SandroMoreiraზემოთ რაც დავლინკე
მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში
1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, -
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ამ მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა განსხვავდება საქართველოს 1960 წ. სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით აღწერილი შემადგენლობისაგან. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი ორი ნაწილისაგან შედგება, მაშინ, როცა 106-ე მუხლი ერთნაწილიანი იყო. გარდა ამისა, პირველი ნაწილი მოქმედი კოდექსის 111-ე მუხლისა, სადაც აფექტური მკვლელობის ძირითადი შემადგენლობაა აღწერილი, გაცილებით უფრო გაფართოებულია წინა კოდექსის 106-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობისაგან განსხვავებით. მაშინ, როცა ეს მუხლი აფექტის გამომწვევ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს იძლეოდა (განზრახი მკვლელობა, გამოწვეული ,,...დაზარალებულის მიერ უკანონო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით“), მოქმედი კოდექსის 111-ე მუხლი ამ გარემოებათა სანიმუშო ჩამონათვალს გვთავაზობს. აქ ნათქვამია: აფექტი ,,გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვეპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ...“ და ა.შ.
აფექტის გამომწვევ გარემოებათა ზუსტი ჩამონათვალი, საქართველოს 1960 წ. სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით რომ იყო მოცემული, უსამართლოდ ზღუდავდა იმ შემთხვევათა წრეს, რომლებიც ნამდვილად იძლევა პასუხისმგებლობის შემსუბუქების შესაძლებლობას. მართალია, ანალოგიის პრინციპის გამოყენების საფუძველზე სასამართლო პრაქტიკას შეეძლო თვითონ გაეფართოებინა ხსენებულ შემთხვევათა წრე, მაგრამ წარსულში მოსამართლის თავისუფლებისა და სამოსამართლო სამართლის არარსებობის პირობებში ეს ვერ ხერხდებოდა. თანამედროვე ეპოქაში, მართალია, ჩვენში სამოსამართლო სამართალმა დაიწყო განვითარება, მაგრამ კანონში აფექტურ მკვლელობათა გამომწვევ გარემოებათა ზუსტი ჩამონათვალის შენარჩუნება მაინც გაუმართლებელი იყო. მოქმედი კოდექსის 111-ე მუხლის ფორმულირება ხელს შეუწყობს ხსენებულ შემთხვევათა სწორ იურიდიულ კვალიფიკაციას და დამნაშავის სამართლიან დასჯას.
საყურადღებოა აგრეთვე 111-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც გაძლიერებული პასუხისმგებლობაა დაწესებული აფექტური მდგომარეობის დროს ,,ორი ან მეტი“ ადამიანის მკვლელობისათვის. ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი 109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის ანალოგიურია.
111-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა ეგრეთ წოდებულ პრივილეგიურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მკვლელობის უმართლობა (მართლსაწინააღმდეგო ქმედება), რომელიც საფუძვლად უდევს 111-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობას, არ განსხვავდება 108-ე ან 109-ე მუხლებით აღწერილი შემადგენლობების უმართლობისაგან. მაგალითად, ,,ორი ან მეტი“ ადამიანის განზრახ მკვლელობა 109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით მკაცრად ისჯება, ხოლო ამდენივე ადამიანის განზრახ მკვლელობა აფექტური მდგომარეობის დროს 111-ე მუხლით შემსუბუქებულ პასუხისმგებლობას იწვევს. მაშასადამე, ერთი და იმავე სიმძიმის უმართლობა 109-ე მუხლით მკაცრად ისჯება, ხოლო 111-ე მუხლით შემსუბუქებულად.
პასუხისმგებლობის შემსუბუქება აქ ემყარება არა უმართლობის სიმძიმის დაბალ ხარისხს, მის ნაკლებ საზოგადოებრივ საშიშროებას, არამედ ბრალის შემცირებულ ხარისხს. აფექტური მკვლელობა შემცირებული შერაცხადობის ნაირსახეობაა. ამ თვალსაზრისზე დგას რუსეთის ფედერაციის 1996 წლის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტატორიც, რომელიც წერს, რომ აფექტურ მდგომარეობაში ადამიანს მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული თავისი მოქმედების ფაქტიური ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების შეცნობის, აგრეთვე ამ მოქმედების ხელმძღვანელობის უნარი. მაგრამ ვერ დავეთანხმებით ავტორს, როცა ის წერს, რომ ასეთ ვითარებაში ჩადენილი დანაშაული ,,ნაკლებად საზოგადოებრივად საშიშია, ვიდრე დანაშაული, რომელიც ჩადენილია დამშვიდებული ფსიქიკის მდგომარეობაში“.1 აფექტური მკვლელობის დროს უმართლობის სიმძიმის ხარისხი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ფსიქიკის მდგომარეობაზე. აქ საქმე გვაქვს შემცირებული შერაცხადობის შემთხვევასთან, რაც ამცირებს ბრალის და არა უმართლობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს.
განსხვავებული აზრი აქვს გამოთქმული ამ საკითხზე საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთ კომენტატორს. იგი ამტკიცებს, რომ ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა ,,ქმნის პირობებს, დამნაშავე ჩაითვალოს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიშად იმასთან შედარებით, როდესაც დამნაშავე ყოველგვარი აფექტის გარეშე წყნარად, მშვიდად (?!) დაგეგმავს დანაშაულის ჩადენის მთელ მსვლელობას“.2
ეს თვალსაზრისი არ შეესაბამება მოქმედ ქართულ სისხლის სამართალს, რომელიც ქმედების და არა მოქმედის სისხლის სამართლის პრინციპზეა აგებული. მოქმედი ქართული სისხლის სამართალი პასუხისმგებლობას აკისრებას ადამიანს კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო (საზოგადოებრივად საშიში) ქმედების ჩადენის გამო და არა იმის გამო, რომ ის, ესე იგი დამნაშავის პიროვნება საშიშია საზოგადოებისათვის. აფექტურ მდგომარეობაში მყოფი შემცირებული შერაცხადობის მდგომარეობაშია, მისი ბრალის ხარისხი შემცირებულია, მიუხედავად იმისა ის განსაკუთრებით საშიში რეციდივისტია თუ უაღრესად თვინიერი ადამიანი. აფექტურ მდგომარეობაში იქნება ადამიანი თუ ,,მშვიდად დაგეგმავს დანაშაულის ჩადენის მთელ მსვლელობას“, ეს მისი პიროვნების მეტ ან ნაკლებ საშიშროებაზე ვერ იმოქმედებს. აქ საქმე გვაქვს ბრალის ხარისხთან და არა პიროვნების საშიშროებასთან.3
111-ე მუხლით აღწერილი მკვლელობა განზრახი მკვლელობაა. განსხვავება 108-ე ან 109-ე მუხლებით აღწერილი მკვლელობისაგან ის არის, რომ აქ მკვლელობის განზრახვა გამოწვეულია ,,უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვებით“.
მეორე განსხვავება 111-ე მუხლისა ხსენებული მუხლებისაგან ისაა, რომ განზრახვა აქ მხოლოდ პირდაპირია. აფექტური მკვლელობა არ შეიძლება იყოს ჩადენილი ევენტუალური განზრახვით.4
111-ე მუხლით აღწერილი აღელვება, რასაც ხშირად უცხოური ტერმინით - ,,აფექტით“ აღნიშნავენ, უნდა იყოს უეცრად წარმოშობილი. აფექტი უეცრად წარმოშობილი და სწრაფწარმავალი გრძნობაა.
111-ე მუხლით აღწერილი აღელვება უნდა იყოს, ამავე დროს, ძლიერი. თუკი აღელვება იყო უეცარი, მაგრამ არ იყო ძლიერი, მაშინ მკვლელობა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ხსენებული მუხლით. იყო თუ არა აღელვება ძლიერი, ეს შეფასების საკითხია.
ფსიქოლოგიაში სიძლიერის თვალსაზრისით გამოყოფენ აფექტის ორ სახეობას: პათოლოგიურს და ფიზიოლოგიურს. პათოლოგიური აფექტის დროს ადამიანი სრულიად მოკლებულია სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს მის ბრალს. პათოლოგიური აფექტის დროს ადამიანს არ შეერაცხება ბრალად ჩადენილი უმართლობა.
,,ფიზიოლოგიური აფექტი, პათოლოგიური აფექტისაგან განსხვავებით, - წერს თ. შავგულიძე - არ გამორიცხავს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას; იგი მხოლოდ ასუსტებს, მაგრამ არ სპობს თვით-კონტროლისა და გარემოში სწორად გარკვევის უნარს“.5
იმის გასარკვევად, ფიზიოლოგიური აფექტის დროს მოხდა განზრახ მკვლელობა თუ პათოლოგიურის დროს, აუცილებელია ჩატარდეს ,,კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა“.6
ამ თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წ. 6 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე ირაკლი მაისურაძემ სახესა და საფეთქელში ნაჯახის ორ-ორი დარტყმით მეზობელი გიორგი კიკნაძის ბინაში მოკლა თავისი მეუღლე ნინო ჩიბურდანიძე-მაისურაძისა და თავად გიორგი კიკნაძე, რომლებიც ერთად იწვნენ და ეძინათ“7 (გვარები ტექსტში შეცვლილია).
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად შესრულდა სამი საექსპერტო მოქმედება: 1) ბრალდებულ ი. მაისურაძის პიროვნების ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურების გამოკვლევა; 2) ი. მაისურაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სოციალურ-ფსიქოლოგიური (მისი სოციალური წრის) შეფასების ანალიზი; 3) ი. მაისურაძის დანაშაულებრივი მოქმედების ფსიქოლოგიური ანალიზი და ემოციური მდგომარეობის დიაგნოსტიკა“.8
ცოლქმრული ღალატი, რაც საფუძვლად დაედო ი. მაისურაძის მიერ ჩადენილ მკვლელობას, სოფლის საერთო კრებას განუხილავს და მკაცრად დაუგმია ის მორალური თვალსაზრისით. ამ გარემოებას ექსპერტიზა გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის სოციალური წრე, სადაც ეს ადამიანი ტრიალებს. ,,საექსპერტო გასაუბრებისას - ნათქვამია ექსპერტიზის დასკნაში - ბრალდებულმა ირაკლი მაისურაძემ აღნიშნა: ,,მე მაშინვე მკვდარი ვიყავი, როდესაც დავინახე, რომ ჩემი მეუღლე გიორგი კიკნაძის გვერდით იწვა“. ეს აღიარება და თვით დანაშაულებრივი მოქმედება (მკვლელობა) სავსებით გამოხატავს, აქ მოხსენებული კრების ენით რომ ვთქვათ, იმ შეგნებას, რომლითაც ,,იწვის და დუღს“ ის სოციალური ჯგუფი, რომელსაც მაისურაძეების ოჯახი განეკუთვნება“.9
საბოლოოდ ექსპერტიზამ გააკეთა დასკვნა, რომ ი. მაისურაძე მოქმედებდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
ეს დასკვნა მრავალმხრივ საყურადღებო პრაქტიკული დოკუმენტია, საიდანაც ჩანს, რომ აფექტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთი მხრივ, იმ სოციალურ წრეზე, რომლის შიგნითაც პიროვნება ტრიალებს, ხოლო, მეორე მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ პიროვნების ფსიქიკურ თავისებურებებს.
ის სოციალური წრე, სადაც პიროვნება ცხოვრობს და ამ წრის გავლენას განიცდის, ამ შემთხვევაში არის სოფელი, რომელმაც კრება მოიწვია და ამ ფაქტზე იმსჯელა, მკაცრად დაგმო ცოლქმრული ღალატი. თვითონ ი. მაისურაძის პიროვნება ამ საექსპერტო დასკვნით ასეა დახასიათებული: ,,ირაკლი მაისურაძეს ახასიათებს მკაფიოდ გამოკვეთილი მგრძნობიარობა, ემოციური აღგზნებადობა და გულჩვილობა, რომელიც ზოგჯერ ცრემლებსა და ტირილში იჩენს ხოლმე თავს. ირაკლი მაისურაძის თავისებურებებიდან ნიშანდობლივია, აგრეთვე შთაბეჭდილებათა სიღრმე და განცდების სიმძაფრე. იგი ამჟღავნებს ახლობლების მხრივ თანაგრძნობისა და ზრუნვის გამოწვევის ძლიერ სურვილს“ და სხვ.
ექსპერტიზის დანიშვნა უნდა მოხდეს მაშინ, როცა საქმეში არის ძლიერი მონაცემები, რომ დამნაშავე იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში. ასეთ დროს ზოგჯერ გასარკვევია, ფიზიოლოგიურ აფექტთან გვაქვს საქმე, თუ პათოლოგიურთან. სხვა შემთხვევაში ექსპერტიზა შეიძლება არც დაინიშნოს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა გამოძიებით არ არის დადგენილი ჩაიდინა თუ არა უკანონო მოქმედება დამნაშავემ. მაგალითად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 6 მარტის განაჩენით გ.ს.-ს მსჯავრი დაედო საქართველოს 1960 წ. სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში).
განაჩენის მიხედვით გ. ს. მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ზესტაფონის რაიგანყოფილების უბნის ინსპექტორად. 1998 წ. ზაფხულში მან მიიღო ანონიმური წერილი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედამისს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მეზობლად მცხოვრებ თ. ე.-სთან. 1998 წ. 4 ნოემბერს დილის საათებში გ. ს.-მ თავისი ბებია მიიყვანა სოფ. შროშაში საავტომობილო გზასთან, ე.წ. ,,ბაჭას ბოგირთან“ არსებულ თიხის ჭურჭლის ბაზრობაზე. გ. ს. მიესალმა იქ დამხვდურებს, მათ შორის თ. ე.-საც.
ამ დროს თ.ე.-მ მოულოდნელად ჩაილაპარაკა: ,,მოაკითხა თავის ბოზ დედას, წუხელი მასთან ვიყავიო“. თან ცინიკურად შეეკითხა გ. ს.-ს: ,,რა გინდა, ბიჭო, რას მიყურებო“. მძიმე შეურაცხყოფით ფიზიოლოგიურ აფექტში აღმოჩენილმა გ. ს.-მ ამოიღო ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და დაახლოებით ორი მეტრის მანძილიდან მოკვლის მიზნით ორჯერ ესროლა თ. ს.-ს, ხოლო, როცა იგი გაიქცა, დამატებით კიდევ ორჯერ ესროლა. თ. ე. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო გ. ს. ბრალის აღიარებით გამოცხადდა ზესტაფონის შს რაიგანყოფილებაში.
დაზარალებულის საკასაციო საჩივარში ნათქვამი იყო, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოწმეების ტ.ბ.-ძის და ი.ლ.-ძის ჩვენებები, რომელთა თანახმად ,,დანაშაულის ჩადენამდე ს.-ძესა და ე-ძეს შორის არავითარი საუბარი არ ყოფილა“. საკასაციო პალატამ 2000წ. 2 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის ფაქტიური გარემოებები. პალატამ ამის საფუძველზე გააუქმა ხსენებული განაჩენი და დააბრუნა საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
როგორც ზემოთ ვთქვით, აფექტი უეცრად წარმოშობილი და სწრაფწარმავალი გრძნობაა. როცა ლაპარაკია აფექტის უეცრად წარმოშობაზე, მხედველობაშია სწრაფი რეაქცია იმ გამღიზიანებლებზე, რომელიც აღნიშნულია 111-ე მუხლის დისპოზიციაში. ეს არის მართლსაწინააღმდეგო ძალადობა10 და სხვ. მაშასადამე, აფექტი მომენტალურად უნდა მოჰყვეს მართლსაწინააღმდეგო ძალადობას. ასე რომ, განზრახი მკვლელობა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მართლსაწინააღმდეგო ძალადობისთანავე ხდება, იგი უშუალო რეაქციაა ამ ძალადობისა.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში მაისურაძის აფექტური მდგომარეობა უეცრად წარმოშვა ცოლ-ქმრული ღალატის ხილვის ფაქტმა, როცა მან დაინახა თავისი მეუღლე სხვა მამაკაცთან ლოგინში მწოლიარე და ამ ფაქტს უშუალოდ მოჰყვა მეუღლისა და მის გვერდით მწოლიარე მამაკაცის განზრახ მკვლელობა. მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა მაპროვოცირებელ როლს ასრულებს არა უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქცევა, არამედ სხვა ფაქტი. ზოგჯერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ადრე, წლების წინათაც კი არის მომხდარი, მაგრამ მსხვერპლის განზრახ მკვლელობის მაპროვოცირებელ ფაქტს წარმოადგენს მსხვერპლის მოულოდნელი ნახვა, მასთან შეხვედრა, როცა მკვლელის მეხსიერებაში უეცრად ამოტივტივდება მართლსაწინააღმდეგო ძალადობის ფაქტი და იწვევს აფექტს. თ. შავგულიძეს თავის მონოგრაფიაში აღწერილი აქვს შემთხვევა, როცა გერმანიასაბჭოთა კავშირის ომის დამთავრებიდან ოცი თუ ოცდაათი წლის შემდეგ ამ ომის ერთ მონაწილეს მოსკოვის ქუჩაში შეხვდა კაცი, რომელიც ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ ყოფნისას მას სასტიკად აწამებდა. ამ შეხვედრამ მასში წარმოშვა აფექტური მდგომარეობა, რასაც იმ კაცის განზრახ მკვლელობა მოჰყვა. სასამართლომ დამნაშავეს მოქმედება დააკვალიფიცირა შესაბამისი აფექტის პრივილეგირებული მუხლით.11
დაახლოებით ანალოგიური მაგალითი მოჰყავს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტატორსაც. კომენტარში ნათქვამია, რომ ,,შესაძლებელია აფექტი წარმოიშვას არა უეცრად დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის მერე, არამედ დროის რაღაც შუალედის გავლის შემდეგ (მაგალითად, კაცი შემთხვევით ხვდება ქუჩაში ადამიანს, რომელმაც ადრე გალანძღა მისი მცირეწლოვანი შვილი)“.12
აფექტი გამოწვეული უნდა იყოს დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ რაიმე ძალადობით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. ახლო ნათესავთა წრე განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შენიშვნით. აქ ნათქვამია, რომ ,,ახლო ნათესავად“ ითვლება: მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და-ძმა, მეუღლე. ეს ჩამონათვალი ამომწურავია. ამავე დროს ის სავალდებულოა 111-ე მუხლისათვის, რადგან 109-ე მუხლის შენიშვნის ტექსტი ასე იწყება: ,,ამ კოდექსში ახლო ნათესავად ითვლება...“ და ა.შ.13
აფექტის გამომწვევი ,,მართლსაწინააღმდეგო ძალადობა“ შეიძლება იყოს ფიზიკურიც და ფსიქიკურიც (მუქარა). შესაძლებელია ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა ერთდროულად ხდებოდეს. მაგალითად, ვინმემ ჩაავლო ხელი კაცს საყელოში, ანჯღრევს და თან ემუქრება კიდევ მეტი დაზიანებით მომავალში (,,გაგაქრობ“ და სხვ.).
111-ე მუხლის ტექსტში აფექტის გამოწვევის საფუძვლად ,,მართლსაწინააღმდეგო ძალადობის“ შემოტანამ თავისთავად წამოჭრა ახალი საკითხი, რომელსაც უშუალო პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამან არ უნდა გამოიწვიოს აუცილებელი მოგერიების შემთხვევის და აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახი მკვლელობის ერთმანეთში არევა. თუმცა ეს საკითხი ადრეც იდგა. აუცილებელი მოგერიების დროს საქმე გვაქვს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმასთან, ესე იგი ძალადობასთან, რასაც შეუძლია გამოიწვიოს აფექტი. ასეთ დროს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა აფექტში ჩადენილი მკვლელობის (111-ე) მუხლით, არამედ მომგერიებელი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე (აუცილებელი მოგერიება).
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარში მართლსაწინააღმდეგო ძალადობის შემთხვევებად დასახელებულია ცემა, წამება, თავისუფლების შეზღუდვა ძალადობით და გაუპატიურება. ეს შემთხვევები, ცხადია, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობასაც წარმოშობს. მოსალოდნელია ამ დროს აგრეთვე, რომ ადამიანი, ვის მიმართაც ეს ძალადობა ხდება, აღმოჩნდეს აფექტურ მდგომარეობაში. ამიტომ სასამართლო პრაქტიკაში გულდასმით უნდა შეამოწმონ საქმის ყველა დეტალი და იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ, აფექტურ მდგომარეობასთან ერთად, საქმე გვაქვს აუცილებელ მოგერიებასთან, უპირატესობა უნდა მივცეთ ამ უკანასკნელს და გავათავისუფლოთ ადამიანი პასუხისმგებლობისაგან. მაგალითად, თუ აფექტში მყოფი ქალი განზრახ მოკლავს მოძალადეს გაუპატიურების დამთავრების შემდეგ, მისი მოქმედება ვერ დაკვალიფიცირდება კოდექსის 28-ე მუხლით და ის ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის გამო.
111-ე მუხლი აფექტის გამომწვევ გარემოებად მიიჩნევს ,,მართლსაწინააღმდეგო ძალადობას“ და არა ,,უკანონო ძალადობას“, როგორც ამას ზოგჯერ წერენ ლიტერატურაში.14 მართლწინააღმდეგობა უკანონობაზე უფრო ფართო ცნებაა იმის გამო, რომ სამართალი უფრო ფართოა კანონის ცნების მოცულობასთან შედარებით. როცა ლაპარაკია უკანონობაზე, სასამართლომ ზუსტად უნდა დაადგინოს რომელი კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედა დამნაშავემ. მაშასადამე, აქ საქმე ეხება დაწერილ კანონს, ესე იგი პოზიტიურ ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სამართალს. რაც შეეხება მართლწინააღმდეგობას, ეს ცნება გულისხმობს წინააღმდენგობას, დაწერილთან ერთად, დაუწერელი სამართლისადმიც.
როცა ლაპარაკია მართლსაწინააღმდეგო ძალადობაზე, მაშინ აფექტურ მკვლელობად უნდა მივიჩნიოთ ისეთი შემთხვევა, როცა უეცარი, ძლიერი აღელვების შედეგად მკვლელობა ჩადენილია მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობის დამთავრების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა აფექტის მდგომარეობაში მყოფი მოძალადეს აზიანებს ძალადობის დამთავრებამდე, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება აუცილებელ მოგერიებად.
111-ე მუხლის დისპოზიციაში აფექტის გამომწვევ შემდეგ გარემოებად მოხსენიებულია მსხვერპლის მიერ დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის ,,მძიმე შეურაცხყოფა“. შეურაცხყოფა ადამიანის პატივისა და ღირსების განზრახ დამცირებაა. 1960 წ. სისხლის სამართლის კოდექსით შეურაცხყოფა სისხლისსამართლოებრივ პასუხისმგებლობას იწვევდა. ამ კოდექსის 138-ე მუხლი განსაზღვრავდა შეურაცხყოფის ცნებას. 1999წ. კოდექსი ამ დანაშაულის ზოგად შემადგენლობას აღარ ითვალისწინებს. 366-ე მუხლით ისჯება მოსამართლის და სახალხო მსაჯულის შეურაცხყოფა, 387-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფისათვის.
111-ე მუხლი აფექტის გამომწვევ გარემოებად მიიჩნევს არა უბრალოდ ,,შეურაცხყოფას“, არამედ ,,მძიმე შეურაცხყოფას“. იყო თუ არა შეურაცხყოფა ,,მძიმე“, ეს შეფასების საკითხია. შეფასებას ამ შემთხვევაში აკეთებს სასამართლო. შეფასების დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამნაშავის პიროვნული თვისებები. მაგალითად, მისი ემოციურობა და განსაკუთრებული მგრძნობელობა თავისი შინაგანი ღირსების მიმართ. მხედველობაში მიიღება აგრეთვე დამნაშავის აღზრდა და ის სოციალური გარემო, სადაც მას უხდება ყოფნა. ის, რაც მისაღები და შედარებით ადვილად მოსათმენია ერთ სოციალურ ფენაში, შეურაცხმყოფელია მეორე სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმ ღირებულებებსაც, რასაც დაზარალებული შეეხო. მაგალითად, დედის, ცოლის, დის შეგინებას უწმაწური სიტყვებით ჩვენში მძიმე შეურაცხყოფად აღიქვამენ.
შეურაცხყოფა შეიძლება გამოიხატოს სიტყვით, მოქმედებით, გამოსახულებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა შეიძლება პირდაპირი მიმართვით დამნაშავისადმი სხვების დაუსწრებლად ან სხვების თანდასწრებით. შეურაცხყოფა შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (რადიო, ტელევიზია, პრესა).
მოქმედებით შეურაცხყოფა შესაძლებელია პანღურის ამოკვრით, ქუდის ჩამოფხატვით, ხელის ნიკაპში ამოკვრით და სხვ. ცნობილია, ხალხური გამოთქმა: პანღური კი არ მეტკინება, მეწყინებაო. ამ მოქმედებებს უნდა ჰქონდეთ დამნაშავის პატივისა და ღირსების დამცირების მიზანი.
შეურაცხყოფა გამოსახულებით ხდება მაშინ, როცა დამნაშავე გამოსახულია ქაღალდზე, კედლის გაზეთში, ბეჭდვით ორგანოში შეურაცხმყოფელი ფორმით. მაგალითად, ქალი დახატეს ტიტველი. ასეთ დროს გამოსახულებაში შეურაცხყოფილი ამოსაცნობი უნდა იყოს იმისათვის, ვინც მას პირადად იცნობს. დაზარალებული ასეთ დროს უნდა მოქმედებდეს პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით. შეურაცხყოფა გამოსახულებით უნდა განვასხვაოთ ეგრეთ წოდებული მეგობრული შარჟისაგან (კარიკატურა). კარიკატურას არ აქვეყნებენ ვინმეს პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით. კარიკატურა ნიშნავს იმ ადამიანის სახელგანთქმულობას, ვის კარიკატურასაც ხატავენ.
111-ე მუხლის დისპოზიციაში აფექტის გამომწვევ შემდეგ გარემოებად დასახელებულია ,,სხვა მძიმე ამორალური ქმედება“. კანონმდებელი აქ, როგორც ზემოთ ვთქვით, ერიდება აფექტის გამომწვევ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ჩამოთვლის მათ სანიმუშოდ. ამაზე მიგვანიშნებს სიტყვა ,,სხვა“.
ერთ-ერთი ასეთი ,,სხვა მძიმე ამორალური ქმედება“, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება, არის ეგრეთ წოდებული ადიულტერი (ცოლქმრული ღალატი). ზემოთ ჩვენ გავაანალიზეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეხებოდა დამნაშავის ფსიქიკურ მდგომარეობას ცოლისა და საყვარლის მკვლელობის მომენტში.15
შემდეგი გარემოება, რომელიც 111-ე მუხლის დისპოზიციაში გვხვდება, არის განზრახი მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში, რაც გამოიწვია ,,მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ“.16
ტერმინი ,,არაერთგზისი“ ნიშნავს ერთხელ მეტად, ესე იგი ორჯერ მაინც. მაგრამ ,,ძლიერი“ სულიერი აღელვებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია ,,სისტემატურობის“ ნიშანი, როცა მსხვერპლი სისტემატურად იქცევა მართლსაწინააღმდეგოდ ან ამორალურად. ამიტომ გადამწვეტი სიტყვა უნდა თქვას სასამართლოს შეფასებამ - იყო თუ არა აღელვება ,,ძლიერი“.
,,არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო“ ქცევა შეიძლება ჩაიდინოს, მაგალითად, სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც არაერთხელ უკანონოდ შელახა მოქალაქის უფლებები და ამით მოთმინებიდან გამოიყვანა დამნაშავე. აფექტური მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ისეთმა ,,მართლსაწინააღმდეგო“ ქცევამ, როგორიცაა არაერთგზის ჩადენილმა თვითნებობამ. არაერთგზის ჩადენილი ამორალური ქცევა უფრო მეტად შეიძლება შეგვხვდეს საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში ან ოჯახურ ვითარებაში. კანონის მიხედვით ასეთი ქცევის განმეორებითმა ჩადენამ ფსიქიკური ტრავმა უნდა გამოიწვიოს დამნაშავეში, გამოიყვანოს იგი წყობიდან და უეცრად და თან ძლიერად აღაგზნოს.
,,დამნაშავის სისტემატური მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევის შედეგად - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის 1996 წ. სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარში - შეიძლება წარმოიქმნას ხანგრძლივი ფსიქომატრამვირებელი ვითარება, რაც ზოგჯერ იწვევს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობას. ასეთ ვითარებაში დამნაშავის ფსიქიკური დაძაბულობა თანდათანობით გროვდება და როცა ,,მოთმინების ფიალა“ აივსება, წარმოიშობა ძლიერი სულიერი აღელვება, რაც მკვლელობის მიზეზი ხდება.17
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2000 წ. 21 მარტის განაჩენით ვ. ჯ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს 1960 წ. სსკ-ის 105-ე მუხლით დედის ო. ფ-ს მკვლელობისათვის. განაჩენის მიხედვით ო. ფ. ბევრს სვამდა და ამის ნიადაგზე მუდმივი უსიამოვნება ჰქონდა შვილთან - ვ. ჯ-თან. 1999წ. 28 მაისს ვ. ჯ. დაახლოებით ექვს საათზე მოვიდა სახლში. იყო ნასვამი, მოინდომა ჩაის დალევა. შაქარი ვერ იპოვა. მიხვდა, რომ დედამ დაუმალა. სთხოვა დედას, მოეტანა შაქარი. დედამ, რომელიც ასევე მთვრალი იყო, უარით უპასუხა. მათ შორის მოხდა ხმამაღალი წალაპარაკება, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დედამ შვილს ფრჩხილებით სახე ჩამოკაწრა. ვ. ჯ-მ ხელები წაუჭირა კისერში და დაუწყო მოხრჩობა. ო. ფ. გაითიშა და ბოლოს ამ მიზეზით გარდაიცვალა.
ვ. ჯ-მ სასამართლოზე აღიარა დედის მკვლელობა. თანაც ახსნა, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რადგან დედამისმა გამოიყვანა ის წონასწორობიდან ლანძღვითა და ფიზიკური შეურაცხყოფით.
სასამართლომ დაადგინა, რომ შემთხვევის დღეს დედა იყო მთვრალი. უსიამოვნებაც მან წამოიწყო. დადგენილად მიიჩნია სასამართლომ აგრეთვე, რომ ,,ასეთ უსიამოვნებას სხვა დროსაც ჰქონია ადგილი“. მიუხედავად ამისა, განაჩენში ნათქვამია, რომ ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, თითქოს ვ. ჯ-მ დედა მოკლა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. ჯ-ს და მის დედას მოუვიდათ ჩხუბი და ამ დროს მან დედა მოკლა შურისძიების მოტივით.
სასამართლოს განაჩენი არ უნდა იყოს სწორი, რადგან სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ დედამ შვილი მძიმედ შეურაცხყო და მის მიმართ უკანონოდ იმოქმედა, რამაც შვილი ძლიერ ააღელვა. ისიც დადგენილია, რომ დედის უკანონო მოქმედებები შვილის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც საბოლოოდ მოთმინები- დან გამოიყვანა შვილი და დედა მოაშთო. დედის უკანონო მოქმედებას უეცრად მოჰყვა ვ. ჯ-ს ძლიერი სულიერი აღელვება, რამაც დედის სიკვდილი გამოიწვია.
მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ზ. დ-ს მიმართ, რომელმაც მოკლა შვილი ნ. დ. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 2000 წ. 2 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს 1960 წ. სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით. მამა-შვილს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე არაჯანსაღი დამოკიდებულება იყო. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს შეურაცხყოფდნენ. ამის ძირითადი მიზეზი ნ. დ-ს ალკოჰოლისაკენ მიდრეკილება იყო. სიმთვრალეში ნ. ითხოვდა ბინის გაყიდვას და თანხის მისთვის მიცემას. მშობლები უარს ეუბნებოდნენ.
დანარჩენი აქ
http://bit.ly/2sPZAnx