papaani
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5903
წევრი No.: 18769
რეგისტრ.: 29-March 06
|
#49330660 · 23 Nov 2016, 15:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო ინტერვიუ "კაზა მილანის" დირექტორ მარკო ამატოსთან
- ბოლო წლებში, “მილანი” წარუმატებლად ასპარეზობს და როგორ აისახება ეს კლუბის შემოსავლებზე? - ბუნებრივია, რომ შემოსავლები სპორტული შედეგების პირდაპირპროპორციულია. თუ გინდი წამატებულია და იგებს ტიტულებს, სტადიონზეც მეტი გულშემატკივარი დადის და სპონსორებთან სარფიანი შეთანხმების მიღწევაც გაცილებით მარტივია. მაგალითად, 2015/2016 წლების სეზონის წინ, 27 ათასი სეზონური აბონიმენტი გავყიდეთ, ამ სეზონში კი მხოლოდ 13 ათასი, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. მიზეზი წარუმატებელი შედეგები და პასიური სატრანსფერო კამპანიაა.
- როგორ შეიძლება შემოსავლების გაზრდა, როდესაც გუნდი ვერ თამაშობს წარმატებულად. თუ გაქვთ მარკეტინგული გათვლები? - ვცდილობთ, რომ დამატებითი შემოსავალი მივღოთ და ამისთვის, საინტერესო მარკეტინგულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. მაგალითად, გვაქვს ახალი პროექტი, რომლის მიზანია, რომ შეიქმნას “მილანის კლუბი”, რომელშიც გუნდის მილიონობით გულშემატკივრები გაწევრიანდებიან მთელი მსოფლიოდან. ამ კლუბის წევრობა გარკვეული საფასური დაჯდება, სანაცვლოდ კი ქომაგი სოციალური ქსელით მიიღებს მხოლოდ მათთვის დამზადებულ საინტერესო, შემეცნებით ვიდეო-მასალებს, უახლოეს ინფორმაციებს გუნდის შესახებ და მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ბმულებს უმაღლესი ხარისხით. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ კრეატიულები, მაგრამ პირველი მაინც გუნდის შედეგებია და ამას ვერსად გევექცევით. თუ გუნდი ვერ იგებს, შენი მარკეტინული ნაბიჯები შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს; გულშემატკივარი აუცილებლად მოგიბრუნდება და გეტყვის: ამ სისულელეებში ფულის ხარჯვას, სჯობს ფეხბურთელები იყიდოთ და თამაშები მოიგოთ. ამიტომ, ფინანსებს დიდწილად განსაზღვრავენ გუნდის შედეგები.
- რამდენია “მილანის” წლიური ბიუჯეტი? - “მილანის” წლიური ბიუჯეტი ბოლო 10 წელი პრაქტიკულად უცვლელია და მერყეობს 245-250 მილიონი ევროს ფარგლებში. თუ 10 წლის წინ, ამ თანხით დიდი საქმეების კეთება შეიძლებოდა და შესაბამისად, გუნდიც კონკურენტუნარიანი იყო ევროპული მასშტაბით, დღეს გრანდებს ძალიან ჩამოვრჩით. შედეგიც სახეზეა, გუნდი არა თუ ტიტულებს ვეღარ იგებს, ევროთასებზეც ვეღარ გადის და ვითარება უმოკლეს დროში უნდა შიცვალოს. საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონში, “მილანი” კარგად ასპარეზობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მესვეურების ხელში, კლუბის წლიური ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საერთოდ, ფინანსური კუთხით, იტალიურ ფეხბურთში არც თუ სახარბიელოი ვითარებაა.
- არადა, სატელევიზიო ტრანსლირებიდან მიღებული თანხით სერია A მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგას ჩამოუვარდება... - მართალია, ახალი კონტრაქტის მიხედვით, სერია A-ს გუნდები უახლოეს სამ წელიწადში 1 მილიარდსა და 70 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც კარგი მაჩვენებელია. ამ მხრივ, მხოლოდ ინგლისს ჩამორჩებით, რომელიც წინაა და თუ არ მეშლება, 3 სეზონზე 5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. ამ თვალსაზრისით, არ გვაქვს საწუწუნო, თუმცა სატელევიზიო შემოსავლები მხოლოდ ნაწილია საფეხბურთო ეკონომიკის.
- იქნებ დაკონკრეტდეთ და იტალიური ფეხბურთის ფინანსურ პრობლემებზე უფრო დეტალურად გვესაუბროთ... - პირველ რიგში ვსაუბრობ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. იტალიაში საკუთარი სტადიონი აქვს მხოლოდ “იუვენტუსს” და ასევე, შეგვიძლია ვთქვათ “უდინეზე”, რომელსაც არენა 99-წლიანი იჯარით აქვს აღებული. დანარჩენი კლუბები სტადიონებს ქირაობენ და მუნიციპალიტეტს თანხას უხდიან. შესაბამისად, ამ სტადიონებს კლუბები ვერ იყენებენ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ეს არენები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს. გულშემატკივრებისთვის ტრიბუნებზე ყოფნა არაკომფორტულია და ურჩევნიათ, მატჩებს სახლიდან უყურონ. თანამედროვე სტადიონები მულტიფუნქციურია: მუზეუმებით, სავაჭრო ცენტრებით, გასართობი კომპლექსებით, რაც კლუბებისთვის დიდი შემოსავლის წყაროა, იტალიელები კი სხვა დიდ ევროპულ ქვეყნებს ძალიან ჩამოვრჩით.
- თუ საიდუმლო არაა, რა თანხას იხდით “სან სიროს” იჯარაში? - “სან სიროს” იჯარა წელიწადში 2 მილიონი ევრო გვიჯდება და ამდენივე ოდენობის თანხას იხდის “ინტერი”. ამასთან, ორივე კლუბს აღებული აქვს ვალდებულება, რომ სტადიონს მოუაროს და ყველა დანახარჯი დაფაროს. ხარჯი საკმაოდ დიდია და მას “ინტერთან” ვიყოფთ.
- დიდი ხანია საუბრობენ “მილანისთვის” ახალი სტადიონის აშენების შესახებ და რა სტადიაზეა ეს პროცესი? - ჩვენი დაკვეთით, ინგლისურმა კომპანიამ შეიმუშავა სტადიონის პროექტი, რომელიც 50 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. არენა უნდა იყოს მულტიფუნქციური, რომელიც მოიცავს სავაჭრო ცენტრს, რესტორნებს, სასტუმროს და გასართობ კომპლექსს. იყო გათვალა, რომ სტადიონი აშენდებოდა იმ რაიონში, სადაც “სან სირო” მდებარეობს. თუმცა, დღეს ეს პროექტი გაყინულია, რადგან სულ მალე, კლუბის მფლობელი შეუიცვლება. “მილანს” სჭირდება ახალი სტადიონი, ეს ცხადია, დანარჩენს კი ჩინური კომპანია გადაწყვეტს.
- საშუალოდ რამდენი გულშემატკივარი ესწრება “მილანის” საშინაო თამაშებს მიმდინარე სეზონში? - მიმდინარე სეზონზე მომავალში ვისაუბროთ, გასულ სეზონში კი “მილანის” საშინაო თამაშებს საშუალოდ 43 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. სერია A-ს ერთ თამაშზე საშუალოდ 22 ათასი ქომაგი დადის და ამ გადასახედიდან, ჩვენი მაჩვენებელი არც თუ ცუდია. ბოლო წლებში, 80-ათასიანი სტადიონი ივსება მხოლოდ მაშინ, თუ “იუვენტუსს” და “ინტერს” ვეთამაშებით. თუ “რომა”, “ნაპოლი”, “ფიორენტინა” და “ლაციო” ჩამოდიან, მაშინ დასწრება 55-70 ათასის ფარგლებში მერყეობს, სხვა გუნდების სტუმრობა კი ნაკლებ ინტერესს იწვევს. გვაქვს აქციები, რომლის მიხედვითაც, თუ გულშემატკივარი იყიდის “მილანი”-“იუვენტუსის” ბილეთს, განახევრებული ფასით შეუძლია ვთქვათ “კიევოსთან”, ან “კალიარისთან” მატჩის ბილეთიც მიაყოლოს. გვაქვს პაკეტები, სადაც რამდენიმე მატჩის ბილეთია გაერთიანებული და ოპტიმალურ ფასად იყიდება. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი აქციები მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას, რეალური პროგრესისთვის კი ახალი სტადიონებია საჭირო.
- როგორ ფიქრობთ, რით არის მომხიბვლელი “მილანი” ჩინური კომპანიისთვის, რომელიც სულ მალე კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს გადაიფორმებს... - “მილანი” ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბია მსოფლიოში. იმ 30 წელიწადში, რაც კლუბს სილვიო ბერლუსკონი ედგა სათავეში, “მილანმა” უამრავი ტიტული მოიგო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი გუნდის მაისურით ბევრმა ვარსკვლავმა ითამაშა და ბუნებრივია, რომ ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, “მილანს” 387 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, რაც გრანდიოზული მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ აქედან 67%, ანუ 234 მილიონი მოდის აზიაზე. მაგალითად ევროპაში, თუ იტალიას არ ჩავთვლით, ”მილანის” გულშემატკივართა რაოდენობა 68 მილიონია. ბუნებრივია, ჩვენ არ გვყავს აღრიცხვაზე ყველა გულშემატკივარი და ვეჭვობთ, რომ ეს რაოდენობა გაცილებით დიდია. მაგალითად, “მილანის” ოფიციალურ საიტს წელიწადში 25 მილიონი უნიკალური მნახველი ჰყავს, ჩვენს მიერ დამზადებული ვიდეო-კლიპების ნახვებმა კი 2016 წელს 300 მილიონს გადააჭარბა. 25 მილიონი გამომწერი გვყავს ფეისბუქზე და 3 მილიონი ინსტაგრამზე. ამ მაჩვენებლებით, ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე მაგალითად სხვა იტალიური ბრენდები: “ფერარი”, “პრადო”, “დოლჩე და გაბანა”. თავად განსაჯეთ, რატომ არის “მილანი” ჩინური კომპნიისთვიოს საინტერესო კლუბი...
- დარჩება თუ არა სილვიო ბერლუსკონი კლუბში 2 დეკემბრის შემდეგ, თუნდაც საპატიო პრეზიდენტის როლში? - რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მას არ სურს საპატიო პრეზიდენტობა. ვფიქრობთ, ბერლუსკონი დატოვებს “მილანს”, თუმცა ის ყოველთვის იქნება კლუბის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
|