ცალკე კანონი არაა
საგადასახადო კოდექსშია რამდენიმე მუხლი
ბარემ აქვე დავწერ, დიდი პოსტი კი გამოვა მარა მაინც

მუხლი 14. საქველმოქმედო საქმიანობა
1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;
ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;
ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;
ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით:
ა.ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.
2. ქველმოქმედებას არ განეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:
ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;
ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;
გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ მისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;
დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით ითვლება სპონსორობად.
მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია
1. საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.
4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო სტატუსის ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში მიეთითება ორგანიზაციის:
ა) სახელწოდება;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
ე) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.
6. განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;
ბ) სამოქალაქო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ) უკანასკნელი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;
დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული უკანასკნელი წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).
7. განცხადების თაობაზე საგადასახადო ორგანო 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
8. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. მასში აღინიშნება:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) სტატუსი;
გ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი;
ე) სტატუსის საიდენტიფიკაციო ნომერი.
9. სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:
ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;
ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;
გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).
10. ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
11. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
12. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უქმდება:
ა) ორგანიზაციის ინიციატივით;
ბ) ჩამორთმევის შემთხვევაში.
13. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:
ა) დაარღვია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) შეუწყდა სამოქალაქო რეგისტრაცია.
14. ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან.
15. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
16. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.
17. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებიდან 1 თვის ვადაში წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
18. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 172. გადასახადისაგან განთავისუფლება
მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;
მუხლი 186. საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხის გამოქვითვა
ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვების გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 8 პროცენტისა.
მუხლი 247. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
4. დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს:
ბ) საქველმოქმედო ან სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებებისათვის ან წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე;