sxm
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 107726
რეგისტრ.: 27-December 09
|
#53232696 · 9 Aug 2018, 12:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მკვდრეთით აღდგომის ამბავი" ⤵ მიმართვა პარმას გულშემატკივრებს:
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უფრო მეტი ტკივილი ვიწვნიეთ, ვიდრე სიხარული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პარმაში ჩემი ნავსაყუდელი ვიპოვე. 311 მატჩის განმავლობაში არაერთი ისეთი შეცდომა დამიშვია, რომელსაც დაუზარალებია გუნდი, თუმცა, მუდამ ვამაყობდი იმით, რომ მის ღირსებას ვიცავდი. ამიტომ, როცა მომავალში ვინმე გკითხავთ, თუ ვინ იყო ალესანდრო ლუკარელი, შეგიძლიათ მოკლედ მიუგოთ: „ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო!“. და ეს გამაბედნიერებს.“
ალესანდრო ლუკარელისა და „პარმას“ სიყვარულის ისტორია 2008 წლიდან იწყება, როცა ფეხბურთელი 31 წლის გახდა. მთელი კარიერის განმავლობაში უფროსი ძმის ჩრდილქვეშ უწევდა ყოფნა, რომელიც „ლივორნოში“, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. ლუკარელი - თავდამსხმელს იტალიის ნაკრებშიც კი იძახებდნენ, ლუკარელი - მცველისგან განსხვავებით, რომელსაც მსგავსად წარმატებული კარიერა არ ჰქონია, თუმცა, „სერია A“- ს ისეთ გუნდებში იასპარეზა, როგორებიც „ფიორენტინა“, „ბრეშა“, „პალერმო“, „ლივორნო“ და „რეჯინა“ არიან. ამის შემდეგ, ერთი დეკადის მანძილზე „პარმას“ ლეგენდამ 311-ჯერ, ოთხ სხვადასხვა დივიზიონში მოირგო მისთვის საამაყო გუნდის მაისური. მაგრამ გუნდისთვის იგი მხოლოდ კაპიტანი არ ყოფილა და ალბათ დროა, ამის მიზეზეც ვილაპარაკოთ...
*** 2015 წელს „პარმამ“ თავი ბანკროტად გამოაცხადა, რის გამოც „სერია D“-მდე ჩამოაქვეითეს. იმ პერიოდში გუნდს იმედებთან ერთად ძირითადი ფეხბურთელებიც პანტაპუნტით შემოეფანტა, თუმცა დარჩა ერთი, რომელმაც საკუთარი სახელის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა და უკვდავყოფა შეძლო. მან ახალშემოკრებილ თანაგუნდელებთან ერთად ნულიდან დაიწყო და იტალიის პროვინციულ ქალაქებსა თუ სოფლებში, მანამდე არგაგონილი გუნდების წინააღმდეგ აგორა ბურთი, რათა პირობა შეესრულებინა. შეასრულა კიდეც. ალესანდრო ლუკარელიმ ამ ავბედითი პრიოდიდან, ანუ 2015 წლიდან მოყოლებული ფეხბურთის გულშემატკივრებს 3 უარით დაამახსოვრა თავი და შედეგად, „სერია A“-ში მოასპარეზე გუნდებიდან წამოსული სამი შემოთავაზება დაბლოკა. ლუკარელი გახლდათ ის, ვინც ყოველი თამაშის შემდეგ საკუთარ გულშემატკივართა ტრიბუნებს უახლოვდებოდა, აპლოდისმენტებს უგზავნიდა და არ თაკილობდა სტადიონთან ახლო მდებარე ბარში მათთან ერთად ლუდის დალევას. „შეგიძლიათ ფეხები დამამტვრიოთ, მაგრამ მე მაინც ვიპოვი ტრიბუნებამდე მოსასვლელ ძალას და „პარმას“ მხარდაჭერას იქიდან გამოვუცხადებ.“ - ამბობდა ის. წინა სეზონების მიმდინარეობისას კი აღნიშნული ფრაზის სიმართლეში ყველა დაარწმუნა, როცა ერთ-ერთ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მორიგ საშინაო შეხვედრას მაინც დაესწრო... ოღონდ ამჯერად, ალესანრდრო ლუკარელი „ენიო ტარდინის“ ფანკლუბის წევრთათვის სპეციალურად გამოყოფილ ტრიბუნაზე იდგა და, პერიოდულად ხელიდან ართმევდა მეგაფონს გვერდით მდგომ ფანკლუბის წევრებს, რათა გამამხნევებელი შეძახილებით გაეძლიერებინა ზეწოლა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებზე...
*** 2017 წლის სექტემბერში, „სერია B“-ში სეზონის დაწყებიდან მალევე, „პარმა“ „ბრეშას“ უნდა შეხვედროდა. თამაშამდე ცოტა ხნით ადრე „მერცხლების“ პრეზიდენტ მასიმო ჩელინოს კამპანიაში „პარმას“ ყოფილი პრეზიდენტი, ტომაზო გირარდი შენიშნეს - კაცი, რომელსაც გუნდის გაკოტრება მიეწერება. გირარდი დღევანდლამდე უარყოფს ბრალდებას და აღნიშნავს, რომ კლუბი საიმედო ხალხს მიყიდა, თუმცა, საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით, ის არის კაცი, ვინც იმ ასაფეთქებლის გააქტიურებაშია ბრალდებული, რომლიც საბოლოოდ სხვა ხალხის ხელში „აფეთქდა“. ამან „პარმას“ ჩამოშლა გამოიწვია. ალესანდრო ლუკარელი რისი კაპიტანი იქნებოდა, რომ აღნიშნული ფაქტი დაეტოვებინა უყურადღებოდ. მან სოციალური ქსელის მეშვეობით, ღია წერილით მიმართა ყოფილ პრეზიდენტს: „ძვირფასო პრეზიდენტო, ეს მატჩი თქვენთვის განსაკუთრებული იქნება, ვინაიდან ერთმანეთს თქვენი მშობლიური ქალაქის გუნდი და ის გუნდი ხვდება, რომლისთვისაც ბევრი კარგი გააკეთეთ. დიახ, კარგი. რადგან თითოეული გულშემატკივარი ისურვებდა ენახა, თუ როგორ ხდება მისი გუნდი ბანკროტი და მთელი იტალიისთვის სასაცილო. თითოეული გულშემატკივარი იოცნებობდა „სერია D“-ში თამაშზე. ძალიან მწყდება გული, რომ წახვედით, რადგან ახლა შეძლებდით ჩვენი დამსახურება მიგეთვისებინათ და ქვეყნისთვის მოგეთხროთ, თუ როგორ დაიხსენით პარმა სიბნელიდან. მაგრამ სამწუხაროდ საქმიდან გახვედით და სამახსოვროდ მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვიტოვეთ. ამიტომ მე ოფიციალურად გეპატიჟებით სტადიონზე. გვსურს, რომ მადლიერება პირადად გამოვხატოთ და თუ თანამხა იქნებით, ერთადერთი თხოვნა გვექნება - თამაშის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მობრძანდით, რადგან ბევრი ვართ. პირველ რიგში ისინი, ვინც დავრჩით სამუშაოს გარეშე, ისინი, ვისი ფულიც მიითვისეთ; გულშემატკივრები და მოქალაქეები ქალაქისა, რომელიც დაამცირეთ; ფეხბურთელები, რომლებიც კონტრაქტების გარეშე დარჩნენ... ხოლო როცა გადაწყვეტთ წასვლას, გთხოვთ, მუზეუმში ნუ შეივლით. რადგან ჩვენი კლუბის 104 წლიან ისტორიაში იქ თქვენთვის ადგილი არ მოგვეპოვება.“
*** წერილის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2017 წლის ზაფხულში, „პარმა“ სერია B-ში გადმოსასვლელად საპელიოფო შეხვედრას ატარებდა „ალესანდრიას“ წინააღმდეგ. თამაშამდე ნათქვამი კაპიტნის ემოციური სიტყვა სწრაფად გავრცელდა ხალხში და სოციალურ ქსელებს მოედო. ალესანდრო ისე, როგორც სხვა დროს და სხვა მრავალ ვითარებაში, მთელ გუნდს ბრძოლისკენ მოუწოდებდა - „ჩვენ მთელი წელი ვიტანდით ჭუჭყს, რათა აქამდე მოგვეღწია - ყვიროდა ის - გამოხატეთ თანადგომა და მაჩუქეთ უფლება მომავალი სეზონიდან „სერია B“-ში ვითამაშო“. და პარმამ მოიგო 2-0. ლუკარელიმ კი საფინალო სასტვენის შემდეგ იმათ მიმართა, ვინც გუნდისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და აღუთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ერთი წლის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ უკვე „სერია B“-ში დაიკავეს მეორე ადგილი და ოფიციალურად მოიპოვეს „სერია A“-ში თამაშის უფლება. „პარმა“ შეიქნა პირველი გუნდი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 3 წლის განმავლობაში შეძლო ამდენივე ქვედივიზიონი გადაელახა. 40 წლის ლუკარელიმ ბოლო სეზონში 32-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. „დაგპირდით, რომ „პარმას“ კუთვნილ პოზიციაზე დავაბრუნებდი და დანაპირები შევასრულე.“ - თქვა აცრემლებულმა. ლუკარელის ცრემლების მიზეზი სიხარულიც გახლდათ და ამავე დროს, გამომშვიდობების სევდით მოგვრილი ემოციაც. მისთვის ეს ბოლო მატჩი იყო და იცოდა, რომ მეტს ვეღარ ითამაშებდა. გმირმა კაპიტანმა პარმა გამოვლილი ჯოჯოხეთის შემდეგ დატოვა, თუმცა მოახერხა და, მასთანვე ერთად გახდა სასწაულის შემოქმედი. გამომშვიდოებებაც ლამაზი ჰქონდა - პირდაპირ ზეიმის შუაგულში, „ენიო ტარდინის“ სტადიონზე იდგა და აპლოდისმენტების წვიმას იღებდა მასზე სიგიჟემდე შეყვარებული გულშემატკივრებისგან... ალბათ აჯობებს ეს წერილიც ლეგენდარული კაპიტნის იმ სიტყვებით დავასრულოთ, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მის გუნდისადმი დამოკიდებულებას:
„პარმაში ჩემ მიერ გატარებული წლები ორ პერიოდს მოიცავს; თავიდან „სერია A“-ში ვთამაშობდი და გულშემატკივართთათვის უბრალო სახელი: ალესანდრო ლუკარელი მერქვა. შემდეგ კი, ჩვენ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიხდა. და მათთვის გავხდი „ალე“. მე პარმასთან ერთად მოვკვდი და მასთანვე ერთად აღვსდექი მკვდრეთით!“
ეს ყოფილა კაცი!!!!!
--------------------
Барселона больше чем клуб, а РЕАЛ больше чем Барселона!
|