ბუშტი აღარ იყო? ფიქრებში გადავეშვი, გამახსენდა, როგორ ამითამაშა ქირურგმა ამოჭრილი ნაღვლის ბუშტი, როგორც ცუგას და მითხრა: აი ნახე, რა გქონდა მანდაო. იქნებ სხვისი ნაღვლის ბუშტი ამითამაშა? მაგალითად, გვერდითა პალატიდან ერთი პაციენტის, რომელიც იმ მომენტისთვის საეჭვო რაღაცას გაჰყვიროდა: დამიბრუნეთ, დამიბრუნეთო... მაშინ ვერ ვხვდებოდი, რის დაბრუნებას ითხოვდა, იქნებ სწორედ ეს ბუშტი იყო მისი და ჩემი ისევ მე მაქვს... უცბად მოვწვი, რომ სათადარიგო ექიმი ძალიან ახალგაზრდა იყო... და არა მარტო ის, დანარჩენებიც ბავშვები იყვნენ. ყველაზე ხანშიშესული 23 წლის იყო. გამეცინა. თქვენ საიდან მოდიხართ ასე ერთად, ალბათ სკოლიდან ხართ გამოპარულები შატალოზე, არა? - გავეხუმრე და მარტომ ვიცინე რამდენიმე წუთი გულიანად. ისტერიკა მეწყებოდა. მოიქუფრნენ, მხოლოდ ერთს ეკიდა, ისე ამთქნარებდა, მალე ყბას ამოიგდებდა. აბა, გადაიწიე საბანიო. დანარჩენების მრცხვენია-მეთქი. იქით გაიხედეთო. გაიხედეს ვითომ იქით, ყველა მაინც აქეთ იყურებოდა. საბანი გადავიწიე. აბა, სად გტკივაო. აი აქ-მეთქი და ქალის ხელი იმაზე გაცილებით დაბლა დავიდე, ვიდრე მტკიოდა. აი, აქ, აქ და კიდევ აქ გადასცემს-მეთქი. ერთ-ერთი პრაქტიკანტი ჩაგვეკვეტა შეყვარებულებს: ამ ბოლო დროს რაიმე ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებიათო. აქსიომა მეორე: სასწრაფოს შეკითხვას: „ადრე რამე ხომ არ გაწუხებდათ?“, უპასუხეთ უმოკლესად: „არა“. კომენტარი: საკუთარი ვერსია რადგან არა აქვთ და არც არასოდეს ექნებათ, ამიტომ თქვენს ძველ ავადმყოფობას ჩაეჭიდებიან და მერე ნახეთ, როგორ ჩახდის სასწრაფო ბეკეტს აბსურდში. მაშინ გამოუცდელი ვიყავი და ყველაფერი ჩავუკარკლე - გულის ძარღვში ერთი სტენტიც მიდგას-მეთქი, ასე დავამთავრე. სათადარიგო იგროკმა ნიშნისმოგებით დააქნია თავი და ეგრევე წამოიყვირა, გულის ბრალი ყოფილაო. აქ კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი და ვერსია გავუმყარე, შეშინებულმა ვკითხე: „რატომ, გადასცემს?“ დიახ, გადასცემსო, წამოიძახა გახარებულმა მეორე ექიმმა, გულიდან მოდის ეგ ტკივილი და თან გადმოსცემს და მერე უკანაც გადასცემს და ისევ წინ გადმოსცემსო - აცეკვდასავით... ტაშიიი... ავნერვიულდი და გავწითლდი. მეორე ექთანმა დაიძახა: წნევა გაუზომოს ვინმემო. ვინც გაზომა, იმანვე დაიყვირა, აქვსო. აბა, პირი გააღეო. რატომ ვითომ-მეთქი. მიდი-მიდიო. გავაღე... და ახლა ენა აწიეო. ავწიე და იმან ბალონიდან ენის ქვეშ ც-ც... ნიტროგლიცერინი შემიშხუპუნა... სამ წამში წნევა დამივარდა და გამიხდა ორმოცი ოცზე. თვალები მიმებლიტა, ღიმილი მომადგა ბაგეზე... ვაიმე, რა კარგია, ჩავილაპარაკე... რა საყვარლები ხართ... დამაფარეთ და შემომიკეცეთ რა, მეძინება მაგრად. გადასცემს და გადმოსცემს, გადასცემს და გადმოსცემს, ავღიღინდი საყვარლად. ძილბურანში საშინელი ფრაზა ჩამესმა: მოდი გადავიყვანოთო. სასწრაფო პოლიციას სწორედ ამით ჰგავს - ორივე სადღაც მიგათრევს. ვაი, თქვე პრაქტიკანტებო, გამთიშეთ არა. ბოლო ძალა მოვიკრიბე, ლოგინიდან წამოვხტი და ლოჯისკენ წავტანტალდი. ფოხანა ტრუსიკს ზემოთ ვიწევდი, ფეხებს ხმაურით ვატყლაშუნებდი, იქნებ ამან მაინც შეაშინოს-მეთქი. მაგრამ დაბალი წნევით შორს ვერ გაიქცევი. მტარვალ-პრაქტიკანტს აკანკალებულ ხელში შპრიცი აუთამაშდა. „ამბობენ, იმ ქალს, თავი რომ მოუკლავს, ქრისტიანული წესით დამარხავენო“ - ძილბურანში მყოფმა, მესაფლავის აი ეს ტექსტი წარმოვთქვი „ჰამლეტიდან“ და ნემსისგან ძალიან ნატკენ ტრაკზე ხელი მოვისვი. *** პალატაში ვიწექი. პირში მსუქანი შლანგი მქონდა ჩათხრილი და მუცლიდან რაღაცას მიტუმბავდნენ. ოთახს თვალი მოვავლე - ორნი ვიყავით. მეორე ავადმყოფი მაგრა საწყლად გამოიყურებოდა: კუტუმოჭრილ გრეიჯოის ჰგავდა „სამეფო კარის თამაშებიდან“. ჩათხრილი შლანგი ლაპარაკში ხელს მიშლიდა და ბლე ბლუ ბლა ბლა, ბაყ ბაყ, ვთქვი მე. სინამდვილეში ვიკითხე, სად ვართ-მეთქი. გულის კლინიკაშიო.თვალი მტკიოდა და მეც აქ მომიყვანესო, გრეიჯოიმ, და 300 ლარი უკვე ამახიესო. მარჯვენა ხელი გავითავისუფლე და პირიდან შლანგი ამოვიძრე. წამოვჯექი. რამე ხომ არ ამომაჭრეს ნეტავ, გავიფიქრე. რა უნდა ამოეჭრათ, ცოტა რამ იყო შიგნით ისედაც დარჩენილი. გრეიჯოის ხელში ბოთლი ეჭირა. ამაში როგორ ჩავაფსაო. პროსტო გინდა რომ ჩააფსა და თუ დაგავალეს-მეთქი და დამავალესო. რა უნდა ჩააფსა, წამო აქედან დავახვიოთ-მეთქი და ორივენი წამოვდექით. პალატიდან გავედით და დერეფანს გავუყევით. საავადმყოფოს მისაღები, სტადიონის შესასვლელს ჰგავდა, მაგარ თამაშზე. აჰა, კიდევ ერთი შემოაგორეს საკაცით. კარგად ვარო, გაიძახოდა. აბა, რატომ მოგათრიეს ნეტავ, დავუძახე. ვერ გაიგო, საიდან დაუძახეს, თვალებს აცეცებდა, სანამ ლიფტში შეისროდნენ. მეორე კი პირიქით გარეთ გაყავდათ და ეწინააღმდეგებოდა, არა მგონია, ბოლომდე ვიყო მორჩენილიო. გასასვლელში გაუძალიანდა გამყვანებს და მე აქედან მივაშველე ხელი, გარეთ გატყორცნაში - არ იყო საჭირო სხვისი ადგილის დაკავება კლინიკაში. უკნიდან მიბერავსო, გრეიმ. ეგ იმიტომ, რომ ეს კოპლებიანი ხალათები წინიდან ჩამოგვაცვეს, მაგრამ უკნიდან შიშველი ტრაკები გვაქვს-მეთქი.
|