
„ეს გუნდი ზედიზედ 2 წელია მეშვიდეზე გადის! საშინელებაა, წარმოუდგენელია! მე აქ იმისთვის ვარ, რომ სისულელეების კეთებას მოვრჩეთ!“ ეს ფრაზა ანტონიო კონტემ პირველად 2011 წელს წარმოსთქვა, როცა „იუვენტუსის“ მოთამაშეებს ეცნობოდა. ლეგენდის თანახმათ, ოდნავ მოდიფიცირებული სახით იგივე გაიმეორა, როცა პირველად შედიოდა „სკუადრა აძურას“ და „ინტერის“ გასახდელებში. შედეგები აშკარად შთამბეჭდავია. ახალი მწვრთნელის გამოჩენამ „იუვენტუსი“ გადააქცია გუნდ-დინასტიად. იტალიის ნაკრებმა სტურაროთი, ჯაკერინით და პაროლოთი ცენტრში კინაღამ მსოფლიო ჩემპიონები გამოაგდო, სულ ცოტა დააკლდა. „ინტერში“ კი წარსული წლების უიღბლობის ტვირთი ნელ-ნელა მოიხსნა. პირველად, იტალიური კლუბი ევროპა-ლიგის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
სასწავლებლად ჰოლანდიაში
2004 წელს ანტონიო კონტემ კარიერა დაასრულა და გადაწყვიტა, მწვრთნელი გამხდარიყო. მას ახალ ამპლუაში სურდა ტურინში დაბრუნება, თუმცა უარყო ფაბიო კაპელოს წინადადება, შესულიყო „ბიანკონერის“ შტაბში. ანტონიოს ესმოდა, რომ ჯერ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლ:. „მე მინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევამცირო დისტანცია, რომელიც საუკეთესოებთან მაშორებ“ - ამბობდა ის. არიგო საკის მაგალითზე, რომელიც ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა და გამოცდილებას იძენდა წამყვან ევროპულ ლიგებში, კონტე გაემგზავრა ჰოლანდიაში.
თავიდან ის „აიაქსის“ რამდენიმე ვარჯიშს დაესწრო, მაგრამ მიზანი სხვა იყო - გაცნობოდა ლუი ვან გაალის მეთოდიკას - მწვრთნელის, რომელთანაც დაპირისპირებაში მისმა გუნდმა მრავალი წელი გაატარა და ხასიათი ჩამოუყალიბდა. თავის მომავალ მეუღლე ელიზაბეტასთან ერთად ის გაემგზავრა „აზ ალკმაარის“ სპორტულ ცენტრში ღია ვარჯიშზე, თუმცა ამ ვარჯიშს ვან გაალი არ ატარებდა. შემდეგ დღეს „ალკმაარმა“ დახურული ვარჯიში დანიშნა, ცენტრში მისულ კონტეს კი გზად დაცვა გადაეღობა. დამტვრეული ინგლისურით იტალიელმა აუხსნა, რომ ის old player-ია. მაგრამ ამან არ უშველა: „მოხუცი მოთამაშე“ და მისი მეგობარი გოგონა სხვა გუნდის ჯაშუშებად მიიღეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
ცოტა მოგვიანებით კონტემ დეტალურად შეისწავლა ვან გაალის მეთოდები და მის რამდენიმე შეხედულებასთან ინტეგრირება მოახდინა. ჰოლანდიაში მოგზაურობის შემდეგ თითქოს კონტე შეცვალეს - ის აღიარებდა, რომ მაღლა აწეული ნახევარდაცვის ხაზი 4-2-4 სისტემაში, რითიც თავიდან გაიცნეს „ბარიში“ მოღვაწეობის დროს, მან სწორედ ჰოლანდიელებისგან გადმოიღო. თავად „აიაქსის“, „ბარსელონას“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მწვრთნელს კონტე მასწავლებელს ეძახდა.

ანტონიო კონტე ატიპიური იტალიელი მწვრთნელია, მის ფეხბურთში სხვადასხვა სკოლის ელემენტებია თავმოყრილი. მანამდე იტალიაში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ნოვატორებად თვლიდნენ არიგო საკის და ტომაზო მაესტრელის. სწრაფვა იმისკენ, რომ რაღაც ახალი შეეტანა იტალიურ საფეხბურთო სკოლაში, ჯერ კიდევ კოვერჩანოს აკადემიაში შენიშნეს, რომელიც ბრწყინვალე შეფასებით დაამთავრა კონტემ. ანტონიო მზად იყო, ესწავლა თუნდაც იდეოლოგიური მოწინააღმდეგეებისგან - ის ყოველთვის მოწიწებით მოიხსენიებდა ზდენეკ ზემანს, თუმცა ამ სახელის ხსენებაზე ჭეშმარიტ „ბიანკონერებს“ ყოველთვის უსიამოვნოდ აჟრჟოლებდათ.
შემოიტანა ახალი მოდა
გამელოტების შემდეგ კონტემ ცნობილ ტრანსპლანტაციურ ცენტრს მიმართა. თუმცა ამ ფაქტის მიუხედავად არაკეთილმოსურნეებს სულ ჰქონდათ საბაბი, მისი სიმელოტე დაეცინათ. ყველაზე წარმატებულები ამ სფეროში „ფიორენტინას“ გულშემატკივრები აღმოჩნდნენ. რამოდენიმე წლის წინ ფლორენციელთა ერთერთი საყვარელი შეძახილი იყო „ანტონიო კონტე თმას კარგავს, ანტონიო კონტე პარიკს იძენს“. მათ არ ჩამორჩებოდნენ „როსონერის“ გულშემატკივრები, რომლებმაც ერთხელ „სან სიროზე“ ასეთი ბანერი გამოუფინეს: „შენი თმები კიდევ უფრო ყალბია, ვიდრე ფული მონოპოლიაში“. ვისაც კი მცირე შეხება ჰქონდა გრაფიკულ დიზაინთან და კომპიუტერთან, არ აკლებდნენ მას პარიკიან შარჟებს.

პირველ ხანებში კონტე ნერვიულად რეაგირებდა ამ დაცინვაზე, ერთხელ მარკო მატერაცის ურჩია, „შენ გირჩევნია ტვინი გადაინერგოო“. თუმცა შემდეგ მიეჩვია. გულშემატკივრის შეძახილს დიდი ხანია აღარ აქცევს ყურადღებს და ხშირად იმეორებს ბენიტო მუსოლინის საყვარელ ფრაზას: „რაც მეტი მტერი გყავს, მით მეტია ღირსება“. იტალიაში თმების გადანერგვა ერთგვარ მოდაშიც შემოვიდა - კონტეს მიბაძეს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა სალვატორე სკილაჩიმ, „ნაპოლის“ ექს-ფეხბურთელმა მარკო დონადელიმ და თვით ვალტერ ძენგამაც.
გაუწონასწორებელი ტიპაჟი
ანტონიო კონტეს მძიმე ხელი აქვს. ანდრეა პირლო იხსენებს, რომ მწვრთნელს სხვადასხვა საგნების სროლა უყვარდა, რომლებიც ფეხბურთელებთან სახიფათო სიახლოვეს ფრენდნენ. „შესვენებაზე შემოდის კონტე გასახდელში და რომც ვიგებდეთ, რაღაც საგნები ხვდება მაინც კედლებს, ხშირად ჩემს მხარეს - ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდა. ყველაზე ხშირად ეს პლასტიკის ბოთლები იყო. ის ნამდვილი მხეცივით იქცეოდა“. პირლო არ იტყუება, შესასვლელთან მაცივარი იდგა, რომელიც სავსე იყოს ცივი Powerade-თი.

ყველაზე ძალიან კი კონტეს გაზეთებიდან სტატიების ამოჭრა და იმის ფრიალი უყვარდა, სადაც მათ გუნდზე ათასი სისაძაგლე იწერებოდა, ძირითადად ფეხბურთელებზე. შემდეგ კი გასახდელში ასეთი დიალოგი იწყებოდა:
- თქვენზე 2 ევროა!
- რატომ მისტერ?
- გაზეთისთის.
გაზეთებიდან სტატიების ამოჭრას კონტე მისმა მწვრთნელმა „ლეჩეში“, ეუჯენიო ფაშეტიმ დააჩვია.
ფაშეტის მერე ეს დაავადებად ექცა, დაიჭერდა ჟურნალისტს და ცხვირში ჩრიდა მათ სტატიას, ამის გამო კი ბევრი მტერი გაიჩინა. კონტეს უბრალოდ სურს მისი მოთამაშეები ენერგიით დამუხტოს, თუნდაც ეს ენერგია უარყოფითი იყოს.
მატჩების დროს კონტე არ ერიდება ემოციების გამოხატვას. „იუვეში“ და „სკუადრა აძურაში“ ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი ლეონარდო ბონუჩი ხდებოდა, რომელსაც ხშირად მოკვლითაც დამუქრებია. საინტერესოა, რომ კონტეს თავისი მანერისთვის პანდემიის დროსაც არ უღალატია, როცა მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა. ანტონიოს სულ არ ანაღვლებს, რომ რომ მისი ყვირილი ტელევიზორშიც ისმის. როცა ის გამძვინვარებულია, საშიში ხდება - რამოდენიმე ფეხბურთელმა აღიარა, რომ ახლაც კი გრძნობს მუხლების კანკალს, როცა მას ხედავს. პრესაში ერთადერთი ის არ დაწერილა, რომ კონტე თავის ფეხბურთელებს წვერით ათრევს, რადგან გრძელწვერიანი ფეხბურთელები არ ჰყავს.

იტალიაში, სადაც ძალიან აფასებენ ტომაზო მაესტრელის მსგავს მწვრთნელებს, რომელთაც არასოდეს ხმა არ აუწევიათ ფეხბურთელებზე, ანტონიო კონტეს ასეთი მანერა ბევრს აღიზიანებს. თუმცა, მისი მომხრეები თვლიან, რომ ასეთი სახით ის საერთო საქმეს ემსახურება, განიცდის ყველა წვრილმანს, არ პატიობს სულ მცირე დარდიმანდობას, თუმცა სწრაფადვე ივიწყებს ამ ამბავს და სიბრაზე დიდხანს არ მიყვება. ამას კი ეფექტი მოაქვს - შემთხვევითი არაა, რომ მან 2016-ში მწვანე ჯარისკაცებით ასეთი ფურორი მოახდინა.
ანტონიო კონტე ის უიშვიათესი მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელებთან ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, რომ მათ მისი გულისთვის თავი დადონ მოედანზე. არც კონტრაქტებისთვის, გულშემატკივრებისთვის თუ კლუბისთვის, არამედ პირადად კონტესთვის.
გამარჯვების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია
როცა 2000 წელს „იუვენტუსმა“ ლაციოსთან დათმოს სკუდეტო, ჩემპიონატის მერე კონტე მეგობრებთან ერთად ეგვიპტეში წავიდა დასასვენებლად, თუმცა შვებულების დროს ვერ იძინებდა. ის ყოველ წაგებაზე ასე რეაგირებს. მის სმარტფონზე გარკვევით ჩანდა წარწერა: „წააგე - ესე იგი მოკვდი". ერთი პერიოდი მას ზარზე „ქუინის“ უკვდავი მელოდია, We are the champions-ს ეყენა. თავის ერთადერთ ქალიშვილსაც გამარჯვების ქალღმერთის საპატივსაცემოდ ვიტორია დაარქვა.
პირველივე დღიდან, რაც აქტიურ საფეხბურთო კარიერას მორჩა, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოცნებობდა. თავის მომავალ ცოლსაც ამას შეპირდა, რომ მხოლოდ მას მერე გადაიხდიდა ქორწილს, როცა „შავ-თეთრებს“ ჩაუდგებოდა სათავეში. თუმცა, როცა 2009 წელს იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ალესიო სეკომ მას კონტრაქტზე ჩამოუგო ლაპარაკი, მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- იცი რა ანტონიო, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ვიყიდოთ დიეგო.
- კარგი ალესიო, ოღონდ ის ჩემს გუნდში თავდამსხმელი იქნება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ან 4-2-4, ან 4-2-3-1.
საბოლოოდ „ბებერმა სინიორამ“ უფრო დამთმობი და უკონფლიქტო ჩირო ფერარა გაიფორმა, რომელმაც ბრაზილიელი ტრეკვარტისტად დააყენა. კონტემ თავის პრინციპებს ოცნების გამოც არ გადააბიჯა.
დიდი შრომისმოყვარე
იტალიის ნაკრების სათავეში ჩადგომისთანავე ნათელი გახდა, რომ ბევრი ფეხბურთელი აშკარად ხარისხში მომატებას საჭიროებდა. მას კი ამისთვის არც დრო ჰქონდა, არც რესურსი. დანიშვნის პირველ დღეებში ის ებრძოდა ყველა იმ ტრადიციულ მიდგომას, რომელიც მიღებული იყო წლების განმავლობაში „სკუადრა აძურაში“.
ის უყვიროდა ჟურნალისტებს: „მე აქ ტექნიკური კომისარი არ ვარ! მე ვარ ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი!“ და ცოტა ხანში ყველა გრძნობდა უკვე ამ განსხვავებას შინაარსში, თუმცა ხანდახან ისეთ ფიზიკურ წნეხში აყენებდა თავის მოთამაშეებს, რომ კონფლიქტიც კი მოუვიდა „იუვენტუსის“ ბოსებთან.

სამაგიეროდ, როცა საჭირო ხდებოდა და როგორც სიტუაცია მოითხოვდა, იტალიელები ხან უტევდნენ, ხან ღრმა დაცვაში დგებოდნენ და აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ, ან 3-5-2დან 3-4-2ზე ეწყობოდნენ და პირიქით. ის კი აღგზნებული დარბოდა პირით ხაზთან, სულ პატარა ნაპრალს და სისუსტეს ეძებდა მეტოქის წყობაში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური ოსტატობით აღემატებოდნენ იტალიელებს. თითქოს გუნდმა მე-12 მოთამაშე შეიძინა, ასეთი იტალიის ნაკრებში არასდროს ყოფილა.
შავ-ლურჯი ჭაობისგან მდინარე აქცია
ამისი დასტურია ინტერის ევროპალიგის ფინალში მონაწილეობა. ეს პირველად მოხდა იტალიურ ფეხბურთში - რაც ამ ტურნირმა სახელი და სახე იცვალა, იტალიური გუნდი არასოდეს გასულა ფინალში. ამისთვის „შავ-ლურჯებმა“ ძლიერმოქმედი პრეპარატი მიიღეს - ანტონიო კონტე. ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ ეფექტური.
მილანური კლუბი „მოწამლული“ იყო მორატისეული ეპოქით, სადაც „ოქროს წლებში“ მილიარდნახევარი დაიხარჯა, უამრავი ვარსკვლავი თუ უსარგებლო ფეხბურთელი, თუმცა შედეგები ამასთან შედარებით ძალიან ცუდი იყო. პრეზიდენტი ერიკ ტოჰირის პერიოდი იმით განსხვავდებოდა, რომ იქ ფულიც ძალიან ცოტა იხარჯებოდა. რომ არა ტრიპლეტი 2010 წელს, მორატის ეპოქა ალბათ წარუმატებლად ჩაითვლებოდა. მთავარი ნაკლი რაც ინტერს სჭირდა - ეს იყო უსისტემობა. სტრატეგიის არარსებობა, ფავორიტიზმი, საყვარელი მოთამაშეები, რომლებიც ხშირად კლუბის ფერებს არაფრად აგდებდნენ(რონალდო?), ან ცივი დამოკიდებულება მათდამი, ვინც თავს დებდა კლუბისთვის(სიმეონე?).
„შეშლილი“ - ეს სიტყვა ყველაზე კარგად ახასიათებს ინტერს. ტყუილად კი არ აქვს კლუბს ჰიმნი Pazza Inter amala (გიყვარდეს შეშლილი ინტერი), რომელიც მთლიანად ასახავს კლუბის ხასიათს. სხვათაშორის, ამ ჰიმნის ავტორს არაფერი საერთო არ ჰქონია ფეხბურთთან, მას უფრო ფრენბურთი იტაცებდა. ჰიმნის შექმნა მან 2002 წლის 5 მაისს დაიწყო, ინტერისტებისთვის საძულველ დღეს. საბოლოო სახე კი „ინტერის“ მიერ „სამპდორიას“ 3:2 დამარცხების მერე მისცა.

თუმცა ნამდვილი „ინტერი“ სულ სხვანაირია. რა თქმა უნდა, ცოტას თუ ახსოვს ცოცხლად ელენიო ერერას გუნდი, თუმცა არც ისე ბევრი დრო გავიდა ტრაპატონის და ბარსელინის პერიოდებიდან, რომლებიც თავისი სტრუქტურით უფრო „იუვენტუსის“ ფილოსოფიას ჰგავდა. ჩრდილოური პრაგმატიზმი, კონსერვატიზმი, ტაქტიკური ცინიზმი, მწვრთნელი-სერჟანტები, გათვლა იტალიელებზე - ასე იყო, სანამ ამას ხელს არ მოჰკიდებდა ერნესტო პელეგრინი.
ანტონიო კონტემ ერერას დროინდელი „ინტერის“ სული დააბრუნა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ცოტა რთული გამოდგა. განლაგებაც - 3-5-2 ასევე. იტალიელი ტალანტების ნდობა. შეკრული გასახდელი. მცირე ბუნტი და - შეგიძლიათ მიბრძანდეთ. პირველი მსხვერპლი იკარდი და ნაინგოლანი გახდნენ, რომლებიც იდეალურად ერგებოდნენ „პაცა ინტერის“ ხასიათს. თუმცა არ ერგებიან ახლანდელ ფილოსოფიას - კლუბი ყოველთვის მართალია და პირველ ადგილზე დგას!
დიადი რეფორმატორი
როცა 2013 წელს „იუვენტუსმა“ „ბაიერნთან“ წააგო, კლუბში სწრაფად იპოვეს განტევების ვაცი. შინაურ ფრონტზე იოლად მოსეირნე „ბებერი სინიორა“ გერმანელთა მკაცრი პრესინგის მსხვერპლი გახდა. „ჩვენი ფეხბურთი დაძველდა“ - მაშინ ამ ფრაზით კონტემ ბევრს ატკინა გული.
ის „იუვენტუსის“ მოდერნიზებას ცდილობდა და მართალია, რეფორმებმა თითქოს გამოიღო შედეგი, გუნდმა უამრავი იტალიური რეკორდი მოხსნა და თითქოს მზად იყო ახალ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა უკვე ახალ მწვრთნელთან ერთად.
ჩელსიში გადასვლის მერე მან პირველივე სეზონში დალაშქრა კუნძული ინოვაციური 3-4-3-ით.
იტალიის ნაკრებით კი მან ნამდვილი ტაქტიკური გარღვევა მოახდინა. ძალზედ დასამახსოვრებელი კონფერენცია ჩაატარა მაშინ იტალიური ტაქტიკური სკოლის გურუმ მასიმო ლუკეზიმ:
ეკრანზე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩის, იტალია - ბელგიის მატჩი გადიოდა. 3-5-2 ვს 4-2-3-1 წინააღმდეგ. „აძური“ იღებს ბურთს და შეტევას ავითარებს ფლანგზე. ყოველი სათამაშო ეპიზოდის მერე ექსპერტი აპაუზებს მატჩს და დაწვრილებით ხსნის, თუ რა ხდება მოედანზე, რომელსაც მერე დაფაზე ისრებით ხაზავდა. ნაბიჯ-ნაბიჯ. თითქოს ნოტებზე. მისი ინტერპრეტაციით, კონტეს გუნდის ყოველი მოქმედება წინასწარ იყო ჩაფიქრებული - ის აიძულებდა ბელგიელებს, ფორსირებულად მიეღოთ გადაწყვეტილებები. გაჰყოლოდნენ თავის მოთამაშეს, მიეტოვებინათ ზონა თუ რა ექნათ? ეს რაღაც უცნაურ თამაშს ჰგავდა, სადაც ყველა გადაწყვეტილება მცდარი იყო. აი, განაპირა ნახევარმცველთან ცენტრალური მცველი ამოვიდა, გაიხსნა ზონა და იტალიელები წამსვე ამით სარგებლობენ. ან უნდა დაიცვა ცენტრალური ზონა, ან იმოძრაო. გამოსავალი არაა ამ დროს კი კონტე პირით ხაზთან დგას და არაადამიანურად ღრიალებს, ყოველ წამს მოუწოდებს, ანიშნებს, მიუთითებს, სად გადავიდეს ნახევარმცველი, სად შეიწიოს მცველმა, სად გამოჩნდა სუსტი წერტილი, სად, სად, სად... სტოპ, პაუზა, გადაახვიეთ უკან... შეგიძლია დაუსრულებლად უყურო ოსტატის ნამუშევარს!

უკანასკნელი გლადიატორი, როგორც მას რომაელმა ჟურნალისტმა სტეფანო დისკრეტიმ შეარქვა, ისტორიაში ნებისმიერი სახელით შევა, ოღონდ არანაირად გულგრილის!