+111. ზოგადად დღევანდელი ფეხბურთის თაობა ნაკლები პროფესიონალიზმით და საქმის თავდადებით გამოირჩევა.ცეცხლი არ არის და არც ბრძოლის ჟინი მათ თამაშში მოედანზე,ვერ იგრძნობ,რომ მოგებისთვის იბრძვიან.დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა ტიკ-ტოკერა ინფლუენსერები არიან.ეს გაპირარებული პრემიერლიგის სასტავი კიდე შიდა ჩემპიონატის იქეთ მოჭრილი ###ები არიან,ერთ ჭანჭიკზე რომ არიან მორგებული იმის იქეთ უკვე დაყლევება ეწყებათ.ბერნანდო გყავდეს და ასე უსახურად თამაშობდეს ნაკრებში რავიცი,ცალკე ბრუნომ რა აკეთა ჯარიმების პერიოდში,ჩააწოდე მაღალი ბურთი იქნებ თავზე ვინმემ მოიგოს ორთაბრძოლა და გაიტანონ,ეს კიდე ჯიქურ დაბალი პასით ცდილობდა გააეძვრინა,ეტყობა დიდი ხანი უყურა ჰოლანდიის კომბინაციას მაგ ###მ და მაინც ვერ დაამუღამა.ნევეში ხო ამ მსოფლიოზე ყველამ იხმარა კიდე ვისაც არ ეზარებოდა.ყველაზე დიდი ჩოილარი კიდე სანტუშია,იმედია ეგ ბეხლეწი კაცი გააჯვამს,მაგრამ 24მდე აქვს კონტრაქტი მგონი და წიხლით თუ გააგდებენ მაგას ,თორემ სხვა არ ვიცი რა უნდა მოხდეს ,რომ მიდით წავიდეს.რონი ადამიანურად შემეცოდა. ტიპმა საკუთარი თავი შექმნა დიდი შრომის ხარჯზე და ამდენი წელი მაღალ დონეზე თამაშობდა ,ბევრჯერ მარტომ თვითონაც უთრევია გუნდი,როცა მაღალი დონის მოთამაშეები არ ყავდა გვერდით ,ახლა კი როცა ასეთი ტალანტები წამოეზარდათ და რეალური და შანსი ქონდათ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.ალბათ ახალგაზრდა მწვრთნელის პირობებში უფრო უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა ეს პორტუგალია და მაროკოსაც გაცდებოდნენ.რონალდოს დამ გასთორა,ალბათ შეიძლება მომდევნო მუნდიალზეც იყოს,რამდენად მართალია ხზ,მაგრამ თუ იქნება,მაშინ უნდა იყოს,როგორც იბრაა ისე გასახდელის მოტივატორი,ეგ არ ეშლება და სკამიდან თუ დაჭირდებათ შემოუშვან მხოლოდ მაშინ.გააჩნია იმასაც სად გააგრძელებს ახლა კარიერას.

.
* * *
Change before you have to - დიდი ამერიკელი ბიზნესმენის და მენეჯერის, ჯეკ უოლშის ცხოვრების სლოგანია. ამ გამოთქმის მთავარი აზრი ის არის, რომ კარგი მართვა ცვლილებებზე წასვლას იქამდე ნიშნავს, სანამ ამის აუცილებლობა დადგება. ქართულად რომ ვთქვათ, ურმის გადაბრუნების ამბავია. ხომ არის მომენტები, როცა გამოცდილება, ლოგიკა, არგუმენტები, ისტორიული მეხსიერება გეუბნება, რომ ცვლილების დრო მოდის, ახალ რეალობაში ხარ და ბრძნული იქნებოდა ამ ცვლილებებზე იქამდე წახვიდე, სანამ ბევრი რამ გაფუჭდება. შენ კი არ მიდიხარ, თან გეშინია, თან აუტკივარი თავის ატკიება არ გინდა.
ეს თეორიული მსჯელობა კრიშტიანო რონალდოზე არ არის - ეს პორტუგალიის ნაკრებზე, მის მმართველებსა და მწვრთნელ ფერნანდო სანტუშზეა.
მუნდიალის წინ პორტუგალიის ნაკრების შესახებ მიძღვნილ სტატიაში ბევრი დავწერე და ამიტომ, აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვი: სისულელე, გაუმართლებელი სისულელე, მეტიც, ალბათ დანაშაული იყო პორტუგალიის ამ თაობის ფერნანდო სანტუშისთვის ჩაბარება. სანტუში პორტუგალიის ისტორიის ნაწილია - მის ხელში მოიგეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დიდი ტურნირი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. მაგრამ ის სხვა სტილის და ყაიდის მწვრთნელია. სანტუში დაცვის კი არა, ულტრადაცვის, 0:0-ის სპეციალისტია. აი, ამ მაროკოს მოუხდებოდა. 2016-ის პორტუგალიაც მუშა და მებრძოლი გუნდი იყო - იოლი სატურნირო გზით, კონტრშეტევებით, არაფრიდან გოლებით და პენალტებით რომ მიაღწია ჩემპიონობამდე.
ახლა ამ კაცს მიაბარო ბრუნოს, ბერნარდოს და ჟოაო ფელიქსის თაობა და კრიშტიანო რონალდოს დიდი ბოლო ტურნირი, დიდი სისულელეა. ამ გუნდისგან, ამ თაობისგან, ამ მასალისგან დაცვით გუნდს ვერ გამოძერწავ, გამორიცხულია! შემტევი გუნდის დაყენება კიდევ სანტუშმა არ იცის. უბრალოდ, არ არის ეს მისი საქმე. მის კარიერას გადახედეთ, ორჯერ აეკ-ი, პაოკ-ი, პანათინაიკოსი, საბერძნეთის ნაკრები - ბერძნული ფეხბურთის დაცვით ლაბირინთებში ეს კაცი თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ახლა კი გსურთ, რომ მას გვარდიოლას ფეხბურთი მოსთხოვოთ და პორტუგალიამ მათი მეტსახელის მსგავსად, "ევროპის ბრაზილიელებივით" ითამაშოს?! გამორიცხულია!მთელი ტურნირი ვუყურებდით, პორტუგალია კლასის ხარჯზე როგორ იგებდა თამაშებს, თუმცა ჩანდა, რომ ამ გუნდის ორგანიზებული, დაყენებული შემტევი თამაში არ ჰქონდა. ინდივიდუალური პერფორმანსები იყო. ამ გუნდს ისეთი ვარსკვლავები ჰყავს, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. განასთან ჟოაო ფელიქსის დღე იყო, ურუგვაისთან - ბრუნო ფერნანდეშის, შვეიცარიასთან გონსალო რამოსმა აიწყვიტა.
თუმცა, ბრაზილიისგან, საფრანგეთისგან, თუნდაც ესპანეთის ან ინგლისისგან განსხვავებით, ვერავინ გეტყოდა პორტუგალიის სტილი, სტრატეგია და თამაში რა იყო. რატომ იცვლებოდა შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე - რა კრიტერიუმით? სად თამაშობდა ბერნარდო სილვა, რომელიც სიტის ბერნარდოს მხოლოდ აჩრდილი იყო?! სილვა მატჩის განმავლობაში პოზიციებს მუდამ იცვლიდა, თუმცა არცერთ პოზიციაზე კარგად არ გამოიყურებოდა. მისი ეს ხეტიალი მთელი ტურნირი გაგრძელდა. რამდენიმე კარგი მატჩის მიუხედავად, ამოვარდნილი იყო ბრუნო ფერნანდეში. რატომ თამაშობდა ოტავიო - რა დამსახურებისთვის და რა იყო მისი ფუნქცია? როდის ჩნდებოდა და როდის არ თამაშობდა რუბენ ნევეში? რატომ დაიწყო ტურნირი ნომინალურმა ნახევარმცველმა დანილო პერეირამ დაცვის ცენტრში? რატომ არ დაიწყო პირველ შეხვედრებში ძირითადში თამაში ვილიამ კარვალიუმ - პორტუგალიის საუკეთესო საყრდენმა?
ყველაზე მთავარი კითხვა: რატომ არ იცოდა სანტუშმა, როგორ გამოეყენებინა რაფაელ ლეაო - სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე ძლიერი და ფორმაში მყოფი პორტუგალიელი? ამ კითხვების გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. პორტუგალია ცუდი გუნდი იყო შეუფერებელი მწვრთნელით და აქამდეც მხოლოდ კლასის ხარჯზე მოვიდა.
მეტიც, სანტუშის ხელში გუნდი მოუმზადებელი იყო. გადახედეთ, მუნდიალამდე პორტუგალიის ბოლო შეხვედრებს და თვალში გეცემათ, რომ შემადგენლობა და სათამაშო სისტემა მუდამ იცვლება - ჩანს, რომ ამ კაცმა არ იცის, როგორ და რა ითამაშოს. იდეა, კონცეფცია, მყარად დაყენებული თამაში არ ჩანს.
ამიტომ, როცა პორტუგალიამ ჯგუფში პირველი ადგილი სერბეთს დაუთმო, ეს სერბეთი კი არ იყო გენიალური, ეს პორტუგალია იყო ცუდი. სანტუში ჯერ კიდევ წინა მუნდიალის შემდეგ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი წინა ევროპის ჩემპიონატის მერე იყო გასაშვები. წინა ევროზეც, მაგალითად, გერმანიამ მასხრად აიგდო პორტუგალია, ისე მოუგო. არადა, ის გერმანიაც არ იყო მრისხანე ძალა.
პრობლემა ის არის, რომ ეს კრიშტიანოს ბოლო დიდი ტურნირი იყო. მასზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მისი ბოლო ინტერვიუ და მანჩესტერ იუნაიტედიდან წამოსვლის ისტორია. ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც ჩანდა, რომ ლეგენდა ფორმაში არ იყო და იმ აზრსაც ჰქონდა ლოგიკა და არსებობის უფლება, რომ მის გარეშე პორტუგალია უფრო სწრაფი და მობილური გუნდი იყო. თუმცა, მისი ბოლო თამაშის მერე, ეს ყველაფერი ხურდაა. მთავარი ის არის, რომ პორტუგალიამ თავისი მისია ვერ გაიაზრა. ისტორიული კაცის გარშემო ისეთი გუნდი ვერ შექმნა, როგორსაც მისი ბოლო ტურნირი იმსახურებდა. გარშემო ვგულისხმობ, არა საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ მისი პერსონის, მისი ამბის, მისი ლეგენდის გარშემო გაერთიანებას. აი, არგენტინა აცნობიერებს, რომ ისტორიულ მისიაზეა - მესის ასე უღიმღამოდ გაშვება დანაშაული იქნება ფეხბურთის წინაშე. ლეოს ეპოქაში სულ მცირე ორი არგენტინის გუნდი (2010 და 2018) არაფერში ეწერა. ასეთი გუნდი მუნდიალზე არ უნდა მიდიოდეს. არგენტინას ამ შეცდომის გამეორება აღარ უნდა. პორტუგალიას ბევრად მეტი რესურსი აქვს, ბევრად დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები ჰყავს და მაგარი გუნდის აშენება ნამდვილად შეიძლებოდა. თუმცა, პორტუგალიამ გუნდი ვერ მოამზადა. მეტიც, სანტუშის ხელში ამის შანსიც არ ჰქონია.
აქ რომ არ შემომედავოთ, მესი-კრიშტიანოს შედარების აბსოლუტურად უაზრო და ჩემთვის ძალიან მოსაწყენ დავაში არ ჩამრთოთ და არ შემახსენოთ, რომ არგენტინას მესი ათამაშებს, ხოლო რონალდო თავისი გუნდისთვის მომენტებში ტვირთად გამოიყურებოდა, გეტყვით, რომ კრიშტიანო ლეოზე ორი წლით უფროსია. მის ასაკში გუნდის თრევა კიდევ უფრო რთულია. მოკლედ, ამის მიუხედავადაც პორტუგალიას ჰქონდა ვალდებულება, რომ თუნდაც სკამიდან 30 წუთი მოთამაშე რონალდოს გარშემო საჩეპიონო ამბიციის გუნდი შეეკრა. ამ მაროკოსთან წამგები გუნდი პორტუგალია არ უნდა ყოფილიყო. შეიძლება წაეგოთ, ეპიკური ნახევარფინალი საფრანგეთთან ან ინგლისთან, წაეგოთ ფინალი, მაგრამ ასე წაგების უფლება არ ჰქონდათ.
მაროკო კარგი იყო, ძალიან ორგანიზებული და საიმედო დაცვაში. თანაც, ჯანიანი და ძალიან სწრაფად მიდიან კონტრშეტევებზე. ამრაბატი ამ მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. თან დაცვიდან შეტევაში ამოსვლა კარგად იციან - ორგანიზებულად ამოდიან და მხოლოდ ბურთის მოგერიების და გამართლების იმედად არ არიან. თუმცა, პორტუგალიამ მაროკოს ტაიმი აჩუქა. ერთი ტაიმი დასჭირდა იმის მიხვედრას, რომ მაროკო მეტოქეს ასე უბრალოდ, კლასზე, არაფრიდან გოლს არ აჩუქებდა. სანტუშს დაცვითი მწვრთნელი ვუწოდე, მაგრამ ეს პორტუგალია თითქმის ყველა თამაშში უშვებდა არასაჭირო გოლებს. ესეც ძალიან ცუდი თვისებაა, როცა მუნდიალზე დიდი ამბიციები გაქვს. ორი გაშვებული გოლი განასთან და კორეასთან, გოლი შვეიცარიასთან და მეტოქის მიერ ვერგატანილი მომენტები ურუგვაისთან. ისეთი გუნდი იყო, რომელსაც იცი, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუტანო. აბსოლუტურად ამოვარდნილი ჩანდა რუბენ დიაში, რომელიც სიტიში კედელივით დგას. კიდევ ერთხელ მოკითხვა სანტუშს, რომლის ხელშიც ფეხბურთელები გაუარესდნენ.
პორტუგალიას ჰყავდა ძალიან სუსტი მეკარე, რომლის შეცდომაც გოლის დროს, ენ-ნესირის კრიშტიანოს სტილში ნახტომის მიუხედავად, აშკარა იყო. დიოგო კოშტას მეტის გაშვებაც შეეძლო. ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა და აჭრილი იყო.
მეორე ტაიმში პორტუგალიამ შეუტია, თუმცა საშუალო მანძილიდან რამდენიმე სახიფათო დარტყმის მიუხედავად, აშკარა საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ შექმნა - ბოლო წამებზე პეპეს თავურის შემდეგ, რომელიც გასატანი იყო.
ამ შეტევებშიც უფრო მონდომება და სურვილი ჩანდა, ვიდრე ორგანიზაცია და კლასი. პორტუგალია ძალიან არეულად და ქაოტურად უტევდა. მასირებული დაცვის წინააღმდეგ ყველაზე კარგი იარაღი ინდივიდუალურად ძლიერი ფლანგის შემტევები არიან - ფლანგებზე უფრო მეტი სივრცეა და იქ დრიბლინგის წყალობით შეიძლება ისეთი უპირატესობა მოიპოვო, რომელიც მერე მომენტად და დარტყმად ითარგმნება. ზოგადად, მეტოქის დაცვა უნდა ამოძრაო, არყიო, რომ შეცდომა დააშვებინო. ამ დროს ჰორიზონტალურად სივრცის გამოყენებას (ანუ ფლანგებს) სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე არავინ იცის, ამდენი დრო რატომ დასჭირდა რაფაელე ლეაოს გამოყვანას, რომელიც ზუსტად ამ პოზიციის და ფუნქციის მოთამაშეა და მისი გამოსვლის მერე გუნდი აშკარად უკეთესი გახდა (ისე ძირითადშიც უნდა ყოფილიყო). ლეაო ერთადერთი იყო, რომელიც ჯანში და სისწრაფეში მაროკოელებს აღემატებოდა.
მოკლედ, ცუდი მარცხი იყო. ცუდი იმიტომ, რომ პორტუგალიამ თავის თავს უნდა დააბრალოს. 2016 წლის წარმატების ტყვე გახდა, ანუ, პატარა გუნდივით მოიქცა, ვერ შეიცვალა, ვერ გაიზარდა და ახალ მოცემულობას ვერ აეწყო. ამ პორტუგალიისგან დომინანტურ გუნდს და ფეხბურთს ველოდით.
კრიშტიანო ბოლო ტურნირზე უკეთეს გუნდს იმსახურებდა. მოგვწონს ის თუ არა, ეს პორტუგალია მისი მასშტაბის გუნდი ნამდვილად არ იყო.