ცელოფნის ქვემოდან დანახული ზეგუნდი
❤
1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში თავსხმა გადაღებას არ აპირებდა, ხოლო ათეულობით ათასი ადამიანი მისთვის ყურადღების მიქცევას. იმ დღეს ვ. ი. ლენინის სახელობის ,,დინამოს“ სტადიონზე ,,ლივერპულს“ უნდა ეთამაშა, სრულიად ლეგენდარულ, სადღაც ღრუბლებიდან ჩამოფრენილ გუნდს. ეს, თავისთავად, საკმარისი მიზეზი გახლდათ იმისთვის, რომ ხალხს ჯიბრიანი წვიმისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გარემოება – თბილისის ,,დინამოს“ მოწინააღმდეგის დამარცხება შეეძლო. ამას ჰაერის შესუნთქვისას, სველ ასფალტზე დახედვისას, გამვლელისათვის სიგარეტის თხოვნისას, ავტობუსის და ტროლეიბუსის ჩავლისას, ყველგან და ყველაფერში იგრძნობდით. იმ დღეს ხალხი უცხოელ ვარსკვლავთა თამაშის სანახავად საფეხბურთო თეატრში არ მიდიოდა. იმ დღეს ჩვენებს ისინი უნდა დაემარცხებინათ. არადა, ვინ იყო მაშინდელი ,,ლივერპულისთვის“ თბილისის ,,დინამო“? იმაზე გაცილებით ნაკლები, რაც ახლანდელისთვის პროვინციული ესპანური ,,ალავესი“. რატომ? თავად განსაჯედ: ჯერ ერთი, სად ახლანდელი ,,ლივერპული“ და სად ის, დღევანდელი თექვსმეტწლიანი მივიწყებიდან ამოძრომას მეორეხარისხოვანი თასის მოპოვებით ახლაღა იწყებს, მაშინდელი კი ჩემპიონთა თასის ზედიზედ ორგზის მფლობელი ზეგუნდი გახლდათ. დაახლოებით იგივე რაც ჩვენ დროში ,,ბაიერნი“ ან ,,რეალია“, ან თუ გნებავთ, რაც ოთხმოციანების ბოლოსა და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ,,მილანი“ იყო. მეორეც, ახლანდელმა ,,ლივერპულმა“ იცოდა, რომ ,,ალავესი“ ფინალისტია, ანუ ბევრი მეტოქის მძლეველი, თბილისის ,,დინამო“ კი მაშინდელი გათამაშების პირველსავე რაუნდში შეხვდა და ისტორიაში ევროთასების საშემოდგომო ეტაპებს ვერ გასცდენოდა . მერედა თავად თბილისი რაღა იყო? დიდი ქვეყნის ერთ–ერთი რესპუბლიკის (ფაქტობრივად პროვინციის) დედაქალაქი. ერთი სიტყვით, იგივე, რაც ვიტორია, ბასკონიის დედაქალაქი, საიდანაც გახლდათ ,,ალავესი“.
თავსხმა კი არას დაგიდევდათ და თავსხმასაც არ დაგიდევდათ ხალხი, რომელსაც მეორე იარუსზე სახურავი ფარავდა, პირველზე კი ცელოფნის გრძელი პარკები, რამდენიმეს რომ სწვდებოდა.
1:0 გვაწყობს, ჩვენია, ამბობდნენ და ერთმანეთის სადმე ჩასმას ცდილობდნენ. სექტორებს შორის კიბეები არ ჩანდა. ოფიციალურად 74 ათასიან ,,დინამოზე“ 90 ათასი დაეტია.
1:0 გვაწყობდა, რადგან მანამდე, იქ, 1:2 წავაგეთ.
იმ თამაშის ტელეტრანსლიაციას ველოდით ცენტრალური (მოსკოვის) ტელევიზიის პირველი არხით, მაგრამ ამაოდ, გამოგვიცხადეს, რომ ინგლისში ტელემუშაკებს გაფიცვა მოეწყოთ და რადიოს უნდა დავჯერებოდით. რადიორეპორტაჟს, ბუნებრივია, კოტე მახარაძე უძღვებოდა, მაგრამ რადიორეპორტაჟი, საზოგადოდ, კოშმარია. ვერაფერს ხედავ, ყველაფერს გაზვიადებით აღიქვამ, ბუზი სპილოდ გეჩვეება. თბილისში თავსხმაა, თქეშია. და თბილისში არსებობს სტერეოტიპი, რომ წვიმა ინგლისური ამინდია, ანუ წვიმაში, შესაძლოა, ,,ლივერპულმა“ უკეთ ითამაშოს, ,,დინამოს“ კი ხელი შეეშალოს.
მაგრამ პირველი ტაიმი 0:0 მთავრდება და ცელოფნის ქვემოდან აშკარად ჩანს, რომ ჩვენები ღრუბლებიდან ჩამოფრენილი ზეგუნდის დამმარცხებლები არიან.
და მართლაც – ყიფიანი საჯარიმოში კარის გასწვრივ აწვდის, გუცაევი არტყამს და... ,,დინამოს“ მეცხრე ნომერი სიხარულით ბადეზე ჰკიდია.
მერე ისევ – მარცხენა ფრთაზე ჭილაია იღებს ბურთს, მთელ მოედანს დრიბლინგით გადის, პასს წინ, შეტევის დასამთავრებლად გამზადებულ შენგელიას აწვდის და... ეს უკვე 2:0–ია, საკმარისზე მეტი. ახლა მთავარია არ გაგვიტანონ.
და ისევ – გუცაევი მეტოქის საჯარიმოშია, მას მცველი ებრძვის. გარემარბი თეატრალურად ვარდება. პენალტი! ჩივაძე არტყამს... 3:0!
– ვინ იყო ,,ლივერპულისთვის“ თბილისის ,,დინამო“? არავინ?
მაგრამ, ,,დინამოს“ იმ თაობამ ორი წლის შემდეგ თასების თასი მოიპოვა.
ახლა ძნელი დასამტკიცებელია, მაგრამ ,,დინამოს“ იმ თაობას მეტი შეეძლო!
ილია ბაბუნაშვილი, ,,სარბიელი" 2001 წელი
ვიყავი მეთქი იმ თამაშზე. 15 სექტორი აღმოსავლეთ ტრიბუნა.მაგრად გვეკიდა თავსხმა წვიმა ვინც პირველ იარსუში ვიჯექით.
Chelsea forever Blue.
London Is Blue.