მოკლედ აპრილში იწყებენ კანონპროექტის განხილვასო!
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9712ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელს 11 000 ადამიანი იხდის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, გაუწევს თუ არა ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული ბიურო საქართველოს, იმისთვის, რომ უახლესი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოხდეს ქართველ საჯარო მოხელეთა ნარკოლოგიური შემოწმება. ამ ინიციატივის ავტორს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს პრესა.გე-მ რამდენიმე კითხვით მიმართა. იგი აშშ-ის ელჩს თავისი ინიციატივის ირგვლივ ესაუბრა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით, საშუალება მომეცა გიგა ბოკერიასთან ერთად, ბატონი ელჩისთვის ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა.
რატომ ბოკერიასთან ერთად?
- ეს ის თემაა, რომელთან მიმართებაშიც საპარლამენტო უმრავლესობამაც და უმცირესობამაც ერთიანი კონსენსუსით მოქმედების მზადყოფნა უკვე გამოვხატეთ და შესაბამისად, გიგა ბოკერიასთან ერთად, შესაძლებლობა მქონდა ელჩისთვის აღნიშნული ინიციატივა გამეცნო.
რა უთხარით ამერიკის ელჩს?
- რომ არსებობს ინიციატივა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოხდეს საჯარო მოხელეთა ნარკოლოგიური ხასიათის შემოწმება, რაც უპირველესად გულისხმობს სამივე სახელისუფლებო შტოში (საკანონმდებლო, აღმასრულებელსა და სასამართლო ხელისუფლებაში) დასაქმებული პირების შემოწმებას.
რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სამსახურში?
- ზოგადად საჯარო მოსამსახურე გულისხმობს, როგორც საჯარო მოხელეს, ისე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და შტატგარეშე თანამშრომლებსაც, რომელთა რიცხვი ქვეყანაში 95 000-ია. ჩვენ ბატონ ელჩს ვთხოვეთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულმა ბიურომ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ტექნიკური და საკონსულტაციო ხასიათის დახმარება გაგვიწიოს. ეს ინფორმაცია ელჩმა მიიღო, რომელიც გადამუშავდება და მისი მხრიდან შეფასება ალბათ უახლოეს დღეებში გვექნება.
რატომ გაგიჩნდათ ასეთი ინიციატივის დაყენების სურვილი - ეს რაიმე კონკრეტულმა ფაქტმა განაპირობა, თუ რა მოხდა?
- ამ ინიციატივის დაყენების პირველი ბიძგი იმაში მდგომარეობს, რომ აპრილში საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის განხილვა დაიწყება, რომელშიც 5 მნიშვნელოვანი კანონი შედის. ეს ნარკოპოლიტიკის სფეროში ახალ ეპოქალურ დასაწყისს გულისხმობს, ერთდროულად ლიბერალიზაციის და გამკაცრების კუთხითაც. ანუ სოციალური სამართლიანობის აღდგენა ამ შემთხვევაში მოითხოვდა წმენდა დაწყებულიყო არა იმ ინერციით, რომლითაც ქვედა შრეებში მიმდინარეობს, არამედ ზედა შრეებში, საჯარო სექტორში, ჩვენგან დაწყებულიყო.
საქართველოს პარლამენტიდან უნდა დაიწყოს გამოვლენა, არიან თუ არა ჩვენს შორის ნარკოტიკის მომხმარებლები; აქ მხოლოდ დეპუტატები არ იგულისხმებიან; უნდა შემოწმდეს მთელი საპარლამენტო შემადგენლობა, თავისი ფრაქციებითა და კომიტეტებით, მომსახურე პერსონალით, რომ სოციალური სამართლიანობის აღდგენის კუთხით საზოგადოებაში პირველი ნაბიჯი გადაიდგას.
ამის შემდეგ ჩვენ გვექნება მორალური უფლება, ხუთივე კანონზე ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის, როგორც ლიბერალიზაციას, ისე გამკაცრებას ითვალისწინებს, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში; მაგრამ მომხმარებლებთან დამოკიდებულებში ალბათ გაჩნდება ტერმინი მომხმარებელი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ტერმინია და რასაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვხმარობთ და არ ვიყენებთ, იმის გამო რომ ეს არ ზის კანონში.
გარდა ამისა, განისაზღვრება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შესატანი ცვლილებები; იქნება განსაზღვრული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რა არის ნარკოტიკი, პრეკურსორი, მისი ანალოგია; რა არის ფსიქოტროპული საშუალებები... ყველაფერი ეს იქნება პასუხი საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ მოლოდინზე, რომ ნარკოპოლიტიკის კუთხით რეალური, საგრძნობი ცვლილებები და რეფორმები გატარდეს.
გაქვთ მონაცემები, რამდენი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, საქართველოში?
– ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, 200 000-ზე მეტი მომხმარებელია, მათ შორის 6 000 ადამიანი სასჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის; ახლა ვის მიმართ როგორი ხარისხითა და სისწორითაა დამდგარი განაჩენი, ეს სხვა მსჯელობის თემაა.
რამდენი პატიმარია ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული?
- სტატისტიკური მონაცემებით, 23 500 პატიმრიდან ნარკოტოკული ხასიათის დანაშაულისთვის, მათ შორის შერეული დანაშაულებისთვის, რაც ნარკოტიკულ დანაშაულთან ერთად სხვა დანაშაულსაც გულისხმობს, სასჯელს 11 000 პატიმარი იხდის. ეს არის კოლოსალური რიცხვი, ჩვენი ნაციონალური ტრაგედია.
მნიშვნელოვანია რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზემოხსენებული ინიციატივა მიიღო და მხარი დამიჭირა; სხვა საკითხია რეალურად როგორი იმპლემენტაცია მოხდება, მაგრამ, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს, როგორც პრეზიდენტის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, უმნიშვნელოვანესია; ეს არის პირველი მაგალითი, როცა უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთად, თავიანთი მოქმედებით, ერთდოულად შეიძლება უპასუხონ საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესს.