#35643941 · 17 Mar 2013, 21:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აწი რაღა დროისაა ამ თემაში პოსტვა, მაგრამ მაინც სათქმელია, რომ ეს ინსტიტუტი წმინდა ფორმალურად და დაუმუშავებლად შემოიღეს ქართულ კანონმდებლობაში. საქმე ის არის, რომ საქართველო მიუერთდა მრავალ ევროპულ კონვენციასა და გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას, რაც ავალდებულებს მის წევრ სახელმწიფოებს გაატაროს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორსაც ფიზიკური პირების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გულისხმობს აუცილებლად სისხლის სამართლის ღონისძიებას, ვინაიდან სისხლის სამართალი უფრო ეფექტური და უკვე მზა საშუალებაა ამ მოვალეობის შესასრულებლად, ევროპის სახელმწიფოები ხშირად სწორედ სისხლის სამართლის სფეროს აკუთვნებენ ამ როლს. ისეთი ქვეყნებიც კი როგორიცაა გერმანია და იტალია, სადაც ადმინისტრაციულ სამართალს მიანდეს იურიდიული პირების პასუხისმგებლობა დანაშაულებისთვის, პრაქტიკულად კვაზი-სისხლისსამართლებრივი ინსტიტუტი მიიღეს. ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციული კოდექსის ერთი მუხლით დგინდება ასეთი პასუხისმგებლობის საფუძველი, პროცესი პრაქტიკაში სისხლისსამართლებრივად მიმდინარეობს, ჩვეულებრივი გამოძიებით, პროკურატურის მხრიდან იურიდიული პირის საქმეში ჩართვით, სისხლის სამართლის მოსამართლის მიერ სისხლისსამართლებრივ პროცესზე საქმის წარმართვით და ა.შ. აქ კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ კონტინენტური სამართლის სისტემას განვეკუთვნებით და ამდენად ჩვენთვის მთავარია სამართლებრივი ინსტიტუტის სამართლის სისტემის ლოგიკაში მოქცევა. აღნიშნული ინსტიტუტის პრაქტიკულობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნათელი ხდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისეთი თეორია არ არის შექმნილი, რაც იურიდიულ პირს სისხლის სამართლის სისტემაში მოაქცევდა. არსებობს საერთო სამართლის ქვეყნებში პრეცედენტებიდან აღმოცენებული მრავალი თეორია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ლოგიკური, არამედ მხოლოდ პრაგმატული. ეს მაგათთვის მისაღებიცაა, რადგან სამართლის დოგმებისადმი საერთო სამართლის ქვეყნებს დიდი ერთგულება არასოდეს ქონიათ. ახლა რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენმა სახელმწიფომ რომ ეს ინსტიტუტი ფორმალურად მიიღო იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე მხოლოდ რამდენიმე საქმეზეა განაჩენი გამოტანილი (რამდენადაც ვიცი მხოლოდ 2-ზე). ეს საქმეები ეხება ქრთამის მიცემას კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მხრიდან საჯარო მოხელისადმი. რატომ მხოლოდ კორუფციული საქმეები? იმიტომ რომ გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის მიმღები კომიტეტი დაიარება სხვადასხვა სახელმწიფოებში და ამოწმებს იმას თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ სახელმწიფოები ნორმას იურიდიულ პირებთან მიმართებაში. მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ გარკვეული შენიშვნები დაიმსახურა, თუმცა ისინი პრაქტიკაში იყენებდნენ ამ ნორმას. საქართველო უარეს დღეში ჩავარდებოდა ვინაიდან საერთოდ არ ქონდა პრაქტიკა, და სავარაუდოდ (ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა) ეს ორი საქმეც ამ მოტივით გაიტანა პროკურატურამ სასამართლოზე. ორი საქმე დიდი ვერაფერი იქნება კომიტეტისთვის, მაგრამ ეტყობა ეს საკმარისად ჩათვალეს ჩვენმა მოხელეებმა. რაც შეეხება დასკვნას, არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება ამ ეტაპზე, სანამ თეორიულ დონეზე არ მოხდება ამ საკითხის შესწავლა და ამ ინსტიტუტის ნორმალურად კოდექსში ინტეგრირება, ისე რომ დოგმატიკასაც არ ეწინააღმდეგებოდეს და კოდექსსაც არ ამახინჯებდეს (სიმახინჯეში იგულისხმება სასჯელის შენიშვნის სახით ჩაწერა, თუმცა ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა). პრობლემა ისიც არის, რომ სამეცნიერო საზოგადოებაც და პრაქტიკოსი იურისტებიც ზერელედ უყურებენ ამას. პასუხისმგებლობის ამ ფორმას ვერც გავაუქმებთ, რადგან ამის შემცვლელი არაფერი გვაქვს და კონვენციების დარღვევა გამოგვივა, მაგრამ არც იმაზე ვფიქრობთ პრაქტიკაში როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტიტუტი. მოკლედ კოდექსში გვამი შემოვიტანეთ და სანამ ვინმე არ გააცოცხლებს ასე აყროლებული იქნება.
|