განვლილ შაბათს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდული დერბის დაწყებამდე ქარიმ ბენზემა ვინისიუს ჟუნიორთან მივიდა და მას რამდენიმე რჩევა მისცა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა ფრანგს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მეურვეობს მენტორი სტუდენტს...
ამ ორ ფეხბურთელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ყოველ შემთხვევაში, მინდორზე მაინც. მათი დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ ვინისიუსს ქარიმისგან ცოდნის მიღება მოსწონს. ფეხბურთელისგან, რომელიც ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე იმყოფებოდა, როცა ბრაზილიელი სიარულს სწავლობდა.
ამასთან ერთად, ბენზემა ვინისიუსს არამარტო წარმატების მიღწევის გზებს, არამედ მის სწორად კეთებას ასწავლის: თავდაუზოგავად შრომას, კლუბის პატივისცემას და მინდორზე თავისი საქმის კეთებას.
ვინისიუსმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ფურორი მოახდინა მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბი" სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა და მისი ბენზემასთან ურთიერთობა შეტევაში "რეალის" მთავარ იარაღად იქცა.
შემთხვევითობა არ არის ის ფაქტი, რომ საშობაო არდადეგების შემდეგ ბენზემას დიდებული ფორმა ვინისიუსის გვერდით თამაშს უკავშირდება. 18 წლის ბრაზილიელს შეუძლია ფრანგ ფორვარდს საგოლე მომენტები შეუქმნას. ასევე, დაიკავოს პოზიციები, სადაც ბენზემას სურს, რომ ის იყოს. ისინი დუეტში ისე თამაშობენ, თითქოს 10 წელიწადია თანაგუნდელები არიან.
31 წლის ბენზემას მოედანზე კრიშტიანუ რონალდუსთანაც იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი როლი შეიცვალა, რადგან ქარიმი საგოლე მანქანა უნდა გამხდარიყო და შეტევაზე ყოფილიყო ორიენტირებული და არა პორტუგალიელისთვის მოეტანა სარგებელი.
სეზონის სტარტზე გარეტ ბეილმა და მარკო ასენსიომ ბოლომდე თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ სოლარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ორივე მათგანს ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, შეტევაში დარჩენილი სიცარიელე უნდა შევსებულიყო, ხოლო ბენზემასა და ვინისიუსის ტანდემმა ყველაფერი კარგად და სწორად გააკეთა.
ვინისიუსს აქვს ის თვისებები, რაშიც ბენზემა თავის თავს ხედავს, როცა 20 წლის ასაკში "ლიონიდან" "რეალში" ბარგდებოდა. თუმცა, ფრანგს თავიდან ახალ გარემოსთან ადაპტაცია ცოტათი გაუჭირდა.
სოლარიმ უკვე განაცხადა, რომ გასახდელი, უფრო ზუსტად კი ვეტერანი ფეხბურთელები ბრაზილიელ ტალანტზე ძალიან ზრუნავენ. მან სასტარტო შემადგენლობაში თავი თავისი დამსახურებების გამო დაიმკვიდრა. ფეხბურთელების უმეტესობამ კი მისი შესაძლებლობები ირწმუნა.
"ფლამენგოს" ყოფილმა ვარსკვლავმა ბეილს და ასენსიოს აჯობა და სოლარის გუნდის სასტარტოში თავი დაიმკვიდრა, ახლა კი არგენტინელ სპეციალისტს სიტუაციის შეცვლა გაუჭირდება. მითუმეტეს, როცა "რეალი" ბოლო ერთი თვეა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ბოლოსდაბოლოს, არ ღირს იმის შეცვლა, რაც საუკეთესოდ მუშაობს. ბენზემას მოედანზე ვინისიუსზე უკეთესი პარტნიორი არ ჰყავს.
VIDEO