" ღირსების საქმე!
ლუჩანო მოჯიმ მაინც იპოვა სიმართლე და დაამტკიცა, რომ კალჩოპოლი მორატიმ მოაწყო, ხოლო ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში “ინტერი” იყო! მართალია, ამით არაფერი შეიცვლება, კალჩიოპოლის საქმეს ვადა გაუვიდა და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ ეს ღირსების საქმე იყო…
ლუჩანო მოჯი არასოდეს ნებდება.
კალჩოპოლის დროს მოჯიმ მოითხოვა მოესმინათ ყველა სატელეფონო ჩანაწერი – 100 ათასზე მეტი. მას ჰქონდა არგუმენტი: მსაჯების გამანაწილებელმა – პაოლო ბერგამომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად მას “ინტერის” ბოსები უკავშირდებოდნენ. მოსამართლემ არ მიიღო მოჯის წინადადება იმ არგუმენტით, რომ ყველა ჩანაწერის მოსმენას სამი წელი მოუნდებოდა. ჩანაწერები სიმართლის დასადგენად უჩვეულო მიდგომით – შერჩევით მოისმინეს.
საქმე კი ასე დაიწყო…
2006 წლის 22 აპრილს La Gazzetta dello Sport-მა მოჯის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა, სადაც ის იტალიის მსაჯთა ასოციაციის ბოსებთან საუბრობდა. ერთთვიანი საბრალდებო პუბლიკაციები იმით დამთავრდა, რომ კალჩოპოლის გახმაურებული საქმე აგორდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი ფრანკო კარარო გადადგა, ხოლო სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მილანი” და “ფიორენტინა”.
FIGC მეთაურად დროებით გვიდო როსი დაინიშნა. ივლისში კომისარმა ნაჩქარევი სასჯელი გამოიტანა, აპელაციის შემდეგ კი “მილანს”, “ლაციოს”, “ფიორენტინას” და “რეჯინას” სასჯელი შეუმსუბუქეს და რამდენიმექულიანი დეფიციტით სერია ა-ში დატოვეს.
მთავარი დამნაშავე კი “იუვენტუსი” აღმოჩნდა: ტურინელებს ორი სკუდეტო წაართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს…
ახლა ვნახოთ ვინ გამოიტანა სასჯელი: კლუბების ბოსების მოსმენების ორგანიზება Telecom Italia-მ მოაწყო, რომლის დირექტორთა საბჭოში მაშინ იმყოფებოდა “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი. კომპანიის შეფი მარკო ტრონკეტი პროვერა Pirelli-ს უმსხვილესი აქციონერი იყო (შეგახსენებთ, რომ Pirelli “ინტერის” უცვლელი სპონსორია). FIGC-ის კომისარი გვიდო როსი “ინტერის” აქციონერი იყო და ერთ დროს დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა, კალჩოპოლის შემდეგ კი Telecom Italia-ში მაღალ პოსტზე დაინიშნა!
2007 წელს Telecom Italia უკანონო მოსმენებში დაადანაშაულეს. ბობო ვიერიმ მილიონი ევროც კი მოუგო. Telecom Italia-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯულიანო ტავაროლიმ თქვა, რომ “იუვენტუსის” მოსმენის განკარგულება მორატიმ გასცა. გამოძიებას კომპანიის რამდენომე წევრი აწარმოებდა, ერთერთი მათგანი შემდეგ ნეაპოლის ხიდიდან გადახტა, ხოლო ორი მათგანი დაიჭირეს, რომლებიც ხელმძღვანელების წინააღმდეგ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ უფროსობამ არასასურველი ჩანაწერების განადგურება დაავალეს.
მიუხედავად ამისა “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება არ ემუქრებოდა, ერთადერთი რაც დაქვეითებას ითვალისწინებდა რეგლამენტის მე-6 პუნქტი იყო, რომელიც თამაშების ჩაწყობას ეხებოდა. “იუვეს” ეს პუნქტი არ დაურღვევია, რაც მოსამართლემაც დაადასტურა. მოჯის საუბარს ბერგამოსთან მსაჯების დანიშვნაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მოჯის დარღვევები მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებდა. “თამაშებზე ზეგავლენის” დამადასტურებლად “იუვეს” პირველი ადგილი მოიყვანეს! ეს საკმარისი არ იყო, როსიმ მაშინ რეგლამენტში სტრუქტურული დარღვევები შეიტანა.
“ჩვენ უფრო დიდხანს უნდა გამოგვეძია მოჯის საქმე. ფედერალურ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რომ “იუვენტუსისთვის” სკუდეტო წაერთვათ. მაგრამ გვიდო როსიმ თავისი მეგობრები შეყარა და სკუდეტო “ინტერს” გადასცა” – ფედერალურმა მოსამართლემ კარლო პორჩედუმ მხოლოდ შარშან აღიარა!!!
მოჯიმ ბრძოლა გააგრძელა. 2010 წელს სასამართლომ 75 ჩანაწერი მიიღო, სადაც “ინტერი” ფიგურირებდა. “ეს ჩანაწერები 2006 წელს რომ გვქონოდა, “ინტერი” დაისჯებოდა” – აღნიშნა მოსამართლემ.
ჩანაწერებში “ინტერის” პრეზიდენტი ფაკეტი მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს ესაუბრება და “ინტერი” – “კალიარის” მატჩის მსაჯის ბერტინის “აზრზე მოყვანას” სთხოვს, რაზეც ბერგამო პასუხობს, რომ ის უკვე მიხვდა ყველაფერს და სასურველი შედეგი დაიდება… ბერტინიმ “ინტერს” გოლი ჩაუთვალა სადაც პასი ხელით იყო გაკეთებული და არ გააძევა კარინი განზრახ ხელით თამაშისთვის…
2011 წელს პროკურორმა სტეფანო პალაციმ გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. “ინტერი”, მორატი და ფაკეტი დაადანაშაულეს სპორტულ მაქინაციებში და მსაჯების საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევაში. ისინი მსაჯების შეფებს ურეკავდნენ უშუალოდ მატჩის წინ და იმ მსაჯებზე ზემოქმედებდნენ, რომლებიც მათ თამაშზე იყო დანიშნული.
“ინტერმა” დაარღვია სწორედ ის ერთადერთი მე-6 პუნქტი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითებას ითვალისწინებდა!!!
ხმამაღალმა დოკუმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, “ინტერს” ტიტული არ წაართვეს. საქმე დაიხურა ვადის გასვლის გამო, რომელიც 4 წელს ითვალისწინებდა. ისე დაემთხვა, რომ პალაციმ “ინტერი” კალჩოპოლიდან 5 წლის შემდეგ დაადანაშაულა…
მოჯიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ დაადანაშაულა “ინტერი” და ჯაჩინტო ფაკეტი მსაჯების მოსყიდვაში, რაზეც ფაკეტის შვილი ჯანფელიჩე წამოეგო და მოჯის სასამართლოში უჩივლა ცრუ ბრალდებების გამო. მოჯისაც ეს უნდოდა – სინამდვილეში რასაც მოჯი ამტკიცებდა უკვე დადასტურებული იყო პროკურორ პალაცის მიერ, მაგრამ ვადის გასვლის გამო საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა. აქ კი უმცროსმა ფაკეტიმ უნებურად საქმე სასამართლოს დაუბრუნა. ჯანფელიჩეს სჯეროდა, რომ შავლურჯები საქმეში არ იყვნენ, ხოლო პროკურორის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ შეცდა – სანამ მოსამართლე დასკვნას გამოიტანდა, უნდა გაერკვია სინამდვილეში ლობირებდა თუ არა “ინტერი” მსაჯებს…
ახლა ყველაფერი დამთავრდა. კალჩოპოლის საქმე დაიხურა. მოჯიმ გაიმარჯვა, პროკურორის დოკუმენტი სასამართლომ აღიარა – ყველაზე მეტად კორუფციულ სისტემაში “ინტერი” იყო დამნაშავე.
და რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. წართმეული სკუდეტო “ინტერს” შერჩება, არავინ დაისჯება, რადგან კლუბის ყოფილი ბოსები ჩამოშორდნენ ფეხბურთს, ხოლო მოჯი არ დაუბრუნდება სამუშაოს. შეიძლება “იუვენტუსმა” ისევ მოითხოვოს უიმედოდ 400-500 მილიონი, რადგან FIGC-ს ფული არა აქვს.
ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამტკიცებულია სასამართლოს გარეშეც. ჩემპიონი დაბრუნდა. სწორად აღნიშნა დონ ლუჩანომ მოგებული საქმის საბოლოო სიტყვაში: “კალჩოპლოლი დიდი ხანია დამთავრდა, მუშაობს ვიდეოგანმეორებები, ხოლო “ინტერი” ისევ 22 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”…
მოჯიმ ღირსება აღიდგინა და აღუდგინა ის “იუვეს”!
" წყარო:
forzajuve.ge VIDEO [B]