http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=1057&Itemid=1 საქართველოში დღეს 40–45 ათასი პატიმარი და ასეულ ათასობით პრობაციონერია 16/02/2011 15:23
დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე გლდანის საპყრობილესთან „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საგანგებო მოწოდება გააკეთეს.
„უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–5 მუხლს. ატერორებს საკუთარ მოსახლეობას; დევნის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს; ახორციელებს მოსახლეობის მასობრივ რეკეტს; მიზანმიმართულად ამრავლებს პატიმართა და პრობაციონერთა რიცხვს; უმალავს საზოგადოებას პატიმართა ზუსტ რაოდენობას.
დადგა დრო, ვიმოქმედოთ! ვიხსნათ ჩვენი დები და ძმები იმ „საკონცენტრაციო ბანაკებიდან“, რომელთაც ხელისუფლება „სასჯელაღსრულების დაწესებულებას“ უწოდებს.
სახელმწიფო ტერორი საქართველოში უნდა დამთავრდეს!“,– ნათქვამია მოწოდებაში.
„საერთო–სახალხო წინააღმდეგობრივი მოძრაობის“ ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.
ტრიბუნა.ge საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.
ირმა ინაშვილი, რადიო „ობიექტივი“: „წინააღმდეგობის მოძრაობა“ დღეიდან იწყებს აქტიურ მოძრაობას იმისათვის, რომ ქვეყანაში საყოველთო ამინისტია გამოცხადდეს. ამ მიზნით ჩვენ მივალთ ყველა ციხესთან, ყველა კოლონიასთან, პატიმართა ოჯახის წევრებთან, შევეცდებით, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, მივცეთ სტიმული და იმის შეგრძნება, რომ ისინი მარტო არ არიან. ამ ადამიანებზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი.
დღეს საქართველოში პატიმართა რაოდენობამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დღეისთვის ციხეებში სასჯელს 40–45 ათასი პატიმარი იხდის. ხელისუფლება კი შეგნებულად მალავს პატიმართა რაოდენობას. თქვენ იცით, რომ ჟურნალისტები ვითხოვთ ციხეებში შესვლას, კალმახელიძის უწყებიდან პასუხს 7 თებერვლიდან ველოდებით, ჯერჯერობით უშედეგოდ. ციხეებში პატიმრებს აწამებენ და კლავენ. გახსნან ციხის კარები და გვანახონ, შიგნით რა ხდება. ვფიქრობ, არაკანონიერს არაფერს ვითხოვთ“.
ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“: ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელსაც ჯერ ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები განვიხილავთ, ხოლო შემდეგ ფართო საზოგადოების წინაშე გამოვიტანთ. ისე, არა, როგორც ხელისუფლებას სჩვევია, – გამოქვეყნდება პრესაშიც და საზოგადოების წინაშე სამსჯავროზეც წარსდგება.
დღეს საქართველოში პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა არა მარტო დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ სტანდარტებს. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთ–ერთ პირველ ადგილზეა პატიმართა რაოდენობით.
ამ განცხადებას ვაკეთებ თვითონ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ციფრების მიხედვით და არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული რეალური ციფრების მიხედვით. ეს საგანგაშო მდგომარეობაა“.
სოსო მანჯავიძე, „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“:
დღეს საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფაა. პატიმართა ოჯახის წევრებს დღეს განცხადებების გაკეთება და იმის ხმამაღლა თქმა, თუ რა მდგომარეობაში არიან მათი შვილები ციხეში, ეშინიათ. შიშით საზოგადოებას დიდხანს ვერ მართავ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები საქართველოში გამეფებულ შიშის სინდრომს აუცილებლად გადავტეხავთ.
საქართველოს ხელისუფლება მალავს არა მარტო პატიმრების, არამედ საკუთარი მოსახლეობის რეალურ რიცხვსაც. სასჯელაღსრულების 18 დაწესებულებაში, რომელიც დღეს საქართველოშია, 23 400 ადგილია. ქალბატონმა კალმახელიძემ განაცხადა, რომ ლიმიტს ჩვენ მხოლოდ 400 პატიმრით გადავაჭარბეთო, მაშინ როცა პატიმართა რიცხვი 45 000–მდე აღწევს. კალმახელიძემ ცინიკური განცხადებაც გააკეთა– სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები ბუნებრივი სიკვდილით იხოცებიანო. ქალბატონმა მინისტრმა ისიც არ იცის, რომ აქტირების მექანიზმი არსებობს და ადამიანები ციხეებში ასაკის გამო არ უნდა იღუპებოდნენ.
დღევანდელ ხელისუფლებას მიზანმიმართულად მივყავართ ჰუმანიტარული კატასტროფისკენ. ქართულ საზოგადოებას კი მინდა მოვუწოდო, რომ მშვიდად არ უნდა უყუროს, როგორ უნადგურებს ქვეყანას ანტიხალხური ხელისუფლება. პირველ რიგში კი შიშის სინდრომი და დეპრესია უნდა დაიძლიოს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. “.
ლადო სადღობელაშვილი, ახალგაზრდული ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოება“: ქსნის კოლონიაში, გლდანის და პირველ საპყრობილეებში განსაკუთრებით გაუსაძლისისი პირობებია. გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პატიმრები საკნებიდან გამოყავთ, ფიზიკურად ამუშავებენ, მაგალითად, საფლავებს ათხრევინებენ. ძალადობისა და წამების შედეგად ხდება პატიმრებისგან ჩვენებების მიღება. ამის გაგრძელება ასე აღარ შეიძლება“.