აკა მორჩილაძე, სარბიელი, 9.05.1998
მილანის ,,ინტერის'' დასაცავადგინდა მომკალით, გინდა დამარჩინეთ, მაგრამ როცა ორი იტალიური გუნდი თამაშობს, გულით ვერცერთთან მივდივარ.
განა არ ვიცი? სანიმუშო კვალიფიკაცია, ღრმა ცოდნა, გამოზომილი ტაქტიკა, ნატიფი ტექნიკა, მსოფლიოს უმაღლესი დონე - ეს ყველაფერი სერია A-ს თამაშია, მაგრამ ერთხელ ჯანფრანკო ძოლას წამოსცდენია, იტალიაში საფეხბურთო მატჩზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ტელერეპორტაჟიაო და ამ გამონათქვამის ბრალია თუ სხვა რამის, იტალიელთა შორის ვერავის ვქომაგობ. ისე კი, რომელი ნევიო როკო და ენცო ბეარზოტი მე ვარ, რომ თამაშს სპეციალისტის თვალით ვუყურო?
იტალიურ ფეხბურთში თამაში და შეჯიბრი მეტად თავისებურადაა შეხამებული, მაგრამ ახლა ამის გამო ლაპარაკი შორს წაგვიყვანდა.
მე უფრო სხვა რამ მინდა ვთქვა.
აი, ოთხშაბათს უეფას თასის ფინალი იყო ორ იტალიურ გუნდს შორის და ამგვარად ერთმანეთში მოთამაშე ორი იტალიური გუნდი მე არ მინახავს. ცალკე ,,ლაციოა" დახვეწილი, ,,თეთრი" ფეხბურთის გუნდი თავისი რობერტო მანჩინითა და ვალოდია იუგოვიჩით, აქეთ კიდევ "ინტერნაციონალე".
სწორედ "ინტერის" გამო უნდა მოგახსენოთ: ჩვენში იშვიათად იპოვი საერთაშორისო ფეხბურთის ქომაგს, "ინტერის" გაგონებაზე ცხვირი რომ არ აიბზუოს - ფუჰ, ეს რა საზიზღარი რამ არის, ამდენი ვარსკვლავი ჰყავს და ვერაფრისთვის მიუღწევია, არა აქვს შთამბეჭდავი, თანამედროვე ტაქტიკა და არა ჰყავს ფართო თანამედროვე აზროვნების მწვრთნელი, რომელიც შეძლებდა და ამ საუცხოო ფეხბურთელებისგან ისეთი გუნდ-მკვლელის სულს შთაბერავდა, როგორიც ფაბიო კაპელოს "მილანი" იყოო.
სხვანაირად, ამდენი ვარსკვლავის მოცდენა თანამედროვე ფეხბურთის ღალატს უდრის და ამიტომაც "ინტერი" თუნდ იგებდეს, მაინც ულამაზო და გამაღიზიანებელია, რადგან "იუვენტუსივით" სამხედრო ავიაციის ბღუილს არ გააგონებს ხალხს და არც "ლაციოსავით" გაპრიალებულია შვედური "ვოლვოს" დარად.
მე კი ვფიქრობ, რომ "ინტერს" აქვს ერთი ღირსება, რომელიც სანთლით საძებარია დღევანდელ ფეხბურთში. "ინტერი" ნაღდ ვარსკვლავთა გუნდია და მისი ხიბლიც ეს არის. აქ ვარსკვლავები გუნდისთვის არიან და არა მაინცდამაინც მწვრთნელის რვეულისთვის(აი, როგორც ხდება ხოლმე - დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ჟინოლა მწვრთნელის რვეულში რომ ვერ ჩაეტია).ვარსკვლავები და ვარსკვლავობასთან ახლოს მდგომი ფეხბურთელების ასეთი რაოდენობა წარსულისკენ მიგვახედებს და რაღაცით გვახსენებს იმ დროს, როცა ფეხბურთი ვარსკვლავ-ჯადოსანთა ხელში იყო.
იმხანად თამაშის სახეს ვარსკვლავი განსაზღვრავდა და დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მეტად ეს "ინტერში" ჩანს. შარშან ჩანდა "ბარსელონაში" და წელს ინტერში" ჩანს.
ახლა თქვენ იფიქრეთ, ეს რონალდოისტი ყოფილა, ჩვენ კი დელ პიერო გვირჩევნია ამის ნაწერის კითხვა აღარ გვჭირდებაო, მაგრამ ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ.
რონალდო სწორედ იმ ძველი დროის ნამტვრევი მგონია, როცა ფეხბურთელის ფეხები ჯადოქრის კვერთხს გავდა. ის 50-იანი წლების ვარსკვლავებს ჩამოჰგავს და "ინტერშიც" ტყუილად არ არის. რა თქმა უნდა,წლევანდელ "ინტერს" სანახაობის და აღმაფრენის ამბავში ვერ შეადარებ შარშანდელ "ბარსას", მაგრამ ეშმაკმა წაიღოს და ძალიან მომწონს, როცა ისე ურტყამენ კარში, როგორც ხავიერ ძანეტი, ისე ატყუებენ მეკარეს, როგორც რონალდო და შეუძლიათ მოთამაშეთა რიგებში თავის ან ფეხის ისე გაყოფა, როგორც სამორანოს. "ინტერის" თამაში მაშინ არის ხოლმე კარგი, როცა ეს სამი რამ ერთმანეთს დაემთხვევა. დღევანდელ ფეხბურთში ვარსკვლავები სულ უფრო იშვიათად თამაშობენ ისე, როგორც ვარსკვლავები უნდა თამაშობდნენ.
"ინტერს" კი, თუნდა მოსაწყენი და ძნელი იყოს, აქვს კიდევ ერთი გამორჩეული უნარი - ულამაზესი გოლის გატანისა.
განა "ინტერი" ყოვლისშემძლეა? პირიქით, ძალიან ხშირად ის ტყუილად ღვრის ოფლს.
იტალიაში წესად არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობით შეტევა, რადგან აქ შეტევა უპირველესად მოულოდნელობის, გამოჭერის ეფექტს ემყარება. "ინტერიც" მთლად თითო კაცით შეუტევს ხოლმე და ამითაც გვახსენებს იმ ძველ ფეხბურთს, როცა ვარსკვლავი, მარტოკაცი წყვეტდა ხოლმე თამაშის ბედს.
ეგებ ეს სისულელეა, მაგრამ მე ამიტომ მომწონს "ინტერი".
უბრალოდ მომწონს, რომ მოედანზე ბევრი ვარსკვლავია და მიხარია, რომ სამს კიდევ შეუძლია შემოსვლა. დანარჩენი?
განა ჯიჯი სიმონი მარჩელო ლიპია? ვერც შევადარებ, მაგრამ რომ დაწყებენ ჩამოთვლას: კონტე, პეკია, დი ლივიო, მონტერო, დიმაში და მიმაში, ვერც ერთს ვერ ვცნობ და რა ვქნა? "ინტერში" კი ვინტერიც მახსოვს და რეკობაც, რადგან ძირითადიდან დაკარგულმა კაცმაც კი ამ სეზონში რაღაც ეფექტურით დაგვამახსოვრა თავი.