* * *
ამ პოსტში ანხელ დი მარიას წერილია.
ჩემი აზრით, საუკეთესო საკითხავი ამ შაბათ საღამოს.
უდიდესი ფეხბურთელის
ამბავი, ცრემლების დამდენი, რომელიც ამან დაწერა და გაგვიზიარა, თორემ უამრავზე უამრავია ასეთი და ლამის ყველას ისტორია მსგავსია.
ამბავი ფეხბურთისა, თავისი ბნელი მხარეებით და ამბავი ამ ბნელის გადამფარავი უზარმაზარი ზეიმისა, სიყვარულისა და ვნებისა. ამბავი თავგანწირვისა, სასოწარკვეთისა, ეჭვებისა, ტკივილისა, სახალხო დამცირებისა, ბულინგისა, ნამდვილი მხარდაჭერისა, ფეხზე მყარად დადგომისა და გამარჯვებებისა.
———————————————
„წვიმაში, სიცივესა და ბნელში“
[ასე ასათაურებს წერილს დი მარია]
მახსოვს, მადრიდის რეალიდან წერილი რომ მომივიდა და ისე დავანაკუწე, არც კი გამიხსნია.
2014 წლის მსოფლიო თასის ფინალის დილა იყო, ზუსტად 11 საათი. მწვრთნელთან მაგიდაზე ვიჯექი და ველოდებოდი, ფეხში ნემსს როდის გამიკეთებდნენ. ბარძაყის კუნთი მეოთხედფინალში გავიგლიჯე. მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებით შემეძლო ისე მერბინა, რომ არაფერი მეგრძნო. ზუსტად ასე ვუთხარი მწვრთნელებს: „თუ ვტყდები, მიმიშვით, რომ გავტყდე. მკიდია. მინდა, რომ თამაში შევძლო“.
ფეხზე დადებული ყინული ხელით მეჭირა, როცა გუნდის ექიმი, დანიელ მარტინესი ოთახში შემოვიდა, ხელში კონვერტით და მეუბნება, — „მისმინე, ანხელ, ეს წერილი მადრიდის რეალიდან მოვიდა“.
ვეუბნები, — „რაზე ლაპარაკობ?“
მპასუხობს, — „ამბობენ, რომ შენს მდგომარეობაში თამაში არ გამოვა. მოითხოვენ, რომ დღეს მოედანზე არ გაგიშვათ“.
ეგრევე მივხვდი, რაც ხდებოდა. ხმა დადიოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერე მადრიდის რეალი ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებდა. ვიცოდი, ჩემს გაყიდვას აპირებდნენ, რომ მისთვის ადგილი გამოეთავისუფლებინათ. ასე რომ, რა თქმა უნდა, არ სურდათ, რომ მათი გასაყიდი ქონება გაფუჭებულიყო. ასე მარტივად იყო საქმე. ასეთია საფეხბურთო ბიზნესი, როგორსაც ადამიანები მას ყოველთვის ვერ ხედავენ.
დანიელს ვუთხარი, მომეცი წერილი-მეთქი. არც კი გამიხსნია. დავანაკუწე და ვთქვი, — „დაიკიდეთ. გადაწყვეტილებას აქ მე ვიღებ“.
წინა ღამით კარგად არ მეძინა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენს სასტუმროსთან მთელი ღამე ბრაზილიელი ფანები ფეიერვერკებს უშვებდნენ. მაგრამ სრული სიმშვიდეც რომ ყოფილიყო, არა მგონია, რომ გამოძინება მომეხერხებინა. შეუძლებელია იმ განცდის აღწერა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა ღამეს გაქვს, როცა ყველაფერი, რაზეც მთელი ცხოვრება გიოცნებია, ხელის გაწვდენაზე გიდევს.
მართლა მინდოდა იმ დღით თამაში, თუნდაც ეს კარიერის დასრულებად დამჯდომოდა. მაგრამ არც ის მინდოდა, რომ გუნდისთვის საქმე გამეფუჭებინა. დილით ადრე გამეღვიძა და ჩვენს მენეჯერთან, საბელასთან წავედი. მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მე რომ მისთვის მეთქვა, ძირითადში დამაყენე-მეთქი, ვიცოდი, რომ ეს მისთვის წნეხი იქნებოდა და უარის თქმა გაუჭირდებოდა. გულწრფელად ვუთხარი, გულზე ხელის დადებით, რომ ის მოთამაშე დაეყენებინა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიდა.
„თუ ეს მე აღმოვჩნდები, მე ვიყო და თუ სხვა — იყოს სხვა. მე უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მინდა. თუ დამაყენებ, ვითამაშებ, სანამ არ წავიქცევი.“
ცრემლები წამსკდა. ვერ შევიკავე. გრძნობებმა ამიტანა.
თამაშის წინა შეხვედრაზე საბელამ გამოაცხადა, რომ ენცო პერესი დადგებოდა ძირითად შემადგენლობაში, იმიტომ, რომ ის 100%-ით ჯანმრთელი იყო. ამ გადაწყვეტილებას მშვიდად შევხვდი. მორიგი ნემსი თამაშის წინ გავიკეთე და კიდევ ერთიც მაშინ, როცა მეორე ტაიმი მიმდინარეობდა. სათადარიგოდან თუ გამომიძახებდნენ, სათამაშოდ მზად უნდა ვყოფილიყავი.
არ გამომიძახეს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ და მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ეს იყო ყველაზე რთული დღე ჩემს ცხოვრებაში. თამაშის მერე მედიაში საშინელ რამეებს ამბობდნენ, რატომ არ ითამაშა დი მარიამ. მაგრამ ესაა სრული სიმართლე, რასაც ახლა გეუბნებით.
აჩრდილივით დამდევს და დღემდე არ მაძლევს მოსვენებას ის მომენტი, როცა საბელას ველაპარაკებოდი და ცრემლები წამსკდა. სულ მაწვალებს კითხვა, ხომ არ იფიქრა, რომ იმიტომ ვტიროდი, თითქოს ვნერვიულობდი.
სინამდვილეში, ამას ნერვიულობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. იმ ემოციამ წამიღო და წამლეკა, რასაც ეგ მომენტი ნიშნავდა ჩემთვის. ძალიან ახლოს ვიყავით, რომ აუხდენელი ოცნება ასრულებულიყო.
ჩვენი სახლის კედლები თეთრად იყო ჩაფიქრებული. მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე მართლა თეთრი ყოფილიყო. თავიდან ნაცრისფერი იყო. მერე ნახშირის მტვრისგან გაშავდა. მამაჩემი მენახშირე იყო, ოღონდ მაღაროელი არა. ნახშირზე ჩვენი სახლის უკან მუშაობდა. გინახავთ, როგორ მზადდება ნახშირი? პატარა შეკვრები, რომელსაც ბარბექიუსთვის მაღაზიებში ყიდულობთ, იქ ციდან არ ცვივა და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჭუჭყიანი საქმეა. მამა ეზოში თუნუქის სახურავქვეშ მუშაობდა, ნახშირს მაღაზიებში გასაყიდად ამზადებდა და აფასოებდა. მარტო არ ყოფილა. ორი პატარა დამხმარეც ჰყავდა. სანამ სკოლაში წავიდოდით, მე და ჩემი პატარა და მისთვის მისახმარებლად ადრე ვიღვიძებდით. 9-10 წლისები ვიქნებოდით, რაც შესანიშნავი ასაკია ნახშირზე სამუშაოდ, რადგან ეს თამაშად შეგიძლია აქციო. ნახშირის ფურგონი რომ მოგვაკითხავდა, შეკვრებს მისაღები ოთახის გავლით გამოვარბენინებდით და წინა კარიდან გაგვქონდა. ასე გაშავდა ჩვენი სახლი დროთა განმავლობაში.
პურს ასე ვჭამდით. ასე გადაარჩინა მამაჩემმა სახლი, რომ ის ჩვენთვის არ წაერთმიათ.
მე რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები კარგად ცხოვრობდნენ. მერე მამაჩემმა სცადა, რომ ერთი ადამიანისთვის სიკეთე გაეკეთებინა და ამან მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალა. მეგობარმა თავისი სახლის საქმეზე სთხოვა, რომ თავდებად დასდგომოდა. მამაჩემი ენდო. ეს კაცი ჯერ გადახდას აგვიანებდა, მერე ერთ დღეს საერთოდ გაქრა. ბანკი მამაჩემს მოადგა და ხაფანგში აღმოჩნდა. ახლა მას ორი სახლის გამოსახსნელად უწევდა ფულის გადახდა და ოჯახის რჩენა.
მისი პირველი ბიზნესი ნახშირი არ ყოფილა. ჩვენი სახლის წინა ოთახი ჯერ პატარა მაღაზიად გადააქცია. მათეთრებლების, ქლორის, საპნის და ჰიგიენური საშუალებების დიდ შეკვრებს ყიდულობდა. პატარა ბოთლებსა და შეკვრებში ანაწილებდა პროდუქტს და სასადილო ოთახიდან ჰყიდდა. ჩვენს ქალაქში რომ გეცხოვრათ, CIF-ის საყიდლად დიდ მაღაზიაში არ წახვიდოდით. იქ ძალიან ძვირი იყო. დი მარიებთან მოხვიდოდით და დედაჩემი პატარა ბოთლით და თქვენთვის ბევრად მისაღებ ფასად მოგცემდათ.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ დღეს დი მარიების პატარა ბიჭმა ყველაფერი არ გააფუჭა და თვითონაც კინაღამ არ მოკვდა.
დიახ, ნამდვილად, ეგეთი პატარა ნაბიჭვარი ვიყავი.
არა, ცუდი ბავშვიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ენერგია მქონდა. ჰიპერაქტიური ვიყავი. ერთ დღესაც დედაჩემი ჩვენს „მაღაზიაში“ რაღაცას ჰყიდდა, მეც ჭოჭინით დავბორიალობდი იქვე. შემოსასვლელი კარი ღია იყო, რომ კლიენტები თავისუფლად შემოსულიყვნენ. დედაჩემმა ყურადღება მოადუნა. მე კარისკენ წავედი, ცნობისმოყვარეობამ გამიტყუა!
პირდაპირ შუა ქუჩაზე დავადე თავი და დედაჩემს ელვის უსწრაფესად მოუწია გამოვარდნა. სულზე მომისწრო, რომ მანქანას არ გავეტანე. ამ ყველაფერს ისე ჰყვება, რომ ეტყობა, მართლა დიდი დრამა იყო. ასე დასრულდა დი მარიების მაღაზიის ამბავი. დედაჩემმა მამაჩემს უთხრა, რომ ეს უკვე ძალიან საშიში იყო და რაღაც სხვა უნდა მოგვეფიქრებინა.
ასე იპოვა მამაჩემმა ტიპი, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის ქვანახშირი მოეტანა სანტიაგო-დელ-ესტეროდან. სასაცილო ისაა, რომ ქვანახშირის საყიდლად საკმარისი ფული არ გვქონდა! ამიტომ მამაჩემს მოუწია დაერწმუნებინა ეს ტიპი, რომ პირველი პარტიები ნისიად მოეცა. ასე რომ, როცა მე ან ჩემი და ტკბილეულს ან რამე მსგავსს ვინატრებდით, მამა გვეტყოდა ხოლმე, — „ფული ორი სახლის გამოსასყიდად და ერთი ურიკა ქვანახშირისთვის მჭირდება!“
მახსოვს, ერთხელ მამაჩემთან ერთად ნახშირს ვაფასოებდი. ძალიან ციოდა, წვიმდა. დასველებისგან თუნუქის სახურავი გვიცავდა, ეგ იყო და ეგ. არ იყო ადვილი. რამდენიმე საათში სკოლაში წავედი, სადაც თბილოდა. მამაჩემი დარჩა და მთელი დღე მუშაობდა. თუ არ იმუშავებდა, საჭმელი იმ დღით ან გვექნებოდა და ან არა. მაგრამ მახსოვს, ვფიქრობდი და გულწრფელად მჯეროდა: ყველაფერი კარგად იქნება.
და მე მაგ ყველაფერს ფეხბურთს ვუმადლი.
ხანდახან კიდეც ღირს, რომ პატარა აუტანელი ნაბიჭვარი იყო! ფეხბურთის თამაში ადრე დავიწყე, რადგან დედაჩემი ჭკუიდან გადამყავდა. 4 წლის რომ ვიყავი, ექიმთან მიმიყვანა, — „ექიმო, არასდროს ჩერდება. რა მეშველება?“
კარგი ექიმი იყო ის კაცი და რა თქმა უნდა, უპასუხა, — “რა გეშველებათ? ფეხბურთით გეშველებათ“.
ასე დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა.
შეპყრობილი ვიყავი. სხვა არაფერი მაინტერესებდა. მახსოვს, იმდენს ვთამაშობდი, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ ბუცები პირდაპირი გაგებით ფეხებზე მასკდებოდა. დაჯდებოდა დედაჩემი და შეაწებებდა ხოლმე. ახალი ბუცების საყიდელი ფული არ გვქონდა. შვიდი წლის რომ ვიყავი, ალბათ მართლა არა მიშავდა, რადგან 64 გოლი გავიტანე ჩვენი უბნის გუნდის შემადგენლობაში. დედაჩემი შემოვიდა ერთ დღეს ჩემს ოთახში და მეუბნება, — „რადიოში შენთან დალაპარაკება უნდათ“.
მივედით, რომ ჩემგან ინტერვიუ აეღოთ. ისე დავიმორცხვე, სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს.
იმავე წელს მამაჩემს როსარიო სენტრალის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა დაურეკა და უთხრა, რომ უნდოდა, მათთან მეთამაშა. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. მამაჩემი ნიუელ ოლდ ბოისის თავგადაკლული ფანი იყო, დედაჩემი კიდევ — როსარიო სენტრალის ასეთივე თავგადაკლული გულშემატკივარი. თუ როსარიოში არ გიცხოვრიათ, ვერ გაიგებთ, რამხელა ვნებაა ამ ორი გუნდის მეტოქეობაში. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. როცა ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვდებოდა, დედაჩემიცა და მამაჩემიც ფილტვების დახეთქვამდე ღრიალით აღნიშნავდნენ გოლს და წაგებული მთელი თვე ვეღარ ამოდიოდა მოგებულის ყბიდან.
შესაბამისად, შეგიძლიათ ახლა წარმოიდგინოთ, რა გახარებული იყო დედაჩემი, როცა სენტრალიდან ჩემ გამო დარეკეს.
მამაჩემი ამბობს, — „რა ვიცი ერთი. ძალიან შორია. 9 კილომეტრია იქამდე! მანქანა კიდევ ჩვენ არ გვყავს. როგორ უნდა ვატაროთ?“
დედაჩემმა უპასუხა, — არა, არა და არა! შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ. მე წავიყვან! არაა პრობლემა!“
ასე გაჩნდა გრასიელა ჩვენს ცხოვრებაში.
გრასიელა ერთი ძველი და ჟანგიანი ყვითელი ველოსიპედი იყო, რომლითაც დედაჩემს ყოველდღე ვარჯიშზე მივყავდი. წინ პატარა კალათი ჰქონდა და უკან კიდევ ერთი ადამიანის ჩამოსაჯდომი. მაგრამ ერთი პრობლემა გვქონდა, ჩემი დაც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო. ამიტომ მამაჩემმა ხის პატარა პლატფორმა შეგვიკრა, ველოსიპედს მიამაგრა და ჩემი და იქ იჯდა ხოლმე.
ახლა წარმოიდგინეთ: ქალი, რომელიც ქალაქში ველოსიპედით დადის, უკან პატარა ბიჭი უზის, გვერდით - პატარა გოგო, ველოსიპედის კალათში კი ჩანთა უდევს, რომელშიც ჩემი ბუცები და ცოტა სასუსნაო აწყვია. აღმა, დაღმა, სახიფათო უბნების გავლით, წვიმაში, სიცივეში, ბნელში. არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. დედაჩემი პედლებს ატრიალებდა.
გრასიელა მიგვიყვანდა, სადაც გვინდოდა.
საქმე იმაშია, რომ სენტრალში იოლი დღე არ დამდგომია. სიმართლე რომ ვთქვა, ფეხბურთს თავს დავანებებდი, დედაჩემი რომ არა. ორჯერ მოხდა ეს. 15 წლის რომ ვიყავი, ისევ ძალიან ტანდაბალი ვიყავი, არ ვიზრდებოდი და მყავდა მწვრთნელი, რომელიც ცოტა აფრენდა. ისეთი ფეხბურთელები ერჩივნა, რომლებიც ფიზიკურად ძლიერები და აგრესიულები იყვნენ. ეგ ჩემი სტილი არ იყო. ერთ დღეს ბურთს თავით ვერ მივწვდი. ვარჯიშის ბოლოს ყველა მოთამაშე შემოგვიკრიბა და მე მომიბრუნდა…
მეუბნება, — „სამარცხვინო ჩვარი ხარ. ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ. არასდროს არაფერი გამოგივა“.
გავნადგურდი. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ყველას თვალწინ ტირილი დავიწყე და მოედნიდან გავიქეცი.
სახლში რომ მოვედი, ეგრევე ჩემს ოთახში შევედი, რომ მარტოს მეტირა. დედაჩემი მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ყოველ საღამოს, სახლში როცა ვბრუნდებოდი ვარჯიშიდან, ქუჩაში თამაშს ვაგრძელებდი ხოლმე. ოთახში შემოვიდა და მკითხა, რა ხდებაო. მართლა შემეშინდა, რომ მეთქვა, რაც ხდებოდა სინამდვილეში. იმიტომ, რომ ვიცოდი, დააწვებოდა ველოსიპედით და ჩემს მწვრთნელს თავ-პირს გაუერთიანებდა. ძალიან მშვიდი ადამიანი იყო, მაგრამ გაბედავდი და მის შვილებს რამეს დაუშავებდი?.. ღმერთო! გერჩივნა, რომ იქვე აორთქლებულიყავი!
ვუთხარი, ჩხუბი მომივიდა-მეთქი, მაგრამ მიხვდა, რომ ვატყუებდი. ამიტომ მოიქცა ისე, როგორც დედები იქცევიან ასეთ დროს — ჩემი გუნდელის დედას დაურეკა, რომ გაერკვია, რა მოხდა.
ოთახში რომ დაბრუნდა, ისე ვტიროდი, სულს ძლივსღა ვითქვამდი და ვუთხარი, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. მეორე დღეს სახლიდანაც კი არ გავსულვარ. სკოლაში წასვლაც არ მინდოდა. დამცირებული ვიყავი. დედა საწოლზე ჩამომიჯდა და მითხრა, — „შენ დაბრუნდები, ანხელ. დ ღ ე ს ვ ე დაბრუნდები. და დაამტკიცებ, როგორ ცდება შენში“.
ვარჯიშზე წავედი და იქ მოხდა ყველაზე დაუჯერებელი რამ. ჩემს გუნდელებს არ დაუცინიათ. დამეხმარნენ. ბურთი ავარდებოდა ჰაერში და მცველები მაძლევდნენ საშუალებას, რომ თავით მიმეღო. ფიქრობდნენ იმაზე, რომ თავი კარგად მეგრძნო და მთელი დღე ზრუნავდნენ ჩემზე. ფეხბურთი კონკურენტული თამაშია, განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკაში. ყველა ცდილობს, რომ მისით უკეთესი ცხოვრება შეიქმნას, გესმით? მაგრამ ის დღე ყოველთვის მემახსოვრება. მემახსოვრება იმიტომ, რომ ჩემმა გუნდელებმა დაინახეს ჩემი ტანჯვა და დამეხმარნენ.
მაგრამ მე ჯერ კიდევ პატარა და ძალიან გამხდარი ვიყავი. 16 წლის რომ გავხდი, სენტრალის უფროს გუნდში ისევ ვერ ვთამაშობდი. მამას ნერვიულობა დაეტყო. ერთ საღამოს სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით და მითხრა, — „სამი ვარიანტი გაქვს: ან ჩემთან ერთად დაიწყებ მუშაობას. ან სკოლას დაამთავრებ. ან ფეხბურთში კიდევ ერთი წლით ცდი ბედს. მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, მოგიწევს, რომ ჩემთან ერთად იმუშაო“.
არაფერი მითქვამს. რთული სიტუაცია იყო. ფული გვჭირდებოდა.
დედაჩემმა აიმაღლა ხმა ამ დროს და თქვა, — „კიდევ ერთი წელი ფეხბურთი!“
იანვარი იყო.
დეკემბერში, წლის ბოლო თვეს… სენტრალთან ერთად პრიმერა დივიზიონში ჩემი დებიუტი შედგა.
იმ დღიდან დაიწყო ჩემი სპორტული ცხოვრება. მაგრამ, სინამდვილეში, ბევრად ადრე დაიწყო ბრძოლა. მაშინ, როცა დედაჩემი გადამსკდარ ბუცებს მიწებებდა და გრასიელათი წვიმაში, სიცივეში, ბნელში, ვარჯიშზე მივყავდი. ბრძოლაში ვიყავი მაშინაც, როცა მე ეს გამომივიდა და არგენტინის პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი. ეს გამოცდილება თავადაც უნდა გქონდეს, რომ დამიჯერო.
არასდროს დამავიწყდება თამაში ლიბერტადორესის ტურნირზე კოლუმბიაში, სადაც ნაციონალს შევხვდით. ფრენები ჩვენ ისეთი არ გვქონდა, როგორიც პრემიერლიგაზეა ან ლა ლიგაში. ეს არც ბუენოს-აირესში თამაშს ჰგავს. როსარიოში მაშინ საერთაშორისო აეროპორტი არ იყო. პატარა აეროპორტში მიხვიდოდი და რა საჰაერო ტრანსპორტიც დაგხვდებოდა, იმას დასჯერდებოდი, ზედმეტი კითხვების გარეშე.
მოკლედ, მივედით აეროპორტში კოლუმბიაში გასაფრენად… უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავი დაგვხვდა. ხომ იცით, უზარმაზარი პანდუსი რომ აქვს უკან, მაგალითად, მანქანების ჩასატვირთად. აი, ეგ იყო ჩვენი თვითმფრინავი. მახსოვს, „ჰერკულესი“ ერქვა.
პანდუსი გადმოიშალა და მუშებმა მატრასების ჩატვირთვა დაიწყეს.
ფეხბურთელები ერთმანეთს ვუყურებთ და თვალებში დიდი კითხვის ნიშნები გვაქვს.
წავედით თვითმფრინავისკენ და მუშები გვეძახიან, — „აქ არა, უკნიდან მიდით. და ეს ყურსასმენები აიღეთ“.
დიდი ყურსასმენები მოგვცეს, სამხედროებს რომ აქვთ ხმაურის ჩასახშობად. ბორტზე ავძვერით. რამდენიმე ადგილი იყო სულ და მატრასები ეყარა. წინ რვასაათიანი ფრენა გვქონდა. ლიბერტადორესის თასისთვის თამაში გველოდა. პანდუსი ასწიეს და უკუნი ჩამოწვა. ვიწექით მატრასებზე, თავზე ყურსასმენები გვეკეთა და ერთმანეთის ხმაც ძლივს გვესმოდა. თვითმფრინავი რომ ჰაერში აიწია, მატრასებიანად ჩავცურდით ქვემოთ თვითმფრინავის ბოლოსკენ და ჩემი ერთი გუნდელი ყვირის, — „დიდ წითელ ღილაკზე ხელი არ მოგიხვდეთ! ლუქი თუ გაიღო, ყველას დაგვენძრა!“
წარმოუდგენელი იყო. არც ამას დამიჯერებთ, თუ არ გამოგიცდიათ. მაგრამ ჰკითხეთ ჩემს გუნდელებს. ყველაფერი ასე მოხდა. ასეთი იყო ჩვენი კერძო თვითმფრინავი, „ჰერკულესი“!
თუმცა, უკან რომ ვიხედები, ამ ყველაფრის გახსენება ბედნიერების განცდას მგვრის. როცა არგენტინაში ფეხბურთში რაღაცის მიღწევას ცდილობ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც საჭირო იქნება. რა თვითმფრინავიც დაგხვდება, იმაში უნდა ახვიდე და კითხვები არ დასვა.
მერე თანდათან, შესაძლებლობა თუ მოგეცემა, ბილეთს ერთ გზაზე აიღებ. ჩემთვის ეგ შესაძლებლობა პორტუგალიის ბენფიკა იყო. შეიძლება ვიღაცამ გადაავლოს თვალი ჩემს კარიერას და იფიქროს, — „ვაუ, ჯერ ბენფიკაში წავიდა, მერე მადრიდის რეალში გადავიდა, მერე მანჩესტერ იუნაიტედში, მერე პარი სენ-ჟერმენში“. ეს ყველაფერი შეიძლება მარტივად გამოიყურებოდეს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამ ხდებოდა შუაში. 19 წლის ვიყავი, ბენფიკაში რომ გადავედი. ორი სეზონის განმავლობაში თითქმის არ მითამაშია. მამაჩემმა დატოვა თავისი სამუშაო და პორტუგალიაში ჩემთან ერთად წამოვიდა. დედაჩემთან მას ახლა მთელი ოკეანე აშორებდა. მახსოვს ღამეები, როცა ყური მომიკრავს, როგორ ელაპარაკებოდა დედას ტელეფონით და ტიროდა, იმიტომ, რომ საშინლად ენატრებოდა.
ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ძირითადში არ მაყენებდნენ. მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და სახლში წავსულიყავი.
მერე მთელი ჩემი ცხოვრება 2008 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა შეცვალა. არგენტინის ნაკრებში გამომიძახეს, იმის მიუხედავად, რომ ბენფიკას ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. ეს არასდროს დამავიწყდება. იმ ტურნირმა მომცა შესაძლებლობა, რომ ლეო მესისთან ერთად მეთამაშა. ამ გალაქტიკური მასშტაბის გენიოსთან. ფეხბურთის თამაში ასეთი სასიამოვნო მანამდე არასდროს ყოფილა. მე მხოლოდ უნდა მერბინა. გავიქცეოდი და ბურთი ჯადოსნურად მაჯდებოდა ფეხზე.
ლეოს თვალები არ ხედავს ისე, როგორც ჩემი და თქვენი. ის იყურება აქედან იქით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ მას ისიც შეუძლია, რომ სამყაროს ზემოდან დახედოს. ჩიტივით. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს.
ფინალში გავედით, სადაც ნიგერიას შევხვდით. ეს იყო ყველაზე დაუჯერებელი დღე ჩემს ცხოვრებაში. გოლი გავიტანე, რომელმაც არგენტინას ოქროს მედალი მოუტანა… არა, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა განცდაა.
რამენაირად უნდა ავხსნა. 20 წლის ვარ და ჯერ ბენფიკას ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ვხვდები. ჩემი ოჯახი გახლეჩილია. სანამ არგენტინის ნაკრებში გამომიძახებდნენ, უიმედო მდგომარეობაში ვიყავი. და მერე, სულ რაღაც ორ წელში, ოქროს მედალი ავიღე, ბენფიკას ძირითადში დავიწყე თამაში, მერე მადრიდის რეალში გადავედი.
ეს მარტო ჩემთვის არ ყოფილა საამაყო. საამაყო იყო მთელი ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, გუნდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მგულშემატკივრობდნენ. ამბობენ, რომ მამაჩემი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახალგაზრდობაში მუხლები დაიზიანა და მისი ოცნება დასამარდა. ამბობენ, რომ პაპაჩემი მასზე უკეთესიც კი იყო, მაგრამ მატარებელს რომ ავარია მოუვიდა, ორივე ფეხი დაკარგა და მისი ოცნებაც მოკვდა.
ჩემი ოცნებაც რამდენჯერ იყო, რომ კინაღამ მოკვდა.
მამაჩემი აგრძელებდა მუშაობას თუნუქის სახურავქვეშ… დედაჩემი აგრძელებდა გრასიელას პედლების ტრიალს… და მე ვაგრძელებდი სირბილს…
არ ვიცი, გჯერათ თუ არა ბედისწერის, მაგრამ როცა მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე, იცით რა ერქვა გუნდს, რომელსაც ვეთამაშებოდით?
ჰერკულესი.
გრძელი გზა გავიარეთ.
შეიძლება ახლა უკვე გამიგოთ, რა მატირებდა საბელას წინ მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო თამაშამდე. არ ვნერვიულობდი. ჩემს კარიერაზე არ ვღელავდი. ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დგომაზეც კი არ ვღელავდი.
გულზე ხელის დადებით გეუბნებით, სიმართლე ისაა, რომ მე მხოლოდ ჩვენი ოცნების ასრულება მინდოდა. მინდოდა ყველას დავმახსოვრებოდით, როგორც ჩვენი ქვეყნის ლეგენდები. ისე ახლოს ვიყავით ამასთან…
ამიტომ მტკივა გული, როდესაც ვხედავ გამოხმაურებებს არგენტინულ მედიაში ჩვენს გუნდზე. ხანდახან კრიტიკა და ნეგატივი კონტროლს მიღმა გადის. არაა ეს ჯანსაღი. ყველანი ადამიანები ვართ და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება ისეთი რამეები, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
შესარჩევი თამაშების წინ ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე. რთულ გზას გავდიოდი. როგორც წესი, მე შემიძლია ჩემი ოჯახის იმედი მქონდეს ასეთ დროს. მაგრამ ამჯერად წნეხი იმდენად ძლიერი იყო ეროვნულ ნაკრებზე, რომ ვარჩიე, ფსიქოლოგისთვის მიმემართა. ძალიან დამეხმარა. ბოლო ორ თამაშზე ბევრად უფრო მოშვებული და თავისუფალი ვიყავი.
თავს სულ ვახსენებ, რომ მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაწილი ვიყავი, ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობდი, ბავშვობის ოცნებას ვისრულებდი. ხანდახან, უკვე პროფესიონალებს, ეს მარტივი ფაქტები გვავიწყდება.
თამაში ისევ თამაშად იქცა.
მგონია, რომ დღეს, როცა ხალხი ინსტაგრამსა და იუთუბს ჩასჩერებია, იქ შედეგებს ხედავენ, მაგრამ რად დაგვიჯდა ეგ შედეგები — მაგას ვეღარ. არ იციან გზა, რომლითაც მანდამდე მოვედით. ხედავენ, როგორ მიჭირავს ხელში ჩემი ქალიშვილი, ვიღიმი ჩემპიონთა ლიგის თასით და ფიქრობენ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ არ იციან, რომ ერთი წლით ადრე ამ ფოტოს გადაღებამდე, ჩემი გოგო ნაადრევად დაიბადა და ორი თვე საავადმყოფოში გაატარა, მილებზე მიერთებულმა და მავთულებში გახვეულმა.
ხედავენ ჩემს ფოტოს, როგორ მომდის ცრემლები თასით ხელში და ფიქრობენ, რომ ფეხბურთის გამო ვტირი. მაგრამ სინამდვილეში, იმიტომ ვტირი, რომ ჩემს მკლავებში ჩემი შვილია და ჩემს გამარჯვებას ჩემთან ერთად იზიარებს.
ისინი უყურებენ მსოფლიო თასის ფინალს და ხედავენ შედეგს ტაბლოზე.
0-1
მაგრამ ვერ ხედავენ, რამდენად რთული ბრძოლა გადაიტანა ბევრმა ჩვენგანმა, რომ აქამდე მოსულიყო.
მათ არ იციან, როგორ გაშავდა ჩემი მისაღები ოთახის თეთრი კედლები.
მათ არ იციან მამაჩემზე, რომელიც თუნუქის სახურავქვეშ ნახშირს ამუშავებდა.
მათ არ იციან დედაჩემზე, რომელიც გრასიელას პედლებს ატრიალებდა წვიმაში, სიცივეში, თავისი შვილებისთვის.
მათ არ იციან „ჰერკულესზე“.
———————————————————
ანხელ დი მარია
25 ივნისი, 2018
თარგმანი — ნინა ბაიდაური
———————————————————
ანხელ დი მარიამ ამ წერილის დაწერიდან 4 წლის და იმ საბედისწერო ფინალიდან 8 წლის შემდეგ, 2022 წელს, მაინც მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებთან ერთად. მოიგო კოპა ამერიკა 2021 და 2024 წლებში.
და წავიდა.
იმენა პიზდეცია