webuda
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 247
წევრი No.: 170249
რეგისტრ.: 12-July 13
|
#50394923 · 19 Apr 2017, 05:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაგებაც უნდა იცოდე!
მოგესალმებით ევროპაში ყველაზე მებრძოლი და გიჟი გუნდის გულშემატკივრებო. მანამ, სანამ მოთამაშეების, მთავარი მწვრთნელების, საფეხბურთო ექსპერტების, ლეგენდარული მოთამაშეების კომენტარებს გადმოვთრაგმნი, მინდე, რომ უბრალოდ მოგმართოთ და ერთი პატარა ბლოგი მოგიძღვნათ. ვფიქრობ, მაქვს უფლება, რომ სამუშაო რეჟიმი დავარღვიო და ის, რაც დღეს საღამოს ვიხილეთ იყო უბრალოდ საოცრება, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მიმდინარე სეზონში. ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სანახაობრივი მეოთხედფინალური პაექრობა იყო, ამიტომ ეს გადახვევა ალბათ მეპატიება.
სათაურიდან გამომდინარე შესაძლოა ზოგი უკვე მიხვდა თუ რაზე მსურს საუბარი. სოციალურ ქსელში საოცარი აჟიოტაჟია ატეხილი და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაიჩაგრა, მსაჯმა ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც საბოლოო შედეგზე საფუძვლიანი გავლენა იქონია. მოდი ასეთ რაღაცას შემოგთავაზებთ - ფეისბუქზე გავაკეთოთ გვერდი სახელწოდებით "ვიქტორ კაშაი - ნაბი**არი" და მთელი წლის განმავლობაში უნგრელ სპეციალისტს ვაგინოთ, რასაც ახლა ძალიან ბევრი აკეთებს ან ვაკრიტიკოთ არგუმენტირებულად. რას მივიღებთ საბოლოოდ? მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნებენ? უეფა ვიქტორ კაშაის ამის გამო დისკვალიფიკაციას მისცემს? თუ უეფას კომიტეტი სპეციალურ სხდომას გამოიძახებს და მომენტალურად ვიდეო-რეფერის შემოიღებს? არა, არა, არა და რა თქმა უნდა არა! არა ასეთ მიდგომას! არა მსაჯის შეცდომებზე აპელირებას! ეს ფეხბურთია, დიდი ფეხბურთია, სადაც დიდი მწვრთნელები და დიდი ფეხბურთელები წინა პლანზე მსაჯებს არასოდეს აყენებენ!
პირდაპირ გეტყვით, რომ არ მესმის იმ "ბაიერნის" გულშემატკივარის, რომელიც ამ თამაშის შემდეგ პირველ რიგში ვიქტორ კაშაისკენ გაიშვერს ხელს და წუწუნს დაიწყებს. რა აზრი აქვს? ამით რა შეიცვლება? ყველამ დაინახა, ყველამ გაანალიზა, ყველამ აღიარა, მაგრამ ამას უკვე ვერავინ შეცვლის. რატომ, რატომ არ საუბრობთ იმ გმირობაზე, რომელიც თქვენა გუნდმა ჩაიდინა? რამ გამოიწვია ის, რომ მსაჯის ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი იყო? იმან, რომ "ბაიერნმა" ბოლომდე იბრძოლა, თავისი ქომაგებისთვის მაქსიმუმი გაიღო და სიტუაცია უკანასკნელ ზომამდე დაძაბა. მიუნხენური გრანდის წყალობით თამაში ნორმალურ პირობებს გასცდა, კოსმოსურ საზღვრებს მიაღწია, იქ კი მსაჯის ფეხი და თვალი ვერ აღწევს. ბევრი გუნდი გინახავთ, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩადის და დომინირებს? უფრო მეტიც, საერთოდ არსებობს გუნდი, რომელიც 10 კაცით მადრიდში თამაშს გახსნის, როდესაც ანგარიში მის სასარგებლოდ არის. ხომ შეეძლო კარლო ანჩელოტის თამაშის ჩაკეტვა? 10 კაცით დაცვაში ჩადგომა და პენალტების სერიამდე გაძლება? მაგრამ არა, ეს დღევანდელი "ბაიერნისთვის" სისაძაგლეა, საზიზღრობაა, ასე დიდი გუნდები არ თამაშობენ! რატომ არის პირველი კაშაი, როდესაც შენმა გუნდმა დამატებით დროში 10 კაცით "რეალს" გასვლაზე აჯობა, საწყისი 5 წუთი საჯარიმოს მიაჯაჭვა და თამაში გაუხსნა! დიახ, თამაში სწორედ "ბაიერნმა" გახსნა და ის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი სანახაობა შედგა, სწორედ ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. დამიჯერეთ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფეხბურთი ესმის და მხოლოდ ციფრებს არ უყურებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება, ნახევარფინალში გასვლა.
მაშინ, როდესაც ნებისმიერი გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 10 კაცით დარჩენილი შეშინდებოდა, უკან დაიხევდა, "ბაიერნი" წინ წავიდა! გაბედულად წავიდა და დამაჯერებლად უტევდა! აი ამაზე ისაუბრეთ, ამით იამაყეთ, ამით იხარეთ და იმედი იქონიეთ. ეს ჩვენი კაპიტნის, ლეგენდარული ფილიპ ლამის, ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. აგრეთვე ხაბი ალონსომაც ბოლო თამაში ჩაატარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. რატომ არ საუბრობთ მატს ჰუმელსზე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ყავარჯნებით დადიოდა, რომლის თამაში საოცნებო გვქონდა და ის მინდორზე გავიდა. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ გავიდა და მეორე ტაიმი ფენომენალურად ჩაატარა. ახლაც, ახლაც თვალწინ მიდგას ჰუმელსის მინიმუმ სამი ფანტასტიკური ვარდნა, რომლითაც "ბაიერნი" რეალური ხიფათისგან იხსნა და თუ მეხსიერება არ მღალატობს ერთ ეპიზოდში კროოსის ყუმბარისუბელი გასროლა დაბლოკა. მოკარით თვალი ჰუმელსის სახეს, რომელიც დამატებითი დროის დაწყებამდე მინდორზე იწვა და აშკარად ტკიოდა, ძალიან ტკიოდა, თვალებზე ეტყობოდა რომ ეს მისთვის ურთულესი იყო, მაგრამ მაინც იდგა! თანაც როგორ იდგა? დიდებულად! როგორ იბრძოდა ჟერომ ბოატენგი, როგორ გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან, რამდენი გამჭოლი პასი ჩაჭრა. დიახ, ისინი შეცდნენ, თანაც არაერთხელ, მაგრამ ეს იყო თამაში, სადაც ყველა კანკალებდა, ყველა ნერვიულობდა, ნოიერსაც კი ერთხელ უმტყუნა რკინის ნერვებმა, რამოსმა თავის კარში გაიტანა...ეს ჩემპიონთა ლიგაა მეგობრებო, ეს "ევროპული კლასიკოა" მეგობრებო. რაც არ უნდა გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშე იყო, ზეწოლა მაინც გრთგუნავს, ტანში გცრის და გაბრუებს. ჩვენ, ქომაგები, ათასობით კილომეტრის მოშორებით, ტელევიზორის წინ, ვნერვიულობთ, ტანში ჟრუანტელი გვივლის, ვცახცახებთ და წამოირდგინეთ რა ემართება მოთამაშეს, რომელიც მინდორზეა, ბურთს იღებს და თავს მაღლა წევს.
ცალკე მინდა გამოვყო არტურო ვიდალი - უდავოდ ანტიგმირი, რომელმაც არ მოისვენა, სანამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. არ დაგიმალავთ, ვგრძნობდი, რომ ვიდალი მეორე გაფრთხილებას "აიკიდებდა" და ეს უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. თუმცა მისი თემა დაძაბულობისა და ზეწოლის ამბავს ტყუილად არ მივაბი. მან იცოდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, მაგრამ გუნდზე ფიქრობდა, იმ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ბურთის ხელში ჩაგდება სურდა და ამიტომაც ჩაუხტა კაზემიროს. ხოლო, როდესაც გაათვითცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ამით გუნდი დაღუპა, თვალზე ცრემლები მოადგა. ეს კადრში კარგად გამოჩნდა. არ დაგიმალავთ, გულის სიღრმეში უკვე მოდიოდა რამდენიმე უცენზურო სიტყვა არტუროსადმი, მაგრამ როდესაც მისი სახე დავინახე, გავშრი, ხმა არ ამომიღია! მე ამის უფლება უბრალოდ არ მქონდა ან შესაძლოა მეტისმეტად გულჩვილი ვარ და ვერ შევძელი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ჩვენ გულშემატკივარი ვართ, რომელიც თავის გუნდს, თავის მოთამაშეს ყველაზე რთულ მომენტებში უნდა დაუდგეს გვერდში. ხაბი ალონსო თავისი სარისკო და სხარტი პასებით მთელი თამაში ჩვენს ნერვებზე თამაშობდა, მაგრამ ბრავო ხაბი! ბრავო არტურო! ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ ვიდალი დღევანდელ "ბაიერნში" ყველაზე მებრძოლი და როგორც გერმანელებს უყვართ "ყვერებიანი" მოთამაშეა, მაგრამ ისიც ადამიანია, მადრიდში კი არაამქვეყნიური ორთაბრძოლა იყო გაჩაღებული (ეს არ დაგავიწდეთ)...
წაგებაც უნდა ვიცოდეთ. დიდი გუნდის, მოთამაშის და თუნდაც გულშემატკივრის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მარცხის ღირსეული მიღებაა. ამას ოლივერ კანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იდეალურად აღწერს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. იცით, შესაძლოა ბევრს სიამოვნებდა კანისა და ეფეს დროინდელი დაპირისპირებების დროს მოთამაშეები ერთმანეთში კინკლაობდნენ, იყო სერიოზული დაპირისპირებები და ჩხუბი, მაგრამ საბოლოოდ რაული და კანი, კასილასი და კანი ერთმანეთს მაინც ხელს ართმევდნენ და ეხუტებოდნენ. ძალიან მსიამოვნებდა, რომ დღეს ყოველი ორთაბრძოლის შემდეგ მარსელო და რობენი ერთმანეთს უღიმოდნენ, კარვახალი და რიბერი ხელს ართმევდნენ, აი ეს არის ღირსეული თამაში! ნამდვილი პატივისცემა! ფეხბურთიც ხომ რეალურად უბრალო თამაშია, რომელშიც ყოველთვის ვერ მოიგებ, ამიტომ ღირსება არასოდეს უნდა დაკარგო! მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თამაშის შემდეგ ვიქტორ კაშაისთან არცერთი ბავარიელი არ მივარდნილა, ყველა მეტოქე გუნდის მოთამაშეს ეხუტებოდა და ულოცავდა. დაე ჩვენც მივბაძოთ ჩვენს რჩეულებს. იცით პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს, როდესაც რონალდუმ გოლი გაიტანა და უკვე ყველა მიხვდა, რომ ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა, მდივნის წინ ჩამოვჯექი და ცრემი წამომივიდა, ავტირდი. თუმცა ამის მიზეზი არც მარცხი და არც კაშაის შეცდომა არ ყოფილა, იცით რატომ ავტირდი? ეს სიხარულის ცრემლები იყო, იმ სიხარულის, რომელიც სიამაყის გრძნობით იყო გამოძახილი. უცბად დავფიქრდი, რომ ეს თამაში ისტორიაში შევა, ეს მომენტები არავის არასოდეს დაავიწყდება, მივხვდი, რომ ეს სუპერმატჩი შედგა და იმიტომ ავტირდი, რომ ეს ჩემი გუნდის დამსახურება იყო, რომელიც ბოლო 30 წუთის სათამაშოდ განწირული, 10 კაცით დარჩენილი გავიდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაცვაში ჩამჯდარიყო, შეუტია, ფეხბურთი ითამაშა, მაყურებელს სანახაობა, სპექტაკლი აჩუქა. ნუთუ ვინმე შეძლებდა იმას, რაც უმცირესობაში დარჩენილმა "ბაიერნმა" გააკეთა? არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს.
ბოლოს ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, გულიდან წამოსული სიტყვებია და არა სპეციალურად ლამაზად შეთხზული გულისამაჩუყებელი ტექსტი. მე ჟურნალისტი ვარ და შესაბამისად ჩემი გადმოცემის უნარი ასეთია, ჩემი იარაღი კლავიატურაა...როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა "კაი ბიჭის" როლს არ ვთამაშობ, უბრალოდ მინდა, რომ სიტუაციას რეალურად შევხედო და ვიყო ობიექტური. სწორედ ამიტომ გთხოვთ, რომ მადრიდის "რეალის" ღირსეულ გულშემატკივრებს უბრალოდ მიულოცეთ, წარმატებები უსურვეთ და მსაჯებზე არ ისაუბროთ. მივბაძოთ ჩვენს საყვარელ მოთამაშეებს, რომლებიც გამარჯვებულებს გადაეხვიენ და მომდევნო ეტაპზე გასვლას ულოცავდნენ. ეს დიდსულოვანი საქციელია.
მადრიდის "რეალთან" ასე გამოვარდნა კი სულაც არ არის სათაკილო. თანამედროვეოების ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშისგან სამი ბურთის მიღებაც არ არის სათაკილო! ფეხბურთი ასეთი დაუნდობელი სპორტია - ან უზომოდ გაგაბედნიერებს ან ძალიან დაგამწუხრებს. ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ როგორ მივიღოთ ერთიც და მეორეც. დიახ, დღეს ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ფეხბურთმა გაიმარჯვა! 10 კაციანი "ბიერნის" შეტევაში წასვლით ფეხბურთმა გაიმარჯვა! ჩვენც ხომ პირველ რიგში სწორედ ეს დიდი სპორტი გვიყვარს? დიახ "ბაიერნმა" წააგო, მაგრამ მან თავი ფეხბურთისთვის გაწირა. იცოდეთ და იამაყეთ, რომ ეს დიდებული დაპირისპირება სწორედ ჩვენი გუნდის წყალობით შედგა.
|