აპრილში შესაძლოა, პატიმართა ფართო ამნისტია გამოცხადდეს
საქართველოს ციხეებში სხვადასხვა ბრალდებით, ათასობით პატიმარი იხდის სასჯელს. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ მოსალოდნელ საყოველთაო ამნისტიაზე და გისოსებს მიღმა დარჩენილები, თავისუფლების მოლოდინში არიან. ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია. ყველა ცდილობს გაარკვიოს, როდის მიიღებს პარლამენტი კანონს "ამნისტიის შესახებ" და კონკრეტულად რომელი ბრალდებით გასამართლებულ პატიმრებს შეეხება. ჩვენ კანონპროექტის ინიციატორს, "ქართული დასის" თავმჯდომარეს, ჯონდი ბაღათურიას მივმართეთ.
- ბატონო ჯონდი, საზოგადოება საყოველთაო ამნისტიის მოლოდინშია. როდის იგეგმება ამ კანონის მიღება?
- პარლამენტში რამდენიმე პროექტი იხილება. 2011 წლის დამლევს პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი ფინანსური ამნისტიის შესახებ. ამ კანონით, მოსახლეობა გათავისუფლდება დაკისრებული ჯარიმების, სახდელებისა და საურავებისაგან. კანონპროექტი ორ საკითხს ეხება - ჯარიმისგან თავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც 2011 წლის 31 დეკემბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმდნენ და ისინი, ვინც გაზის მოხმარების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. წესით, ამ პროექტის განხილვა ორ კვირაში უნდა დასრულდეს და კანონი ამოქმედდება. მეორე ფინანსური ამნისტია კი ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ კომუნალური გადასახადები - წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების. პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენები დაგროვილი გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ. დასუფთავება და წყალი სახელმწიფოს ეკუთვნის და მიგვაჩნია, რომ ეს დავალიანება ამ კატეგორიის ადამიანებს უნდა ჩამოეწეროთ, ანუ ვალების ამნისტირება უნდა მოხდეს; რაც შეეხება ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარებას, - ეს ვალები ნაწილობრივ ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს. მესამე კანონპროექტი პატიმართა მასშტაბურ ამნისტიას ითვალისწინებს.
- დამეთანხმებით, რამდენიმე ათასი პატიმარი მოუთმენლად ელოდება ამ კანონის მიღებას. იქნებ გვითხრათ, რა სტადიაშია ამ კანონპროექტის განხილვა?
- ეს საკანონმდებლო ინიციატივა "ქართულ დასს" ეკუთვნის. ორი წელია, დარეგისტრირებულია პარლამენტში "საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ". ათასობით პატიმარი ელოდება გათავისუფლებას, ამიტომ ველოდებოდი პროექტის განხილვისთვის სასურველ სიტუაციას. ახლა ჩემი სურვილი და ამოცანაა, რომ პატიმართა ამნისტია სააღდგომოდ მოხდეს.
- ასეთ მოკლე დროში ყველა პროცედურის გავლა მოესწრება?
- ორი თვეა აღდგომამდე; აუჩქარებლადაც, თავისუფლად შეიძლება მივიღოთ ეს პროექტი, მით უმეტეს - ორი წელია, დარეგისტრირებულია. პატიმრების ოჯახებთან ერთად, ამის მოლოდინით მეც დავიღალე. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ იმას, რომ გასული წლის დეკემბერში ორმა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ერთობლივი სხდომა ჩაატარეს ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვის მიზნით. ამ სხდომის დროს უმრავლესობის ხისტი პოზიცია შერბილდა და ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული: მოდი, ახლა ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გავიტანოთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტიდან გამოვითხოვოთ სტატისტიკა - გავარკვიოთ, აქ წარმოდგენილი მუხლებით რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს, რომ ვიცოდეთ, ზუსტად რამდენი პატიმრის გათავისუფლებაზეა საუბარი და შემდეგ, უფრო მზად ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვისო.
- თქვენთვის უკვე ცნობილია, კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია?
- ძალიან ბევრ მუხლზეა ლაპარაკი. მსჯავრდადებულთა ნაწილი პატიმრობიდან გათავისუფლდება, ნაწილს დარჩენილი სასჯელი უნდა გაუნახევრდეს. ამნისტია საქართველოს სახელმწიფო ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებაა. ვითხოვთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდადებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #41 (48), 1999 წელი, მუხლი 209) 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე, 125-ე, 128-ე, 129-ე, 151-ე, 192-ე, 204-1-ე, 206-ე, 207-ე, 207-1-ე, 211-ე, 219-ე, 220-ე, 238-ე, 244-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 303-ე, 304-ე, 305-ე, 341-ე, 347-ე, 348-ე, 356-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 370-ე, 371-1-ე, 372-ე მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა, შეძენა-გასაღების მიზნის გარეშე).
ასევე ვითხოვთ, გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 180-ე, 181-ე, 182-ე, 186-ე, 187-ე, მე-200-1-ე, 208-ე, 210-ე, 221-ე, 236-ე, 239-ე, 240-ე, 240-1-ე, 242-ე, 243-ე 261-ე, 265-ე, 275-ე, 332-ე, 333-ე, 342-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილი, 188-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, 251-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილებით პასუხისგებაში მიცემულ პირებს.
არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო და აქვე გეტყვით: ეს არის კანონპროექტი, რომელსაც თეორიულად, შეიძლება, რაიმე გამოაკლდეს ან დაემატოს. წინასწარ პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება და ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობა აქ ჩამოთვლილი მუხლების გაცხრილვას მოითხოვს, ამიტომ ყველა ჩამოთვლილ მუხლს ამნისტია არ შეეხება. ბევრ საკითხზე მოგვიწევს ბრძოლა. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ველოდები 260-ე (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ტარება, შენახვა, გადაზიდვა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლების ირგვლივ. თუმცა მიმაჩნია, რომ პარლამენტის დარბაზში ზოგიერთი დეპუტატი რომ ხულიგნობს, იმის ნახევარი არა აქვს ნახულიგნარი ბევრ პატიმარს, ამიტომ, თუ სინდისი არსებობს, ამ მუხლებს არ უნდა შეეხონ, ან თვითონაც მიუსხდნენ მათ გვერდით. კარგად მესმის, რომ ათასობით ადამიანი ელოდება ამნისტიას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე, სააღდგომოდ ბევრი ადამიანი გავახაროთ და ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samartali/48958-april...l#ixzz1oKKauyq1
I don't care too much for money, money can't buy me love.