Rivaldo30
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 616
წევრი No.: 258709
რეგისტრ.: 7-September 20
|
#60408720 · 28 May 2023, 16:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
* * * კრუიფი გვიყვება: ,,ყოველთვის ვამაყობდი რომ ჩემი ერთი სიტყვით საკმარისი იყო საქმის გაკეთება. ჩვენ ,,ბორდოზე“ გავედით და ზიდანის ფასი დავადგინეთ. თავად მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რადგან გაზეთებს არაფერი შეეტყოთ და იანვარ-თებერვალში წინასწარ შევათანხმეთ კონტრაქტი. ფეხბურთელი გავაფრთხილე, რომ ტრანსფერი იმ შემთხვევაში ჩაიშლებოდა, თუ ის ამის შესახებ პრესასთან ილაპარაკებდა“. მარტში კრუიფი ,,ბორდოს“ მოელაპარაკა. ზიზუმაც თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ ჰოლანდიელმა ნუნიესს დაურეკა.
კრუიფი - საგზის ,,ოქროს ბურთის“ გამარჯვებული; 1987 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი; 90-ების ,,ბარსელონას“ ,,ოცნების გუნდის“ შემქმნელი: ზედიზედ 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი და სამი სუპერთასი; თავადაჯერებული, ამაყი, ავტორიტეტების არ მცნობი, საკუთარ თავზე მეორე პირში საუბრობდა: ,,შენი პრობლემა იმაშია, რომ ყოველთვის ყველაფერი სხვებზე უკეთ იცოდი“. ფეხბურთელობისას, მწვრთნელთა მითითებების შემდეგ გუნდს შეკრიბავდა და ასე მიმართავდა: ,,ახლა კი მე გეტყვით, სინამდვილეში როგორ ვითამაშებთ“; ,,აიაქსმა“ რამდენიმე ფსიქოლოგი დაიქირავა, რათა კრუიფის ზნე შეესწავლათ. ექიმთა ვერდიქტი ასეთი იყო: ,,კატეგორიულად ვერ ეგუება ნებისმიერ შეუთანხმებლობას“.
ნუნიესი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ,,ბარსელონას“ ისტორიაში; დაიწყო რიგით ასისტენტად და შექმნა უმსხილესი სამშენებლო ბიზნესი კატალონიაში; დააარსა ,,ლა-მასია“; ენერგიული, მტკიცე, ავტორიტარული. ამბობენ, რომ არჩევნებზე მის კონკურენტებს აშანტაჟებდნენ და აშინებდნენ, თუმცა მტკიცებულება ვერავინ მოიძია. ,,ბარსა“ იხსნა ეკონომიკური კრიზისისგან და რამდენიმე წელში კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად აქცია.
პრეზიდენტი მიჩვეული იყო კრუიფის თვითმართველობას, თუმცა თავში ხელები მას შემდეგ შემოირტყა, რაც ზიდანის ფასი შეიტყო. ზიდანი ბაზრისთვის უცნობი იყო - ,,ბორდოც“ დიდად არ იყო ჩაფრენილი ფეხბურთელზე და 3,5-4 მილიონი დოლარი მოითხოვა, თუმცა ეს თანხა ნუნიესს ებევრა. ფრანგი საშინლად არასტაბილური იყო, მენტალურად არადამაჯერებელი და ხშირად აგდებდა თამაშებს - მასში ახალ პლატინის ვეღარ ხედავდნენ, ხოლო ჟურნალისტთა მორიგ კრიტიკაზე ზიზუს მკაცრი რეაქცია ჰქონდა: ,,მომბეზრდა ამდენი შედარება! დროა გაიგოთ, რომ ზიდანი ვარ. მე ვერასდროს ვიქნები ახალი პლატინი. არც მინდორზე და არც მის ფარგლებს გარეთ. მე არ ვარ და ვერც ვერასდროს ვიქნები ლიდერი - ეს ჩემს ხასიათში არ ზის. მაღიზიანებს, როცა ჩემზე ამბობენ მორცხვს, მორიდებულს და არასაკმარისად ამბიციურს”. იშვიათი სპეციალისტები ამ ნელ, მაგრამ მკვრივ და ტექნიკურ ნახევარმცველში მომავალს ხედავდნენ. 1995 წელს კენი დალგლიშმა ზიდანი თავისი ,,ბლექბერნისთვის“ მოინდომა და მფლობელისგან შემდეგი რამ მოისმინა: ,,რატომ უნდა შევიძინოთ ზიდანი, როცა გვყავს ტიმ შერვუდი?“ ერთ წელში ,,ნიუკასლის“ მესვეურებმა საერთოდ ხაზი გადაუსვეს ფრანგს: ,,ის ჩემპიონშიპშიც ვერ გაქაჩავს“. როგორც დალგლიში, ასევე კრუიფი თვალისმომჭრელი ფინტების გარდა, ფეხბურთს სხვა სიბრტყეში ხედავდა. ზიზუმ 1995/96 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, შეუდარებელი იყო უეფას თასზე ,,მილანის“ წინააღმდეგ და საფრანგეთის წლის მოთამაშეც გახდა. ის ევრო 96-ზე მნიშვნელოვანი ფიგურის როლის შესასრულებლად ემზადებოდა, თუმცა ,,ბარასას“ ხელმძღვანელობისთვის ის დარჩა ყმაწვილად, რომელიც გრანდებს არ სჭირდებოდათ. ორი წლის მანძილზე უტიტულოდ ყოფნამ კრუიფის სიტყვა გააუფერულა, ხოლო მისი პოპულარობა ნუნიესს აცოფებდა - თავის დროზე ეს ბიზნესმენი კლუბში პრესტიჟისა და დიდების გამო მივიდა და არავისთან აპირებდა მის გაყოფას. ნუნიესი დირექტორატთა წრეში ძირს უთხრიდა კრუიფის ავტორიტეტს და თავის მხარეს ექაჩებოდა მეორე მწვრთნელს კარლეს რექსაჩს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარი ჩუმად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბობი რობსონთან. ჰოლანდიელი ახალ კონტრაქტს ელოდებოდა, სანაცვლოდ კი უფლებამოსილების შემცირების უცნაური დოკუმენტი მიიღო: ხელმძღვანელობა იოჰანს სამარცხვინო ხელშეკრულებას ტენიდა, რომლის თანახმად მისი ძალაუფლება მინიმუმადე მცირდებოდა. დოკუმენტზე ეგრეც არ აღბეჭდილა კრუიფის ხელმოწერა, ნუნიესის ხალხი კი სამაგიეროს გადახდის მიზნით მწვრთნელს ავიწროვებდა: კლუბის ექიმები კრუიფს კაბინეტებიდან აძევებდნენ, ბაზის თანამშრომლები იგნორს უკეთებდნენ მის მითითებებს. ზიდანს შეეძლო ეხსნა ,,ოცნების გუნდი“ და მისთვის ხელმეორედ შთაებერა სული, თუმცა კლუბის ხელისუფლებამ ფრანგი გამოუსადეგარად მიიჩნია. გასპარმა კრუიფი მეორეხარისხოვანი მოთამაშეების შეძენაში დაადანაშაულა. ნუნიესი ქილიკურად იცინოდა და აცხადებდა: ,,ასეთი თანხით ასეთ ტრანსფერებს ჩემი კონსიერჟიც გაჩარხავს“. დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და ,,ბარსას“ ისტორიაში (იმ დროისთვის) ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი მწვრთნელი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე თანამდებობიდან გაანთავისუფლა. მეგობარმა რექსაჩმა კი ზურგში დანა ჩასცა - ის დარჩენილ ტურებში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრუებას დათანხმდა. მაგრამ კრუიფი როგორც დიდებულად თამაშობდა, ისე დიდებულად წვრთნიდა, და ისე დიდებულადვე წავიდა. 18 მაისს - ,,სელტასთან“ სეზონის ბოლო საშინაო მატჩამდე ერთი დღით ადრე - გასპარმა პირადად მოხსნა უდიდესი ჰოლანდიელი. დამცირება უმნიშვნელო წვრილმანებამდე იყო გათვლილი: ჰოლანდიელი წინასწარ მოიშორეს თავიდან, რომ მისთვის საშუალება მოესპოთ ქომაგს დამშვიდობებოდა. ვიცე-პრეზიდენტმა განთავისუფლებულ მწვრთნელს ხელი გაუწოდა და პასუხად სიტყვები მიიღო: ,,ჟოან, შენ იუდა ხარ!“ რასაც იოჰანმა ყოფილი ბოსის მისამართით ბარაქიანი ფურთხიც მიაყოლა. გასპარმა მუშტი-კრივის ასარიდებლად პოლიციით დაიმუქრა. მხოლოდ ამის შემდეგ გაერიდა ,,კამპ ნოუს“ განაწყენებული კრუიფი, რომელსაც მუშტები ექავებოდა. ხელმძღვანელობა კი აქტიურად სარგებლობდა კრუიფის ნამოქმედარით: ერთია ილაპარაკო ტრანსფერთა უფერულობაზე, ხოლო მეორეა - მასზე უარის თქმა. ნუნიესმა შეიძინა ლუის ენრიკე და ბლანი, რომლებსაც კრუიფი ელაპარაკებოდა. ვერავინ დადებს თავს, რომ პრეზიდენტი ზიზუს ტრანსფერსაც სისრულეში მოიყვანდა, მაგრამ ამისთვის კრუიფმა შანსიც არ დაუტოვა ნუნიესს: ,,განთავისუფლების მერე ზიდანს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენი შეთანხმება ანულირებულია. მან მადლობა გადამიხადა და ყველაფერი ამით დასრულდა“. ,,ბარსელონამ“ ,,სანტოსისგან“ ჯოვანი იყიდა, ზიზუ კი ,,იუვენტუსში“ გადავიდა და ორ წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1998 წლის ზაფხულში Don Balon-თან საუბარში ზიდანმა განაცხადა, რომ ესპანეთში თამაში ,,ბარსელონას“ შემადგენლობაში სურს. თუმცა ბავშვობის და ახალგაზრდობის განზრახვა ზიდანს არ აუხდა: 2016 წლის გაზაფხულზე ის დი სტეფანოსა და დელ ბოსკეს შემდეგ მესამე მადრიდელი გახდა, რომელმაც ,,ბარსა“ ,,კამპ ნოუზე“ ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში დაამარცხა.
|