დედაქალაქის მერიამ ე.წ. ატსტუპნიკებთან დაკავშრებით საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა
13:09 10-11-2011
ბინათმესაკუთრეებისა და ბინითმოსარგებლეების, ე.წ. ატსტუპნიკების უფლებები თანაბრად იქნება დაცული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლითაც გაუქმდება ის შეზღუდვა, რომელიც მხარეებს საკითხის გადაჭრის ბოლო ვადად 2012 წლის 1 იანვარს უწსებს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კანონპროექტით გათვალისწინებული დეტალები საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიასთან, პარლამენტარებთან: არჩილ გეგენავა და ანდრო ალავიძე და თბილისის საკრებულოს წევრ სევდია უგრეხელიძესთან ერთად გააცნო.
გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით, საერთოდ გაუქმდება დავის გადაჭრის ვადა და მოსარგებლეს (ე.წ. ატსტუპნიკს) შესაძლებლობა მიეცემა, იცხოვროს სახლში, ვიდრე ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება.
უგულავას განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის ფაქტობრივი მისამართი ვერ დადგინდება, დაინტერესებულ მხარეს უფლება მიეცემა, მიმართოს სასამართლოს, რომელიც საჯაროდ გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას; სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა და განხორციელდეს ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია.
"მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს, მოახდენს მის მიერ გადსახდელი თანხის დეპონირებას და შეძლებს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაარეგისტრიროს აღნიშნული ფართი. მეორე მხარე კი სრულად მიიღებს დეპონირებულ თანხას", _ აცხადებს თბილისის მერი.
ამასთან, თბილისის მერია შესაძლებლობას აძლევს, როგორც ბინათმესაკუთრეებს, ისე ბინათმოსარგებლეებს, ისარგებლონ "თბილისელების ადვოკატის" უფასო იურიდიული კონსულტაციით, სწორედ შეადგინონ სარჩელი და დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიმართონ. მხარეები სასამართლოში გათავისულებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან.
ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონით "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ", მესაკუთრეს შეუძლია დაიბრუნოს თავისი საკუთრება, თუ ის მოსარგებლეს (ატსტუპნიკს) ნასყიდობის გარიგების შემთხვევაში გადაუხდის 90%-ს და ბინითსარგებლობის შემთხვევაში _ 75%-ს. თუ მესაკუთრე აღნიშნულ თანხას არ იხდის, მოსარგებლეს (ატსტუპნიკს) უფლება აქვს მესაკუთრეს გადაუხადოს 10%-ი პირველ შემთხვევაში და 25% მეორე შემთხვევაში და ამით ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვოს. ამ კანონის დახმარებით ბინათმესაკუთრეთა და ბინათმოსარგებლეთა დიდმა ნაწილმა სადავო საკითხი გადაჭრა და მორიგდა, ნაწილმა კი სასამართლოს მიმართა.
ამასთან, ზემოხსენებული კანონის მოქმედების ვადა თავდაპირველიად 2010 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა; შემდეგ პარლამენტის მიერ, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ვადა გაგრძელდა და 2012 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-moamzada.html