
მარსელოს უგულწრფელესი, უემოციურესი და აუცილებლად წასაკითხი მონოლოგი The Players' Tribune -სთვის (ნაწილი 1)
"ვერ ვსუნთქავდი. ვცდილობდი პანიკაში არ ჩავვარდინილიყავი. ეს იყო გასახდელში, 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
თითქოს გულმკერდზე ლოდი მედო, უდიდესი წნეხი იყო. იცით ეს შეგრძნება? ნერვებზე არ ვსაუბრობ. ნერვიულობა ნორმალურია ფეხბურთში, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.
გეტყვი, ძმაო, ვგრძნობდი, სული მეხუთებოდა.
ყველაფერი ფინალის წინა ღამეს დაიწყო. ვერ ვჭამდი. ვერც ვიძინებდი. მხოლოდ მატჩზე მეფიქრებოდა. სასაცილო იყო, რადგან ჩემი ცოლი კლარისი გავაბრაზე ფრჩხილების კვნეტის გამო. არადა სწორედ მან გადამაჩვია წლების წინ ამ ჩვევას. მაგრამ ფინალის დილას გავიღვიძე და ფრჩხილები ფაქტობრივად აღარ მქონდა.
ცოტა ნერვიულობა ფეხბურთში ნორმალურია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, თუ ფინალამდე არ ღელავ, ალბათ ნამდვილი ადამიანი არ ხარ. უბრალოდ უნდა ეცადო, არ ჩაისვარო. სიმართლეა, ძმაო!
ლივერპულთან ფინალამდე ყველაზე ძლიერი ზეწოლა ვიგრძენი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უცნაურია. ჩვენ უკვე გვქონდა ზედიზედ ორჯერ მოგებული, ყველას ლივერპულის გაჩემპიონება სურდა, მაგრამ რა პრობლემაა?
ასეთი მძაფრი შფოთვა აქამდე არასდროს მიგრძვნია, ამიტომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ექიმთან დარეკვაც ვიფიქრე, მაგრამ ვშიშობდი, რომ თამაშის უფლებას არ მომცემდა.
მე უნდა ვითამაშო, 100%-ით.
უნდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის.
ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ტელევიზორში რაღაც თქვა ჩემზე, რაც გონებაში ჩამრჩა. მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ფინალზე და ასე უპასუხა: "ვფიქრობ, მარსელომ მოჰამედ სალაჰის პოსტერი უნდა იყიდოს, კედელზე გააკრას და ყოველ ღამე მის წინ ილოცოს."
ჩემი მადრიდში ყოფნის 12 წლისა და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მან ასეთი უპატივცემულობა გამოხატა ჩემ მიმართ. მისი კომენტარი ჩემს "ჩაძირვას" ემსახურებოდა. მაგრამ ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა.
მინდოდა ისტორია დამეწერა. მინდოდა პატარა ბრაზილიელ ბიჭებს ჩემთვის შემოეხედათ, ისევე როგორც მე ვუყურებდი რობერტო კარლოსს. იცი? მინდოდა მათ თმა ჩემ გამო გაეზარდათ...
ჩემს გასახდელთან ვიჯექი, ვსუნთქავდი და ვფიქრობდი, რამდენი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს? რამდენი მათგანი ოცნებობს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი? მილიონი, მილიონი, მილიონი. საკუთარი თავი დავამშვიდე. თასმები შეიკარი შენს ბუცებზე, ძმაო!
ვიცოდი, რომ მოედანზე გასვლისთანავე კარგად გავხდებოდი. ჩემთვის, არაფერი ცუდი არ შეიძლება მოხდეს მოედანზე. რაღაც შეიძლება ქაოსმა მოიცვას, შენ ირგვლივ ყველა შეიძლება გაგიჟდეს, მაგრამ თუ შენს ტერფთან ბურთია, წყვეტ ფიქრს. ყველაფერი მშვიდადაა.
ბოლოს და ბოლოს შევაბიჯე ბალახზე, მაგრამ სუნთქვა კვლავ მიჭირდა. ვიფიქრე, აქვე და ამაღამვე მოვკვდებოდი.
შეიძლება სრულ სიგიჟედ გეჩვენებათ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს ეს მომენტი ჩემთვის. როდესაც ვიზრდებოდი... რეალი? ჩემპიონთა ლიგა? ეს აბსურდი იყო! ეს არ იყო რეალური! ბექჰემი, ზიდანი, რობერტო კარლოსი - ეს ბიჭები ისეთივე ნამდვილები იყვნენ, როგორც ბეტმენი. შენ რეალურ ცხოვრებაში მათ ვერ შეხვდები. შენ ვერ ჩამოართმევ კომიქსების გმირს ხელს, გესმით რას ვამბობდი?
ეს ბიჭები ჰაერში დადიან. და არაფერი შეცვლილა. ბავშვები ახლაც ამას ფიქრობენ."
---------
ნაწილი 2
"ეს ნამდვილი ამბავია: მე მყავს ეს ბავშვი, რომელიც ჩემი სახლის მებაღედ მუშაობს. ერთ დღესაც რობერტო კარლოსი ჩემს სანახავად მოვიდა.
თითქოს გავიყინე. ის ქანდაკება იყო.
ვთქვი: "ეს რობერტო კარლოსია."
გაშტერებული ვუყურებდი. რობერტომ კი მითხრა: "ეს მე ვარ."
ის კაცი, რომელზეც მე მხოლოდ მიფიქრია, ნამდვილი რობერტო კარლოსი იყო.
და ბოლოს აღმომხდა: "რობერტო, ეს შენ ხარ!"
როდესაც რეალის რიგებში პირველი მატჩი ჩავატარე ჩემპიონთა ლიგაზე და ჰიმნი მოვისმინე, ჩემს თავს ვუთხარი: "გასწი, ძმაო, ეს ვიდეო თამაშის მსგავსია! კამერა ახლოვდება. არ გაიცინო!."
ეს მე გადამხდა, ჩემი რეალობა იყო, გესმით?
რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახთან ერთად ბრაზილიაში ვიყავი და ჩემი მეგობრების ამხანაგურ მატჩზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოყენებული ბურთები წავიღე. ჩემმა მეგობრებმა ბურთები აიტაცეს და მათ ვუთხარი: "იცით, ეს ბურთები ფინალიდანაა."
ყველაფერი გაჩერდა.
ბურთს ისე უყურებდნენ, როგორც კლდიდან მთვარეს შეიძლება შეხედო.
"რა ზღაპარია!"
ყველა ეს ზრდასრული მამაკაცი იმ მომენტში ბავშვივით იყო. მათ ნამდვილად არ სჯეროთ ამის. მათ ბურთთან შეხებაც არ სურდათ, იმდენად წმინდა და ძვირფასი იყო.
ახლა გესმით რას ნიშნავს პატარა რიოელ მარსენილიოს ჰქონდეს შანსი მოიგოს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამჯერ? ეს იყო ზეწოლა, წნეხი. ამას ძვლებში ვგრძნობდი, ძმაო. არ მეშინია სიმართლის თქმის.
როდესაც ფინალამდე გახურება დავიწყეთ, კვლავ ვერ ვაწყნარებდი თავს. მაგრამ როდესაც ყველაფერი მზად იყო მატჩის დასაწყებად, სინათლის ცენტრში ფეხბურთი დავინახე და ყველაფერი შეიცვალა.
წმინდა ფეხბურთი დავინახე. იმ კლდიდან დავინახე მთვარე.
ღრმად ამოვისუნთქე. მშვიდად ვიყავი.
ბურთის გარდა არაფერი იყო.
მატჩის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ ორი რამ ძალიან ნათლად მახსოვს.
დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი, 2-1 ვიგებდით, კუთხურს ვაწვდიდით და საკუთარ თავს ვკითხე: "სალაჰის პოსტერი ჩემს კედელზე? ჰაჰ, გმადლობ, ჩემო ძმაო. გმადლობ მოტივაციისთვის.
შემდეგ 10 წუთი დარჩა, უკვე 3-1 ვიგებდით და ნამდვილად მაწყნარებდა ეს ფაქტი. ჩემპიონობას ვუახლოვდებოდით.
ბურთი თამაშში არ იყო, მომენტი იყო მეფიქრა და...
ძმაო, ეს მართალია: ტირილი დავიწყე. ვქვითინებდი. დიახ პირდაპირ მოედანზე. მსგავსი არაფერი მომხდარა მანამდე ჩემთვის.
მატჩის შემდეგ? დიახ.
ტიტულის აღმართვის შემდეგ? დიახ.
მაგრამ არა მატჩის დროს.
ეს მხოლოდ 10 წამის განმავლობაში გაგრძელდა. დავუბრუნდი რეალობას და თამაში გავაგრძელე, როგორც ბავშვმა.
სპორტსმენებისთვის ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიყოთ მისაბაძები. მაგრამ ჩვენ არ ვართ სუპერგმირები. აი ამიტომ გიყვებით იმას, რაც დამემართა. ეს ნამდვილი ცხოვრებაა. ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენც ვბრაზდებით და ჩვენც ვღელავთ, როგორც თქვენ ყველა.
4 ჩემპიონთა ლიგა 5 წელში. რა სისასტიკეა. თქვენ გვხედავთ ტიტულებთან ერთად, იღიმებით, მაგრამ ვერ ხედავთ ყველაფერს რაც ამბის უკან დგას.
თითქოს ლამაზი ფილმი მიმდინარეობს ჩემს ტვინში, როცა ფინალებზე ვფიქრობ. მაგრამ გამოსახულებები შებრუნებულია - ამბის ბოლოდან დასაწყისამდე."
----------
ნაწილი 3 - 2014, 2016 და 2017 წლის ფინალები! <3
"2014 წლის ფინალი ატლეტიკოს წინააღმდეგ, ფილმში ნაჩვენებია: სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, უკმაყოფილო იმით, რომ ძირითადში ვერ მოვხვდი. მაგრამ იმ ფრაზას სულ ვიმეორებდი, რასაც ბაბუა მეუბნებოდა. მას დიდი პიროვნულობა ჰქონდა. ფეხბურთის თამაშის დაწყებამდე მეგობრებს ეუბნებოდა: "მე ყველაფერს დავტოვებ მოედანზე! ჩემს თმასაც, წვერსაც და ულვაშსაც!"
მეორე ნახევარში გახურება დავიწყე მწვრთნელის მითითების გარეშე. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ თუ თამაშში ჩავერთვებოდი, ყველაფერს დავტოვებდი მოედანზე: თმასაც, წვერსაც და ულვაშსაც."
ბოლოს მწვრთნელმა მითხრა რომ გავხურებულიყავი, მაგრამ მე უკვე გავხურდი. ყურებიდან ორთქლი გამომდიოდა! ვეწეოდი, ძმაო!
დღემდე ვერ გეტყვით ცუდად ვითამაშე თუ კარგად. უბრალოდ ვიცი, რომ ყველაფერი გავიღე - ჩემი გაბრაზებაც, ჩემი სურვილიც და ის ყავაც, რომელიც მატჩამდე დავლიე.
ვიცი, რომ ამ მატჩიდან ყველას 92:48 ახსენდება.
თავი.
სერხიო რამოსი.
ჩვენი ლიდერი.
ჩვენ მკვდრები ვიყავით, დაკრუნჩხულები, დამარცხებულები... და სერხიომ სიცოცხლე დაგვიბრუნა.
მაგრამ ეს არ არის ფილმი, რომელიც ჩემს თავში მიმდინარეობს.
ფილმი მოგების შემდეგ გასახდელში დაიწყო.
ჩვენმა ფორმების გამკეთებელმა მითხრა: "მარსელო, 90-ე წუთი იყო და მოედნისკენ გასასვლელში ატლეტიკოს ფორმების გამკეთებლები დავინახეთ. მათ უკვე გამოჰქონდათ ჩემპიონების მაისურები! ისინი უკვე შამპანურებს ხსნიდნენ!"
ის თან იცინოდა და თან სიხარულის ცრემლები სდიოდა.
"ახლა შემიძლია ბედნიერი მოვკვდე." - მითხრა.
ეს არის კადრი, რომელიც მუდამ მემახსოვრება.
ტიტულები მიდის კაპინეტში, მოგონებები კი ჩვენს გულებში.
2016 წლის ფინალი ატლეტიკოს წინააღმდეგ, ფილმში ნაჩვენებია: გრიზმანი ფლანგზე გაიქცა და მე შევაჩერე ის. ბურთი თამაშში არ არის და იმ მომენტში ტრიბუნებიდან მცირე ტირილის ხმა მესმის.
ჩვეულებრივ, მატჩის დროს არაფერი გესმის. ვერ ხედავ გულშემატკივრებს. არაფერზე ფიქრობ საქმის გარდა. ამის გამო შიშს არ გრძნობ, თავისუფალი ხარ, მაგრამ მილანში ჩვენს სათადარიგოთა სკამთან ახლოს ჩვენი ოჯახის წევრები ისხდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ მოედანთან.
უეცრად, ეს პატარა ხმა გავიგონე შორიდან, ნათლად მახსოვს.
"მიდი მამა, მიდი! მიდი მამიკო!!"
ეს ჩემი შვილი იყო, ენცო.
იმ მომენტში მისი ხმის გაგონებამ უდიდესი ძალა შემმატა.
როდესაც ვხვდებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიამდე მიდიოდა, გონებაში კადრად გაჩნდა, თუ როგორ იღებდა ლუკას ვასკესი ბურთს და თითზე იტრიალებდა. თითქოს პარკში ვთამაშობდით. მახსოვს ვფიქრობდი, ეს პატარა უზრდელი ბავშვი თქო! რომ ვერ გაეტანა, ალბათ ვცემდით.
და როცა დავინახე რომ ბურთი ბადეში გაეხვა, ძალიან მაგარი შეგრძნება დამეუფლა.
შემდეგ ველოდებოდით ატლეტიკოს დარტყმას. კაზემირო მუხლზე იდგა, ლოცულობდა, პეპე კი ბავშვივით ტიროდა.
რონალდუს ვუთხარი: "ხუანფრანი გააცუდებს და შენ ჩვენ გამარჯვებას მოგვიტან, ძმაო."
და ვნახეთ ხუანფრანის გაცუდება და კრიშტიანუს გამარჯვების მომტანი პენალტი.
ალბათ 20კმ/სთ სიჩქარით გავიქეცი იქ, სადაც ჩემი ოჯახი იჯდა, ჩავეხუტე ჩემს ცოლსა და ბიჭებს.
ბედნიერებისგან გაგიჟებულს ვგავდი.
2017 წლის ფინალი იუვენტუსის წინააღმდეგ, ფილმში ნაჩვენებია: ბიჭები სხედან მაგიდის ირგვლივ მატჩამდე ლანჩის დროს - მე, კაზემირო, დანილო და კრიშტიანუ. სრული სიჩუმეა. არავინ არაფერს ამბობს. ყველა მხოლოდ საკუთარ საჭმელს უყურებს. იცით, მუცლის ხმაურები გვესმოდა, მაგრამ არავინ არაფერს იძახდა. იგრძნობოდა დაძაბულობა.
ბოლოს კრიშტიანუს თქვა: "კითხვა მაქვს ბიჭებო"
ვუთხარით: "გისმენთ, ძმაო"
"მხოლოდ მე ვარ ის, ვინც მუცელში ხნეწს გრძნობს?" - გვიპასუხა.
და ყველამ ერთხმად ვუპასუხეთ: "მეც ძმაო, მეც."
არავის უნდოდა ამის აღიარება! მაგრამ თუ ეს ბიჭი კარგად იქნებოდა, მაშინ ჩვენც ყველანი კარგად ვიქნებოდით. კრიშტიანუ ყინვაგამძლეა. მანქანაა.
ამან დაძაბულობა გააქარწყლა. მხოლოდ მას შეეძლო ამის გაკეთება.
მიმტანს დავუძახეთ: "ძმაო, გთხოვ წყალი მოგვიტანო, ეს საჭმელი რომ ბოლომდე ჩავიდეს."
ამის შემდეგ ყველა ერთად ვიცინოდით.
როდესაც სტადიონისკენ დავიძარით, რონალდუმ ზუსტად გვითხრა როგორ წარიმართებოდა მატჩი. "დასაწყისი რთული იქნება, მაგრამ მეორე ნახევარში მშვიდად მოვიგებთ."
ამას არასდროს დავივიწყებ. მან ეს იწინასწარმეტყველა.
ეს ის ამბებია, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები.
და 30 წლის შემდეგ, როდესაც მათ ვეტყვი, რომ იმავე მოედანზე ვთამაშობდი, რომელზეც კრიშტიანუ და მესი, ალბათ მეტყვიან: "ბაბუა, შენ ეუბნებოდი მათ, სეზონში 50 გოლი გაეტანათ? იტყუები. უკვე მოხუცდი. ექიმი გჭირდება."